მთავარი,სიახლეები

რა ზიანი მოაქვს ფეიერვერკს ადამიანის ჯანმრთელობისთვის

08.09.2022 • 1703
რა ზიანი მოაქვს ფეიერვერკს ადამიანის ჯანმრთელობისთვის

თითქმის ყოველ საღამოს, როცა საათის ისარი 11:00-ს გადასცდება, ბათუმის ცა ხმაურიანი ფეიერვერკით ნათდება.

ფეიერვერკებს ისვრიან სახლებიდან, მაღლივი კორპუსებიდან, შემაღლებულ ადგილებზე განთავსებული რესტორნებიდან და ყველა იმ ადგილიდან, სადაც იმ დროს კონკრეტული ადამიანის დაბადების დღეს ან სხვა, მათთვის მნიშვნელოვანი თარიღს აღნიშნავენ.

საღამოს 23:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე კანონი პიროტექნიკის გამოყენებას კრძალავს, თუმცა ეს რეგულაცია არასდროს არავის დაუცავს ბათუმში.

ფეიერვერკის გასროლის შემდეგ ჰაერში მძიმე მეტალის იონები იფრქვევა, რაც სპეციალისტების თქმით, სერიოზულ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას და ხელსაყრელ პირობებს ქმნის გლობალური დათბობისთვის.

ქეთევან კუპატაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ქიმიის და ბიოქიმიის მიმართულებით, ნატოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ჰაერის მონიტორინგზე მუშაობს და სხვადასხვა ცენზორებით გარემოს დამაბინძურებელ აგენტებს იკვლევს ჰაერში.

ქეთევან კუპატაძე

ქეთევან კუპატაძის თქმით, საქართველოში ჰაერის დაბინძურების მხრივ ყველაზე დიდი პრობლემა ე.წ. PM ნაწილაკების [მტვრის მყარი ნაწილაკები] ჭარბი რაოდენობაა ატმოსფეროში.

„PM ნაწილაკები შეიძლება იყოს ძალიან წვრილი ან შედარებით მსხვილი, რომლებიც გაფრქვეული არიან ატმოსფეროში და მათ აქვთ უნარი შევიდნენ მეტალების იონებში და სტაბილური სახით დარჩნენ ატმოსფერულ ჰაერში.

რა საერთო აქვს ამას ფეიერვერკთან?! – როგორც ვიცით, ფეიერვერკის შემადგენლობაში შედის მეტალის მარილები, იმიტომ არის ის ფერადი, რადგან შეიცავს სტრონციუმის ქლორიდს, ბარიუმის ნიტრატს, ნატრიუმს, კალიუმს, კალციუმს და ეს ყველაფერი მარილების სახით განიბნევა ჰაერში.

ასევე, ძალიან ბევრი ქლორიდია, რომლებიც გარდაიქმნებიან  (პერ) ქლორატებად, რომელიც ერთ-ერთი ტიპის მარილია და აქვს უნარი გაიხსნას ზედაპირულ წყლებში.

შესაბამისად, როცა მოვიხმართ წყალს ან ტბებიდან თევზს, თუკი ეს პროდუქტები ქიმიურად დაბინძურებულია, ზიანს მიაყენებს ადამიანის ფარისებრ ჯირკვალს.

პირველი სამიზნე არის ფილტვები და ფარისებრი ჯირკვალი. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები კი, როგორც ვხედავთ, ძალიან გავრცელებულია ჩვენს ქვეყანაში, ლამის ყოველ მეორე ადამიანს აქვს ჩიყვის პრობლემა. ასევე, ქიმიური დაბინძურება ხელს უწყობს სიმსივნეების განვითარებას, განსაკუთრებით კი ფილტვის კიბოსთან აქვს კავშირი“ – ამბობს ქეთევან კუპატაძე.

მისი თქმით, ფეიერვერკის გაფრქვევის შემდეგ წარმოიქმნება გოგირდის და აზოტის ოქსიდები, რომელიც რჩება ატმოსფეროში, რაც წარმოქმნის ე.წ. მჟავა წვიმებს.

„ჩვენთან, საქართველოში ნაკლებად შეინიშნება ე.წ „სმოგი“, თუმცა ბოლო პერიოდში მაინც აღნიშნავენ ადამიანები, რომ სუნთქვა ჭირს. აუცილებლად იქნება ბათუმშიც დაგროვილი მეტალების იონები, რადგან ძალიან ხშირად ისვრიან ფეიერვერკს.

როცა ხშირი ხასიათი აქვს ფეიერვერკის გასროლას, ამ შემთხვევაში გოგირდის და აზოტის ოქსიდები, ასევე გოგირდწყალბადი და პერქლორატებით დაბინძურებაც მაღალია და ბუნებრივია აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე“ – ამბობს ქეთევან კუპატაძე.

მისი თქმით, ეკოლოგიური ქიმიის ბოლო პერიოდის სახელმძღვანელოებში გარემოს ერთ-ერთ დამაბინძურებლად ასევე ხმაურია მიჩნეული, რომელიც ფეიერვერკსაც უკავშირდება.

„ცხოველები ცალკე თემაა, რადგან მათ ძალიან ეშინიათ ხმაურის, თუმცა სამწუხაროდ, საქართველოში ცხოველებზე ყველაზე ნაკლებად ფიქრობენ.

ჩვენი სამეზობლო ავიღოთ, თურქეთში საერთოდ აკრძალულია ფეიერვერკის გამოყენება, რადგან კარგად იციან როგორი დაბინძურება შეიძლება მოჰყვეს ამას.

რეგულაციები არის გამკაცრებული ბევრ ქვეყანაში, მაგალითად შვეიცარიაში, როგორც ვიცი, საერთოდ არ შეიძლება ფეიერვერკის გამოყენება, რადგან გარდა მარილებისა და მეტალებისა, ამ დროს ჰაერში იფრქვევა დენთი, ნახშირი და გოგირდიც და შესაბამისად, დიდი რაოდენობით ნახშირბადის და მეთანის დაგროვება, გლობალური დათბობისთვის სასათბურე პირობებს ქმნის“ – ამბობს კუპატაძე.

ბათუმში რომ ხშირად ისვრიან ფეიერვერკებს, ამაზე საუბრობს რუსლან დავითაძეც, ქიმიის აკადემიური დოქტორი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

მისი თქმით, ეს ფაქტი თვალშისაცემია სტუმრებისთვისაც, რომლებიც ამას მასთან საუბარშიც აღნიშნავენ.

„ზოგადად, ფეიერვერკის ერთი და ორი გასროლა ვერ მოიტანს დიდ ზიანს, მაგრამ როდესაც ამას ინტენსიური ხასიათი აქვს, შესაძლებელია გარემოზე ნეგატიური გავლენა იქონიოს.

სამწუხაროდ, მე არ მსმენია, რომ რომელიმე ორგანიზაცია იკვლევდეს გარემოზე მის ზემოქმედებას, მაშინ როცა ვიცით, რომ მძიმე მეტალების გაფრქვევა ხდება ამ დროს და ისინი ძალიან სწრაფად ილექება ხოლმე წყალსა და ნიადაგში“ – ამბობს რუსლან დავითაძე.

ის, რომ ფეიერვერკებისგან გაფრქვეული ნაწილაკები ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას და გარემოს, ამის შესახებ ნათქვამია ამერიკელი და ბრიტანელი მეცნიერების კვლევაშიც, რომლის ფარგლებში სპეციალისტებმა შეისწავლეს ფეიერვერკის ზემოქმედება გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე კალიფორნიის მაგალითზე.

ის, რომ ფეიერვერკები ციმციმა შუქების გარდა ქმნიან კვამლის ნაკადს, რომელიც შეიცავს ასთმისა და რესპირატორული დაავადებების მაპროვოცირებელ ნაწილაკებს, ამის შესახებ წერს National Geographic-იცა.

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, „აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადაჭარბების და ღამის საათებში პიროტექნიკის გამოყენების გამო“ სამი წლის 3 წლის განმავლობაში სულ 114 ჯარიმაა გამოწერილი, თუმცა ბათუმის ცაზე თითქმის ყოველ საღამოს ფეთქდება ფეიერვერკი.

2015 წლიდან 2022 წლის აგვისტომდე, საქართველოში სულ შემოტანილია 21 მილიონ 784 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ფეიერვერკი. აქედან მარტო 2022 წლის პირველ 7 თვეში – 419 ათას 300 აშშ დოლარის ფეიერვერკია შემოტანილი. პანდემიამდე ყველაზე მეტი – 5,1 მილიონი აშშ დოლარის ფეიერვერკი 2019 წელს შემოიტანეს საქართველოში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: