მთავარი,სიახლეები

რუსეთის უკრაინაში შეჭრა მხოლოდ მარცხად შეიძლება შეფასდეს – CIA-ს დირექტორი

09.09.2022
რუსეთის უკრაინაში შეჭრა მხოლოდ მარცხად შეიძლება შეფასდეს – CIA-ს დირექტორი

სასტიკი ომის მეექვსე თვეში, როდესაც უკრაინამ ძლიერი კონტრშეტევა დაიწყო, რუსეთის უკრაინაში შეჭრა შეიძლება, მხოლოდ და მხოლოდ წარუმატებლობად შეფასდეს – მიიჩნევს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი უილიამ ბერნსი.

The New York Times-ის ცნობით, ბერნსმა უკრაინის შესახებ ვაშინგტონში, კიბერუსაფრთხოების კონფერენციაზე ისაუბრა.

ხერსონსა და ხარკოვში უკრაინელთა კონტრშეტევის ფონზე, CIA-ს დირექტორი ფიქრობს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სათანადოდ ვერ შეაფასა უკრაინელთა სიმამაცე და ბრძოლისუნარიანობა.

მისი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ომის ფინალური თავი ჯერ არ დაწერილა, „რთულია, პუტინის სამხედრო კამპანიის მიმდინარეობა განიხილებოდეს რაიმე სხვად, თუ არა მარცხად“.

ბერნსის თქმით, პუტინი გარშემორტყმულია მრჩევლებით, რომლებიც მისთვის მცირედი წინააღმდეგობის გაწევასაც ვერ ბედავენ. რუსეთის ლიდერს შეცდომით სჯეროდა, რომ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდებოდა ომი, მით უფრო შეირყეოდა ევროპის სიმტკიცე, ამერიკის ყურადღება კი სხვა ამბებზე გადავიდოდა.

„პუტინი ფსონს ახლა იმაზე დებს, რომ თვითონ უფრო გამძლეა, ვიდრე უკრაინელები, ევროპელები და ამერიკელები,“ – ამბობს ბერნსი. – „მეც და ჩემს კოლეგებსაც სადაზვერვო სააგენტოში გვჯერა, რომ პუტინი ახლაც ისევე ცდება, როგორც თებერვალში, როდესაც უკრაინელთა წინააღმდეგობას არ ელოდა.“

პუტინის მცდარ ვარაუდებს, ბერნსის აზრით თავისი შედეგი აქვს:

„მხოლოდ რუსეთის არმიის სისუსტეები კი არ გამოჩნდა, არამედ გამოჩნდა ისიც, რომ ბევრად უფრო გრძელვადიანი ზიანი მიადგება რუსეთის ეკონომიკას და რუსეთის თაობებს“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: