მთავარი,სიახლეები

„ავტომანქანები უცხოელებზე გადააფორმეს, შემდეგ კი, დაშალეს და გაყიდეს“ – დაკავებულია 2 პირი

09.09.2022
„ავტომანქანები უცხოელებზე გადააფორმეს, შემდეგ კი, დაშალეს და გაყიდეს“ – დაკავებულია 2 პირი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტებზე ორი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულების მიერ, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში ჩამოყვანილ იქნა მსუბუქი ავტომანქანები, საიდანაც შემდგომში, 46 ერთეული ავტომანქანა თითქოსდა რეექსპორტის მიზნით, ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულებებით, გადაფორმდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. ნაცვლად ავტომობილების ქვეყნიდან გაყვანისა, ბრალდებულების მიერ, სატრანსპორტო საშუალებები განბაჟების გარეშე დაშლილი და რეალიზებული იქნა ნაწილებად.

ამავდროულად დადგენილ იქნა, რომ უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ-ერთი ბრალდებული სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა შესაბამისი სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე, ხოლო მეორე ბრალდებული გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების მიზნით არ ახდენდა მიღებული შემოსავლების სრულ დეკლარირებას.

დადგენილია, რომ ბრალდებულების უკანონო ქმედებების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა ჯამში მილიონ ლარზე მეტი ოდენობის ზიანი.“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2, 185-ე მუხლის მე-3, 192-ე მუხლის პირველი და 218-ე მუხლის მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახური და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი აქტიურად აგრძელებენ ღონისძიებებს ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ფაქტების გამოვლენა-აღკვეთის მიზნით.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: