განათლება,მთავარი,სიახლეები

როგორ ახერხებენ მუშაობას რუსული სკოლები საქართველოში – ინტერვიუ

09.09.2022 • 1277
როგორ ახერხებენ მუშაობას რუსული სკოლები საქართველოში – ინტერვიუ

3 სექტემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა შესაბამის უწყებას მიმართა, რომელმაც ბათუმსა და თბილისში მოქმედი კერძო რუსული სკოლის საქმიანობა უნდა შეისწავლოს. მასალა სკოლა „School Club Georgia-ს“ შესახებ „ბათუმელებმა“ 2 სექტემბერს მოამზადა.

სკოლა საქართველოში ავტორიზებული არ არის და, შესაბამისად, არც ქართულ ატესტატს გასცემს, თუმცა მიერთებულია მოსკოვისა და პეტერბურგის სკოლებს, სადაც მოსწავლეები დისტანციურად აბარებენ რუსეთში კლასიდან კლასში გადასასვლელ გამოცდებს. სკოლაში რუსეთის განათლების სამინისტროს მიერ აკრედიტებული სახელმძღვანელოებით ასწავლიან. ამ სკოლის დირექტორი,
ნატალია გეორგიევა აცხადებს, რომ მათ საქმიანობას სუსის კულტურის განყოფილება კურირებს, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ ინფორმაციას უარყოფს.

„Школа Проектор – Тбилиси“- ეს მსგავსი კონცეფციის კიდევ ერთი კერძო რუსული სკოლაა, რომელიც მეოთხე წელია თბილისში რუსულენოვან მოსწავლეებს იღებს. სწავლის წლიური გადასახადი 6 000, 7 500 დოლარია. სკოლაში ორმოცამდე მასწავლებელია დასაქმებული. ამ სკოლის 20%-იანი წილის მფლობელი „ქართული ოცნების“ შემწირველი, ლევან გოგლიძეა.

ორივე ზემოთ ხსენებული სკოლის დირექტორი კატეგორიულად უარყოფს, რომ მათი სასწავლო დაწესებულებები სკოლებია. ისინი ამბობენ, რომ ეს, უბრალოდ, რეპეტიტორთა ცენტრებია, თუმცა ორივე სკოლაში გაკვეთილები ტარდება კლასებში, ისწავლება ყველა საგანი, აქვთ კვების სერვისი, მარაგდებიან სასკოლო სახელმძღვანელოებითა და მასალებით, აქვთ გაკვეთილების შემდგომი წრეები, საზაფხულო ბანაკები და ემსახურებათ სასკოლო ავტობუსი.

ორივე სკოლაში სწავლის საფუძველზე მოსკოვისა და პეტერბურგის სკოლები დისტანციურად გასცემენ სასკოლო ატესტატებს. საქართველოში მოქმედი კერძო რუსული სკოლები მოსკოვისა და პეტერბურგის სკოლების პარტნიორებად არიან წარმოდგენილები საქართველოში.

როგორ არეგულირებს ასეთი სკოლების საქმიანობას საქართველოს სახელმწიფო კანონმდებლობა, როგორ ფუნქციონირებენ საქართველოში ავტორიზებული უცხოური სკოლები და რა ნაბიჯები უნდა გადადგას განათლების სამინისტრომ ამგვარი სკოლების საქმიანობის საკანონმდებლო ჩარჩოში მოსაქცევად? ამ და სხვა კითხვებზე „ბათუმელებს“ განათლების სფეროს იურისტი, რეზო ხოფერია პასუხობს.

  • ბატონო რეზო, რა ტიპის საგანმანათლებლო დაწესებულებებს სჭირდება საქართველოში ავტორიზაცია?

ავტორიზაცია სავალდებულოა ყველა იმ საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის, სკოლისთვის, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა. სკოლა არ შეიძლება ფუნქციონირებდეს ავტორიზაციის გარეშე. ავტორიზაციის გარეშე ასევე არ შეიძლება სკოლამ გასცეს განათლების დამადასტურებელი, სახელმწიფოს მიერ აღიარებული დოკუმენტი (ატესტატი). ასეთი საქმიანობისთვის სკოლას სჭირდება სახელმწიფოს ნებართვა – ავტორიზაცია.

  • ჩვენს მიერ აღმოჩენილი რუსული სკოლები ქართულ ატესტატს არ გასცემენ. ისინი მოსკოვისა და პეტერბურგის სკოლების პარტნიორები, ერთგვარი ფილიალები არიან და მოსწავლეები, რომლებიც მათთან სწავლობენ დისტანციურად აბარებენ მოსკოვისა და პეტერბურგის სკოლებში გამოცდებს, ატესტატებს კი რუსეთიდან იღებენ საქართველოში სწავლის საფუძველზე. ასეთ სკოლებს კანონმდებლობა ავალდებულებს ავტორიზაციას?

ზოგადი წესია, რომ თუ საქართველოს სახელმწიფოს მიერ აღიარებული ატესტატის გაცემა სურს საგანმანათლებლო დაწესებულებას, მან უნდა გაიაროს ავტორიზაციის პროცესი. თუმცა, სამართლებრივი თვალსაზრისით, პრობლემურია საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება და საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ისეთი დასახელების შერჩევა, რომლის გამოყენებითაც მომხმარებელი შეცდომაში შეგყავს. შესაძლოა, სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვქონდეს საქმე და, შესაბამისად, ეს გახდეს სისხლის სამართლის საქმის საფუძველი. გააჩნია რა სახის და სიმძიმის გადაცდომასთან გვაქვს საქმე. მაგრამ, აუცილებელია დოკუმენტების შესწავლა.

კერძოდ: რა ტიპის ხელშეკრულებებია გაფორმებული მშობლებთან, რა სახის სამართლებრივი ურთიერთობა ფილიალს აქვთ სათავო დაწესებულებასთან, რა დოკუმენტების გაცემას ჰპირდებიან ხელშეკრულებით მშობლებს და ა.შ. დოკუმენტების შესწავლის გარეშე შეუძლებელია სრულფასოვანი სამართლებრივი დასკვნის გაკეთება.

ამ ფაქტების შედეგად, რაც ვიცით ამ სკოლების შესახებ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საგანმანათლებლო საქმიანობა საჭიროებს ნებართვას, თუ ეს გულისხმობს საქართველოში აღიარებული დიპლომის და ატესტატის გაცემას, მაგრამ თუ ეს სხვა რამაა, მაშინ უნდა შევამოწმოთ ხომ არ არის ეს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა ისე, რომ დაირქვას საგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება.

კომპლექსურ იურიდიული შემოწმება და შეფასებაა საჭირო. მხოლოდ მედიაში და სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ძალიან რთულია სწორი იურიდიული დასკვნის გაკეთება.

  • წელს, მარტი-აგვისტოს პერიოდში, საქართველოში მუდმივად ცხოვრების ნებართვა რუსეთის 499-მა მოქალაქემ მიიღო, ამავე პერიოდში რუსეთის 449 მოქალაქემ მიიღო საქართველოს მოქალაქეობა. ამას ემატება საქართველოში მყოფი რუსულენოვანი ბელორუსები და უკრაინელები, რომლებსაც სასკოლო ასაკის შვილები ჰყავთ. ფაქტია, რომ საქართველოში რუსულენოვან სკოლებზეც გაჩნდა მოთხოვნა, ეს ახალი რეალობაა. როგორ ფუნქციონირებს საქართველოში კერძო სკოლები მაგალითად? როგორია მათი ფუნქციონირების მოდელი, რაც შეიძლება სამომავლოდ გამოდგეს რუსულენოვანი სკოლების საკანონმდებლო ჩარჩოში მოსაქცევად?

არსებობს ფორმალური და არაფორმალური სწავლება. არაფორმალურ სწავლებაში სახელმწიფო ვერ ჩაერევა. ძალიან რთულია ეს სახელმწიფომ აკონტროლოს და, როგორც წესით, სახელმწიფოს ასეთი ინტერესი არც უნდა ჰქონდეს. მაგრამ თუ ფორმალურ განათლებაზე ვსაუბრობთ, ასეთი ინსტიტუცია აუცილებლად უნდა მოექცეს ქვეყნის კანონმდებლობის ჩარჩოებში. შეიძლება ვთქვათ, რომ ამ თვალსაზრისით საქართველოს კანონმდებლობა ხარვეზიანია.

დეტალურად არ არის მოწესრიგებული, თუ როგორ უნდა ფუნქციონირებდეს უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალი საქართველოში. ასევე არ არის დარეგულირებული დისტანციური განათლების საკითხი. კანონმდებლობა ამ თვალსაზრისით მოწესრიგებას საჭიროებს.

აღსანიშნავია, რომ როცა გერმანიის საელჩოს სურდა საქართველოში გერმანული სკოლის დაფუძნება, საჭირო გახდა კანონმდებლობაში შესაბამისი საგამონაკლისო ცვლილებების შეტანა და მხოლოდ ამ ცვლილებების განხორციელების შემდეგ, სკოლას მიენიჭა ავტორიზაცია.

ეს სკოლა ფუნქციონირებს გერმანული სასწავლო გეგმის საფუძველზე და ასევე სრულად მორგებულია ქართულ კანონმდებლობას.
ფილიალებთან დაკავშირებით მკაფიო წესი უნდა არსებობდეს, თუ როგორ უნდა ფუნქციონირებდეს საქართველოში უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალი. სამწუხაროდ, დღეს ასეთი მკაფიო რეგულაცია არ გვაქვს, ამიტომაც შესაძლებელია, გახსნა საგანმანათლებლო დაწესებულება და საორჭოფო იყოს, კანონიერია ეს საქმიანობა თუ არაკანონიერი.

  • არაფორმალური სწავლება ახსენეთ, რაშიც არ ერევა სახელმწიფო. ზემოთ ხსენებული ორი სკოლის მოსწავლეები ამ სკოლებში რუსული სასწავლო გეგმით სწავლების საფუძველზე აბარებენ დისტანციურ გამოცდებს მოსკოვისა და პეტერბურგის პარტნიორ სკოლებში და იღებენ რუსულ ატესტატებს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მათი საქმიანობა ქართული კანონმდებლობისთვის არაფორმალური განათლებაა თუ ფორმალური?

შესაძლოა ივარაუდებოდეს, რომ რახან ქართული ატესტატი არ გაიცემა, ეს არის არაფორმალური განათლება. მაგრამ შინაარსს გააჩნია, რა ტიპის ხელშეკრულებებია გაფორმებული, ხომ არ არის ეს შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია.

გასათვალისწინებელია არამარტო განათლების კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციები, არამედ ასევე სისხლის სამართლის კოდექსიც. სისხლის სამართლის კოდექსში გვაქვს მუხლი, რომელიც ეხება უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192(1)-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის დანაშაულია უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობა. კერძოდ, ავტორიზაციას დაქვემდებარებული საგანმანათლებლო საქმიანობის შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე განხორციელება ან/და ამგვარი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება ან/და ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აღმნიშვნელი სახელის შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე გამოყენება.

ასეთი ნორმაა, თუმცა, გასარკვევია ავტორიზაციას დაქვემდებარებული არის თუ არა ზემოთ ხსენებული საგანმანათლებლო საქმიანობა. არსებული კანონის მიხედვით, ცალსახა ეს საკითხი არ არის. ამიტომაც, კანონმდებლობის კრიტიკულად გადახედვაც საჭიროა.

  • ზემოთ ხსენებული სკოლების საქმიანობის შესწავლისას, უფლებამოსილია თუ არა განათლების სამინისტრო, რომ შეამოწმოს რა სახელმძღვანელოებით ასწავლიან მოსწავლეებს? საქართველოს კანონში ოკუპაციის შესახებ განსაზღვრულია ტერიტორიები, რომელიც რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგადაა ოკუპირებული, საქართველოს ისტორიის ამ მონაკვეთზე კი ოფიციალურ რუსეთს რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება აქვს. რუსული სასწავლო გეგმით შედგენილი სახელმძღვანელოები ატარებს სახელმწიფო პოლიტიკას და დიდი შანსია საქართველოს შესახებაც ამ სახელმძღვანელოებით მოსწავლეებს იგივე შეხედულებები გადაეცემოდეთ, რაც ოფიციალურ მოსკოვს აქვს საქართველოზე. ამ ფონზე აქვს თუ არა ლეგიტიმაცია განათლების სამინისტროს შეამოწმოს რა სახელმძღვანელოებით სწავლობენ კერძო რუსულ სკოლებში, ხომ არ ვრცელდება ამ სკოლების საშუალებით დამახინჯებული ინფორმაცია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ და ა.შ.?

განათლების სამინისტროს აქვს უფლება შეამოწმოს საგანმანათლებლო პროცესი იმ შემთხვევაში, თუ ეს დაწესებულება ავტორიზებულია ან ავტორიზაციის პროცესშია. პრობლემა სწორედ ეს არის, რომ ეს სკოლები არ არის ავტორიზებული და არც ამ პროცესშია მოქცეული. ამიტომ ჯერ პირველ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი: სჭირდებათ თუ არა მათ ავტორიზაცია. ამის შემდეგ უნდა შემოწმდეს შინაარსობრივად, რა სახის სწავლება მიმდინარეობს. მათ შორის თუ რა სახელმძღვანელოები გამოიყენება.

სტანდარტული პასუხი არის ის, რომ ავტორიზაცია სჭირდება ფორმალური განათლების დაწესებულებას, რომელიც საქართველოში აღიარებულ დოკუმენტს გასცემს. არაფორმალური განათლების დაწესებულებას ავტორიზაცია არ სჭირდება. ამ სტანდარტულ პასუხს რომ გავცდეთ, საჭიროა სკოლების იურიდიული დოკუმენტაციის შემოწმება.

ექცევა თუ არა სისხლის სამართლის რეგულაციაში ეს სკოლები? – შესაძლებელია. როგორც ვიცი, შესაბამისი მოკვლევაც დაიწყო. კარგი იქნება თუ დოკუმენტაციის შესწავლაში მონაწილეობას მიიღებენ განათლების სისტემის წარმომადგენელიც. ჯერ უნდა დადგინდეს, სჭირდება თუ არა ავტორიზაცია სკოლებს და მერე უნდა შემოწმდეს სასწავლო პროცესი, მანამდე სასწავლო პროცესს ვერ შეამოწმებ.

ავტორიზაციის კანონმდებლობა როცა მუშავდებოდა, მისი იდეა იყო ყველა სახის საგანმანათლებლო საქმიანობა მოქცეულიყო სახელმწიფოს მიერ დადგენილი რეგულაციებში. საქმიანობა, რომელიც რეგულირების მიღმა დარჩა, იყო არაფორმალური, სასერტიფიკატო სწავლება.

არაფორმალური, სასერტიფიკატო სწავლებისთვის სახელმწიფოს ნებართვა არ არის საჭირო და არც უნდა იყოს საჭირო. თუმცა, თუ ორგანიზებული სასწავლო საქმიანობის შედეგად გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუნდაც სხვა სახელმწიფოში იყოს აღიარებული, წესით, ასეთი საქმიანობა უნდა ექცეოდეს საკანონმდებლო ჩარჩოში.

მაგრამ იმისთვის, რომ პირს დააკისრო პასუხისმგებლობა, მით უფრო სისხლის სამართლებრივი, საჭიროა ცალსახა და არაორაზროვანი რეგულაცია. პრობლემურია როგორც კანონმდებლობა, ისე მისი აღსრულება.

___

ამავე თემაზე:

რუსული სკოლა ბათუმში, სადაც რუსეთში შემუშავებული სახელმძღვანელოებით ასწავლიან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: