მთავარი,სიახლეები

ციხიდან უნივერსიტეტის დამთავრება პატიმრებს ონლაინ შეეძლებათ – ახალი ბრძანება

08.09.2022
ციხიდან უნივერსიტეტის დამთავრება პატიმრებს ონლაინ შეეძლებათ – ახალი ბრძანება

მსჯავრდებულებს ციხიდან უმაღლესი განათლების მიღება უკვე ონლაინ შეეძლებათ. ამისთვის მსჯავრდებულები სპეციალური პროგრამას გამოიყენებენ, რომლითაც სტუდენტი მსჯავრდებულები ლექციებს დაესწრებიან.

პატიმართა სწავლისთვის სპეციალური სივრცე მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტმა უნდა გამოყოს.

ახალი ბრძანება 2022 წლის 6 სექტემბერს იუსტიციის და განათლების მინისტრებმა ერთობლივად გამოსცეს.

ციფრულ სწავლებაში მონაწილეობის უფლება შეიძლება მოიპოვოს საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულმა, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების ან საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩაირიცხა ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აქვს აქტიური სტუდენტის სტატუსი და სწავლობს აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.

მჯავრდებულებს აქამდეც შეეძლოთ ციხიდან უმაღლესი  განათლების მიღება, თუმცა მხოლოდ წარმომადგენლის მეშვეობით, რომელიც უმაღლესი განათლებიდან მასალებს პატიმრებს მიუტანდა, შემდეგ კი, შესრულებულ დავალებებს ჩააბარებდა ლექტორებს.

ამ უფლებით სარგებლობენ ის მსჯავრდებულები, რომლებიც მოთავსებული არიან „გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში“, ასევე არიან დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, ან როცა „მსჯავრდებული არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაშია მოთავსებული.“

ბრძანების მიხედვით, მსჯავრდებულს სასწავლო პროცესში მონაწილეობა ეზღუდება დისციპლინური პატიმრობის მოხდის და სამარტოო საკანში მოთავსების პერიოდში.

„პატიმრობის კოდექსი“ ადგენს კიდევ რამდენიმე შემთხვევას, როცა შესაძლოა მსჯავრდებულს შესაძლოა შეეზღუდოს სასწავლო პროცესში მონაწილეობის უფლება, მაგალითად: „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში/სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გადაყვანისას ან/და მკურნალი ექიმის რეკომენდაციის საფუძველზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში.“

„ლექციებზე სტუდენტი მსჯავრდებულების ჩართულობის უზრუნველყოფა და შეფასება ხორციელდება ტელეხიდის საშუალებით… სტუდენტი მსჯავრდებული ციფრული სწავლების ფარგლებში უმაღლესი განათლების მიღებისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს სასწავლო პროცესზე განცალკევებით დასწრებით, უსაფრთხოების ნორმების დაცვით,“ – აღნიშნულია ბრძანებაში, რომელიც მსჯავრდებულების უმაღლესი განათლების მიღების საკითხს არეგულირებს.

სტუდენტი მსჯავრდებული ვალდებულია კონკრეტული სემესტრის განმავლობაში მინიმალური კრედიტების რაოდენობა დააგროვოს და თუ ეს ვერ შეძლო, მაშინ პენიტენციური სამსახურის დირექტორის გადაწყვეტილებით, მას ციფრული სწავლების ფარგლებში დაფინანსება უწყდება.

„ამ შემთხვევაში მსჯავრდებულს აქვს შესაძლებლობა, სწავლა განაგრძოს საკუთარი ხარჯით,“ – აღნიშნულია ბრძანებაში.

ძალაში რჩება ე.წ. კორესპოდენციული სწავლების მეთოდიც: „საკონტაქტო პირის დახმარებით მსჯავრდებულისათვის აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების უზრუნველყოფა სასწავლო მასალის მიწოდებისა და წერილობითი ფორმის გამოყენებით“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: