მთავარი,სიახლეები

ხელვაჩაურის მერს უკანონო მშენებლობა დაუკანონეს ამბის გახმაურებიდან მეორე დღესვე

08.09.2022
ხელვაჩაურის მერს უკანონო მშენებლობა დაუკანონეს ამბის გახმაურებიდან მეორე დღესვე

ხელვაჩაურის მერმა ზაზა დიასამიძემ საცხოვრებელი სახლის მშენებლობა უკანონოდ დაიწყო და დაასრულა კარკასისა და სახურავის გადახურვის სამუშაოები ისე, რომ მშენებლობის ნებართვა არ მიუღია – ამის შესახებ ინფორმაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 2022 წლის 31 აგვისტოს გამოაქვეყნა.

ამავე დღეს ზაზა დიასამიძის მშენებლობის დაკანონების მოთხოვნით ბათუმის მერიას შპს „არქ ლენდმა“ მიმართა, მეორე დღეს, პირველ სექტემბერს კი ხელვაჩაურის მერმა უკვე აშენებული სახლის მშენებლობის ნებართვა მიიღო.

ბრძანებას ხელვაჩაურის მერის უკანონო მშენებლობის დაკანონების თაობაზე ხელი ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა რეკორდულ დროში, ერთ დღეში მოაწერა.

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას ხელვაჩაურის მერის უკანონო მშენებლობაზე, თავად  ხელვაჩაურის მერი, ზაზა დიასამიძე მეორე დღესვე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მშენებლობა უკანონო არ იყო და ამის დამადასტურებლად ჟურნალისტებს არქიტექტურული პროექტის შეთანხმება წარუდგინა, რაც თავისთავად ცხადია, რომ მშენებლობის ნებართვა არ არის.

ამ საკითხზე კითხვები ხელვაჩაურის მერთან „ბათუმელებსაც“ ჰქონდა, თუმცა მერმა ჩვენს ზარებს არც პირადად უპასუხა და არც პრესსამსახურის უფროსთან ორდღიანი მოლაპარაკების შემდეგ.

დღეს, 8 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში „გამჭვირვალობა“ ხაზგასმით მიუთითებს თავად მერის, ზაზა დიასამიძის საპასუხო განცხადებაზე, სადაც მან ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „ფეიკი“ უწოდა. დიასამიძის ეს განცხადება აჭარის ტელევიზიის ეთერში გავიდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მოკვლევით, სახლის მშენებლობა ხელვაჩაურის მერმა, ზაზა დიასამიძემ, მეუღლის, თამილა ჭურკვეიძის კუთვნილ მიწაზე 2019 წლიდან დაიწყო, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ 2022 წელს შევსებულ დეკლარაციაში მიუთითა.

„გამჭვირვალობა საქართველო“ ისევ მოითხოვს, რომ „მუნიციპალურმა ინსპექციამ“ უკანონო მშენებლობისთვის ზაზა დიასამიძეს კანონით გათვალისწინებული სანქცია დააკისროს.

ამავე თემაზე: 

ხელვაჩაურის ახალი მერიც უკანონოდ იშენებს სახლს – „გამჭვირვალობის“ ახალი კვლევა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: