მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რატომ ვერ ვსვამთ წყალს უფასოდ ქუჩაში – სასმელი წყლის შადრევნების პრობლემა ბათუმში

08.09.2022 • 1350
რატომ ვერ ვსვამთ წყალს უფასოდ ქუჩაში – სასმელი წყლის შადრევნების პრობლემა ბათუმში

ბათუმში სასმელი წყლის დაახლოებით 80 პატარა შადრევანია, მაგრამ მათი დიდი ნაწილი არ მუშაობს.

სასმელი წყლის შადრევნების უმრავლესობა ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე, ქალაქის ცენტრალურ ნაწილშია, გარეუბნებში კი, თუ მოგწყურდათ, წყალი უნდა შეიძინოთ.

სასმელი წყლის შადრევანს ბათუმში ვერც ისეთ სტრატეგიულ ადგილებში შეხვდებით, როგორიცაა ბათუმის აგრარული და ე.წ. ხოფის ბაზრები.

ბათუმის აგრარულ ბაზარში გვითხრეს, რომ მართალია, შადრევანი არ არის, მაგრამ ბაზრის ტერიტორიაზე, რამდენიმე ადგილას არის სველი წერტილი, სადაც წყლის აღება ონკანიდან არის შესაძლებელი. იგივე ფორმით არის ხელმისაწვდომი წყალი “ხოფის” ბაზრობაზეც.

წყალს უფასოდ ვერც ბათუმის ავტოსადგურში და ვერც რკინიგზის სადგურში ვერ დალევთ, უფასო წყლის შადრევანს ვერ ნახავთ ვერც ბათუმის ახალი სტადიონის ტერიტორიაზე, რომელიც 20 000 ადამიანს იტევს. 

ბათუმის ბულვარის პრომენადზე სასმელი წყლის 30 შადრევანია. მათი მოვლა-პატრონობა ბათუმის ბულვარს ევალება. ბულვარის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ სავარაუდოდ მომხმარებელთა დიდი ნაკადების გამო, შადრევნები ხშირად გამოდის მწყობრიდან, რის გამოც მათ ყოველწლიურად არემონტებენ. შადრევნების უმრავლესობა ბათუმის ბულვარში 2015 წელს დამონტაჟდა, ეს შადრევნები ეკო ონკანებით მუშაობენ, რაც წყლის ხარჯს ამცირებს.

შადრევნებისა და ონკანების ნაწილი ბათუმში მრავალსართულიანი კორპუსების ეზოებშია დამონტაჟებული. ბათუმის მერიამ სასმელი წყლის ასეთი 44 წერტილი 2017 წელს ქალაქის მასშტაბით დაამონტაჟა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 39 ათასი ლარი გამოიყო.

“ბათუმის წყალში” განმარტავენ, რომ ამ შადრევნების/ონკანების წყლით მომარაგების თანხას ამხანაგობები იხდიან, თუმცა მათი უმრავლესობა ამჟამად გადაუხდელობის ან/და დაზიანების გამო არ მუშაობს.

„ბათუმის წყალი“, რომელიც პასუხისმგებელია ბათუმში სასმელი წყლის შადრევნების წყალმომარაგებაზე, ინფორმაციას სასმელი წყლის შადრევნების რაოდენობისა და მდგომარეობის შესახებ რამდენიმე დღეა აზუსტებს.

უფუნქციო ონკანი ბათუმში

ონკანებისა და შადრევნების ნაწილი დანაგვიანებულია

დანაგვიანებული ონკანი

გაფუჭებული ონკანი

ბათუმის ცენტრალურ პარკში სასმელი წყლის ერთი შადრევანია, რომელიც კოლონადების მახლობლად, პარკის შესასვლელ ნაწილში მდებარეობს. კიდევ ერთი შადრევანი, რომელიც ადრე პარკის მეორე ბოლოს, აკვარიუმის მახლობლად იყო განთავსებული, რამდენიმე წელია გაუქმებულია.

ერთი შეხედვით შესაძლოა ისე ჩანდეს, რომ წყლის უფასო შადრევნები აქტუალური აღარ არის, თუმცა ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში მათ დაბრუნებაზე უკვე საუბრობენ.  მაგალითად, წელს, ექსტრემალური სიცხეების დროს, გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ გეგმავს გაზარდოს სასმელი წყლის შადრევნების რაოდენობა ქუჩებში, რათა შეამსუბუქოს კლიმატის ცვლილების გავლენა.

ნათია აფხაზავა, „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ისეთი დეტალები, როგორიცაა, მაგალითად, სასმელი წყლის შადრევანი, განსაზღვრავს ქალაქის ურბანული ინფრასტრუქტურის ხარისხსა და სტანდარტს, თუ რამდენად არის ის ორიენტირებული მოქალაქეზე.

„ერთის მხრივ, ეს უცილებელია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოქალაქეთა, ასევე ტურისტების მომსახურების ჭრილში და მეორეს მხრივ, ეკოლოგიური კუთხითაც უნდა იზრუნოს ქალაქმა, მით უმეტეს, როცა პრეტენზია აქვს მწვანე ქალაქის სტატუსზე“ – ამბობს ნათია აფხაზავა.

იგი მიიჩნევს, რომ საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, სტადიონზე, პარკებსა და სათამაშო მოედნებზე აუცილებელია მუნიციპალიტეტი სთავაზობდეს ადამიანებს ისეთ სერვისებს, როგორიცაა: დასუფთავება, წყლის მომსახურება, უსაფრთხოება და ა.შ.

„მით უმეტეს, ადგილობრივი მოსახლეობა იხდის წყლის გადასახადს არა მარტო იმისთვის, რომ კონკრეტულ მოქალაქეს მოეწოდებოდეს წყალი, არამედ იმაშიც, რომ ქალაქში წყლის ინფრასტრუქტურა იყოს გამართული და უსაფრთხო. ვფიქრობ, ეს უნდა იყოს ქალაქისთვის პრიორიტეტული, ბათუმს აქვს ამის ტრადიცია და უხდება ეს შადრევნები.

ქალაქში გაუქმდა სასმელი წყლის ძველი ღია შადრევნები, რის შემდეგაც მერიამ ამხანაგობის ბაზაზე მოაწყო ეზოებში ონკანიანი შადრევნები, თუმცა მერიამ ამის მართვა ვერ უზრუნველყო, ვერ შექმნა მართვის რეალური მექანიზმები და ხშირ შემთხვევაში დღეს გვხვდება დაზიანებული ან გათიშული შადრევნები“ – ამბობს ნათია აფხაზავა. 

იგი აღნიშნავს იმასაც, რომ შესაძლოა არ იყოს მიზანშეწონილი ღია ტიპის შადრევნები, მაგრამ არსებობს ალტერნატიული გადაწყვეტილები, რომლებიც როგორც ევროპულ ქალაქებში, ისე  მეზობელ ქვეყნებშიც არის დანერგილი:

„ეს ერთის მხრივ უზრუნველყოფს მოსახლეობის წყლით მომსახურებას საზოგადოებრივ სივრცეებში და მეორეს მხრივ – შეამცირებს პლასტმასის ბოთლების მოხმარებას. ამიტომ, ეს უნდა იყოს მერიის დღის წესრიგში და ის, რომ ვერ იმუშავა სამეზობლოებში დამონტაჟებული ონკანიანი შადრევნების სისტემამ, არ ნიშნავს იმას, რომ აღარ უნდა იფიქროს მერიამ ამ  კუთხით.

მოთხოვნა ამ კუთხით ყოველთვის არის და მოქალაქეს არ აქვს ყოველთვის იმის საშუალება, რომ ქუჩაში ყოფნისას იყიდოს წყალი. უნდა არსებობდეს ისეთი საჯარო სივრცეები, სადაც შესაძლებელი იქნება ქუჩაში წყლის დალევა, ისევე როგორც საზოგადოებრივი საპირფარეშოებით სარგებლობა“ – ამბობს ნათია აფხაზავა. 

თანხის დასაზოგად და პლასტმასის დანაგვიანების შესამცირებლად გარემოსდამცველები გვირჩევენ, ერთჯერადი ბოთლებით წყლის შეძენის ნაცვლად, თან ვატაროთ მრავალჯერადი გამოყენების ბოთლი, რომელსაც სხვადასხვა ადგილას პერიოდულად შევავსებთ წყლით.

გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ცნობით, ადამიანები მთელ მსოფლიოში წუთში  საშუალოდ 1 მილიონ პლასტმასის ბოთლს ყიდულობენ. ეს არის თითქმის 1,5 მილიარდი პლასტმასის ბოთლი დღეში. პლასტმასის ბოთლის დაშლას კი 500-დან 1000 წლამდე სჭირდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: