მთავარი,სიახლეები

უკრაინელებმა დნეპრზე რუსების პონტონის ხიდი გაანადგურეს – ბრიტანეთის დაზვერვა

08.09.2022
უკრაინელებმა დნეპრზე რუსების პონტონის ხიდი გაანადგურეს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ხერსონში უკრაინელთა კონტრშეტევა გრძელდება. უკრაინის არმიამ, სავარაუდოდ, გაანადგურა დარივკასთან მდებარე პონტონის სამხედრო ხიდი, რომელიც რუსებმა უახლოესი ხიდის დაზიანების შემდეგ მოაწყვეს.

 „დარივკას გადასასვლელი დნეპრის გასწვრივ რუსეთის არმიის ჩრდილოეთ და სამხრეთ სექტორების დამაკავშირებელი ერთ-ერთი მთავარი გზაა,“ – აღნიშნავს უწყება 8 სექტემბრის რელიზში.

ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, უკრაინელთა ზუსტი დარტყმები დნეპრის გადასასვლელებზე აძლიერებს ზეწოლას რუსეთის არმიაზე, რომელიც კონტრშეტევასთან გამკლავებას ცდილობს.

უწყება მიუთითებს, რომ გადასასვლელების დაზიანება ხელს უშლის რუსეთის ძალებს, ეფექტიანად გამოიყენონ ოპერაციული რეზერვები და აღმოსავლეთიდან საბრძოლო მარაგები მიიღონ.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ განახლებაში უწყება წერდა, რომ მძიმე ბრძოლები გრძელდებოდა უკრაინის სამ ფრონტზე: ჩრდილოეთით – ხარკოვთან, აღმოსავლეთით – დონბასში და სამხრეთით – ხერსონის ოლქში.

„რუსეთის მთავარი ძალისხმევა, სავარაუდოდ, კვლავაც მიმართულია დონბასისკენ, ბახმუტის შეტევებზე, თუმცა მეთაურები არჩევანის წინაშე არიან – მიახმარონ ოპერაციული ძალები ამ შეტევებს თუ დაიცვან თავი უკრაინელთა კონტრშეტევისგან სამხრეთში,“ – აღნიშნავდა უწყება 7 სექტემბრის რელიზში.

___________________

ფოტოზე: უკრაინის საბრძოლო მოქმედებების რუკა 7 სექტემბრის მდგომარეობით. ფოტო: გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: