ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმში ზღვამ წარეცხა 1 კილომეტრი პლაჟი, აქ ნაპირდაცვისთვის 55 მილიონი დაიხარჯა [ფოტო]

03.09.2020 • 4360
ბათუმში ზღვამ წარეცხა 1 კილომეტრი პლაჟი, აქ ნაპირდაცვისთვის 55 მილიონი დაიხარჯა [ფოტო]

ბათუმში, ახალი ბულვარის გაგრძელებაზე, საცხოვრებელი და სასტუმრო კომპლექსები რომ შენდება, ახალი ამბავი არ არის. აქ სიახლე ხელოვნურად მოწყობილი პლაჟი იყო, თუმცა ის, ერთკილომეტრიან მონაკვეთში, ზღვამ უკვე წარეცხა, ზოგან მთლიანად. ზღვამ, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, ზოგიერთ ადგილზე ნაპირის დაცვის მიზნით ჩალაგებული ლოდების წყობის დაშლაც დაიწყო. ამ ხელოვნური პლაჟის მოწყობაზე ქვეყანამ უკვე დახარჯა 55 მილიონი ლარი.

„ბათუმელებს“ რამდენიმე მოქალაქე დაუკავშირდა იმის დასადგენად, იქნება თუ არა პლაჟი ზღვის გასწვრივ, იქ, სადაც ეს ლოდებია ჩალაგებული.

„ბინა ვიყიდე იმიტომ, რომ ზღვასთან, პლაჟთან იყო ახლოს. წელს ჩვენი კორპუსის წინ და მიმდებარედ ზღვაზე ჩასასვლელებიც გადაკეტილია, სანაპიროზე კი პლაჟის ნაცვლად ლოდები დაგვხვდა. ეს ლოდები ხომ სახიფათოა ნაპირზე. ლოდებია ზღვაშიც, სადაც ბანაობა უკვე საშიშია. ბათუმის ხიბლი ზღვა და პლაჟია და აქ თუ ეს პრობლემა არ მოგვარდა, ტურიზმის განვითარებაზე თუ არა, ადამიანების ჯანმრთელობაზე ხომ უნდა იზრუნოს ვინმემ. ბათუმის მერიაშიც დავრეკეთ, სხვაგანაც, მაგრამ პასუხის გამცემი არავინაა“, – გვითხრა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

ერთი რამ ამთავითვე ცხადია – თუ ლოდების გასწვრივ, ყოველწლიურად, მინიმუმ 25 ათასი კუბური მეტრი ხრეში ხელოვნურად არ დაყარა ბათუმის მერიამ, პლაჟზე დალაგებულ ქვის ლოდებს ზღვა წაიღებს. პლაჟის ხელოვნურ კვებას კი, ბათუმის ნაპირდაცვის ის პროექტიც ითვალისწინებდა, რომლის განხორციელებაშიც აქ 55 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.

ნაპირდამცავი ნაგებობისა და პლაჟის მოვლა-პატრონობის ვალდებულება საბოლოოდ ბათუმის მერიამ უნდა აიღოს. მერიაში გვითხრეს, რომ მათთვის ნაგებობა ჯერ არ გადაუციათ. მერიაში ვერც ის დაგვიკონკრეტეს, თუ არის თანხა ქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის სამუშაო პროექტში, პლაჟის ხელოვნურად გამოკვებისთვის. ქვემოთ მოცემულ ფოტოებზე კი ის ჩანს, რომ ზღვამ 8 თვეში მიიტაცა ის ხრეში, რომელიც აქ იანვარში ჩაყარეს. შესაბამისად, თუ მომავალი წლისთვის ხრეში ხელოვნურად არ შეიტანეს, ზღვა დროთა განმავლობაში აჭარის მთიდან ჩამოზიდულ და აქ ჩალაგებულ ლოდებს წაიღებს.

ბათუმის ახალი ბულვარის გაგრძელებაზე პლაჟის ხელოვნურად მოწყობისთვის, ბათუმის ნაპირდაცვის პროექტის ფარგლებში, დაახლოებით 30 ათასი კუბ/მეტრი ხრეში, ძველი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიიდან მანქანებით გადაიტანეს.

სამუშაოები 2020 წლის იანვარში დასრულდა, თუმცა ზღვაზე ჩასასვლელები დღემდე რკინის ბადითაა შემოღობილი. მეტიც, რამდენიმე მონაკვეთზე ხელოვნურად მოწყობილი პლაჟი ზღვამ უკვე გადარეცხა. სანაპირო უკვე წარეცხილია აეროპორტის ასაფრენი ზოლიდან ახალი ბულვარის მიმართულებით, დაახლოებით ერთკილომეტრიან მონაკვეთში.

ეს ის ადგილია, სადაც თავის დროზე ზღვამ ჯერ სოფელ ადლიის მიწები და კერძო სახლები მიიტაცა, შემდეგ კი, ახალი ბულვარის ზღვისპირა ზოლი დაანგრია.

ხელოვნურად მოწყობილი პლაჟი 2020 წლის იანვარში [ზემოთ] და იგივე ადგილი 8 თვის შემდეგ, როცა ხრეში ზღვამ უკვე წარეცხა [ქვემოთ]

„მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებული არ არის, შესაბამისად, პასუხისმგებლობა სამშენებლო ობიექტსა და ტერიტორიაზე რჩება ისევ კონტრაქტორს. ვინაიდან პასუხისმგებლობა მისია, ამიტომ არის შემოღობილი. თუმცა ეს თემა უახლოეს დღეებში მოგვარდება და ტერიტორია გაიხსნება“, – გვითხრეს მუნიციპალური განვითარების ფონდში დაახლოებით სამი თვის წინ.

„ბათუმელები“ ამჯერადაც [პირველ სექტემბერს] დაუკავშირდა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს, რომლის დაკვეთითაც, სანაპიროზე სამუშაოები ჰოლანდიურმა კომპანია STRUIJK GROUP-მა შეასრულა.

„მიღება-ჩაბარების აქტი დიდი ალბათობით მიმდინარე თვეში გაფორმდება და პროექტი გამოცხადდება დასრულებულად. მიმდინარეობდა კონსულტაციები და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც დაელაპარაკებიან ბათუმის მერს, გავუგზავნით წერილსაც. პარალელურად მომზადდა ცვლილება პროექტში. რაც დარჩება შეუსრულებელი ვალდებულება, შეასრულებს კონტრაქტორი კომპანია დეფექტების აღმოფხვრის პერიოდში, რომელსაც გავზრდით ერთი წლით და იქნება 2 წელი. კონტრაქტორი კომპანია 2 წლის განმავლობაში ვალდებული იქნება მოუაროს ნაპირსამაგრ ნაგებობას“, – გვითხრეს მუნიციპალური განვითარების ფონდში.

რაც შეეხება წარეცხილ პლაჟს, ფონდის განცხადებით, „ეს დეფექტი არ არის. ეგ არის ეროზიული პროცესი. ზღვა მანდ მუდმივად წარეცხავს. მაგ პროცესს ჩვენ ვერ გავაჩერებთ და მაგას უნდა კვება ყოველწლიურად“. ფონდში ასევე გვითხრეს, რომ „1700 მეტრია ეს ნაგებობა. მის გასწვრივ კი აშკარად ჩანს პლაჟის წარეცხვის პრობლემა 500 მეტრზე და არა ერთ კილომეტრზე“.

საკმარისი იქნება თუ არა ხრეშის იმ ოდენობით შეტანა ყოველწლიურად, რა ოდენობაც პროექტის ფარგლებში შეიტანეს და რომელიც უკვე წარეცხა ზღვამ 8 თვეში? – ფონდში ამ კითხვაზე გვიპასუხეს:

„ამ შემთხვევაში, თუ რა მოცულობით უნდა მოხდეს კვება, ეს დამოკიდებული იქნება მონიტორინგზე – რამდენიც იქნება საჭირო, იმ მოცულობის ქვიშა-ხრეშოვანი მასალა უნდა შეიტანონ, რომ აღდგეს სანაპირო ზოლი – პლაჟი, თუ ეს უნდა ბათუმის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას. ეს მათი გადასაწყვეტია. რამდენი დასჭირდება აწი, ამას დაადგენს მონიტორინგი – ბათიმეტრული [წყალქვეშა რელიეფის ამსახველი რუკა – ავტ.] კვლევა უნდა ჩატარდეს ყოველ წელს და ზამთარში, როცა არ არის ტურისტული სეზონი, უნდა შეიტანონ ხრეში. პლაჟის შენარჩუნება ამ შემთხვევაში არ იყო პროექტის ამოცანა, ვერც იქნებოდა – ერთი პროექტის ფარგლებში ეგ შეუძლებელია. ამოცანა იყო, რომ ჩვენ დაგვეცვა ბულვარი დაზიანებისგან“.

რა დეფექტებზეა საუბარი? – „ბულვარში დაგებულ ბეტონის ბილიკზე შეამჩნევთ ბზარებს. ჩვენ გვაფრთხილებდა ზედამხედველი კომპანია, რომ ეს ბზარები გაჩნდებოდა, ამიტომ შევთავაზეთ სხვა ფორმის საფარი – პატარა ფილების დაგება და არა ბეტონი, ასეთ დიდ ფართობზე. თუმცა, ბათუმის მერიის და ბულვარის ხელმძღვანელობის მოთხოვნით სასეირნო ბილიკზე დაიგო ისეთივე ბეტონის საფარი, რომელიც ბულვარის სხვა ადგილებში იყო. მინდა გითხრათ, რომ ეს დეფექტი ზედაპირულია, ბზარები შევსებულიც არის და პრობლემა არ იქნება. ეს შევსებული ბზარები თვალით შესამჩნევია იმიტომ, რომ მომხდარა მათი პიგმენტაცია. პიგმენტაციის შემდეგ ფერი დაჯდება და არ გამოჩნდება. შედგება კომისია, რომელიც მიღება-ჩაბარების დროს შეაფასებს ამ პროექტის მდგომარეობას, ჩამოვწერთ დეფექტებს და 2 წლის განმავლობაში მიხედავს კომპანია“, – გვითხრეს ფონდში.

არის თუ არა დეფექტი ის ლოდები, რომლებიც ნაპირის გამაგრებისთვის დაალაგეს, მაგრამ ახლა უკვე ზღვაშია? – ფონდში აცხადებენ, რომ – არა.

„ლოდები არის ზღვაში, გვაქვს რამდენიმე ფოტომასალაც, მაგრამ თუ დააკვირდებით, ის ლოდი არ არის ამოვარდნილი წყობიდან. იქ თუ ერთი და ორი ლოდი ამოვარდა, შეიძლება წყობა დაიშალოს. ეს ისეა იქ ჩალაგებული, რომ ერთმანეთს ამაგრებენ. საიდან წარმოიშვა და საიდან გაჩნდა ეს ლოდები იქ, ეს დასადგენია. უშუალოდ ნაგებობას აქვს 50-წლიანი გარანტია, რომ არაფერი მოუვა და იმედია არც შემდეგ. ასე, რომ, ბულვარი [ახალი ბულვარის გაგრძელება აეროპორტის ასაფრენ ზოლამდე – ავტ.] არის დაცული საიმედოდ და მას სჭირდება მოვლა. დამონტაჟებულია უსაფრთხოების მაჩვენებლებიც, რომ არ შეხტნენ ზედ და არ ირბინონ, მეც არ მომწონს, შეიძლება ბავშვი ჩავარდეს კიდეც… ეს არის საერთაშორისო სტანდარტით გაკეთებული, თუმცა საკმაოდ სახიფათოა… ლოდების წყობა ასე კეთდება მთელ მსოფლიოში, ეს ჩვენი გამოგონება არ არის“, – გვითხრეს მუნიციპალური განვითარების ფონდში.

ფონდიდან მიღებული ინფორმაციით, „ნაკლებად ეფექტური“ აღმოჩნდა ის ტექნიკაც, რომლითაც ძველი ბულვარიდან ახალ ბულვარში ხრეში უნდა გადაექაჩათ: ვერ გადაჰქონდა ისე, რომ ეკონომიკურად გამართლებული ყოფილიყო მისი ექსპლუატაცია. ამიტომ გაჩნდა მიღება-ჩაბარების პრობლემა. სამხარაულის ექსპერტიზას მივეცით მასალები და დადგინდა, რომ ავტომობილებით გადატანა არის უფრო იაფი და უფრო მარტივი, ვიდრე ამ ტექნიკით გადაქაჩვა. თან ბათუმის მერიაც არ იყო მოხიბლული ამ ტექნიკით. მას სჭირდება მონტაჟი, დემონტაჟი, ექსპლუატაციის ცოდნა, რისი სპეციალისტებიც არ ჰყავს მერიას. ამასთან, რამე რომ გაფუჭებოდა – შესაკეთებლად სპეციალისტის ჩამოყვანა იქნებოდა პრობლემა. ეს ტექნიკა იქნება კომპანიის ზარალი. ხარჯი თავის თავზე აიღო“.

„ბათუმელებს“ ფონდში ისიც უთხრეს, რომ სამხარაულის დასკვნით მანქანებით ხრეშის შეტანა გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე ამ შემთხვევაში ჰოლანდიურმა კომპანიამ გადაუხადა დაქირავებულ კომპანიას.

რამდენი გადაიხადა კომპანიამ და რა დაადგინა სამხარაულმა, მნიშვნელოვნად განსხვავდება ეს ციფრებიც. ამასთან ტენდერი როცა გამოცხადდება, ყოველთვის ნაკლები ფასი ჯდება – მანქანები ბევრს ჰყავს და კონკურენცია იქნება. ჯერ არის პროცესი და ამ ციფრებს უახლოეს მომავალში გადავცემთ მერიას“, – გვითხრეს ფონდში.

„ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, რა ღირს 1 კუბ.მ ხრეშის გადატანა ძველი ბულვარიდან ახალი ბულვარის გაგრძელებაზე პლაჟის შენარჩუნებისთვის. ფონდში ეს მონაცემები არ მოგვაწოდეს, თუმცა ერთ-ერთი დაქირავებული გადამზიდავისგან მიღებულ ინფორმაციასა და სხვა მონაცემებზე დაყრდნობით, „ბათუმელებმა“ გამოთვალა, რომ ბათუმის მერიას 25-30 ათასი კუბ.მ ხრეშის შესატანად, ყოველწლიურად, ჯამში მინიმუმ 400 ათასი ლარი მაინც დასჭირდება. გასათვალისწინებელია ისიც, თუ რა ოდენობის ხრეშის შეტანა იქნება საჭირო მონიტორინგის შედეგად და იქნება თუ არა ხრეშის შესაბამისი რესურსი ძველ ბულვარში.

აღსანიშნავია ისიც, რომ ყოფილ „საქნაპირდაცვას“ ადრე 100 ათასი კუბ.მ ხრეში შეჰქონდა ყოველწლიურად ბათუმისა და აჭარის სანაპიროზე პლაჟების შესანარჩუნებლად. ხრეშს ძირითადად, ჭოროხის შესართავიდან იღებდნენ. ნატანი ახლა აქ მინიმუმამდეა შემცირებული საქართველოსა და თურქეთში მდინარე ჭოროხზე და აჭარისწყალზე ჰესების აშენების გამო.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2013 წელს დაგეგმილი პროექტებიდან ამოიღო ბათუმის 2-კილომეტირანი სანაპირო ზოლის [ბულვარის გაგრძელება] ე.წ. ოქროს ქვიშით მომარაგების პროექტი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იყო შემუშავებული.

ფოტოები სანაპიროდან, სადაც ხელოვნურად მოწყობილი პლაჟი ზღვამ 8 თვეში მიიტაცა

გადაკეტილი სანაპირო ბულვარის გაგრძელებაზე / 28.08.2020

ახალი ბულვარის გაგრძელებაზე ზღვამ ხელოვნური პლაჟი რამდენიმე მონაკვეთში უკვე წარეცხა / 28.08.2020

სანაპირო ბულვარის გაგრძელებაზე პლაჟის გარეშე – იანვარში ხელოვნურად დაყრილი ხრეში აქ ზღვამ უკვე მიიტაცა / 28.08.2020

სანაპირო ბულვარის გაგრძელებაზე პლაჟის გარეშე – იანვარში ხელოვნურად დაყრილი ხრეში აქ ზღვამ უკვე მიიტაცა / 28.08.2020

28.08.2020

სანაპიროზე ასე ამოშვერილ არმატურებსაც არაერთ ადგილზე შეხვდებით / 28.08.2020

28.08.2020

სახლები „ზღვის ხედით“ სანაპიროსთან, მაგრამ პლაჟის გარეშე / 28.08.2020

ამ ლოდებსა და ზღვას შორის მიმდინარე წლის იანვარში ხელოვნურად დაყარეს ხრეში და ასე მოწყობილ პლაჟზე მძიმე ტექნიკაც გადაადგილდებოდა. დღეს ეს პლაჟი აღარ არსებობს / 28.08.2020

ამ ლოდებსა და ზღვას შორის მიმდინარე წლის იანვარში ხელოვნურად დაყარეს ხრეში და ასე მოწყობილ პლაჟზე მძიმე ტექნიკაც გადაადგილდებოდა. დღეს ეს პლაჟი აღარ არსებობს / 28.08.2020

ამ ლოდებსა და ზღვას შორის მოწყობილი ხელოვნური პლაჟი ზღვამ 8 თვეში მიიტაცა / 28.08.2020

ამ ლოდებსა და ზღვას შორის მოწყობილი ხელოვნური პლაჟი ზღვამ 8 თვეში მიიტაცა / 28.08.2020

ლოდები ზღვაში. ფონდში აცხადებენ, რომ ეს ლოდები ნაგებობიდან ამოვარდნილი არ არის და საიდან გაჩნდა ისინი აქ, შესასწავლია / 28.08.2020

ზღვის ხედი სასეირნო ბილიკიდან /ბათუმი, ახალი ბულვარის გაგრძელება/ 28.08.2020

„ოქროს ქვიშით მომარაგების პროექტის თანახმად, 2 კმ-იანი მონაკვეთის ქვიშით მომარაგება (ერთჯერადად) სახელმწიფოს 50 მლნ. ლარი დაუჯდებოდა… მიმდინარე წელს ფონდი გამოაცხადებს ტენდერს ბათუმის სანაპირო ზოლის გამაგრებაზე, რომლის განხორციელებაც სავარაუდოდ 20 მლნ. ლარს არ აღემატება“ – აცხადებდა ფონდი 2013 წელს.

სამუშაოები ფონდმა მხოლოდ 2017 წელს დაიწყო. თავდაპირველად კონტრაქტი 30 მილიონამდე ლარზე გაფორმდა, მოგვიანებით კი ეს თანხა 55 მილიონამდე გაიზარდა.

დაიცავს თუ არა 30-მილიონიანი პროექტის განხორციელება ბათუმის სანაპირო ზოლს და გადაიჭრებოდა თუ არა ამით ზღვის მიერ ნაპირის მიტაცების პრობლემა? – ამ კითხვაზე პასუხის მიღებას „ბათუმელები“ სამუშაოების დაწყებამდე, 2016 წელს შეეცადა. როგორც „ბათუმელებს“ მაშინ რამდენიმე სპეციალისტმა განუცხადა, პროექტის განხორციელებით ზღვა უკვე ძველი ბულვარის ტერიტორიის წარეცხავს დაიწყებდა.

მშენებლობის პროცესში გეოლოგმა ტარიელ ტუსკიამ „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ ლოდების ჩაწყობის მეთოდმა გაამართლა მეზობელ თურქეთში, თუმცა ვერ ამართლებს აჭარის სანაპიროზე: „გონიოდან დაწყებული, სანაპიროზე, სადაც დიდი ლოდი ჩაიდო, ყველა ჩაიძირა ზღვაში. თურქეთში სანაპიროსთან კლდოვანი ქანები გამოდის და ეს ლოდები ამ ქანებზე დევს. შესაბამისად, მას ზღვა ძირს ვერ ურეცხავს [ასეთი ქანები გამოდის სარფში და კვარიათშიც]. ბათუმის სანაპირო კი ნატანი მასალითაა აგებული და ამ ლოდების ქვეშ არის ხრეში. დეტალურად არ ვიცნობ პროექტს, რა ტექნოლოგიით ჩააწყვეს, თუმცა, ეს ლოდები თუ ხრეშზე დევს, მას წლების განმავლობაში ზღვა ძირს გამოურეცხავს და კონსტრუქციას დაშლის. ასე ხდებოდა აქამდე“.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/281327/?fbclid=IwAR3pU1mRwuRJomZBQQjxLbPe-fqUc9F2cVz86gCA4RLbWjiHUxrJrmdpw0c

გადაბეჭდვის წესი


ასევე: