განათლება,მთავარი,სიახლეები

დედის გარდაცვალების შემდეგ სამინისტრომ 11 წლის ბიჭს სკოლის გამოცვლაზე უარი უთხრა – PHR

09.09.2022 • 4477
დედის გარდაცვალების შემდეგ სამინისტრომ 11 წლის ბიჭს სკოლის გამოცვლაზე უარი უთხრა – PHR

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR)-ის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 11 წლის ბიჭმა მიმართა, რომელსაც კერძო სკოლიდან საჯარო სკოლაში გადასვლა სურდა, თუმცა სკოლა და სამინისტრო მათ ამის შესაძლებლობას არ აძლევდნენ.

„დედის გარდაცვალების შემდეგ, ბებოსთან დარჩენილ ბიჭს ძალიან უჭირდა კერძო სკოლის საფასურის გადახდა და ფიზიკურად სიარულიც, რადგან სკოლა ბევრი კილომეტრით იყო დაცილებული საცხოვრებელი ადგილიდან.

ბავშვის ერთი სკოლიდან მეორეში გადასვლის (მობილობის) მიზნით, ბავშვის ბებიამ განათლების სამინისტროს და სკოლებს მიმართა, თუმცა მათ უარი განაცხადეს ბავშვის გადაყვანაზე, რადგან ბებია არ არის ბავშვის მეურვე. ხოლო ბავშვის მამის (კანონიერი წარმომადგენლის) ადგილსამყოფელი წლებია უცნობია“, – ამბობს PHR.

11 წლის ბავშვმა სწორედ ამ ორგანიზაციის დახმარებით მიმართა სასამართლოს.

„ბავშვის სახელით, პირველ რიგში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რესურს-ცენტრს და საჯარო სკოლას ეცნობათ პრობლემის შესახებ და ეთხოვათ სწრაფი მოგვარება.

კერძოდ, ბავშვის განცხადების საფუძველზე მისთვის განათლების უზრუნველყოფა. თუმცა მათ განმეორებით უარი განაცხადეს ბავშვის სკოლაში ჩარიცხვაზე, რადგან ბავშვის განცხადება არ ჩაითვალა სათანადოდ მობილობის დასაწყებად.

მათ ბავშვს განუცხადეს, რომ განათლების მინისტრის ბრძანების თანახმად, ბავშვს არ აქვს უფლება თავად მოითხოვოს განათლების  უფლების რეალიზება“, – ამბობს PHR.

PHR-ი მიიჩნია, რომ აღნიშნული უარი არღვევდა ბავშვის განათლების უფლებას, ართმევდა მას ქმედუნარიანობას, რიყავდა ბავშვს პროცესებიდან და უგულებელყოფდა მის საუკეთესო ინტერესს.

2022 წლის 7 სექტემბერს,  PHR-მა და არასრულწლოვანმა მიმართეს სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვეს მოსამართლის განჩინებით ბავშვი ყველაზე ახლომდებარე საჯარო სკოლაში სასწრაფოდ ჩარიცხულიყო.

„თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ციცინო როხვაძემ, 2022 წლის 9 სექტემბერს,  ბავშვის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა. ახალი სასწავლო წლიდან არასრულწლოვანი სასურველ სკოლაში გააგრძელებს სწავლას“.

გადაბეჭდვის წესი