მთავარი,სიახლეები

რუსებს მასობრივად ეუბნებიან უარს საქართველოში შესვლაზე – Настоящее Время

09.09.2022 • 1805
რუსებს მასობრივად ეუბნებიან უარს საქართველოში შესვლაზე – Настоящее Время

ფონდ „თავისუფალი რუსეთის“ სამხრეთ კავკასიის ბიუროს დირექტორის, ეგორ კუროპტევის ინფორმაციით, ბოლო კვირებში საქართველომ რუსეთის მოქალაქეების მიმართ საზღვარზე კონტროლი გაამკაცრა: ქვეყანაში შესვლაზე ყოველდღიურად რამდენიმე ათეულ ადამიანს ეუბნებიან უარს.

ეგორ კუროპტევის კომენტარს Агентство ავრცელებს.

„არ აქვს მნიშვნელობა არც პროფესიას, არც საქართველოში ცხოვრების ფაქტს, არც ბინის ქირაზე წინასწარ კონტრაქტს. თუ არ გაქვს ბინადრობის ნებართვა, არანაირი სხვა დოკუმენტი არ არის გარანტია, რომ რუსეთის მოქალაქეს საქართველოში შეუშვებენ,“ – ამბობს კუროპტევი.

ტრაბზონში რუსეთის საკონსულოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, გახშირდა შემთხვევები, როდესაც რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში თურქეთიდანაც არ უშვებენ.

„სასაზღვრო სამსახური, როგორც წესი, უარს არ განმარტავს. რუსეთის იმ მოქალაქეებს შორის, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე არ შეუშვეს, არიან ჩრდილო-კავკასიის ფედერალური ოლქის, ყირიმის, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მცხოვრებლები,“ – წერს რუსეთის საკონსულო.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოში არ შემოუშვეს ცნობილი რუსი ჟურნალისტი დმიტრი ალეშკოვსკი, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ უცხოეთის აგენტად გამოაცხადა.

„24 თებერვლის შემდეგ საქართველო გახდა რუსებისთვის ერთ-ერთი მთავარი მიგრაციის ქვეყანა. პირადი უსაფრთხოებიდან გამომდინარე იქ ბევრი ჟურნალისტი, იურისტი და პოლიტიკური აქტივისტი წავიდა“, – წერს Агентство-ზე დაყრდნობით Настоящее Время.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, არაერთმა რუსმა ოპოზიციონერმა, ჟურნალისტმა და აქტივისტმა განაცხადა, რომ საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს, მათ შორის იყვნენ ტელეარხ „დოჟდის“ წამყვანი მიხაილ ფრიდმანი, „მედიაზონას“ ჟურნალსიტი დევიდ ფრენკელი, მოქალაქე ბლოგერი ინსა ოგუზი, კომიკოსი გარიკ ოგანისიანი, ჟურნალისტები ალექსეი რომანოვი და ვასილი კრესტიანინოვი.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მონაცემებით, 2022 წლის მარტ-ივნისში საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს რუსეთის – 3,036 მოქალაქეს.

ამ პერიოდში საქართველოში სულ რუსეთის 277 698 მოქალაქე შემოვიდა.

IDFI-მ შინაგან საქმეთა სამინისტროდან ასევე გამოითხოვა ომის დაწყების შემდეგ ივნისის ჩათვლით შემოსული  იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც 1 თვეზე მეტი იმყოფებოდნენ საქართველოში და ჯერ კიდევ არ ჰქონდათ დატოვებული  ქვეყნის ტერიტორია.

სამინისტროს მიერ ორგანიზაციისთვის მიწოდებული მონაცემებით, 2022 წლის 25 თებერვლიდან 2022 წლის 30 ივნისამდე, საქართველოში შემოვიდა და 2022 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, ქვეყანა კვლავ არ დაუტოვებია რუსეთის 42,577 მოქალაქეს.

5 სექტემბერს კრემლმა გამოაქვეყნა უცხოეთის ქვეყნებში რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის კონცეფცია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა დაამტკიცა. კონცეფციის თანახმად, რუსეთის ფედერაცია იზრუნებს საზღვარგარეთის ქვეყნებში რუსული ენის, იქ მცხოვრები მცხოვრები საკუთარი მოქალაქეების კულტურული და ნაციონალური იდენტობისა და უფლებების დაცვაზე, მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნებში, მოლდოვასა და საქართველოში.

რატომ დუმს მთავრობა, როცა პუტინი საქართველოში „რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვაზე“ საუბრობს?

გადაბეჭდვის წესი


ასევე: