მთავარი,სიახლეები

როგორ იმუშავებენ ქედაში ქალთა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლების მხარდასაჭერად

09.09.2022 • 943
როგორ იმუშავებენ ქედაში ქალთა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლების მხარდასაჭერად

ქედის მუნიციპალიტეტში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის მხარდამჭერი მუნიციპალური პროგრამა ამოქმედდა.

პროგრამა მსხვერპლის სტატუსის მქონე ადამიანის მხარდაჭერას, ფინანსურ დახმარებას, საჭიროების შემთხვევაში კი, მათთვის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის დაქირავებას უზრუნველყოფს და, ასევე, ამ მიმართულებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას.

ქედის მერიამ პროგრამისთვის 6740 ლარი გამოყო.

რა და როგორ გაკეთდება ამ პროგრამის ფარგლებში? – „ბათუმელები“ პროგრამის ავტორს, თეა შარაშიძეს ესაუბრა. ის ქედის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტია გენდერული თანასწორობის საკითხებში.

  • როგორ გაჩნდა ამ პროგრამაზე მუშაობის იდეა?

წლების განმავლობაში ვმუშაობდით ძალადობის საკითხებზე, გვქონდა ცნობიერების ამაღლების კამპანიები. საჭიროებამ მოიტანა, რომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლების მხარდამჭერი მუნიციპალური პროგრამა შეგვემუშავებინა, რისთვისაც პირველ რიგში გენდერული თანასწორობის საბჭოს სტრატეგიის დოკუმენტი შევიმუშავეთ. დოკუმენტის 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მიზანი ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის ხელშეწყობაა.

სწორედ, ამ მიზნის შესასრულებლად შევიმუშავეთ ეს პროგრამა. პროგრამა ახალია, საპილოტეა და მისი მიზანია ძალადობის მსხვერპლთა სოციალური მხარდაჭერა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.

პროგრამა ითვალისწინებს მსხვერპლებისთვის, საჭიროების შემთხვევაში, ბინის ქირის უზრუნველყოფას, ალტერნატიული ფართის შეთავაზებას. მეორე კომპონენტი კი, საგანმანათლებლო საინფორმაციო ტრენინგ-სემინარების ციკლია მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად.

  • აღნიშნული პროგრამა მხოლოდ ამ ორ სერვისს ითვალისწინებს?

ამასთან, ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან. შემიძლია დავასახელო „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, რომელსაც მაშინ მივმართავთ, თუ ბენეფიციარს იურიდიული დახმარების საჭიროება ექნება და ისინი უფასო იურიდიულ მომსახურებას გაუწევენ.

ვთანამშრომლობთ სხვა ორგანიზაციებთანაც, რომლებიც მუშაობენ ქალთა საკითხებზე და სრულიად უსასყიდლოდ გვეხმარებიან. ქედის მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახის ბაზაზე გვიწევენ უფასო იურიდიულ და ფსიქოლოგიურ კონსულტაციებს, როცა ბენეფიციარებს ამის საჭიროება აქვს.

  • ძალადობის სტატუსის მქონე პირთა ფინანსური მხარდაჭერისას თანხის გარკვეული ოდენობაა განსაზღვრული თუ ბენეფიციარის საჭიროების მიხედვით განისაზღვრება?

ფინანსური მხარდაჭერა განისაზღვრება მსხვერპლის საჭიროების მიხედვით.

აჭარის მუნიციპალიტეტში ქედა ერთ-ერთი პირველი მუნიციპალიტეტია, რომელმაც შეიმუშავა გენდერული თანასწორობის სტრატეგიის დოკუმენტი, სამოქმედო გეგმა, აქვს თავისი ბიუჯეტი და შეიქმნა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ უწყებათშორისი კომისია, რაც ასევე სიახლეა. [ბენეფიციარების] განცხადებები შემოვა კომისიაში, განვიხილავთ და ამის შემდეგ განისაზღვრება მსხვერპლების მხარდასაჭერი თანხის ოდენობა, სხვა დეტალები.

  • როდის შეიქმნა ქედაში ძალადობის უწყებათაშორისი კომისია?

მიმდინარე წლის აგვისტოში, ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და დანიური არასამთავრობო ორგანიზაცია KVINFO-ს მხარდაჭერით. ჩვენ საპილოტე მუნიციპალიტეტი ვართ და ჩვენი მხარდამჭერები უზრუნველყოფენ ჩვენს გადამზადებას ამ კუთხით.

ძალადობის უწყებათაშორისი კომისია სიახლეა მუნიციპალიტეტისთვის, ხოლო  პროგრამა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისათვის  კომისიის შექმნამდე ავამოქმედეთ. ის დამოუკიდებლად მოამზადა მუნიციპალიტეტის მერიამ.

  • პროგრამის ფარგლებში მსხვერპლისთვის ალტერნატიულ საცხოვრებელი ფართის შერჩევისას თუ იქნება გათვალისწინებული მსხვერპლის სურვილი სად დაბინავდეს და სხვა დეტალები? 

ამის პრაქტიკული გამოცდილება ჩვენ არ გვქონია და მხოლოდ ჩვენ არ ვწყვეტთ. ძალადობის უწყებათაშორისი კომისია სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული. კომისიაში გვყავს სოციალური მუშაკიც.

ფართის დაქირავება მოხდება იქ, სადაც მსხვერპლი ყველაზე დაცულად და კომფორტულად იგრძნობს თავს. რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს ჩვენი მუნიციპალიტეტის [პროგრამის] დებულებასთან შესაბამისობაში და ამავდროულად, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ძალადობის მსხვერპლის ინტერესები.

  • რა ხდება იმ შემთხვევაში თუ მსხვერპლს შვილი ან შვილები ჰყავს?

ჩვენ ეს კომპონენტიც გათვლილი გვაქვს. თუ ქალი შვილებთან ერთადაა და საჭიროება მოითხოვს, ალტერნატიულ საცხოვრებელში გამოყვანილი იქნება შვილებთან ერთად, მხოლოდ და მხოლოდ შემაკავებელი ან დამცავი ორდერის მოქმედების ვადის შესაბამისად.

  • როგორ შეძლებენ მსხვერპლები თქვენთან დაკავშირებას?

ჩვენ გვქონდა ამ პროგრამის საინფორმაციო კამპანიაც, ინფორმაცია დაიდო ჩვენს ვებგვერდზეც და მოსახლეობა ამის შესახებ ინფორმირებულია. პროგრამის შესახებ ინფორმაცია გავუგზავნეთ შესაბამის უწყებებსაც, რომლებიც გასცემენ შემაკავებელ და დამცავ ორდერებს. ისინი არიან პირველი ინფორმაციის მიმღები და გამტარები. ვთხოვეთ, თუ კი გამოიცემა შემაკავებელი ან დამცავი ორდერები მუნიციპალიტეტში, მსხვერპლებს ჩვენი პროგრამის შესახებ მიაწოდონ ინფორმაცია.

ძალადობის მსხვერპლმა განცხადება უნდა წარმოადგინოს მერის სახელზე შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად.

  • პროგრამის ფარგლებში რამდენი ტრენინგ-სემინარის ჩატარებაა დაგეგმილი, რა თემებზე, ვინ არის თქვენი სამიზნე აუდიტორია, ვინ გაუძღვება კურსს?

საგანმანათლებლო-საინფორმაციო ტრენინგ-სემინარების ციკლი 25 ნოემბერს დაიწყება და 10 დეკემბერს დამთავრდება.

ამ დროის განმავლობაში რამდენიმე ღონისძიება ჩატარდება. ესენია: „ფორთოხლისფერი მსოფლიო“, „შეწყვიტე ძალადობა გოგონებისა და ქალების მიმართ“, „ქორწინება ადრეულ ასაკში და მისი შედეგები“, საგანმანათლებლო-საინფორმაციო ტრენინგ-სემინარები ჩატარდება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, იქნება კამპანია „არა ძალადობას“ და ბენეფიციართა ფინანსური დახმარების შესახებ.

ქედაში 10 ადმინისტრაციული ერთეული გვაქვს და აღნიშნული ღონისძიებები ათივე მათგანს მოიცავს. დასკვნითი ღონისძიება კი, 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში ჩატარდება.

ტრენინგებს ჩაატარებენ მოწვეული, კვალიფიკაციის მქონე, გადამზადებული ტრენერები, ფსიქოლოგები და ამ დარგის სპეციალისტები.

კონკრეტულად სამიზნე აუდიტორია გამოყოფილი არ გვაქვს. ინფორმაცია მიეწოდება სქესის ნიშნის განურჩევლად ყველას, არ არის განსაზღვრული ასაკობრივი ზღვარიც.

დამამთავრებელი კლასის სკოლის მოსწავლეებთან ვატარებთ ღონისძიებას „ქორწინება ადრეულ ასაკში და მისი შედეგები“, ხოლო ქალთა მიმართ ძალადობაზე სრულწლოვანებს ვესაუბრებით. ნებისმიერი თემის და კატეგორიის ადამიანი ჩვენი სამიზნე ჯგუფი და პოტენციური მსმენელია, რადგან ძალადობას არ აქვს სქესი, განზომილება დროში.

  • ვინ ახორციელებს პროგრამას?

პროგრამას ახორციელებს ქედის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახური და მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახი.

რა თქმა უნდა, პროგრამას ყოველწლიურად დაემატება ახალი კომპონენტები, უფრო მრავალფეროვანი გახდება. მგონია, რომ ეს ერთ-ერთი კარგი მექანიზმია, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ განცდა, რომ მარტო არ არიან და ადგილობრივი თვითმმართველობა მათთანაა, მათი სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე ვზრუნავთ.

მოქალაქეებმა არ უნდა დამალონ ასეთი სახის ინფორმაცია, მუდმივად უნდა იყვნენ კონტაქტზე.

_____________________________________

მთავარ ფოტოზე თეა შარაშიძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: