აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მომდევნო სამ დღეში ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკსაც გაათავისუფლებენ.
„უკრაინის ძალები ხარკოვის ოლქში კონტრშეტევის შედეგად, 8 სექტემბერს, კიდევ 20 კილომეტრით შევიდნენ სიღრმეში კუპიანსკისკენ. უკრაინის არმია, სავარაუდოდ, უახლოესი 72 საათის განმავლობაში დაიკავებს კუპიანსკს და ამით მთლიანად ვერ გაწყვეტს, მაგრამ სერიოზულად შეაფერხებს რუსეთის სახმელეთო კავშირებს იზიუმთან,“ – წერს ISW უკრაინის შესახებ უახლეს ანგარიშში.
ინსტიტუტის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ უკრაინის წარმატება ხარკოვი-იზიუმის ხაზზე „რუსეთის საინფორმაციო სივრცეში ბზარებს ქმნის და რუსეთის სარდლობისადმი ნდობას ამცირებს.“
ISW-ის ცნობით, ხარკოვის მიმართულების პარალელურად, გრძელდება კონტრშეტევა ხერსონის ოლქში, უკრაინის დამცველები არ წყვეტენ თავდასხმებს რუსეთის ლოგისტიკურ ქსელებზე, სამეთაურო პუნქტებსა და საბრძოლო მასალების საწყობებზე.
„თავის მხრივ, რუსეთის საოკუპაციო ძალები აძლიერებენ რეპრესიებს და ფილტრაციის პროცესს უკრაინელი პარტიზანებისა და პროუკრაინელი დივერსანტების წინააღმდეგ,“ – აღნიშნულის ISW-ის ანგარიშში.
8 სექტემბერს, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის არმიამ 50 კილომეტრით დაახევინა უკან რუსეთის ძალებს იზიუმის ჩრდილოეთით, ხარკოვის ოლქში და 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი დაიბრუნა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ საღამოს დაადასტურა, რომ უკრაინის ძალებმა ხარკოვის ოლქის ქალაქი ბალაკელა გაათავისუფლეს. თავის ვიდეომიმართვაში კი ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ხარკოვის ოლქში უკრაინამ უკვე 1000 კმ2 ტერიტორია დაიბრუნა.






