მთავარი,სიახლეები

აქტივისტი, რომელიც ჰაერის დაბინძურებას აპროტესტებს – „საჭიროა შინაგანი ძალის პოვნა“

09.09.2022 • 878
აქტივისტი, რომელიც ჰაერის დაბინძურებას აპროტესტებს – „საჭიროა შინაგანი ძალის პოვნა“

28 წლის აქტივისტი, თინათინ მაღედანი სამოქალაქო მოძრაობის – „გავიგუდეთ“ ლიდერია. ეს მოძრაობა რამდენიმე წლის წინ შეიქმნა და ძირითადად, ქალაქ რუსთავში ჰაერის დაბინძურებას აპროტესტებს.

თინათინმა მოძრაობა „გავიგუდეთ“-ის შესახებ შემთხვევით, ინტერნეტიდან გაიგო და ჯგუფს ჰაერის დაბინძურების შეწყვეტაში თავისი წვლილის შესატანად 2019 წელს შეუერთდა, როგორც მოხალისე. მან გვითხრა, რომ მოძრაობაში დარჩენას მხოლოდ ერთი წლით გეგმავდა და ვერ წარმოედგინა, რომ მოძრაობის ლიდერი და აქტივისტი გახდებოდა.

დღეს თინათინს აქტივიზმის უკვე რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს. იგი ფიქრობს, რომ საქართველოში, აქტივიზმში ჩართვა პრობლემური საკითხია, რადგან მძიმე ეკონომიკური ფონი და იმედგაცრუებები აქტივიზმის სასარგებლოდ ნამდვილად არ მოქმედებს და ხალხი მუდმივად პროტესტის რეჟიმში ყოფნითაც დაიღალა.

თუმცა თინათინს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების განვითარება აქტივიზმის გარეშე კიდევ უფრო რთულად ეჩვენება. იგი იმ საფრთხეებზე გვესაუბრება, რასთან გამკლავებაც, მისი დაკვირვებით, აქტივისტებს უწევთ.

თინათინ მაღედანი

„გარდა ფიზიკური დაზიანების საფრთხისა, შესაძლოა, იყოს სხვა სახის ანგარიშსწორება, რომ სიტყვაზე – „რა გინდა „გავიგუდეში“ ან ნებისმიერ სხვა მოძრაობაში, ორგანიზაციაში. „კეთილისმსურველების“ ეს ხმები – „რატომ ხარ მანდ“, „პრობლემები არ შეიქმნა“ და ა.შ. ზეწოლაა და ამაზე ხშირად არ საუბრობენ ადამიანები.

აქტივისტს ემოციური გადაწვის ძალიან დიდი საფრთხე აქვს, იმიტომ, რომ ამ გზაზე ბევრი იმედგაცრუება გხვდება. მნიშვნელოვანია შინაგანი ძალის პოვნა, რომ შენი ბრძოლა არ შეჩერდეს. ჩემი აზრით, ამაში იმის გააზრება გეხმარება, რომ პრობლემა, რომლის მოგვარებისთვისაც იბრძვი, პირველ რიგში შენ გეხება.

ჩვენ შემთხვევაში, მაგალითად, როცა გაიაზრებ, რომ ეს სუფთა ჰაერი პირველ რიგში შენ გჭირდება, რაც არ უნდა ცოტა ადამიანი შემოგიერთდეს, მაინც შენი პრობლემის მოგვარებაზე ორიენტირებული რჩები“, – ამბობს თინათინი.

აქცია რუსთავში. აქციაზე. ფოტო: „გავიგუდეთ“/facebook

მისი თქმით, მნიშვნელოვანია აქტივისტებმა ერთმანეთი გაამხნეონ და გამოცდილება გაცვალონ. თუ აქტივიზმი არ იქნება თანმიმდევრული, შედეგები არ მოჰყვება ხოლმე, რადგან სახელმწიფოს შემხვედრი ნაბიჯები ხშირი არ არის – მიიჩნევს თინათინი.

„საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს ჯერ კიდევ ჰგონიათ, რომ თუ აქციებზე გავლენ, სამსახურიდან გაათავისუფლებენ და ა.შ. არის მსგავსი შემთხვევები, მაგრამ ხშირად ეს შიში შინაგანი მდგომარეობიდან მოდის.

მეც მიმუშავია საჯარო სექტორში, მესმის, რომ ყველას სხვადასხვანაირი მდგომარეობა აქვს, მაგრამ მე მაშინაც დავდიოდი აქციებზე და ეს არ ყოფილა რაიმე შეზღუდვის საგანი“, – გვეუბნება თინათინი.

მან გვითხრა, რომ მოლოდინი ჰქონდა, ერთი წლის შემდეგ გამოჩნდებოდა სხვა ადამიანიც, რომელიც მოძრაობაში მის მოხალისეობრივ საქმიანობას იგივე შემართებით გააგრძელებდა, თუმცა ასე არ მოხდა. თინათინი მიიჩნევს, რომ ეს საქართველოში მოხალისეობრივი კულტურის დაბალი დონეს უკავშირდება და აქვე აღნიშნავს, რომ ხანდახან მოხალისეობა პრივილეგიაც კი შეიძლება იყოს. 

„თავი რომ გავანებოთ იმ ფაქტს, რომ ზოგს ეზარება, ან არ თვლის მოხალისეობას საჭიროდ, ან ურჩევნია დრო სხვა, გასართობ აქტივობას დაუთმოს, ბევრისთვის მოხალისეობისთვის დროის გამოყოფა უბრალოდ ეკონომიკურადაა ძალიან რთული.

მოხალისეობისას სრულგანაკვეთიანი სამსახური მქონდა საკმაოდ კარგი ანაზღაურებით, რაც მაძლევდა იმის საშუალებას, რომ ჩემი თავისუფალი დრო სრულიად უსასყიდლოდ დამეთმო ამ საქმისთვის, მაგრამ ყველას არ აქვს ეს პრივილეგია.

თავიდან მეც არ მქონდა სწორი შეხედულება და მერე გავიაზრე, რომ ადამიანს შესაძლოა არ ჰქონდეს იმის ეკონომიკური შესაძლებლობა, რომ მოხალისეობრივ საქმეში დიდი დოზით ჩაერთოს, თუმცა მცირე დოზით ჩართულობა, მგონია, რომ ბევრს შეუძლია და მაინც, სამწუხაროდ, არ არის იმ დოზით, რა დოზითაც გვჭირდება, ამის რესურსი საზოგადოებაში“.

თინათინის თქმით, ყოველთვის დადიოდა აქციებზე როცა ამის შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ არასდროს უფიქრია სიტყვით გამოსვლა მეგაფონით, რადგან ეს არ იყო მისთვის კომფორტული, თუმცა როგორც ამბობს, აქციებზე სიტყვით გამოსვლისას ახლა აღარ ერიდება და ყველა შესაძლებლობას იყენებს მისი და თანამოქალაქეების უფლებების დასაცავად.

„მუდმივად აუცილებელია გადაწყვეტილების მიმღებ და ხელისუფლების წარმომადგენელ პირებზე ზეწოლა, რომ შევახსენოთ საკუთარი მოვალეობები“ – ამბობს თინათინი. 

აქტივისტის თქმით, ის, რომ თანაგუნდელებთან ერთად ადგილობრივად იბრძვის და მათი ფოკუსი რუსთავში ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოგვარებაა, არ ნიშნავს იმას, რომ მათ ბრძოლას გავლენა არ აქვს საქართველოს სხვა ქალაქებზე.

„თუნდაც ის საკანონმდებლო ცვლილებები, რაც ჩვენი აქტივიზმის შედეგად შევიდა ძალაში, მთელ საქართველოს ეხება.

2021 წელს, სამოქალაქო მოძრაობის – “გავიგუდეთ” ჩართულობით სამართლებრივი თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით. პარლამენტმა მიიღო მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა მიზანია, როგორც საქართველოში განთავსებული საწარმოების ტექნიკური გამართვა/გადაიარაღება, ისე გაზრდილი სანქციების დაწესება ჰაერის დაბინძურებისთვის.

იქამდე იმდენად მიზერული იყო ეს ყველაფერი, რომ საწარმოებს ფილტრების დაყენებას ჯარიმების გადახდა ერჩივნათ.

ცვლილებები შევიდა „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონშიც. 2021 წლის 2 მარტს შეტანილი ცვლილებით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მნიშვნელოვანი ფუნქციით აღიჭურვა, რაც მას აძლევს საშუალებას საწარმოების მხრიდან კანონის დარღვევის შემთხვევაში გაატაროს მთელი რიგი ღონისძიებები“, – ამბობს თინათინი.

ახლა „გავიგუდეთ“ სამოქალაქო კულტურის წინ წამოწევას და მოსახლეობის გააქტიურებასაც ცდილობს. ესწრებიან საჯარო განხილვებს, კითხულობენ გარემოზე ზემოქმედების ანგარიშებს და ქალაქში ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლას ხელოვნების გამოყენებითაც ცდილობენ – ეს იქნება კედლის მხატვრობა თუ ქალაქში ქანდაკებების დადგმა.

ქანდაკება ქალაქ რუსთავში

ჩვენთან საუბრისას თინათინი აღნიშნავს, რომ მოძრაობა „გავიგუდეთ“-ს რუსთავის საწარმოების დახურვა არ უნდა, რადგან აქ ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული.

„არ გვინდა რომელიმე საწარმო დაიხუროს და ამიტომაც ვერ ვართ რადიკალურები მოთხოვნებში, თუნდაც ქმედებებში.

ალბათ, ყველაზე რთული ამ ბალანსის დაცვაა, რომ იყო აქტივისტი, მოიტანო ცვლილება, მაგრამ ეს ცვლილება იყოს ძალიან გონივრული, არ დააზარალო სხვა ადამიანები ან არ დატოვო სამსახურის გარეშე. ამიტომაც, ჩვენი ყოველი ნაბიჯი ძალიან ფრთხილია და მუდმივად ვითვალისწინებთ საწარმოებში დასაქმებული ადამიანების რეალობას.

8 000 ადამიანი მუშაობს აქ, მათ ჰყავთ ოჯახის წევრები. ეს 8 000 უნდა გავამრავლოთ მინიმუმ 4-ზე – ეს არიან საწარმოებთან დაკავშირებული ადამიანები. ამას დავუმატოთ საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების უმრავლესობა და ძალიან ცოტა ადამიანი რჩება, ვინც ამ ყველაფერს აპროტესტებს.

გამიხარდებოდა, რომ მეთქვა, მხოლოდ რუსთავშია ასეთი სიტუაცია-მეთქი, უფრო მეტი იმედი მექნებოდა მდგომარეობის გამოსწორების, მაგრამ, სამწუხაროდ, ანალოგიური სიტუაციაა ძალიან ბევრგან.

ჩვენ სხვადასხვა აქტივისტებთანაც გვაქვს კომუნიკაცია, რამდენიმე დღის წინაც გვქონდა შეხვედრა და როცა გამოწვევებზე ვსაუბრობთ, სიტუაცია ძირითადად ერთნაირია, მცირედი სხვაობებით და პრობლემიდან გამომდინარე უფრო მეტი ან შედარებით ნაკლები გამოწვევებით“, – გვეუბნება თინათინი.

___________________________

მთავარ ფოტოზე: თინათინ მაღედანი აქციაზე. ნიკა ბუბალაშვილის ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: