მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

როგორია პირველადი დახმარება ცრუ კრუპის შეტევისას – ინტერვიუ პედიატრთან

08.09.2022 • 2475
როგორია პირველადი დახმარება ცრუ კრუპის შეტევისას – ინტერვიუ პედიატრთან

ცრუ კრუპი, იგივე ლარინგიტი ზედა სასუნთქი გზების დაავადებაა, რომელიც ყველაზე ხშირად 5 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში მწვავე შეტევის სახით ვლინდება. ხოზრევანიძის კლინიკის პედიატრი მაია ხუხუნაიშვილი ამბობს, რომ ყველაზე ხშირად ის მოულოდნელად ვითარდება და ამიტომ ის ერთ-ერთ საგანგაშო დაავადებად მიიჩნევა ბავშვთა ასაკში. დაავადება შესაძლოა რამდენიმე დღე მიმდინარეობდეს, შესაბამისად ცრუ კრუპის შეტევაც შესაძლოა განმეორდეს.

  • ქალბატონო მაია, რა არის ცრუ კრუპი და რით განსხვავდება იგი ნამდვილი კრუპისგან?

ეს არის იგივე ლარინგიტი, რომელიც ასევე სამედიცინო დეფინიციით არის ხორხის ლორწოვანი გარსის ანთება. გარდა ცრუ კრუპისა არსებობს კიდევ ბაქტერიული დიფთერიით განპირობებული ნამდვილი კრუპი, რომელიც საერთოდ სხვა დაავადებაა, მაგრამ თანამედროვე მედიცინის პირობებში, ვაქცინაციის შედეგად, იგი ფაქტობრივად ელიმინირებულია და ჩვენს პრაქტიკაში აღარ გვხვდება. დიფთერიაზე აცრას ორი თვის ასაკიდან ვიწყებთ.

  • რატომ ჩნდება, რა იწვევს?

ცრუ კრუპი, იგივე ლარინგიტი ბავშვებში რომ უფრო აქტუალურია, ეს განპირობებულია ბავშვის ზედა სასუნთქი გზების ანატომიური თავისებურებებით, კერძოდ, მოზარდთან შედარებით მისი სანათური არის უფრო ვიწრო, რის გამოც მას შეშუპებისკენ აქვს მიდრეკილება.

როგორც წესი ცრუ კრუპი ბავშვებში არის ვირუსული გენეზის და ყველაზე ხშირად მისი გამომწვევია [ეს არის მისი ძირითადი ეტიოლოგიური ფაქტორები] პარაგრიპის ვირუსები: ადენო ვირუსები, გრიპის ვირუსი და რინო ვირუსი.

ნებისმიერი ვირუსული ინფექცია – პარა გრიპი, ადენოვირუსი, ყოველთვის შეიცავს რისკს, რომ განვითარდება ცრუ კრუპის შეტევა.

  • როგორია ცრუ კრუპის პირველადი ნიშნები, სიმპტომები?

მწვავე ლარინგიტი შეიძლება დაიწყოს უეცრად, პირდაპირ მყეფარი ხველით, სუნთქვის გაძნელებით, რომელიც რატომღაც უფრო დამახასიათებელია ღამის ან გამთენიის საათებში, ან შესაძლებელია დაიწყოს სურდოთი, ერთეული ხველით და შემდეგ გართულდეს.

ცრუ კრუპს ახასიათებს ყელის ტკივილი, შესაძლოა იყოს ყლაპვის გაძნელება, შესაძლოა მიმდინარეობდეს ცხელებით, ან მის გარეშეც.

ცრუ კრუპის მთავარი საიდენტიფიკაციო ნიშანია უხეში მყეფარი ხველა, რომელსაც ერთხელ თუ გაიგონებთ, მერე ეს დაავადება სხვაში არასოდეს შეგეშლებათ. ამასთან ერთად ვითარდება ჩასუნთქვის გაძნელება, სუნთქვის უკმარისობა, ხმაურიანი ჩასუნთქვა, რაც განპირობებულია ხორხის შევიწროებით.

გარდა ამისა, ცრუ კრუპის დროს ბავშვი შეიძლება იყოს ჭირვეული, ცუდად ჭამდეს.

ძალიან ხშირად, ბავშვთა ასაკში კრუპის ნიშნები შესაძლებელია შეგვხვდეს ალერგიული ფაქტორების შედეგად, ანუ იყოს ალერგიის გამოვლინება.

ასევე, შესაძლებელია ცრუ კრუპის მიზეზი იყოს ნერვული სტრესი, როდესაც ხახის სპაზმი ვითარდება და ასეთი ბავშვები, როგორც წესი, გამოირჩევიან ნერვული ლაბილურობით [არამდგრადობით], ანუ მათ არ აქვთ ფორმირებული ნერვული სისტემა; ასევე, ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს ორგანიზმის ინდივიდუალური მიდრეკილება გარკვეული შეშუპებითი დაავადებების განვითარებისკენ.

  • რა გართულება შეიძლება მოჰყვეს?

ყველაზე საშიში გართულება გახლავთ სუნთქვის უკმარისობა, როდესაც ჩასუნთქვის გაძნელება იწვევს რესპირაციული დისტრესის განვითარებას და ეს უკვე არის სიცოცხლისთვის საგანგაშო მდგომარეობა. როდესაც არის ისეთი პაროქსიზმული, შეტევითი მყეფარი ხველა, რომელიც ხელს უშლის ძილს, ბავშვი ვერ პოულობს ადეკვატურ პოზიციას, შესაძლებელია განვითარდეს ძლიერი აღგზნება, ძლიერი ჰიპოქსია [როდესაც ორგანიზმი განიცდის ჟანგბადის ნაკლებობას] – ასეთ შემთხვევაში ბავშვი დაუყოვნებლივ უნდა მოთავსდეს კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში.

  • როგორია პირველადი დახმარება ცრუ კრუპის შეტევის დროს?

თუ ბავშვს დაეწყება ცრუ კრუპის შეტევა, ეს არ უნდა იყოს მშობლებისთვის დიდი მოულოდნელობა. საერთოდ, ჩვენი მთავარი მიზანია მშობელი არ დაიბნეს ამ შეტევისას და აუცილებლად აღმოუჩინოს ბავშვს პირველადი დახმარება. ასეთ დროს პირველად დახმარებას წარმოადგენს აეროზოლო თერაპია, ადგილობრივი კორტიკოსტეროიდები და ინჰალაციები [ინჰალაციის თერაპიისთვის ყველაზე ხშირად გამოყენებადია ბუდესონიდის ხსნარი].

ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ დროს ჰაერის დატენიანება. მაგალითად, არის სიტუაცია, როცა არ გვაქვს საშუალება ჩავატაროთ მედიკამენტური მკურნალობა. ასეთ დროს შესაძლებელია აბაზანის ორთქლში [ორთქლის ღრუბელში] შევიყვანოთ ბავშვი, რაც შეასუსტებს შეშუპებას.

ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვს შევუნარჩუნოთ სიმშვიდე, მივცეთ ტუტე სასმელი, თბილი წყალი, ჩავუტაროთ ხელ-ფეხის აბაზანები. თუ შეტევას თან ახლავს ცხელება, ბავშვს უნდა მივცეთ სიცხის დამწევი საშუალებები: იბუპროფენი, პარაცეტამოლი.

ძალიან ბევრი პაციენტი ექიმის დანიშნულების გარეშე შესაძლებელია იყენებდეს ანტიალერგიულ პრეპარატებს, ანტიბიოტიკებს ლარინგიტის სამკურნალოდ, რომელიც არის ძალიან დიდი შეცდომა ცრუ კრუპების მართვაში, იმიტომ, რომ ეს პრეპარატები დაავადების გამოსავალზე არანაირ გავლენას არ ახდენენ.

ცრუ კრუპის საგანგაშო ნიშნებია ხორხის შეშუპების ნიშნები: ჩასუნთქვის გაძნელება, ხმაურიანი სუნთქვა და უხეში, მყეფარი ხველა. ასეთ დროს მედიკამენტურ მკურნალობამდე საჭიროა სიმშვიდე, სუფთა ჰაერი, ორთქლის აბაზანები, ინჰალაციები, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ხელ-ფეხის დათბილვა, თბილი სითხეების მიწოდება. თუ ცხელება აქვს, საჭიროა მისი მართვა – იბუპროფენით ან პარაცეტამოლით. რაც შეეხება აეროზოლოთერაპიას, ოქროს სტანდარტი არის ბუდესონიდის ინჰალაციები, რომელიც შესაძლებელია გაკეთდეს ბინაზეც კი, ექიმის კონსულტირებით.

  • როგორ უნდა მივხვდეთ, რომ პირველადი დახმარების აღმოჩენისას მდგომარება უმჯობესდება?

პროგნოზულად კარგი ნიშანია როდესაც მყეფარი ხველა მოიხსნება და ის გადადის სველ ხველაში, მაგრამ როდესაც მკურნალობის დაწყება მდგომარეობის გაუმჯობესებას არ იწვევს და მყეფარი ხველა კლების ნაცვლად მატულობს, პროგრესირებს, ასევე თუ სუნთქვის გაძნელება მატულობს, ასეთ შემთხვევაში უმჯობესია ბავშვი გადავიყვანოთ სამედიცინო დაწესებულებაში.

  • სხვა რა მკურნალობა არსებობს?

მკურნალობის ოქროს სტანდარტია ნებულაიზერო თერაპია და ადრენალინის ნებულაიზერო თერაპია, თუმცა ადრენალინი აუცილებლად უნდა გაკეთდეს სტაციონარის პირობებში, მისი გაკეთება ბინაზე უკუნაჩვენებია. ნებულაიზერო თერაპიის გაკეთება სახლში შესაძლებელია, თუ მშობელმა იცის სწორად დოზირება და აქვს ექიმის დანიშნულება.

  • როგოია პრევენცია?

ცხადია, პირველი საპრევენციო ზომა, ვირუსული ინფექციებისა და მათი გართულებების თავიდან ასაცილებლად, არის გრიპის სეზონის დადგომამდე ბავშვის აცრა გრიპის ვაქცინით.

მნიშვნელოვანია ბავშვი ნაკლებად ვამყოფოთ ხალხმრავალ ადგილებში. საჭიროა ბავშვის გაკაჟება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის ოთახში ჰაერი იყოს ნოტიო და სუფთა, ასევე, მის კვების რაციონში უნდა შევიტანოთ სასარგებლო ხილითა და ბოსტნეულით მდიდარი საკვები, რომელიც ხელს უწყობს იმუნური სისტემის ჩამოყალიბებას და რაც მთავარია, უნდა მოვერიდოთ თვითმკურნალობას – ძალიან ხშირად ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენება ძალიან ცუდად მოქმედებს ბავშვის იმუნურ სისტემაზე; ან ვთქვათ, როცა ბავშვი იღებს იმ მედიკამენტებს, რაც არ არის გათვალისწინებული ამ დაავადების მკურნალობისთვის, ეს ხშირად არის ბავშვის ხშირი ავადობის მიზეზი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: