მთავარი,სიახლეები

აჭარის საგზაოს ფინანსური სამსახურის უფროსმა 4 547 ლარი პირად ანგარიშზე გადაირიცხა – პროკურატურა

09.09.2022 • 2802
აჭარის საგზაოს ფინანსური სამსახურის უფროსმა 4 547 ლარი პირად ანგარიშზე გადაირიცხა – პროკურატურა

პროკურატურის ცნობით, საბიუჯეტო თანხების მითვისების ფაქტზე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – საავტომობილო გზების დეპარტამენტის საფინანსო-საბუღალტრო სამსახურის ყოფილ უფროსს ბრალი წარუდგინეს.

პროკურატურა იუწყება, რომ გამოძიებას საფუძვლად დაედო აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2022 წლის 15 ივნისის წერილი, საბიუჯეტო თანხების მითვისებასთან დაკავშირებით.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა და მიითვისა 4 547 ლარი“, – წერს პროკურატურა.

აღნიშნულ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება და გამოყენება) წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: