3 შვილის დედა ხულოდან: სკოლაში სწავლის შეწყვეტა მომიწია, ახლა ვაპირებ გაგრძელებას

„რეგიონებში მსოფლმხედველობის პრობლემა გვაქვს. ქალებს ჰგონიათ, რომ არ აქვთ უფლება განათლება მიიღონ, იმუშაონ და ა.შ. თუ მე და კიდევ რამდენიმე ჩემნაირი [ქალი] ნაბიჯების გადადგმას დავიწყებთ საკუთარი თავის აღმოსაჩენად, საზოგადოებაში ადგილის დასაკავებლად, მიმაჩნია, რომ ეს ძალიან დიდი სტიმული, წახალისება იქნება სხვა ქალებისთვის, რომლებიც სახლში სხედან, შვილები ჰყავთ და ჰგონიათ, რომ  შვილებზე ზრუნვის იქეთ აღარაფერი ევალებათ, აღარაფერი სჭირდებათ“, – გვეუბნება 28 წლის ლეილა ვანაძე ხულოდან. ლეილას 8, 7 და 3 წლის შვილები ჰყავს.

ლეილა ახლა ხულოში, კოლეჯ „ახალ ტალღაში“ კომპიუტერული ტექნოლოგიების კურსზე სწავლობს. სანამ კოლეჯში სწავლაზე დაიწყებდა ფიქრს, ჯერ სკოლის საშუალო განათლების ატესტატის აღება დაისახა მიზნად.

„სკოლაში სწავლის შეწყვეტა მომიწია. მეცხრე კლასიდან ვარ გამოსული. გადავწყვიტე, საკუთარი კარიერისა და განათლებისთვის მიმეხედა. წელს ექსტერნად ჩავაბარე სკოლის გამოცდები ატესტატის ასაღებად. არ გამჭირვებია, უცხო ენასა და ისტორიაში ვემზადებოდი“, – გვიყვება ის და თავს აქტიურ, კომუნიკაციისა და მრავალფეროვნების მოყვარულ ადამიანად ახასიათებს, რომელიც მუდმივად სახლში ყოფნით, ნაჭუჭში ჩაკეტვით დაიღალა.

„ჩავთვალე, ჩემი შვილები უკვე იმ ასაკის არიან, რომ მე შემიძლია გავუმკლავდე. ვიზრუნო მათზე და ასევე, საკუთარ განათლებაზე, განვითარებაზე.

პროფესია თუ მექნება, უფრო მეტად შევძლებ ჩემს შვილებს განათლების მიღებაში, სწორი გზის პოვნაში დავეხმარო. ხულოში ვცხოვრობ და ამ შემთხვევაში, ჩემთვის უფრო მოსახერხებელი სწავლის გაგრძელება ხულოს კოლეჯ „ახალ ტალღაში“ იყო. არც იქამდე ვყოფილვარ უქმად. მუდმივად ვესწრებოდი სხვადასხვა ტრენინგს. ბოლოს  “ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლათფორმების გაძლიერების (LINKS)” პროექტის ფარგლებში გავიარე ტრენინგები და სტაჟირება დავიწყე ხულოს საჯარო ბიბლიოთეკაში“, – გვითხრა ლეილამ.

ლეილას თქმით, სამსახურში უთხრეს, რომ, შესაძლოა, სტაჟირების შემდეგაც დატოვონ სამუშაოდ, თუმცა მიიჩნევს, რომ მუშაობის დაწყებისთვის აუცილებელია განათლების მიღება და ამის დამადასტურებელი საბუთი. მისი თქმით, კოლეჯში სწავლა და იქ მიღებული ცოდნა ძალიან ეხმარება, სტაჟირებას კარგად რომ გაართვას თავი.

„იყო რეპლიკები: რაღა დროს შენი სწავლაა,  ბავშვებს მოაკლებ ხელს, შენ უნდა ისწავლო თუ ბავშვებს უნდა ასწავლო და ა.შ. ჩემი მეუღლე ყოველთვის მხარში მედგა და სტიმულს მაძლევდა, რომ, აი, შეგიძლია და აუცილებლად გააკეთებ იმას, რაც გაქვს მიზნად. პირველი ნაბიჯები რომ გადავდგი და სწავლა გავაგრძელე, მისი დამსახურებაა“, – ამბობს ლეილა.

ქალის თქმით, კოლეჯში, მის ჯგუფში, ახლა სულ 10 სტუდენტი სწავლობს და ყველა მათგანი ხულოდან ან ხულოს მეზობელი სოფლებიდანაა: „ჩვენი ჯგუფიდან ერთი ქალი, 2  შვილის დედა სოფელ თაგოში ცხოვრობს. მას ჯერ არ აქვს გადაადგილების პრობლემა, თუმცა ზამთარში, როცა დიდი თოვლი მოვა, ვფიქრობ, ძალიან გაუჭირდება ლექციებზე დასწრება. თაგოდან საბაგიროთი მოძრაობენ და ზამთარში პრობლემები იქმნება.

ხულოს დაბაში მცხოვრები ქალების დაახლოებით 70 % სადღაც რაღაცას აკეთებს. შეიძლება ითქვას, რომ სოფლებთან შედარებით, ცენტრში ცხოვრება პრივილეგიაა. სოფელში მცხოვრებ ქალებს უჭირთ სოფლიდან გასვლა“.

ლეილა ფიქრობს, რომ ხულოელი ქალები სათანადოდ არ იცნობენ საკუთარ უფლებებს. მაგალითად, მის გარშემო მცხოვრებთა ხედვები ორად იყოფა – ქორწინებაში მყოფმა ქალებმა, ვისაც შვილები ჰყავთ, უნდა მიიღონ განათლება თუნდაც ხულოს კოლეჯში თუ არა.

„არის კატეგორია, რომელიც ამბობს, რომ კი, რატომაც არა, მივესალმები და მხარს გიჭერ [ისწავლო]. რაღაც ნაწილი კი ამბობს, რომ არ გჭირდება განათლება, არ არის ახლა ამის დრო და ახლა უკვე გვიანია, სწავლის სურვილი გქონდეს. იმასაც გააჩნია, ვინ მოინდომებს სწავლას და რა ასაკში.

თუ, მაგალითად, 55-60 წლის ქალი მოინდომებს სწავლას, მისთვის უფრო რთული იქნება მიზნის მიღწევა. იცით, რომ სოფლებში ძალიან ბევრი საქმეა. აჭარის სოფლებში ძალიან დატვირთულები არიან ქალები. არ აქვთ ოჯახებიდან გასვლის დრო. ეუბნებიან – შენ რა უნდა ისწავლო, ან რა უნდა მოიტანო მაგ სწავლით იმაზე მეტი, ვიდრე სახლში არ ყოფნით დაკარგავ. კი, ასეთი აზრებია სამწუხაროდ. თუმცა, მონდომება და სურვილი მაინც ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს ლეილა.

ის სტაჟირებისა და კოლეჯში სწავლის პარალელურად ონლაინ ლექციებს ისმენს კრიმინოლოგიაში. პრაქტიკულ სავარჯიშოებს ასრულებს სისხლისა და სამოქალაქო სამართლის გამოძიებაში.

სამართალმცოდნეობა სწორედ ის მიმართულებაა, რომელიც ლეილას ყველაზე მეტად აინტერესებს.

„ამ ყველაფერს: სტაჟირებას, სწავლას, ლექციების კურსს კრიმინოლოგიაში ერთად ვასრულებ. შემდეგ ერთიან ეროვნულ გამოცდებს ჩავაბარებ: აუცილებლად მინდა სწავლა უნივერსიტეტში გავაგრძელო იურიდიულ ფაკულტეტზე.

ვფიქრობ, ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს სამართლის მხრივ ქვეყანაში. მე აუცილებლად ბავშვთა უფლებების დაცვაზე ვიზრუნებ,“ – გვითხრა ლეილამ. 

ლეილა მუსლიმია. 15 წლიდან ატარებს თავსაფარს. ამბობს, რომ ქალებს, რომლებიც თავსაფარს ატარებენ, ბარიერები დღესაც ხვდებათ და ბევრი მისი მეგობარი ამ მიზეზით ვერ საქმდება, მაგალითად, ბათუმში, მიუხედავად იმის, რომ მიღებული აქვთ უმაღლესი განათლება: „ჯერ კიდევ არის ბარიერი საზოგადოებასა და ჩვენ შორის, სამწუხაროდ“.

ლეილა უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ აპირებს დაბრუნდეს ხულოში. ფიქრობს, რომ ხულოელ ახალგაზრდებს, რომელთა უფლებების დაცვასაც გეგმავს, უფრო დასჭირდებათ მისი ცოდნა.

ის ამბობს, რომ ხულოში თავს კომფორტულად გრძნობს: ხულო პატარა მუნიციპალიტეტია. ყველა ყველას იცნობს და საბოლოოდ, მთელი ძალებით ცდილობენ ერთმანეთის დახმარებასო.

ლეილა საუბრობს ხულოში არსებულ პრობლემებზეც: „ვფიქრობ, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა განსაკუთრებით დაბალ დონეზე გვაქვს ხულოში, არ არის სამუშაო ადგილები. ხალხს არ შეუძლია დასაქმება. ჩამორჩენა გვაქვს ამ მხრივ, თუმცა იმედს არ ვკარგავთ.

ბევრი განათლებული მეგობარი მყავს, რომლებიც ხულოდან ან საზღვარგარეთ, ან ბათუმსა და თბილისში წავიდნენ, იქ დაიწყეს მუშაობა.

ხულოში მუშაობის საშუალება ალბათ კაცებს მაინც უფრო მეტად აქვთ – მშენებლობებია, სარემონტო სამუშაოები… ქალებისთვის [დასაქმება] ძალიან დიდი პრობლემაა აქ. ბევრი განათლებული ქალი ვიცი ხულოში, რომელიც არ არის დასაქმებული“, – გვითხრა ლეილამ.

საუბრის ბოლოს ლეილა ქალებს, განსაკუთრებით კი რეგიონებსა და პერიფერიულ სოფლებში მცხოვრებთ, ურჩევს: შეუძლებელი არაფერია. უნდა დაისახონ მიზნები და თუ სათანადოდ მოინდომებენ, აუცილებლად შეძლებენ ამ მიზნების მიღწევას:

„არ არის ერთი ან თუნდაც რამდენიმე შვილის ყოლა გადაულახავი ბარიერი, რის გამოც უარი უნდა ვთქვათ განათლებაზე. ყველა ქალმა უნდა იზრუნოს საკუთარი თავის განვითარებაზე. რაც უფრო მეტი განვითარებული ქალი გვეყოლება, მეტად შეგვიძლია წინ წასვლა. ზოგადად, ქალებს შეგვიძლია ჩვენი სიტყვა ვთქვათ საზოგადოებაში“.

მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქცია „ქართული ოცნების“ ოფისის წინ

„ქართული ოფისის“ შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქ შეკრებილი მოქალაქეები საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სოლიდარობას უცხადებენ. შენობის წინ პოლიციაა მობილიზებული და აქციის მონაწილეებს ოფისის ეზოში შესვლის საშუალებას არ აძლევს.

„თავისუფლება სააკაშვილს“ – „ქართული ოცნების“ ოფისის წინ აქცია მიმდინარეობს.
ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

აქციაზე იმყოფება პარლამენტის წევრი ენმ-დან ხატია დეკანოიძეც. „ეს არის ჩემი მეგობრების მიერ დაანონსებული აქცია, რადგან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის იმ კონდიციაში, რა კონდიციაც წარმოუდგენლად მძიმეა. მათ შორის წარმოუდგენელია საზოგადოებისთვის და ქვეყნის მომავლისთვის.

არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პოლიტიკურ პლატფორმაზე ვდგავართ, ჩვენ ყველა უნდა გავერთიანდეთ იმისთვის, რომ ეს ადამიანი გადარჩეს.

მოქალაქეები „ქართული ოცნების“ ოფისის წინ

მე დიდი იმედი მაქვს და ყოველგვარი პოლიტიკური კონტექსტის გარეშე ვამბობ, რომ სასამართლო მიიღებს სამართლებრივ გადაწყვეტილებას, რაც არის მისი გადაყვანა და გათავისუფლება. სხვაგვარად, წარმოუდგენელია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება“, – ამბობს ხატია დეკანოიძე.

აქციაზე ენმ-ს თავმჯდომარეობის სამივე კანდიდატი იმყოფება.

სააკაშვილის სოლიდარობის აქცია თბილისში. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/„ნეტგაზეთი“

„ჩვენი მოთხოვნაა, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს სასამართლოს ჩანიშვნა იმიტომ, რომ ყოველი წუთი, ყოველი საათი შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის. ყველამ ერთმანეთს მივცეთ პირობა, რომ როგორც კი ჩაინიშნება სასამართლო, კიდევ უფრო მეტნი, კიდევ უფრო მობილიზებულები ვიდგეთ იქ და დავიცავთ პრეზიდენტის სიცოცხლეს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა აქციაზე.

„ქართული ოცნების “ ოფისის წინ პოლიციაა მობილიზებული.
ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

„მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლება ერთადერთ შემთხვევაში წავა დათმობაზე – თუ ოპოზიციურ ფლანგზე იქნება დიდი ერთობა, ანგარიშგასაწევი ძალა, რომელიც ხელისუფლებას აიძულებს დათმობებზე წავიდეს. სხვა შემთხვევაში, არა მგონია, რომ ესენი არიან ხალხი, რომლებიც დათმობაზე წავლენ ან ჯანმრთელობის გაუარესების გამო ან იმის გამო, რომ ქვეყანაში არის პოლიტიკური დევნა, თუნდაც სააკაშვილთან მიმართებაში.

ეს ადამიანი (ბიძინა ივანიშვილი) უკანდახევას უყურებს როგორც სისუსტის გამოვლინებას. ერთადერთი, რამაც შეიძლება უკან დაახევინოს, მათ შორის გადაიდგას ნაბიჯი სააკაშვილის გასათავისუფლებლად, თუ იქნება ანგარიშგასაწევი ძალა. ასეთ ძალას კი ავტოკრატიებში ქმნის მხოლოდ ერთობა“, – ამბობს აქციაზე მყოფი ზურა გირჩი ჯაფარიძე.

რა პრობლემებს ვერ უგვარებს სახელმწიფო შშმ პირებს – სახალხო დამცველის შეფასება

დღეს 3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომლის მიზანი შშმ პირების უფლებების დაცვის ხელშეწყობაა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაა ამ პირთა სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ კულტურულ ცხოვრებაში სათანადო ჩართულობის უზრუნველსაყოფად.

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, გარკვეული წინსვლის მიუხედავად, საქართველოში კვლავ პრობლემას წარმოადგენს სხვადასხვა მიმართულებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზება.

„უარყოფითად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ ამ დრომდე არ მომხდარა სოციალურ მოდელზე გადასვლა, არსებული მიდგომები და სერვისები კვლავ სამედიცინო მოდელს ეფუძნება.

მისასალმებელია, რომ „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილების შეტანის შედეგად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში სოციალური პაკეტის მიღება აღარ ეზღუდებათ, თუმცა, აღნიშნული გასაცემელი მაინც არაეფექტურია და ვერ პასუხობს თითოეული ინდივიდის საჭიროებებს“-ამბობს ომბუდსმენი.

მისივე შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ დაიხურა თბილისის ჩვილ ბავშვთა და კოჯრის შშმ ბავშვთა სახლები, დეინსტიტუციონალიზაციისკენ მიმართული აქტივობები კვლავ ფრაგმენტულად, შესაბამისი გეგმის გარეშე მიმდინარეობს.

„მძიმე ვითარებაა ზრდასრულ შშმ პირთა სპეციალიზებულ დაწესებულებებში. მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოებისა და სანიტარული ნორმების დაუცველობა, პერსონალის სიმცირე, მულტიდისციპლინური მიდგომის არარსებობა, რთული ქცევის მართვის საკითხებში კადრების მოუმზადებლობა – პანსიონატებში არსებულ პრობლემათა მცირე ჩამონათვალია.

ინდივიდუალური მიდგომისა და საჭირო საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო სერვისების დეფიციტი განაპირობებს ინსტიტუციაზე დამოკიდებულების სინდრომის ჩამოყალიბებას, რაც ამცირებს ბენეფიციართა დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობებს.

არსებული ვითარების ფონზე საჭიროა დროული ზომების მიღება როგორც ალტერნატიული მომსახურებების განვითარების, ისე,  ინსტიტუციონალიზაციის პრევენციის მექანიზმების გაძლიერების მიზნით“.

ომბუდსმენის თქმით, სერიოზულ გამოწვევად რჩება შშმ პირთათვის ფიზიკური გარემოს, ინფორმაციის, კომუნიკაციის საშუალებებისა და სხვადასხვა მომსახურებების მისაწვდომობა.

„ამ დრომდე არ შემუშავებულა ონლაინ გამოყენებადობისა და ვებ მისაწვდომობის სტანდარტების ეროვნული სამოქმედო გეგმა“.

უცვლელია უსახლკარობასთან დაკავშირებული პოლიტიკა, რაც, განსაკუთრებით მძიმედ აისახება შშმ პირებზე.

„შშმ პირები და მათი ოჯახები სხვადასხვა ბარიერების გამო ხშირად რჩებიან სერვისს მიღმა. თავის მხრივ, არსებული საცხოვრისებიდან არცერთი არ არის სრულად მისაწვდომი, როგორც ეტლით მოსარგებლე ასევე მობილობის შეზღუდვის, მხედველობის სირთულის მქონე პირებისთვის.

მძიმე ვითარებაა უფასო სასადილოების სერვისით სარგებლობის კუთხითაც. სათანადო საკვებზე წვდომას აფერხებს მიუწვდომელი ფიზიკური გარემო და მუნიციპალური ტრანსპორტი, შშმ ბენეფიციართა კვებითი საჭიროებების გაუთვალისწინებლობა, შესაბამისი რაციონის არქონა და კვების პროცესში სათანადო მხარდაჭერის ნაკლებობა“-ამბობს ომბუდსმენი.

არსებითი ცვლილება არ არის სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებებშიც.

„ისევ პრობლემურია სერვისების გეოგრაფიული დაფარვა. მნიშვნელოვანია შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობაზე ზრუნვა, ზრდასრულთა რეაბილიტაციის დანერგვა და პერსონალური ასისტენტის სერვისის დროულად ამოქმედება“.

პრობლემას წარმოადგენს შშმ მოსწავლეთა და სტუდენტთა საჭიროებების შესწავლა, ინფრასტრუქტურის, მასალების მისაწვდომობა და დაწესებულებების კვალიფიციური ადამიანური რესურსით უზრუნველყოფა.

„სათანადოდ ვერ ხდება სკოლამდელი აღზრდისა და ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების იდენტიფიცირება. განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს ინკლუზიური განათლების უწყვეტობაც. შესაბამისად, მნიშვნელოვანია იმ დამაბრკოლებელი ფაქტორების კვლევა, რაც შშმ პირებს ხელს უშლით ზოგადი საფეხურის დასრულების შემდგომ სწავლა განაგრძონ უმაღლეს სასწავლებლებში“.

სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს სომატური და ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით არსებული სისტემურ პრობლემებზეც.

მისი თქმით, ამ დრომდე გამოწვევად რჩება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთათვის სტაციონარს გარე, თერაპიასა და რეაბილიტაციაზე დაფუძნებული სერვისების განვითარება, ფსიქიატრიის დარგის საჭირო ადამიანური რესურსით უზრუნველყოფა და საზოგადოებაში არსებული სტიგმის შემცირება.

სახელმწიფოს კვლავ არ აქვს სისტემური ხედვა შშმ ქალებისა და გოგონების მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ცხოვრების ყველა სფეროში. ამ მიმართულებით განსაკუთრებით პრობლემურია: სეგრეგირებული სტატისტიკის არარსებობა, შშმ ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია, მათი სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვა“.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფოს მიიღოს ეფექტური ზომები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების სათანადოდ დაცვის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ჩართულობისა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების უზრუნველსაყოფად.

ცვლილებაა სასკოლო ოლიმპიადის ჩატარების წესში

სასკოლო ოლიმპიადებში მონაწილეობის წესში ცვლილებებია.

განათლების მინისტრის ბრძანებით, იმ შემთხვევაში, თუ ოლიმპიადაში მონაწილე პირი, წინა წლების საგნის ოლიმპიადის, საერთაშორისო ოლიმპიადის ან ეროვნული სასკოლო ნაკრები გუნდის წევრი ან რეზერვისტია და რაიმე საპატიო მიზეზით ვერ მიიღებს მონაწილეობას ოლიმპიადის პირველ ან მეორე ტურში, მას უფლება აქვს გავიდეს ოლიმპიადის მომდევნო ტურში.

„საპატიო მიზეზს განსაზღვრავს ცენტრი, სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციის საფუძველზე“.

სასკოლო ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობა შეუძლია როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლის საბაზო ან საშუალო საფეხურის მოსწავლეს.

ცვლილება შეეხო გასაჩივრების წესსაც.

„პირველი, მეორე და მესამე ტურის პროცედურულ დარღვევებზე წარმოშობილი პრეტენზიები განიხილება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საპრეტენზიო კომისიის მიერ და მიღებული გადაწყვეტილება მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“

პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე ოლიმპიადის მონაწილე უფლებამოსილია, ოლიმპიადის დასრულების მეორე დღის 17 საათამდე პრეტენზია შეიტანოს ცენტრის დირექტორის სახელზე.

საპრეტენზიო კომისია 5 კალენდარული დღის განმავლობაში განიხილავს საპრეტენზიო განაცხადს და თავის დასკვნას წარუდგენს ცენტრის დირექტორს.“.

ბახმუტის აღება რუსეთის პოლიტიკურ ამოცანად იქცა – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, ბახმუტის დაკავებამ მოსკოვისთვის უკვე არა ოპერატიული, არამედ პოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინა.

უწყების ცნობით, თავისი საბრძოლო ძალისხმევისა და ცეცხლის დიდ ნაწილს რუსეთი კვლავაც ბახმუტის გარშემო ფრონტის 15-კილომეტრიანი მონაკვეთისკენ მიმართავს.

„ბოლო დღეებში, რუსეთის არმიამ, სავარაუდოდ, მცირედით წაიწია წინ ამ მიმართულებაზე და ახლა ცდილობს მდინარე ბახმუტკის გარშემო ჭაობიან ადგილას გამაგრდეს,“ – წერს დაზვერვა 3 დეკემბრის რელიზში.

უწყების ვარაუდით, რუსეთის ძალები ქალაქის ალყაში მოქცევას ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ცდილობენ.

„2022 წლის აგვისტოს შემდეგ რუსეთმა ბახმუტი თავისი მთავარი შეტევითი ოპერაციების პრიორიტეტად აქცია. ქალაქის დაკავებას მცირე ოპერატიული ღირებულება ექნება, თუმცა პოტენციურად საშუალებას მისცემს რუსეთს, დაემუქროს უფრო მსხვილ საქალაქო რაიონებს – კრამატორსკსა და სლავიანსკს.

მიუხედავად ამისა, ბახმუტის შეტევის კამპანია არაპროპორციულად ძვირადღირებულია შესაძლო სარგებელთან შედარებით. სავარაუდოდ, ბახმუტის აღება რუსეთისთვის სიმბოლურ პოლიტიკურ ამოცანად იქცა,“ – ასკვნის უწყება.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში უწყება აღნიშნავდა, რომ საბრძოლო მასალების დეფიციტი, რასაც ლოგისტიკური პრობლემებიც ამძაფრებს, სერიოზულად ზღუდავს რუსეთის არმიის პოტენციალს, განაახლოს ეფექტიანი მსხვილმასშტაბიანი შეტევები.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 3 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 3 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 90 600 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +510]
  • ტანკი – 2 917 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 5 886 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 1 906 ერთეული [+1]
  • MLRS – 395 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 210 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 280 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 263 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 572 ერთეული [+8]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 531 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 472 ერთეული [+8]
  • სპეცტექნიკა – 163 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 3 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 336 თვითმფრინავი
  • 178 ვერტმფრენი
  • 2 609 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 391 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 6 970 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 908 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 652 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 7 450 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„მოინდომეს ამერიკულად ეომათ რუსული შესაძლებლობებით, ეს არ გამოუვიდათ“ – ინტერვიუ

კრემლი მოლაპარაკებისთვის აყენებს პირობებს, რომლებიც დასავლეთის კაპიტულაციას უდრის – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტს ომის დასასრულებლად უკრაინასთან მოლაპარაკებები არ აინტერესებს. პუტინის რიტორიკა მიუთითებს, რომ ის თავის მაქსიმალურ მიზნებზე უარს არ ამბობს და მოლაპარაკებების გარშემო შექმნილი ბუნდოვანებით დასავლეთის მოტყუებას ცდილობს.

ISW-ის უახლეს ანგარიშში ნათქვამია, რომ 2 დეკემბერს ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი შედგა რუსეთის პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერს შორის. ამ საუბრისას პუტინი ამტკიცებდა, რომ დასავლეთის ფინანსური და სამხედრო დახმარების გამო უკრაინის ხელისუფლება ღიად უარყოფს მოსკოვთან ლაპარაკის შესაძლებლობას და ოლაფ შოლცს სთხოვა გადახედოს გერმანიის დამოკიდებულებას უკრაინაში ომისადმი.

თავის მხრივ, შოლცმა ხაზი გაუსვა, რომ ნებისმიერი დიპლომატიური გამოსავალი კონფლიქტიდან გულისხმობს რუსული ჯარების გაყვანას უკრაინის ტერიტორიიდან.

პუტინ-შოლცის საუბარს წინ უძღოდა ბაიდენის განცხადება, რომ მზადაა შეხვდეს პუტინს, თუკი ის ომის დასამთავრებლად გზებს ეძებს და თუ საკუთარ არმიას უკრაინიდან გაიყვანს.

ინსტიტუტის ანალიტიკოსების აზრით, პუტინი, ლავროვი და პესკოვი აკეთებდნენ განცხადებებს მოლაპარაკებებზე, რათა დასავლეთის ოფიციალური პირებისთვის შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ რუსეთს მოლაპარაკებებზე დათანხმება სჭირდება.

„კრემლი სავარაუდოდ ცდილობს, შექმნას ვითარება, რომელშიც დასავლეთის ოფიციალური პირები შესთავაზებენ რუსეთს კომპომისებს, სამაგიეროდ კი კრემლისგან სერიოზულ დათმობებს არ მოითხოვენ,“ – წერს ISW.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ პუტინის, ლავროვისა თუ პესკოვის განცხადებები ხაზს უსვამს, როგორი შეიძლება იყოს მათთვის სასურველი კომპრომისი დასავლეთის მხრიდან: უკრაინისადმი ფინანსური და სამხედრო დახმარების შემცირება, უკრაინული ტერიტორიების უკანონო ანექსიის აღიარება და NATO-ს სამხედრო მოქმედებების შეზღუდვა ევროპაში.

ISW-ის აზრით, კრემლი მოლაპარაკებების გარშემო ბუნდოვანებას საგანგებოდ ქმნის, რათა უბიძგოს დასავლეთის ოფიციალურ პირებს მოლაპარაკებების პროცესი ცხადად განსაზღვრული პირობების გარეშე დაიწყონ.

ანალიტიკოსები დასძენენ, რომ კრემლი ნამდვილად მოიგებდა უკრაინასთან და დასავლეთთან დროებითი შეთანხმებით, რომელიც მას საბრძოლო მოქმედებებში ამოსუნთქვისა და მომავალი ბრძოლებისთვის ძალების აღდგენის საშუალებას მისცემდა.

„კრემლი განაგრძობს ისეთი პირობების წამოყენებას, რომლებიც დასავლეთის სრულ კაპიტულაციას უდრის. ეს ადასტურებს, რომ პუტინი კვლავაც ორიენტირებულია სამხედრო გამარჯვებაზე,“ – წერს ISW.

ISW-ის ანგარიშის სხვა მთავარი მიგნებები:

  • რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოლაპარაკების პირობებად ზუსტად იგივე საკითხები წამოაყენა, რასაც რუსეთის საგარეო უწყება ჯერ კიდევ 24 თებერვლის შეჭრამდე ასახელებდა, კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა კი დასძინა, რომ დასავლეთმა უკრაინული ტერიტორიების ანექსია უნდა აღიაროს.
  • უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ეფექტიანი მუშაობის მიუხედავად, რუსეთის ძალები ჯერ კიდევ უქმნიან საფრთხეს უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურას;
  • უკრაინისთვის ჰაესრსაწინააღმდეგო თავდაცვის დამატებითი სისტემების გადაცემამ რუსეთის საინფორმაციო სივრცეში მღელვარება გამოიწვია და კითხვის ქვეშ დააყენა რუსეთის მომავალი სარაკეტო კამპანიის წარმატება;
  • რუსი ჩინოვნიკები აყენებენ პირობებს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაციის საკითხზე მოლაპარაკებებისთვის, თუმცა სავარაუდოდ, ისინი ამ პირობებს არ შეასრულებენ.  მხოლოდ სადგურის დემილიტარიზაცია, თუ რუსეთი ჯარებს არ გაიყვანს დასავლეთ ზაპოროჟიედან, ვერ გააუვნებლებს არსებულ საფრთხეს;
  • უკრაინის ძალებმა რამდენიმე ლოკალურ გარღვევას მიაღწიეს კრემინნას სამხრეთ-დასავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით;
  • რუსეთის ძალები განაგრძობდნენ მცირედ წინსვლას ბახმუტთან და შეტევებს ავდეევკა-დონეცკის რაიონში;
  • ცუდი ლოგისტიკა, მობილიზებულების პროტესტი და შიდა უკმაყოფილება კვლავაც ხელს უშლის კრემს, „ნაწილობრივი მობილიზაციისგან“ სასურველი შედეგები მიიღოს.

„მოინდომეს ამერიკულად ეომათ რუსული შესაძლებლობებით, ეს არ გამოუვიდათ“ – ინტერვიუ

„ეს ჰაიმარსისგან განსხვავებით მოძრავ სამიზნესაც არტყამს, ლაზერული ძიების და დამიზნების სისტემა გააჩნია…“ – ახალ აღჭურვილობაზე გვესაუბრება გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, M-270-ის ანალოგზე, რაც თურქეთს მიუწოდებია უკრაინისთვის. „ბაირახტართან“ ერთად იმუშავებს ეფექტიც შესაბამისი იქნებაო,“ – დასძენს ის.

გადამდგარი გენერლის აზრით, მდინარე დნეპრის გადალახვა ახლა უკრაინელებს გაუჭირდებათ. „მდინარის მეორე მხარეს მოწინააღმდეგეა, ეს მდინარის ფორსირება გამოდის… საპონტოვნე გადასასვლელები დასჭირდებათ, დაფარვა, დაკვამლიანებაც“, – გვიხსნის ის და თავის ვერსიაზეც გვიყვება: რა იქნება ამ ეტაპზე უკრაინელებისთვის უფრო მომგებიანი.

„უფრო რეალური იქნება, თუკი უკრაინელები განავითარებენ შეტევას ზაპოროჟიეს მიმართულებაზე და ეცდებიან აზოვის ზღვაზე გასვლას… ნაკლები ძალისხმევა დასჭირდება ამას. შემდეგ უკვე იქ გადასულები ხერსონსაც მარტივად გაათავისუფლებენ,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი.

„ბათუმელებმა“გადამდგარ გენერალ-მაიორთან, ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) დაკვირვებით, „რუსი სამხედროები ვერ სწავლობენ წარსული ბრძოლებიდან, ძალებს ნაკლებად სტრატეგიულ მიზნებზე ხარჯავენ და უდიდეს დანაკარგებს განიცდიან“, ხოლო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი კულება ღიად ამბობს: „თუ NATO იარაღის წარმოებას არ გააფართოებს, უკრაინა რუსეთთან ომში ვერ გაიმარჯვებს“. თქვენთვის რა ჩანს ამ ეტაპზე?

ასეც ვერ ვიტყვით, რომ რუსებმა ვერაფერი ისწავლეს. მაგალითად, ვეღარ ვხედავთ გადაჭიმულ კოლონებს, რუსებმა ისწავლეს ის, რომ საბატალიონო-ტაქტიკური ჯგუფების ფორმირებებით ნაკლებად უტევენ და შერჩეულ მიმართულებებზე ახდენენ კონცენტრირებას, სიღრმეებში ახორციელებენ დარტყმებს. როგორც იქნა, ჩამოაყალიბეს ცენტრალიზებული მართვა. გაჭიანურებულ ომს აქვს თავისი დამახასიათებელი თვისება: შეტევაში მყოფ ძლიერ დანაყოფს, ვიდრე თავის დანაკარგებს შეავსებს, უქვეითდება ხარისხი, ხოლო დაცვაში მყოფ სუსტ მოწინააღმდეგეს, რომელიც გადარჩება ამ დაპირისპირებაში, იღებს საბრძოლო გამოცდილებას. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად გაიზარდოს დანაყოფების ხარისხობრივი შემადგენლობა, როგორც შეიარაღებით, ისე წვრთნებით.

რაც შეეხება კულებას, ის არ ამბობს, რომ უკრაინა დამარცხდება. ის ამბობს, რომ უკრაინა ვერ გაიმარჯვებს იმ შინაარსით, როგორც უკრაინელები თვლიან, ანუ ვერ გაათავისუფლებენ ოკუპირებულ ტერიტორიებს სრულად, თუმცა უკრაინა რომ არ და ვერ დამარცხდება, ეს ფაქტია, როგორც ის, რომ რუსები ვერ განავითარებენ შეტევას, დამატებით ტერიტორიის დაკავებას.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დანაკარგებს უკრაინაც იღებს, შეიარაღება უკრაინასაც გამოსდის წყობიდან, რომლის შეკეთება უკრაინელებს უფრო უჭირთ, ვიდრე რუსებს, ვინაიდან რუსეთის ტერიტორია არ იბომბება უკრაინისგან განსხვავებით. მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები რუსეთთან უფრო ახლოსაა, ვიდრე, მაგალითად, ლვოვის ოლქთან, ან პოლონეთის საზღვართან.

  • დასავლეთი უკრაინისთვის რა სახის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებაზე ვერ იღებს გადაწყვეტილებას და რა არის ამის რეალური მიზეზი? მაგალითად, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პეტ რაიდერმა თქვა, რომ განიხილება უკრაინისთვის თანამედროვე ანტისარაკეტო სისტემა Patriot-ების მიწოდება, თუმცა გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის.

აქ მთავარი საკითხია: დასავლეთი რამდენად ჩამოყალიბდება, რა იგულისხმება რუსეთის დამარცხებაში. როგორც ჩანს, ამაში არ არიან ჩამოყალიბებული ამ დრომდე. რუსეთის დამარცხება უნდა იყოს მხოლოდ უკრაინის ტერიტორიის გათავისუფლება, თუ უფრო მეტი? ჩანს, რომ დასავლეთი უკრაინას აწვდის იმ იარაღს, რომელიც მოკლე და საშუალო მანძილზე მოქმედებისაა.

თუმცა უკრაინა აქტიურად იღებს შეიარაღებას, მაგალითად, უკვე მიიღო უკრაინამ თურქეთიდან რამდენიმე ერთეული  TRLG – 230, M-270-ის ანალოგი, რაც ჰაიმარსისგან განსხვავებით, მოძრავ სამიზნესაც კი, არტყამს – მას ლაზერული ძიების და დამიზნების სისტემა გააჩნია. ეს კიდევ უფრო გაზრდის უკრაინის შესაძლებლობებს, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული სისტემა იმუშავებს „ბაირახტართან“ ერთად. ამით სარაკეტო დარტყმითი კომლექტი შეიკვრება, შესაბამისად, ეფექტურობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამის გარდა, უკრაინა
უკვე აქტიურად იყენებს HIMARS, MLRS M-270, MARS II MLRS ზალპური ცეცხლის სისტემებს.

  • ამას დაემატება ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებიც – 8 ერთეული NASAMS. აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ უკრაინისთვის თანამედროვე სარაკეტო სისტემების, NASAMS-ის შესაძენად კონტრაქტი უკვე გააფორმა ამერიკულ კომპანია Raytheon-თან.

დიახ, სხვა ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებზეც არის საუბარი. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ ზრდის შეტევით შესაძლებლობას. აი, ის თურქული შეიარაღება გაზრდის შეტევით შესაძლებლობას. NASAMS უფრო დაცვითი საშუალებაა. რა თქმა უნდა, ეს არის შეტევის მხარდაჭერაც, მაგრამ ძირითადად ობიექტის დაცვისთვის იქნება გამოყენებული ამ საბრძოლო დაპირისპირებაში.

მნიშვნელოვანია ასევე, რომ ამერიკელები მოამზადებენ 2500 უკრაინელს ახალი ტაქტიკით. ბრძოლის წარმოების გაღრმავებული მეთოდით შესწავლა მოხდება. შეიქნება ერთი ბრიგადა, რომელიც სრულად მომზადებული იქნება გაღრმავებული სწავლების სისტემით.

  • რადგანაც გაიზარდა უკრაინის სამხედრო შესაძლებლობები, ხოლო რუსეთს ზუსტი დარტყმის საშუალებების მარაგი აღარ აქვს, ეს რამდენად აჩენს რესურსს, რომ უკრაინამ დაიცვას გადარჩენილი ენერგოობიექტები? 

გაუჭირდება ეს უკრაინას, რადგან დიდია ტერიტორია, საკმარისი საშუალებები ჯერ არ აქვს უკრაინას.

გარდა ამისა, რუსებმა დაიწყეს გამოყენება ჰა-55-ების, რომელსაც ბირთვული ქობინები მოხსნეს, წონით შეავსეს სიცარიელე და ამას იყენებენ დარტყმით საშუალებად, მას კინეტიკური დარტყმა გააჩნია და დაზიანების ეფექტს იწვევს, თუმცა მთავარი მიზანია უკრაინის საჰაერო-თავდაცვითი სისტემების ყურადღების გადატანა. ე.წ. ყალბი რაკეტა, რომელსაც ახლა რუსები იყენებენ, ფაქტობრივად მნიშვნელოვან საფრთხეს არ წარმოადგენს, ამის საწინააღმდეგოდ კი, იხარჯება ძალიან ძვირადღირებული, უკრაინის ეფექტიანი ჰაერსაწინააღმდეგო საშუალება.

დრონების შესახებაც წერდნენ უკრაინელები, რომ უკვე ორი კვირაა აღარ გამოჩენილა. 

300 ერთეული შეიძინეს ირანიდან, როგორც ვიცი და ამოიწურა მარაგი, თუმცა რუსები თვითონ აპირებენ ამ დრონების გამოშვებას. ასე რომ, არ მგონია, ეს ამოიღონ.

  • დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთმა ხერსონის ოლქში არსებული ლოგისტიკური კვანძები, მათ შორის, სარკინიგზო გადაცემის პუნქტები, უფრო შორს, სამხრეთისა და აღმოსავლეთისკენ გადაიტანა. რამდენად გაიზარდა იმის ალბათობა, რომ უკრაინელებმა დნეპრიც გადალახონ და კონტრშეტევა უკვე აღმოსავლეთ ხერსონში დაიწყონ? 

უკრაინელები ახლოს მივიდნენ რუსულ დანაყოფთან, მიწვდომადობა გაიზარდა და ლოგიკურია, რუსები სიღრმეში გადავიდნენ.

რაც შეეხება კონტრშეტევას, მე ჯერ ვერ ვხედავ ამის შესაძლებლობას უკრაინის ძალებში. ზოგიერთი ექსპერტი საუბრობს, რომ კინბურნის კონცხზე გადმოისხმება უკრაინული დესანტი, მაგრამ ვერ გადმოისხმება, ჩემი აზრით. ძალიან საშიშია, იმ ვიწრო ყელში თუ ჯარების თავმოყრას გააკეთებენ უკრაინელები. შესაძლოა, მოჰყვნენ „საცეცხლე ტომარაში“ და განადგურდებიან.

მდინარის გადალახვა კი, მაშინ, როცა მისი მეორე მხარე მოწინააღმდეგეს აქვს დაკავებული, მდინარის ფორსირებაა, რაც ძალიან რთული პროცესია: ამისთვის საჭიროა, რომ შეიქმნას თითო ბატალიონზე ორი გადასასვლელი, დაფარვა და გაკვამლიანებაც საჭიროა, თავმოყრა უნდა მოხდეს დანაყოფების ზუსტი გრაფიკით და თანმიმდევრობით, რომ ზედმეტი შექუჩება არ იყოს. საპონტოვნე გადასასვლელებიც დასჭირდებათ, მხოლოდ საიერიშო ხიდგამდებით ამას ვერ გააკეთებ, ვინაიდან დიდია მდინარის სიგანე.

უფრო რეალური იქნება ის, რომ  თუკი უკრაინელები განავითარებენ შეტევას ზაპოროჟიეს მიმართულებაზე და ეცდებიან აზოვის ზღვაზე გასვლას.

  • რატომ მიგაჩნიათ, რომ ეს უფრო რეალურია? 

ნაკლები ძალისხმევა დასჭირდებათ და უფრო ეფექტურიც იქნება. შემდეგ უკვე იქ გადასულები ხერსონსაც უფრო მარტივად გაათავისუფლებენ.

  • შეძლებენ უკრაინელები კონტრშეტევას ამ ზამთარს? 

ვერ გეტყვით, ამას სჭირდება ძალების კონცენტრაცია, რაც ჯერ არ ჩანს, ჯერჯერობით ორივე მხარე არის ლოკალურ შეტევაზე და დაზვერვითი ბრძოლის წარმოებაზე. რაც წინა ინტერვიუებში ვთქვი, იგივე მოლოდინი მაქვს: გაზაფხულისთვის გამოჩნდება გარდამტეხი მომენტი – ორივე მხარე მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევას გაზაფხულზე ეცდება.

  • რა ხდება ბახმუტთან? „რუსების შეტევითი ოპერაცია ბახმუტის გარშემო, რუსეთის არსებულ საბრძოლო ძალის დიდ ნაწილს მოითხოვს და მათი ერთ ადგილას კონცენტრირება პოტენციურად ხელს უწყობს უკრაინელთა კონტრშეტევას სხვა რაიონებში,“ – წერს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი ISW. ამავე ორგანიზაციის შეფასებით, „ბახმუტამდე რუსეთის ჯარებს მოუწევთ, გადაკვეთონ დაახლოებით სამკილომეტრიანი ტერიტორია, მინდვრები, სადაც რანაირი თავშესაფარი და შესანიღბი საშუალება არ არსებობს, ამიტომ მათ ამ ამოცანის სწრაფად შესრულება ძალიან გაუჭირდებათ.“

ჩანს, რომ ამ დრომდე რუსებს აქვთ ნაბიჯ-ნაბიჯ, მცირე წინსვლა ბახმუტის მიმართულებაზე. როგორ გამოიყენებს ამას უკრაინა, ჯერ არ ვიცით. ფაქტია ის, რომ სვატოვოს მიმართულებით ჯერ უკრაინას წარმატებები არ აქვს.

აშკარაა, რომ რუსებს ტრიალი მინდვრის გადალახვაც ძალიან უჭირთ, თუმცა იგივე შეძლეს უკრაინელებმა ხერსონში.

  • თქვენი დაკვირვებით, რატომ შეწყვიტა რუსეთმა საკუთარ არმიაში ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფების ფორმირება? 

არ გაამართლა და იმიტომ. რეალურად ეს იყო ბატალიონი გაძლიერებული სხვადასხვა სახის შეიარაღებით, გაძლიერებული არტილერიით, ჯავშანტექნიკით, სადაზვერვო დანაყოფებით, საინჟინრო დანაყოფებით… ასეთ დანაყოფებს ნატო იყენებს, მაგრამ მათ სხვა შესაძლებლობები აქვთ და რაც მთავარია – მართვის უნარი. ამ მიდგომამ კი, რუსეთის არტილერიის დაქუცმაცება გამოიწვია… ამავე დროს დაიკარგა მისი მთავარი უპირატესობა – ცეცხლის მასირების უნარი. რუსებმა ვერ მართეს ეს მცირე დანაყოფები. ამ დროს მეთაურებს მოეთხოვებათ ინიციატივების გამოჩენა, გადაწყვეტილებების საკუთარ თავზე აღება, დამოუკიდებლად მოქმედება.

რუსები დაუბრუნდნენ ისევ ძველ მეთოდებს: ბრიგადა, დივიზია და ასე შემდეგ, მათ მოინდომეს ამერიკულად ეომათ რუსული შესაძლებლობებით, ეს არ გამოუვიდათ, მიხვდნენ, რომ დიდი ზარალი მიიღეს და შეეშვნენ.

უკრაინელებს ახლა აქვთ მზარდი ხარისხობრივი უპირატესობა, რაც არის რუსებისთვის ყველაზე დიდი რისკი. სტრატეგიული ინიციატივა ისევ უკრაინელების ხელშია, რაც გულისხმობს იმას, რომ უკრაინა არჩევს დარტყმის ადგილს, მეთოდს და დროს. ამავე დროს, რუსებმა თანდათან მიაღწიეს ტაქტიკურ ინიციატივას დონეცკის და ზაპოროჟიეს ჩრდილო აღმოსავლეთ რაიონებში.

  • ამ მოცემულობაში რამდენად შეიძლება შეცვალოს რუსეთმა სარაკეტო თავდასხმის სტრატეგიაც, რადგან მას ზუსტი დარტყმის შესაძლებლობაც არ აქვს? 

ჯერ კიდევ როდის ვამბობდი თქვენთან ინტერვიუში, რომ სარაკეტო თავდასხმები გაიზრდებოდა ზამთრის მოსახლეობასთან ერთად. ასეცაა.

ის, რომ ზუსტი დარტყმის შესაძლებლობა არ გააჩნია რუსეთს, არ ნიშნავს იმას, რომ  მას არაზუსტი იარაღი არ აქვს: ერთი ზუსტი რაკეტის ნაცვლად, გაუშვებს 10 რაკეტას და გარკვეული ეფექტი აქვს ამას. ამას ვხედავთ ჩვენ დღეს. იცით როგორ არის: რაოდენობას თავისი ეფექტი აქვს: შენ ერთს ისვრი და მოარტყამ მიზანში, თუ 10 რაკეტას ისვრი და მიახლოებით მოარტყამ, დაახლოებით იგივე შედეგს იღებ. საბჭოთა წარმოების შეიარაღების ხარჯი კი, რუსებს ჯერ არ აწუხებთ. მათ მოახერხეს და უკრაინის ენერგომომარაგების ინფრასტრუქტურის 70 პროცენტის განადგურება შეძლეს. ამიტომაც ვამბობ, რომ ყველაფერს ვერ მოახერხებს უკრაინა, თუ შესაბამისად და დროულად არ დაეხმარება მას დასავლეთი.

უკრაინას აქვს ზამთარში ბრძოლის გამოცდილებაც, თუმცა ეს დარტყმები ხორციელდება ძირითადად მოსახლეობაზე, უკრაინის სიღრმეში. ეს სარაკეტო თავდასხმებიც მიმართულია უფრო მოსახლეობის გამძლეობისკენ ზამთრის გაძლიერებასთან ერთად და არა უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე. მიდის მორალურ – ფსიქოლოგიური ზეწოლა, როგორც უკრაინის, ასევე დასავლეთის ქვეყნების მოსახლეობაზე.

რუსეთმა შავი ზღვის ფლოტის საბრძოლო შემადგენლობის 15% დაკარგა ომში – მედია

24 თებერვლამდე რუსეთის შავი ზღვის ფლოტი 275 ხომალდს ითვლიდა, მათგან მხოლოდ 58 იყო საბრძოლო, თუმცა საპატრულო კატერების ჩათვლით, საერთო ჯამში, რუსეთი შავი ზღვის ფლოტში 74 საბრძოლო ერთეული შედიოდა.

როგორც რუსული გამოცემა „პროექტი“ წერს, ომის დაწყების შემდეგ, შავი ზღვის ფლოტის 12 ხომალდი და კატერი ჩაიძირა ან დაზიანდა. ჟურნალისტების შეფასებით, რუსეთისთვის ეს ძალიან სერიოზული დანაკარგია.

„თუ შევაჯამებთ ყველა საჯარო მონაცემს ხომალდების დანაკარგების შესახებ, გამოჩნდება, რომ უკრაინასთან ომის განმავლობაში შავი ზღვის ფლოტმა დაკარგა 12 ხომალდი და კატერი, რაც მისი საბრძოლო შემადგენლობის, 74 ერთეულის, 15%-ია,“ – წერს „პროექტი“.

უკრაინის გენშტაბის უახლესი მონაცემებით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ უკრაინის არმიამ რუსების 16 მცურავი საშუალება გაანადგურა, მათ შორის საბრძოლო გემები და კატერები.

ყველაზე ძვირადღირებული დანაკარგი აღმოჩნდა კრეისერი „მოსკვა“. შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი მოსკოვს, Forbes-ის შეფასებით, $ 750 მილიონი დაუჯდა.  

$75 მილიონის ღირებულების იყო სადესანტო ხომალდი „სარატოვი“, ხომალდი „ვასილი ბეხი“ კი – $21 მილიონის.

რუსული და უკრაინული საინფორმაციო წყაროების ცნობით, 18 ნოემბერს, თავდასხმა მოხდა ნოვოროსიისკის პორტის ნავთობტერმინალზე, რომლის სიახლოვესაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის უმსხვილესი ბაზაა.

რუსეთმა თავისი საზღვაო ოპერაციების დიდი ნაწილი ნოვოროსიისკში მას შემდეგ გადაიტანა, რაც ზაფხულში, ოკუპირებულ ყირიმში მდებარე სევასტოპოლის ბაზას უკრაინელებმა დაარტყეს.

18 ნოემბრის ინციდენტის დეტალები არ გახმაურებულა, თუმცა დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, ნებისმიერი ფორმით იმის დემონსტრირება, რომ უკრაინას ნოვოროსიისკის პორტისთვის საფრთხის შექმნა შეუძლია, რუსეთისთვის კიდევ ერთ სტრატეგიულ გამოწვევად იქცევა და შავ ზღვაში მის ისედაც შემცირებულ გავლენას კიდევ უფრო დაასუსტებს.

რუსთაველის #10-ში მდებარე ავარიულ კორპუსს არ დაანგრევენ

ბათუმში, რუსთაველის #10-ში მდებარე ექვს-სართულიან ავარიულ კორპუსს გამაგრებით სამუშაოებს ჩაუტარებენ. ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ინფორმაციით, შენობას დანგრევა არ ემუქრება და ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ის გამაგრებას ექვემდებარება.

როდის დაიწყება სამუშაოები და რა თანხა დაიხარჯება ბიუჯეტიდან ამ შენობის გამაგრებისთვის? – ამ საკითხზე დაზუსტებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ გვაქვს.

სამმართველოს განმარტებით, სამუშაოების დასაწყებად შენობის პირველ სართულზე განთავსებული კომერციული ფართობების მესაკუთრეებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

რუსთაველის #10-ში მდებარე ხუთსართულიან შენობის ფასადის რეაბილიტაციისთვის 2019 წელს ნახევარ-მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, შემდეგ კი მერიისა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს თანხმობით შენობას მეექვსე სართული დააშენეს.

შენობა ბათუმის მერიის ავარიული სახლების ნუსხაშია.

როგორ კვებავენ ბავშვებს ესტონეთისა და აშშ-ის სკოლებში – რას გვიყვებიან ქართველი პედაგოგები

„ხშირად მაქვს შემთხვევა, როცა ბავშვს გული წაუვა, მოვა სამედიცინო დახმარება და გამოკითხვის შემდეგ ბავშვი ამბობს, რომ „დღეს არ მისაუზმია“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ფერიის საჯარო სკოლის დირექტორი, ლეილა დუმბაძე.

მისი თქმით, სკოლებში უფასო კვების დანერგვა აუცილებელია, რადგან ხშირად ბავშვები სახლიდან ცხრის ნახევარზე გამოდიან და საუზმობას ვერ ასწრებენ. „ ბავშვები სკოლაში სამ საათამდე მშიერი იმყოფება. ზოგიერთს ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს და შეიძლება ცუდად გახდეს.

ბავშვის მშიერი ყოფნა ისედაც არ შეიძლება, რადგან უარყოფით გავლენას ახდენს მის განვითარებაზე“, – ამბობს დირექტორი.

მიმდინარე წლის გაზაფხულზე ლეილა დუმბაძე ესტონეთში იმყოფებოდა თავის კოლეგებთან ერთად, სადაც საგანმანათლებლო სისტემას, მათ შორის, სკოლებში უფასო კვების მოდელსაც გაეცნო. მისი თქმით, ესტონელი მოსწავლეებისთვის სკოლაში კვება უფასოა და მთლიანად აფინანსებს სახელმწიფო.

„კვება გათვლილია ყველა მოსწავლეზე. ბავშვები დილით, შვიდი საათიდან რვის ნახევრამდე შეჰყავთ მშობლებს სკოლაში და მთელი დღის განმავლობაში მოსწავლეები სკოლის შენობაში იმყოფებიან.

სკოლის ინფრასტრუქტურა ორიენტირებულია ბავშვზე, აქვთ ძალიან დიდი სივრცეები, გამწვანებული ეზოები, სადაც ბავშვს შეუძლია გაატაროს დრო, ისეირნოს და დაისვენოს.

საკვები მორგებულია ბავშვების ჯანმრთელობაზე და გათვალისწინებულია მათი გემოვნებაც. საუზმე, სადილი და სამხარი ისეთი ჰქონდათ, მოლოდონს გადააჭარბა“, – გვითხრა ლეილა დუმბაძემ.

მისი თქმით, სკოლაში სასადილო სივრცე ცალკეა გამოყოფილი და ყველა სტანდარტია დაცული. კვებისთვის მინიმუმ ნახევარი საათია გათვალისწინებული და ყველა კლასი მონაცვლეობით შედის კვების სივრცეში:

„ჰქონდათ სამივე – წვნიანი, ბოსტნეული, ხილი. იყენებდნენ ერთჯერად, მაგრამ ხარისხიან ჭურჭელს. ჰიგიენა დაცულია მაღალ დონეზე.“

სასადილო ოთახი ესტონეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში.
ფოტო: ლეილა დუმბაძე

მისი ინფორმაციით, სკოლაში კვებას ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი აფინანსებს.

„იქ განათლების სამინისტროს სკოლა მხოლოდ საგანმანათლებლო პროგრამებს უთანხებს, სხვა საჭიროებებს, იქნება ეს კვება თუ სხვა ხარჯი, მუნიციპალიტეტი აფინანსებს.

ერთადერთმა სკოლამ გვითხრა მხოლოდ, რომ სამინისტროსგან მოულოდნელად მივიღეთ კომპიუტერები და ეს იყო სასწაული, რადგან არ ველოდითო. ფინანსური ანგარიშვალდებულება აქვთ თვითმმართველობებს,“ – ამბობს ლეილა.

მისი თქმით, სკოლაში მუშაობის 23-წლიანი გამოცდილება აქვს, თუმცა სკოლაში კვების აუცილებლობაზე ფიქრი ბოლო 7 წელია, რაც აქტიურად დაიწყო.

„ესტონეთში ჩასვლამდეც ვფიქრობდი ამ საკითხზე, რადგან ჩემი დაკვირვებითაც ვხედავდი, თუ რამდენად აუცილებელია მოსწავლის სკოლაში გამოკვება.

ბევრი მშობელია წასული საზღვარგარეთ სამუშაოდ. მოსწავლეები ძირითადად მშივრები მოდიან სკოლაში. მინიმუმი ხომ შეიძლება დავნერგოთ, ხილი მაინც რომ მივაწოდოთ“, – გვეუბნება ის.

სკოლაში მოსწავლეების გამოკვების აუცილებლობაზე გვესაუბრა სოფელ თხილნარის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი მზია სალაძეც, რომელიც „ახალი სკოლის მოდელის“ ტრენერიცაა.

„მე ორივე ცვლაში ვმუშაობ სკოლაში და ძალიან რთული მდგომარეობაა. არ ვიცი, ვერ ასწრებენ, თუ რატომ არ საუზმობენ ბავშვები სახლში, მოდიან მშივრები და შემდეგ არაჯანსაღ საკვებს ყიდილობენ მარკეტებში.

მეორე ცვლაში კიდევ უარესი მდგომარეობაა. მშობლები მუშაობენ და ბავშვები სახლიდან იმ დროს მოდიან, როცა მშობელი სამსახურშია. ერთი პერიოდი ხილით სავსე კონტეინერი დამქონდა და ასე ვუმასპინძლდებოდი, მაგრამ ეს ხომ არ არის საკმარისი. როცა ბავშვი კარგად არის გამოკვებილი, სწავლაც და მუშაობაც უფრო ნაყოფიერია“, – გვითხრა მზია სალაძემ.

ესტონურ სკოლებში კვება დაბალასებულია, ღია სასკოლო სივრცეები კი – გამწვანებული და მოვლილი.

ესტონური კვების მოდელი მასაც მოსწონს, რადგან სრულიად უფასოა ბავშვებისთვის:

„ორ სკოლაში ვიყავი ტალინში, ერთი ძალიან დიდი სკოლა იყო. ასევე ვიყავი სკოლა-მუზეუმში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ამიტომ ჰქვია სკოლა-მუზეუმი. ძალიან ბევრი სკოლაა ასეთი ტალინში.

ყველა დასვენებაზე შეუძლია მოსწავლეს ჯანსაღი საკვები მიირთვას. ბავშვები, რომლებიც სხვადასხვა წრეზე დადიან, გვიანობამდე არიან სკოლაში და ბუნებრივია, ისინიც სათანადოდ იკვებებიან.

როგორც მითხრეს, 1 ევროზე ცოტათი მეტი ჯდება ერთი ბავშვის გამოკვება და რაციონი მთლიანად მორგებულია ბავშვისთვის განკუთვნილ კვების ნორმებს. ბავშვების კვებას მუნიციპალური ბიუჯეტი აფინანსებს.“

სკოლაში ბავშვების გამოკვების შედარებით განსხვავებული მოდელია აშშ-ში.

შორენა დოლაბერიძე განათლების სპეციალისტია, ის ამ ეტაპზე აშშ-ში, მინესოტაში ცხოვრობს ოჯახთან ერთად და იმ სკოლის მოდელზე გვესაუბრა, სადაც მისი შვილი იღებს განათლებას.

„ამერიკაში არ აქვს მნიშვნელობა, რომელ სოციალურ ფენას მიეკუთვნები, სკოლაში ყველა ბავშვს აქვს ხელმისაწვდომობა საკვებზე და ეს არის არჩევითი.

მოსწავლეს შეუძლია სახლიდან წაიღოს ლანჩბოქსი და არ მიიღოს სკოლის საკვები. თუ ვერ მოასწრებს წაღებას, რა თქმა უნდა, შეუძლია გამოიკვებოს სკოლაში.

თუ საუზმეც გინდა რომ მიიღო, მაშინ გაკვეთილებამდე ნახევარი საათით ადრე შეგიძლია მიხვიდე და გამოიკვებო. კლასები მონაცვლეობით შედიან სასაუზმე ოთახში და იქ მიირთმევენ“, – გვითხრა შორენამ.

სკოლის ეზო ესტონეთის ერთ-ერთ სკოლაში

როგორ მუშაობს გადახდის სისტემა? – ვკითხეთ მას. შორენას თქმით, ამერიკულ სკოლებში საკვები უფასო არ არის, თუმცა იმ ოჯახებს, რომლებსაც დაბალი შემოსავლები აქვთ, შეუძლიათ გადაიხადონ 1 დოლარზე ნაკლები, ან საერთოდ არ გადაიხადონ.

„გააჩნია ოჯახის შემოსავალს, მაგრამ ის ფასიანიც ყველა ბავშვისთვისაა ხელმისაწვდომი. საშუალოდ, საუზმე ერთ ბავშვზე გამოდის 2 დოლარი, ლანჩი არის 3 დოლარი. მაგრამ თუ ამერიკულ ხელფასებს შევხედავთ, ამ ფონზე ყველა ბავშვისთვის ხელმისაწვდომია სკოლაში კვება.

სწავლის დასაწყისში ბავშვებს ენიჭებათ ნომერი, ზოგიერთ სკოლაში აქვთ საკვები ბარათები და როცა ბავშვს სურს სკოლაში მიიღოს საკვები, მივა, გაატარებს ბარათს და ამის მიხედვით დაერიცხება შემდეგ კვების თანხა, რომელსაც მშობელი თვის ბოლოს ან როცა შეუძლია მაშინ გადაიხდის.

მშობელს შეუძლია წინასწარ განათავსოს ბავშვის ანგარიშზე 20-30 დოლარი ან მომსახურების მიღების შემდეგ ჩარიცხოს. ელექტრონულ ბაზაში, სადაც ბავშვის შესახებ ყველა ინფორმაციაა ხელმისაწვდომი, მშობელს იმის კონტროლიც შეუძლია, მიიღო თუ არა მისმა შვილმა საკვები სკოლაში“, – გვითხრა შორენამ.

ბავშვის საკვები მენიუ სპეციალისტების მიერ არის შემუშავებული და მთლიანად დაბალანსებულია საჭირო მიკროელემენტებითა და კალორიებით.

„თეფშზე აუცილებლად დევს ხორცის ნაჭერი, ბოსტნეული, ხილი და რაიმე სახის მარცვლეული. მენიუ შედგენილია დიეტოლოგებისა და კვების სპეციალისტების მიერ და თვითნებურად რაიმეს შეტანა არ შეიძლება. პოლიტიკის დოკუმენტია ამაზე მიღებული და განსაზღვრულია, რამდენი კალორია უნდა მიიღოს ბავშვმა დღეში.

თუ რომელიმე ბავშვს ალერგია აქვს, მაგალითად, თხილზე ან რომელიმე საკვებზე, იმ სკოლაში საერთოდ აღარ შედის ეს საკვები“, – ამბობს შორენა.

აშშ-ში ბავშვების გამოკვებას იმდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რომ პანდემიის დროსაც კი, როცა ბავშვები გარკვეული პერიოდი სკოლაში არ დადიოდნენ, სკოლა მათთვის განსაზღვრულ კონტეინერს სახლში აწვდიდა.

„შაბათ-კვირას, როცა არ დადიან ხოლმე ბავშვები სკოლაში, მშობელს აქვს უფლება, მოითხოვოს საკვები.

ბავშვებს პარასკევს ჩანთაში ულაგებენ შაბათ-კვირის საკვებს და ატანენ სახლში, ყველა ბავშვი თანაბრად რომ იყოს უზრუნველყოფილი საკვებით და მშიერი არავინ დარჩეს“, – გვეუბნება შორენა.

მისი თქმით, ამერიკაში უფასო საკვების მიწოდება სკოლებში ჯერ კიდევ 40-იანი წლებიდან დაიწყო, საქართველოში კი დღემდე ეს განუხორციელებელი იდეაა.

„ახლა, 2022 წელსაც კი, ვმსჯელობთ იმაზე, საჭიროა თუ არა სკოლაში კვება და უფასო უნდა იყოს თუ არა.

ყველაფერი დამოკიდებულია პოლიტიკურ ნებასა და ხალხის მოთხოვნაზე. თუ ხალხი არ ამოიღებს ხმას, არაფერი შეიცვლება. უფასო კვება არ არის ფუფუნება, ეს არის საჭიროება“, – ამბობს შორენა დოლაბერიძე.

სკოლებში კვების აუცილებლობაზე კამპანია სამოქალაქო მოძრაობა „ხმამ“ წამოიწყო. „ჩემი კლასი მშიერია“, „უფასო კვება სკოლებს“ – ამ სლოგანით არაერთი კამპანია ჩაატარეს და ამბობენ, რომ ეს კამპანია მანამ გაგრძელდება, სანამ სახელმწიფო სკოლაში უფასო საკვებს არ შეიტანს.

სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ბოლო მონაცემებით, საქართველოში 177 897 ადამიანი სხვადასხვა სოციალურ შემწეობას იღებს.

თუმცა 28 ნოემბერს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ წელს საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს და „დაახლოებით 80 მლრდ ლარი იქნება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი და ერთ სულ მოსახლეზე 7 500 დოლარს მიაღწევს“.

ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს რეალურად აქვს იმის რესურსი, სკოლებში ბავშვები უფასოდ გამოკვებოს ან ხელმისაწვდომი კვების მოდელი  მაინც დანერგოს მომავალი წლისთვის.

გრიგოლეთი-ქობულეთის ახალი გზის 5-კილომეტრიანი მონაკვეთი წლის ბოლომდე გაიხსნება – სამინისტრო

გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის 5 კმ-იანი მონაკვეთი 2022 წლის ბოლომდე გაიხსნება – ამის შესახებ დღეს, 2 დეკემბერს, ირაკლი ქარსელაძემ, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა.

გრიგოლეთი-ქობულეთის მშენებარე გზა, სამინისტროს ინფორმაციით, მთლიანობაში 14.4 კილომეტრია, თუმცა კონკრეტულად რომელი მონაკვეთი გაიხსნება, სამინისტროს არ დაუკონკრეტებია.

როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, 5-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც ახალ წლამდე გაიხსნება, ურეკის მიმდებარედ, კაპროვანთან [შეკვეთილში გადასასვლელ ხიდთან] დაიწყება, გაივლის საკონცერტო დარბაზ „ბლექ სი არენას“ უკან და შეკვეთილში, ქობულეთის შემოვლით გზას დაუკავშირდება.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ „ბათუმელებისთვის“ 2022 წლის აგვისტოში მოწოდებული ინფორმაციით, გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოები ეტაპობრივად 2022 – 2023 წლებში დასრულდება. სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 228 721 622 ლარს. დაფინანსება ხორციელდება ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ (EIB).

გრიგოლეთი–ქობულეთის შემოვლითი 4-ზოლიანი გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E60-ის) შემადგენელი მონაკვეთია.

ეს გზა, როცა მთლიანად აშენდება, ერთმანეთთან ქობულეთის შემოვლით და სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალებს დააკავშირებს.

რაც შეეხება სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალს, ის 4 მონაკვეთად შენდება და ჯერ მხოლოდ ერთი მონაკვეთია გახსნილი.

ამ თემაზე ნახეთ ვრცლად:

„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება

„რატომ არ გადაიღეთ პირადი ჩხრეკა?“ – ოზთურქის ადვოკატი გამომძიებელს

ბიზნესმენი, მილიონერი გალიფ ოზთურქი საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეა. მის წინააღმდეგ თავდაპირველად გამოძიება ფინანსური კუთხით დაიწყო, თუმცა მას ამ ეტაპზე გამოძიება მხოლოდ ნარკოდანაშაულის ჩადენას ედავება. სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი აპარტამენტებიდან 7,2159  გრამი კოკაინი ამოიღეს.

„მაგრამ ჩხრეკაში 10 გამომძიებელი მონაწილეობდა, ერთ-ერთ კადრში, რაც თქვენ გადაიღეთ, მხოლოდ 2 გამომძიებლის მოქმედება ჩანს… დაახლოებით 3-წუთიანი კადრია… რას აკეთებდნენ ამ დროს დანარჩენები?“ – ამ კითხვით ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა სცადა მოსამართლისთვის იმის ახსნა, რომ გამოძიების მიერ ჩხრეკის დროს გადაღებულ ვიდეოში ჩხრეკაში ჩართული ყველა პირის მოქმედება არ ჩანს.

„ჯერ ავედით ლიფტით მე-18 სართულზე, მერე იქიდან მე-19-ზე, ნივთმტკიცების ამოღებას ვიღებდი, სხვები ამ დროს ქვემოთ იყვნენ“, – განმარტა მოწმე, ოთარ გვენეტაძემ. იგი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელია და დასძინა, რომ იმ დილით ჩხრეკის ვიდეოგადაღებაზე დავალება უშუალოდ დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ხელმძღვანელისგან მიიღო.

„რატომ არ გადაიღეთ უშუალოდ ოზთურქის ჩხრეკა?“ – ისევ იკითხა ადვოკატმა. მოწმის თქმით, მან პირადი ჩხრეკაც გადაიღო, რასაც ადვოკატი უარყოფს.

„გადაღებული უნდა იყოს, არ ვიცი, ვიღაცამ უთხრა ალბათ… ოთარმა რა გადაიღო და რა – არა, არ ვიცი. ადგილზე გამოძიებას ხელმძღვანელობდა არჩილ სურმანიძე“, – აღნიშნა მოწმე გიორგი ხარშილაძემ, რომელიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის აჭარის სამმართველოს ხელმძღვანელია.

მისივე განმარტებით, საგამოძიებო მოქმედებაში ამავე უწყების სხვა რეგიონული ერთეულის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, გამოძიება კი, თავდაპირველად 2022 წლის აპრილში ყალბი საგადასახადო დოკუმენტაციის ფაქტზე დაწყებულა.

„მეც რიგითი მჩხრეკავი ვიყავი იქ“, – ადვოკატს გაუღიმა მოწმემ.

საგამოძიებო პროცესს კონკრეტული გამომძიებელი ხელმძღვანელობს და არა უწყების ხელმძღვანელი.

„ყველა ოთახი შემოწმდა?“ – ჰკითხა მოწმეს გამომძიებელმა.

„დიახ, ყველაფერი გავჩხრიკეთ… მე-18, მე-19 სართულებზე ყველა სივრცე გაიჩხრიკა“, – აღნიშნა მოწმემ.

„სპეცრაზმის წარმომადგენელი 2, თუ 3 კაცი იყო ჩვენთან“, – განაგრძო შემდეგ თხრობა საგამოძიებო უწყების ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა:

„მეტი სპეცრაზმელის იქ ყოფნა საჭირო არ იყო, ქვემოთ იდგნენ ერთად…

ჯერ გავჩხრიკეთ მე-18 სართული… ყველაზე პირველი მე ავედი იქ, შემდეგ კი, შიდა კიბით ავედით მე-19 სართულზე, სხვაგვარად იქ ვერ მოხვდები, დეტალურად შევისწავლეთ.

მე-19 სართულზე ოზთურქი არ ამოსულა, მე-18 სართულზე დარჩა“, – თქვა გიორგი ხარშილაძემ.

„გქონდათ აღჭურვილობა, მაგალითად, ნიღაბი, ხელთათმანი?“ – მოწმეს ჩააცივდა ადვოკატი და ჩხრეკის ვიდეოჩანაწერზე გააკეთა აქცენტი, სადაც ჩანს, რომ ნივთმტკიცების ამოღების დროსაც კი, გამომძიებლები შესაბამისად აღჭურვილი არ იყვნენ.

ამ საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება გენეტიკური ექსპერტიზაა – კოკაინის შეფუთვაზე ოზთურქის გენეტიკური პროფილი დაადასტურა, თუმცა ადვოკატების მტკიცებით, საეჭვოა ბევრი გარემოება, მათ შორის, შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე ნივთმტკიცების ამოღება.

„სხვა რამეზე ვიყავით მისული… სხვა მიმართულებით ვიყავით“, – უხერხულობა დაეტყო საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელს.

„რა კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობდით ამ საგამოძიებო მოქმედებაში?“ – ამ კითხვით მიუბრუნდა მოწმეს ადვოკატი რობერტ გრიგალაშვილი.

„მე ვმონაწილეობდი, როგორც თანამშრომელი“, – აღნიშნა გიორგი ხარშილაძემ, რომელიც გამომძიებელი არ არის.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რაზეც სასამართლო პროცესზე გაამახვილა ყურადღება ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა – აპარტამენტი, სადაც ჩხრეკა ჩატარდა, ოფიციალურად ოზთურქის საკუთრება არ არის, ის ბიზნესკომპანიის საკუთრებაა.

„გვითხრა კაცმა, რომ ნამდვილად იქ ცხოვრობს, მის მფლობელობაში იყო“, – უპასუხა ადვოკატს მოწმე ირაკლი ჩხენკელმა. მას შემდეგ, რაც ადვოკატმა კანონის ჩანაწერი სიტყვასიტყვით წაიკითხა: „…ჩხრეკას უნდა ესწრებოდეს მესაკუთრე, ან მისი წარმომადგენელი“.

„რომ წამოწოლილიყო ოზთურქი პარლამენტის შენობაში და ეთქვა ჩემიაო, იქაურობას გაჩხრეკდით?“ – ადვოკატის უხერხული კითხვა უპასუხოდ დარჩა.

ოზთურქის აპარტამენტის მე-19 სართულის ჩხრეკის დროს ამოიღეს გამომძიებლებმა კოკაინი. ამ დროს ოზთურქი მე-18 სართულზე იყო.

აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა: საკონსტიტუციო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ჩხრეკის შედეგად მტკიცებულების მოპოვება იმ პირობებში, როცა მოწმე მხოლოდ პოლიციელები არიან, ამავდროულად კი, არსებობს „ნეიტრალური მტკიცებულების“ მოპოვების შესაძლებლობა.

„ვერ გავიგე, საით მივდივართ“, – მხრები აიჩეჩა გამომძიებელმა, როცა ადვოკატმა მას ეს ამბავი გაახსენა.

„იქითკენ, რომ თქვენ პირადი ჩხრეკა არ გადაიღეთ, მაშინ, როცა სახლის ჩხრეკა გადაიღეთ… რატომ არ გადაიღეთ პირადი ჩხრეკა?“ – ჩააცივდა მოწმეს ადვოკატი.

„იმ დროს ასე ჩავთვალეთ საჭიროდ“, – ორჯერ გაიმეორა გამომძიებელმა იმის ნაცვლად, რომ განემარტა, რატომ გადაწყვიტეს, რომ მხოლოდ აპარტამენტის ჩხრეკა გადაეღოთ.

„ამას გამომძიებელი განმარტავს“, – საგამოძიებო მოქმედების ხელმძღვანელი გამომძიებელი იგულისხმა პროკურორმა ლევან მურვანიძემ, როცა მას პროცესის დასრულების შემდეგ ვკითხეთ: „რატომ არ გადაიღეს ოზთურქის პირადი ჩხრეკა?“

პროკურორი მიიჩნევს, რომ უადგილოა პარალელიც საკონსტიტუციოს ახალ გადაწყვეტილებასა და „ნეიტრალურ მტკიცებულებაზე“, რადგან ოზთურქის ჩხრეკას მისი ადვოკატი – დავით ჩავლეიშვილი ესწრებოდა.

გალიფ ოზთურქი წინასწარ პატიმრობაში რჩება.

———————–

მილიონერი გალიფ ოზთურქი ბათუმში 31 მაისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სპეცოპერაციის დროს დააკავა. 2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ოზთურქს არა ფინანსური დანაშაულის ჩადენას [როგორც ამის შესახებ უწყებამ წინასწარ განაცხადა], არამედ ოფიციალურად მხოლოდ ნარკოდანაშაულს ედავებიან: სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი ბინიდან 7,2159  გრამი კოკაინი ამოიღეს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ოზთურქს 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ელის.

5 ივლისს კომპანია „მეტრო ტერმინალმა“ ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, ოზთურქის სისხლში ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერება არ აღმოჩნდა. 6 ივლისს კი, გალიფ ოზთურქი ბათუმის საქალაქო სასამართლომ მარიხუანის „მცირე ოდენობით შენახვისთვის“ 500 ლარით დააჯარიმა. აქ გაირკვა, რომ ოზთურქს სისხლის სამართლის საქმის გარდა მარიხუანის ნაწილშიც ადმინისტრაციული წესით ედავებოდნენ.

მაყურებელს უფასოდ შეუძლია დაესწროს „დინამო ბათუმისა“ და „ტორპედოს“ შეხვედრას

ხვალ, 3 დეკემბერს, ბათუმში მაყურებელს უფასოდ შეეძლება დაესწროს „დინამო ბათუმისა“ და „ქუთაისის ტორპედოს“ შეხვედრას. მატჩი ბათუმის სტადიონზე 13:30 საათზე დაიწყება.

ამის შესახებ „დინამო ბათუმის“ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ.

კლუბი „დინამო ბათუმი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველმა კომიტეტმა დააჯარიმა და შეხვედრა „ტორპედოსთან“ მაყურებლის გარეშე უნდა გამართულიყო, თუმცა „დინამო ბათუმმა“ საფეხბურთო დავების განმხილველ ტრიბუნალში გაასაჩივრა დისციპლინარული სანქციები.

„ტრიბუნალმა იხელმძღვანელა კლუბის მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფის შუამდგომლობით და გამოტანილი დადგენილებით განაჩენის განხილვამდე შეაჩერა აღნიშნული სანქციის აღსრულება. შედეგად, ხვალინდელ მატჩზე ქუთაისის ტორპედოსთან დაშვებულია მაყურებლის დასწრება. აქვე გაცნობებთ, რომ აღნიშნულ მატჩზე დასწრება უფასოდ შეგეძლებათ“, – წერს კლუბი „დინამო ბათუმის“ ადმინისტრაცია.

კლუბი „დინამო ბათუმი“ 15 ნოემბერს დაჯარიმდა 2022 წლის 12 ნოემბერს ეროვნული ლიგის ეგიდით ბათუმის „დინამოსა“ და წყალტუბოს „სამგურალს“ შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას და მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარი ინციდენტის გამო.

  • რა მოხდა? 

2022 წლის 12 ნოემბერს „სამგურალმა“ „დინამო“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ „დინამო ბათუმის“ პრეზიდენტი არჩილ ბერიძე მოედანზე შევარდა და მსაჯზე გაიწია, რასაც ვიდეომასალაც ადასტურებს.

ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებით,  „დინამო ბათუმს“ დაეკისრა ფულადი ჯარიმა ორი ათასი ლარის ოდენობით.

„დინამო ბათუმის“ პრეზიდენტს, არჩილ ბერიძეს, დაეკისრა ფულადი ჯარიმა ექვსი ათასი ლარის ოდენობით და ერთი წლის განმავლობაში აეკრძალა სტადიონზე შესვლა  „დინამო ბათუმის“ როგორც საშინაო, ისე საგარეო მატჩებზე.

„დინამო ბათუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, გურამ ბერიძეს, დაეკისრა ფულადი ჯარიმა ორი ათასი ლარის ოდენობით და 6 მატჩზე აეკრძალა სტადიონზე შესვლა „დინამო ბათუმის“ როგორც საშინაო, ისე საგარეო მატჩებზე.

„დინამო ბათუმის“ მთავარი მწვრთნელის თანაშემწეს, დავით ჯანელიძეს – სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით.

„დინამო ბათუმის“  გულშემატკივართა მეკავშირე ოფიცერს დაეკისრა ფულადი ჯარიმა ორასი ლარის ოდენობით.

ამავე თემაზე: 

„დინამო ბათუმი“ დააჯარიმეს – კლუბის პრეზიდენტს მატჩებზე დასწრება 1 წლით აუკრძალეს

 

უკრაინის საელჩოებს 6 ქვეყანაში ცხოველების თვალები გაუგზავნეს ამანათით

ესპანეთში უკრაინის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქებიდან რამდენიმე დღეში უკრაინის საელჩოებმა და საკონსულოებმა ექვს ქვეყანაში სისხლიანი გზავნილები მიიღეს – ამანათებში ცხოველების თვალები ეწყო.

ამის შესახებ საკუთარ ფეისბუქგვერდზე უკრაინის საგარეო უწყების სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ დაწერა:

„უკრაინის საელჩოები და საკონსულოები კვლავაც იღებენ მუქარის შემცველ გზავნილებს. ესპანეთში ტერაქტის შემდეგ სისხლიანი ამანათები მიიღეს უნგრეთის, ნიდერლანდების, პოლონეთის, ხორვატიის, იტალიის საელჩოებმა, გენერალურმა საკონსულოებმა ნეაპოლში, კრაკოვსა და ბრნოში. პაკეტებში, რომლებიც შეღებილი იყო სისხლისფრად და შესაბამისი სუნიც ჰქონდა, ცხოველების თვალები ეწყო“.

ნიკოლენკო დასძენს, რომ საგარეო უწყება ამ გზავნილის შინაარსის ამოცნობას ცდილობს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უცნობებმა დააზიანეს ვატიკანში უკრაინის ელჩის ბინის შესასვლელი, ყაზახეთის საელჩოში კი ბომბის არსებობის შესახებ შევიდა შეტყობინება, რომელიც გადამოწმების შემდეგ ცრუ აღმოჩნდა.

„გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ მიმდინარეობს ტერორის კარგად დაგეგმილი კამპანია უკრაინის საელჩოებისა და საკონსულოების დასაშინებლად. ვერ მოახერხეს დიპლომატიურ ფრონტზე უკრაინის შეჩერება და ახლა დაშინებას ცდილობენ. შემიძლია თავიდანვე ვუთხრა მათ, რომ ეს მცდელობები ამაოა. ჩვენ გავაგრძელებთ ეფექტიან მუშაობას უკრაინის გამარჯვებისთვის,“ – ასე გამოეხმაურა ინციდენტებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება.

საგარეო უწყების ცნობით, უკრაინის დიპლომატიური მისიები თანამშრომლობენ ადგილობრივ სამართალდამცველებთან ამ შემთხვევების გამოსაძიებლად და პასუხისმგებელი პირების გამოსავლენად.

უკრაინის საელჩოებსა და საკონსულოებში უსაფრთხოების ზომები 30 ნოემბრის შემდეგ განსაკუთრებულად გაძლიერდა.

30 ნოემბერს აფეთქება მოხდა მადრიდში უკრაინის საელჩოში. ესპანეთში უკრაინის ელჩის, სერგეი პოგორელცევის ინფორმაციით, პირადად მისთვის განკუთვნილი ამანათი აფეთქდა. დაშავდა ერთი ადამიანი. ელჩის თქმით, დიპლომატიური მისიის თანამშრომლებმა დროულად და პროფესიულად იმოქმედეს და უფრო სერიოზული ზიანი თავიდან აიცილეს.

„პაკეტში იდო ყუთი, რამაც კომენდანტს ეჭვი აღუძრა და ის ეზოში გაიტანა. როგორც კი გახსნა, რაღაცამ დაიტკაცუნა. კომენდანტმა ამანათი ხელიდან გააგდო და სწორედ მაშინ გაიგონა აფეთქების ხმა,“ – უკრაინის ელჩის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო მძლავრი ასაფეთქებელი და იყო მხოლოდ პატარა მოწყობილობა, შედეგები გაცილებით სხვაგვარი იქნებოდა, ის დაკეტილ სივრცეში რომ აფეთქებული.

მთავარ ფოტოზე: საეჭვო პაკეტი, რომელშიც იდო ყუთი ასაფეთქებლით/ფოტო: უკრაინის საელჩო ესპანეთში

კრემლი მზად არ არის – პესკოვის პასუხი ბაიდენს უკრაინიდან ჯარების გაყვანაზე

„თქვენ მხოლოდ ფრაგმენტულად გადმოეცით ჯო ბაიდენის განცხადება. სინამდვილეში, ის კიდევ რამდენიმე წინადადებას შეიცავდა. მან თქვა, რომ პირველი – პუტინი უნდა გავიდეს უკრაინიდან. ის მიიჩნევს, რომ ესაა მოლაპარაკებებისთვის მზაობის დემონსტრირებაა.

კრემლი ამისთვის მზად არ არის, სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება. შეერთებული შტატები კვლავაც არ აღიარებს რუსეთის ახალ ტერიტორიებს და ცხადია, ეს არსობრივად ართულებს დიალოგისთვის საფუძვლის პოვნას,“ – განაცხადა ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა, რომლის კომენტარსაც კრემლისტური გამოცემები ავრცელებენ.

მისი თქმით, პუტინი „ყოველთვის იყო, არის და დარჩება მზად მოლაპარაკებებისთვის რუსეთის ინტერესების უზრუნველსაყოფად“.

საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონთან სამსაათიანი შეხვედრის შემდეგ გუშინ საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ პუტინთან დაკავშირების არანაირი განზრახვა არ აქვს, თუმცა მზადაა ეს გააკეთოს, თუკი რუსეთის პრეზიდენტი ნამდვილად ეძებს გზებს უკრაინაში მის მიერვე გაჩაღებული ომის დასასრულებლად.

„ეს ომი შეიძლება დასრულდეს ერთადერთი რაციონალური გზით – თუ პუტინი უკრაინიდან ჯარებს გაიყვანს. რა თქმა უნდა, ის ამას არ გააკეთებს. ამისთვის მან უკვე დიდი ფასი გადაიხადა. მან მოაწყო უკრაინის მოსახლეობის დაუჯერებელი ხოცვა-ჟლეტა – ბომბავდა საბავშვო ბაღებს, საავადმყოფოებს, ბავშვთა თავშესაფრებს. ამაზრზენია, რასაც ის აკეთებს,“ – ბაიდენმა დასძინა, რომ პუტინთან შეხვედრას ის მხოლოდ ალიანსის მოკავშირეებთან კონსულტაციების შემდეგ დათანხმდება.

ორივე პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უპირობო და მტკიცე მხარდაჭერა უკრაინისადმი – ის, რომ მათთვის „წარმოუდგენელია, პუტინმა როდისმე დაამარცხოს უკრაინა“. ემანუელ მაკრონმა კი განაცხადა, რომ „არასოდეს სთხოვენ უკრაინელებს, დათანხმდნენ კომპრომისს, რომელიც მათთვის მიუღებელი იქნება“.

რუსეთში დაისჯება ყველა, ვინც ჟანგიან ავტომატებზე, ტანსაცმლის, საკვების არქონაზე ისაუბრებს – ФСБ

ФСБ-ს ბრძანება №547, რომელიც პირველი დეკემბრიდან ძალაშია, ფაქტობრივად, კრძალავს რუსეთის არმიის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებას.

ბრძანება ადგენს რუსეთის ფედერაციის სამხედრო და სამხედრო-ტექნიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ იმ ინფორმაციას, რომელიც უცხო ქვეყნის წყაროებმა შესაძლოა ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ გამოიყენონ. ასეთ ცნობებად კი დოკუმენტი რუსეთის არმიის შესახებ ნებისმიერ ინფორმაციას განსაზღვრას.

როგორც Север.Реалии წერს, ბრძანება შეეხება მობილიზებულების ნათესავებსა და ოჯახის წევრებსაც, რომლებსაც მობილიზებულთა პრობლემებზე საჯაროდ ლაპარაკის შემთხვევაში „უცხო ქვეყნის აგენტის“ სტატუსი ემუქრებათ.

ინფორმაცია ჟანგიან ავტომატებზე, ტანსაცმლის, საკვებისა და ტყვიების არქონაზე, მეთაურების მხრიდან მუქარასა და მომზადების ნაკლებობაზე ხელისუფლებამ შესაძლოა რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების დამაზიანებელ ცნობებად მიიჩნიოს.

„ხელისუფლება მორიგ ჯერზე უჭერს ჭანჭიკებს“, – მიიჩნევს სამოქალაქო მოძრაობა „მოქალაქე და არმიის“ ხელმძღვანელი სერგეი კრივენკო. – „ეს ეხება არამხოლოდ „უცხოეთის აგენტებს“, არამედ ჩვეულებრივ მოქალაქეებს, რომლებიც ასევე შეიძლება მიიჩნიოს ხელისუფლებამ სახელმწიფოს დამაზიანებელი ინფორმაციის გამავრცელებლებად. ეს ბრძანება პირდაპირ ეწინააღმდეგება სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონს, რომელშიც ცხადადაა ნათქვამი, რომ სახელმწიფო საიდუმლოება ვერ იქნება ინფორმაცია, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევას შეეხება.“

მედიის ცნობით, მობილიზაციის შესახებ გამოთქმული უკმაყოფილების გამო ხელისუფლება უკვე დევნის მობილიზებულებსაც და მათ ნათესავებსაც.

ორი კვირის წინ ბატაისკის საქალაქო სასამართლომ არმიის „დისკრედიტაციისთვის“ 30 ათასი რუბლით ($480) დააჯარიმა ერთ-ერთი მობილიზებულის და. ოლესია შიშკანოვამ ინტერნეტში გამოაქვეყნა 23 წლის ძმის მიერ უკრაინიდან გამოგზავნილი ვიდეო, რომელშიც ის და მისი თანამებრძოლები აღჭურვილობისა და იარაღის არქონაზე ჩიოდნენ.

როგორც 23 ნოემბერს გახდა ცნობილი, 155-ე ბრიგადის ქვეითები, რომლებმაც უკმაყოფილება ღია წერილით გამოხატეს, ხელისუფლებამ დასაჯა იმით, რომ ისინი ფრონტის წინა ხაზზე გააგზავნა.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ ასეთი რეპრესიების გამო, მობილიზებულთა ახლობლების ნაწილი უკვე გაჩუმებას ამჯობინებს.

„თავიდან ალბათ იქნება გარკვეული რეპრესიები, რამდენიმე საჩვენებელი ისტორია“, – ვარაუდობს სერგეი კრივენკო. – „ხელისუფლება შეაწუხა გამოთქმულმა უკმაყოფილებამ – მე ამას პროტესტებს ვერ დავარქმევდი – და ახლა მის ჩახშობას ცდილობს“.

___

ამავე თემაზე:

გიჩივლებთ, დამიბრუნეთ ჩემი შვილი – ტყვეობაში მყოფი რუსი ჯარისკაცის დედა პუტინს მიმართავს

გაიაქტიურე სილქფესტით დიდი მოცულობის სასაუბრო და ინტერნეტ პირობები სპეციალურ ფასად

სილქფესტი 3 დეკემბერს მომხმარებლებს შეთავაზებს რამდენიმე პაკეტს. სააქციო პირობით სარგებლობა შეეძლებათ სილქნეტის მობილურ ქსელში ჩართულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. 

მსურველი გაიაქტიურებს ერთ ან რამდენიმე პაკეტს კომბინაციით  *202# ან  აპლიკაცით „My Silknet” ან პირდაპირ საიტიდან:  

  • 5 000 MB უსწრაფესი ინტერნეტი – 7₾
  • 600 ადგილობრივი წუთი  – 10 ₾
  • ულიმიტო სასაუბრო დრო – 14 ₾
  • 50 000 MB უსწრაფესი ინტერნეტი – 20 ₾

მომხმარებელს შეეძლება სილქფესტის შეთავაზებების  ჩართვა სხვა ნომრისთვისაც კომბინაციით  – *202#

რუს სამხედროებს დონეცკში შამანებსა და იურტებს უგზავნიან

როგორც Сибирь.Реалии წერს, ბურიატიიდან დონეცკში, სტარობიშევსკის რაიონში, გაგზავნიან შამანებს და ჩაიტანენ სამ იურტას, რომლებშიც სამხედროებს შამანური რიტუალის ჩატარება და დასვენება შეეძლებათ.

ადგილობრივი ფონდის წარმომადგენლის თქმით, მსგავსი იურტები ჯერ კიდევ 16 საუკუნის წინ გამოიყენებოდა საბრძოლო ლაშქრობებში. ოლეგ ბულუტოვი ამბობს, რომ შამანები და ბარიაშინები (ქიროპრაქტიკოსები) დაჭრილი სამხედროებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევასაც შეძლებენ.

იურტების დადგმას სამხედრო მოქმედებების ზონასთან ახლოს აპირებენ.

„მთავარი მიზანია სამხედროების საბრძოლო განწყობა ავამაღლოთ, გვერდში დავუდგეთ მათ. ყველას დავეხმარებით, ვინც მოგვმართავს ეროვნების მიუხედავად, მათ შორის, სამოქალაქო პირებსაც,“ – აღნიშნავს ბულატოვი.

Настоящее Время-ს ცნობით, ბურიატია უკრაინაში დაღუპული სამხედროების რაოდენობით რუსეთის რეგიონებს შორის ერთ-ერთი პირველია. 11 ნოემბრის მდგომარეობით, უკრაინაში 332 ბურიატი დაიღუპა. დაღუპულების რაოდენობით მოწინავე პოზიციებზე კრასნოდარის მხარე (365 დაღუპული სამხედრო) და დაღესტანია (338 დაღუპული სამხედრო).

მთავარ ფოტოზე: ტრადიციული ბურიატული იურტა/ფოტო: ეკოტურისტული კომპლექსი Борская Краса

საბრძოლო მასალების დეფიციტის გამო რუსეთს შეტევების წარმოება უჭირს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთმა ხერსონის ოლქში არსებული ლოგისტიკური კვანძები, მათ შორის სარკინიგზო გადაცემის პუნქტები, უფრო შორს, სამხრეთისა და აღმოსავლეთისკენ გადაიტანა.

„გასულ თვეში დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროდან რუსეთის ჯარების გასვლამ უკრაინის არმიას შესაძლებლობა მისცა, დაარტყას რუსეთის დამატებით ლოგისტიკურ და საკომუნიკაციო კვანძებს,“ – ამ გარემოებით ხსნის უწყება რუსეთის ქმედებას, თუმცა დასძენს, რომ მიღებული ზომების მიუხედავად, რუსეთის არმიის მომარაგების ქსელები კვლავაც უკრაინული არტილერიის წვდომის არეალში რჩება.

„რუსეთის ლოგისტიკურ დანაყოფებს აუცილებლად დასჭირდებათ რკინიგზიდან ტვირთების საავტომობილო ტრანსპორტით გადატანა, რადგან მათ არმიის მოწინავე თავდაცვითი პოზიციები უნდა მოამარაგონ. ამის გამო, ისინი კვლავაც დაუცველები აღმოჩნდებიან უკრაინული არტილერიის პირისპირ.“

ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, საბრძოლო მასალების დეფიციტი (ამას ლოგისტიკური პრობლემებიც ამძაფრებს) სერიოზულად ზღუდავს რუსეთის არმიის პოტენციალს, განაახლოს ეფექტიანი მსხვილმასშტაბიანი შეტევები.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში უწყება წერდა, რომ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი სარაკეტო კამპანიის ეფექტიანობა იკლებს, რადგან მოსკოვმა თითქმის ამოწურა შესაბამისი რაკეტების მარაგი.

უკრაინა რუსეთის გავლენის ცენტრებთან აფილირებულ რელიგიურ ორგანიზაციებს კრძალავს

უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ეროვნული საბჭო რუსეთის გავლენის ცენტრებთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების აკრძალვას ითხოვს. საბჭომ უკვე დაავალა მინისტრთა კაბინეტს, მოამზადოს და უმაღლეს რადას წარუდგინოს შესაბამისი საკანონმდებლო წინადადება.

„დღეს შედგა უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომა. სხდომა, რომელზეც ჩვენ განვიხილეთ უკრაინაში არსებული რელიგიური წრეების აგრესორ-ქვეყანასთან კავშირების არაერთი ფაქტი,“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის საღამოს ვიდეომიმართვაში.

ზელენსკის თქმით, სამუშაო პროცესი რამდენი ეტაპად დაიყოფა:

უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ უკვე დაავალა მთავრობას უმაღლეს რადაში განსახილველად შეიტანოს კანონპროექტი, რომელიც უკრაინაში რუსული გავლენის ცენტრებთან აფილირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობას აკრძალავს.

შესაბამის სახელმწიფო სამსახურს ასევე დაევალა, ექსპერტიზა ჩაუტაროს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წესდებას მოსკოვის საპატრიარქოსთან საეკლესიო-კანონიკური კავშირების გასარკვევად და საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები.

ყველა იმ ორგანოს, რომელთა მოვალეობაშიც შედის ქვეყნის ნაციონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, დაევალა, გააქტიუროს ღონისძიებები საეკლესიო სივრცეში რუსეთის სპეცსამსახურების მუშაობის გამოსავლენად და გამოიყენოს პერსონალური სანქციები.

პრეზიდენტის თქმით, აუცილებელია გაიზარდოს ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების საკითხებში სახელმწიფო სამსახურის უფლებამოსილებაც, რაც მას საშუალებას მისცემს, დაიცვას უკრაინელებისა და უკრაინული სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.

„ამ და ყველა სხვა გადაწყვეტილებით, უკრაინაში გარანტირებული იქნება რწმენის თავისუფლება. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, უკრაინულ სულში იმპერია ააშენოს.

სამწუხაროდ, რუსეთის ტერორმა და სრულმასშტაბიანმა ომმაც კი ვერ დაარწმუნა ზოგიერთი მოღვაწე, რომ ბოროტების ცდუნება უნდა დასძლიოს. რას ვიზამთ, ჩვენ უნდა შევქმნათ პირობები, რომელშიც აგრესორ სახელმწიფოზე დამოკიდებულ მოთამაშეებს არ ექნებათ უკრაინელებით მანიპულირებისა და უკრაინის შიგნიდან დასუსტების შესაძლებლობა,“ – ამბობს ზელენსკი.

პრეზიდენტის თქმით, დაიწყება იმის შესწავლაც, რამდენად კანონიერად იმყოფება მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული ეკლესია კიევ-პეჩორის ლავრაში.

1051 წელს დაარსებული კიევ-პეჩორის ლავრა, ცნობილი ასევე, როგორც კიევის ქვაბულთა ლავრა, კიევის ერთ-ერთი უძველესი სამონასტრო კომპლექსია. ის მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარი შტაბ-ბინა და ეკლესიის მეთაურის რეზიდენციაა.

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეტანილ სამონასტრო კომპლექსზე კონტროლს დღეს უკრაინის სახელმწიფო მუზეუმი და მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ინაწილებენ.

რა უძღოდა წინ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას:

უკვე მესამე კვირაა, უკრაინის უშიშროების სამსახური განაგრძობს შემოწმებასა და დაკითხვებს მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის ობიექტებში.

უწყების ცნობით, რამდენიმე დღის წინ დიდი რაოდენობით ანტიუკრაინული ლიტერატურა აღმოაჩინეს პოჩაევის სასულიერო სემინარიასა და ივანო-ფრანკოვსკის ეპარქიაში – „ბროშურები და წიგნები სავსეა სიძულვილის ენით და მათში უარყოფილია უკრაინელი ერისა და სახელმწიფოს არსებობა.“

25 ნოემბერს უკრაინის უშიშროების სამსახურმა ჩხრეკა ჩაატარა ჩერნოვიც-ბუკოვინის ეპარქიაში, რომელიც ასევე მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ემორჩილება.

უწყების ინფორმაციით, ამოღებულია დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ეპარქიის ხელმძღვანელთა ნაწილი რუსეთის მოქალაქეა; მოსკოვიდან მიღებული ინსტრუქციები, რომლებსაც საეკლესიო მსახურებისას იყენებდნენ და დიდი რაოდენობით კრემლისტური ლიტერატურა.

22 ნოემბრის დილით უშიშროების სამსახური შევიდა კიევ-პეჩორის ლავრაში.

იმავე დღეს უშიშროების სამსახურმა დაიწყო ჩხრეკა კორეცკის წმინდა სამების მონასტერსა და სარნი-პოლესსკის ეპარქიაში;

ჩხრეკის მეორე დღეს უკრაინელმა სამართალდამცველებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ დაიკითხა 350 სასულიერო პირი, კიევ-პეჩორის ლავრიდან კი ამოიღეს პრორუსული და პროპაგანდისტული ლიტერატურა, რომელიც სემინარიასა და ეკლესიის სკოლებში სწავლებისას გამოიყენებოდა, 2 მილიონი გრივნა (100 ათასი დოლარი) და რამდენიმე ათასი რუსული რუბლი.

უშიშროების ოპერაციას მოსკოვმა „რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან კიევის ომი უწოდა“;

ამერიკული გამოცემა The New York Times-ის ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში რუსეთის ხელშეწყობის ბრალდებით 33 სასულიერო პირი დააკავეს.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 2 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 2 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 90 090 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +650]
  • ტანკი – 2 916 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 5 883 ერთეული [+6]
  • საარტილერიო სისტემა – 1 905 ერთეული [+1]
  • MLRS – 395 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 210 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 280 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 262 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 564 ერთეული [+2]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 531 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 464 ერთეული [+23]
  • სპეცტექნიკა – 163 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 2 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 336 თვითმფრინავი
  • 177 ვერტმფრენი
  • 2 599 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 391 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 6 953 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 908 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 648 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 7 437 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

„რას ვიზამთ, ჩვენ უნდა შევქმნათ პირობები, რომელშიც აგრესორ-სახელმწიფოზე დამოკიდებულ მოთამაშეებს არ ექნებათ უკრაინელებით მანიპულირებისა და უკრაინის შიგნიდან დასუსტების შესაძლებლობა,“ – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

[yellow_box]უკრაინაში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ჯამბულათ ხოფერია[/yellow_box]

ამავე თემაზე:

რას ჰყვებიან უკრაინის ომში დაღუპული ქართველების ოჯახები – ეს მათი ომიც იყო

რატომ ალაპარაკდა ლუკაშენკო ბელარუსზე თავდასხმის საფრთხეზე – ISW-ის შეფასება

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო NATO-სგან მომავალ საფრთხეზე განცხადებებით ცდილობს, ხაზი გაუსვას ბელარუსის ჯარის ქვეყანაში დატოვების საჭიროებას და უკრაინასთან ომში ჩაბმა აიცილოს თავიდან – მიიჩნევენ ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები.

ლუკაშენკომ განაცხადა, რომ NATO ბელარუსზე თავდასხმისთვის ემზადება, რომ ალიანსი აძლიერებს საბრძოლო მზადყოფნას მეზობელ ქვეყნებში და ალიანსი და უკრაინა ბელარუსულ-უკრაინული საზღვრის სიახლოვეს პროვოკაციებში დაადანაშაულა. მისი თქმით, უკრაინა NATO-ს ომში ჩათრევას ცდილობს, თუმცა ბელარუსის ხელისუფლებამ მოახერხა და ჯერჯერობით შეაკავა პოტენციური მოწინააღმდეგე.

ლუკაშენკოს გამოსვლების პარალელურად, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ვიქტორ ხრენინმაც განცხადა, რომ ბელარუსი უკრაინასთან ომში მონაწილეობისთვის არ ემზადება და საჭიროების შემთხვევაში, მხოლოდ თავს დაიცავს.

„სავარაუდოდ, ლუკაშენკო და ხრენინი ქმნიან ამ საინფორმაციო კამპანიას NATO-ს გამოგონილი აგრესიისა და ბელარუსის საზღვართან პროვოკაციების შესახებ, რათა გაიმყარონ საფუძველი ბელარუსის ჯარების ქვეყნის ტერიტორიაზე დასატოვებლად და წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის ზეწოლას,“ – წერენ ინსტიტუტის ანალიტიკოსები.

ISW ბელარუსის უკრაინასთან ომში ჩართვის შესაძლებლობას კვლავაც ნაკლებსავარაუდოდ მიიჩნევს.

ISW-ის ანგარიშის სხვა მთავარი მიგნებები:

  • რუსეთის ძალები განაგრძობდნენ თავდაცვით ოპერაციას სვატოვო-კრემინნას ხაზზე;
  • რუსეთის ძალებმა გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს ბახმუტის გარშემო და განაგრძობდნენ შეტევას ავდეევკა-დონეცკის რაიონში;
  • რუსეთი ძალები განაგრძობდნენ თავდაცვითი პოზიციების გამაგრებას და შემადგენლობის გადაადგილებას დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ხერსონის ოლქში;
  • რუსეთის სამხედრო მანევრები ზაპოროჟიეს ოლქში შესაძლოა მიუთითებდეს, რომ უკრაინელთა დარტყმების პირობებში, რუსეთის არმიას ამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ტერიტორიის შენარჩუნება აღარ შეუძლია;
  • რუსეთის არმია ყირიმში არსებულ რეზერვებს იყენებს ზაპოროჟიეში და დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე თავდაცვითი ოპერაციების მხარდასაჭერად;
  • რუსეთის საოკუპაციო ძალები განაგრძობდნენ ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის საფინანსო და სამართლებრივ სფეროებში ინტეგრირების მცდელობებს.

სარფში 2 კგ ოქროს ნივთები აღმოაჩინეს საკვების შეფუთვაში – შემოსავლები

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, 2 კილოგრამამდე არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს.

„აღნიშნული საქონელი სამართალდამრღვევ მოქალაქეს საკვები პროდუქტების შეფუთვებში, მალულად ჰქონდა განთავსებული.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 164 744.7 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“, – აცხადებს სამსახური.

რას ჰყვებიან უკრაინის ომში დაღუპული ქართველების ოჯახები – ეს მათი ომიც იყო

„ჩვენთვის ეს მესამე ტრაგედიაა. ბაბუა, ჭიჭინი ცაავა, რუსებმა მოგვიკლეს აფხაზეთში, მამამ, ედემი ცაავამ, ბაბუას ამბის მერე ხელში იარაღი აიღო და ისიც მოგვიკლეს. და ახლა უკვე ალიკაც,“ – ლიკა ცაავა, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, ალიკა ცაავას და, თავისი ოჯახის ტრაგედიაზე „ბათუმელებთან“ საუბრობს.

უკრაინა-რუსეთის ომში, რომელიც 9 თვეა მიმდინარეობს, უკრაინის მხარეს 30 ქართველი დაიღუპა, მათ შორის არიან წარმოშობით ქართველი უკრაინის მოქალაქეებიც. უკრაინაში დაღუპულ მებრძოლებს შორის იყვნენ ალიკა ცაავა და ედიშერ კვარაცხელია.

ალიკა ცაავა ომის დაწყების 58-ე დღეს დაიღუპა – 2022 წლის 16 აპრილს, ედიშერ კვარაცხელია კი – 10 ოქტომბერს. „ბათუმელები“ მათ ახლობლებს ესაუბრა.

„ალიკა უკრაინაში საცხოვრებლად 4 წლის წინ წავიდა. იქ დაქორწინდა. რაღაც პერიოდი გერმანიაში ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად, ომის დაწყებამდე 6 თვით ადრე დაბრუნდნენ უკრაინაში. ხერსონში ცხოვრობდნენ,“ – უყვება „ბათუმელებს“ ლიკა ცაავა, ალიკა ცაავას და.

ალიკა ცაავა  – ფოტო პირადი ფეისბუქიდან

„ომი რომ დაიწყო, ვეხვეწებოდი ჩამოდი-მეთქი, მაგრამ არ წამოვიდა არაფრით. იქ ქართველი მეგობრები ჰყავდა, იმათთვის დაურეკავს – მეც მინდა ომში მონაწილეობის მიღებაო.

სამი დღე ვეხვეწებოდით, ცალკე მე და ცალკე ბიძაშვილები – წამოდი, წამოდი. ეს ომი ჩემი ომი, არსად არ წავალო. კურდღელივით ვერ გავიქცევიო. გოგოებმა იარაღი აიღეს და მე სად უნდა გავიქცეო? 40 წლის კაცი დავდგე ახლა და შვეიცარიაში გავიქცეო? მოვკვდები და მოვკვდე მერეო, – ამბობდა.

58 დღე იომა. ვიღაც ქართველი დაჭრილა, დაურეკავს მიშველე, გამომიყვანეო და იმის გამოსაყვანად გაქცეულა. მაგრამ უკანა გზაზე აფეთქდა თურმე.

ჩვენ გვეუბნებოდა ნუ გეშინიათ, კარგად ვარ, ყველაფერი მშვიდობიანად იქნებაო. არადა, სულ ცხელ წერტილებში დადიოდა თურმე,“ – გვიყვება ლიკა ცაავა.

ალიკა ცაავა უკრაინაში, ლუგანსკის ოლქში, ქალაქ რუბეჟნოესთან დაიღუპა. მასთან ერთად დაიღუპა ქართველი მებრძოლი ზაზა ბიწაძეც. ზაზა და ალიკა იმ დროს დაიღუპნენ, როდესაც ცდილობდნენ თავიანთი  თანამებრძოლის – არკადი კასრაძის ცხედარი გამოეტანათ ცხელი წერტილიდან.

როგორც ალიკას და, ლიკა ცაავა „ბათუმელებს“ უყვება, 39 წლის ალიკა ცაავამ მთელი ცხოვრება სამხედრო საქმეს მიუძღვნა. 2003 წელს სავალდებულო ჯარში წავიდა, საიდანაც ქვეით ბატალიონ „კომანდოსში“ ჩაირიცხა. ალიკა ცაავა იბრძოდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, სადაც დაიჭრა. ომში მიღებული ტრავმები კი მთელი ცხოვრება გაჰყვა. ალიკა ცაავა უკრაინაში საბრძოლველად პირველად 2014 წელს წავიდა. 2018 წელს კი ხერსონში დასახლდა, სადაც დაქორწინდა.

„ომი რომ დაიწყო და ალიკა საბრძოლველად წავიდა, პირველი სამი დღე ვუმალავდი დედას. მერე ვკითხე ალიკას, რა ვუთხრა დედას-მეთქი, ალიკამ, დავრეკავ, სამხედრო ფორმას დავმალავ და ვეტყვი, რომ შვეიცარიაში ვარო. მაგრამ დედა მაინც მიხვდა – შენ რა არის, ბიჭო, ომში წახვედიო? კი, დედა, ომში ვარო. ნუ გეშინიაო.

დედამ ტირილი დაიწყო.

ნუ გეშინია, მე აქ ობოლი ბავშვები მყავს შეფარებული, იცი, როგორი იმედით მიყურებენ, ჩემი იმედი აქვთო. ისინი გადამყავს საზღვარზეო. არაფერს არ ვაკეთებ მეტსო. კიევში ვარ და აქ არაა საფრთხეო. ნუ გეშინია, მე დავბრუნდებიო.

დედას სულ ერთი თხოვნა ჰქონდა – დაელაპარაკეთ, დაელაპარაკეთ. ალიკა თვითონაც ურეკავდა ღამე, როცა ახერხებდა. ნუ გეშინია, მე კიევში ვარ, უსაფრთხოდ ვარო, – ეუბნებოდა.

მაგრამ ბოლოს ასე მოხდა. ჩემი შვილი გმირიაო – ახლა ასე ამბობს დედაჩემი. ახლაც, როცა თქვენ გესაუბრებით, დედა სასაფლაოზეა. ძალიან თბილი იყო ალიკა. განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა დედასთან. ბავშვივით ექცეოდა, ეფერებოდა დედას. 39 წლის იყო. 25 დეკემბერს 40 წლის გახდებოდა,“ – გვიყვება ლიკა ცაავა.

ლიკა ამბობს, რომ როდესაც ძმას საქართველოში დაბრუნებას სთხოვდა, ალიკას სულ ერთი პასუხი ჰქონდა, რომ ეს ომი ისევე იყო მისი, როგორც უკრაინელების.

„აქ რუსები თუ არ შევაჩერეთ, მანდ მოვლენ და ჩემს დისშვილს, ძმისშვილს მომიკლავენო. გგონია, საქართველოში არ მოვაო? რა მნიშვნელობა აქვს, უკრაინაში ვიბრძოლებ თუ საქართველოშიო. რუსი ჩვენი საერთო მტერიაო. ხშირად ვსაუბრობდით. როგორც კი ახერხებდა, მირეკავდა. ან მესიჯს მივწერდი, როგორ ხარ ალიკა? ნუ გეშინია, კარგადო – მწერდა.

მისი გარდაცვალება ფეისბუქით გავიგე. მესიჯი მივწერე, მერე დავურეკე, ზარი არ გადიოდა. ფეისბუქზე შევედი და იმ წუთის დადებული პოსტი ვნახე – კიდევ ორი ქართველი დაეცა ბრძოლაში – ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავაო. გადმოსვენებაში სახელმწიფო დაგვეხმარა. სახელმწიფომ აანაზღაურა ყველაფერი. ამის მეტი სხვა არაფერი დახმარება არ გაუწევიათ.

არც პანაშვიდზე მოსულან.

მხოლოდ პრეზიდენტმა გამოგვიგზავნა მისი სახელით გვირგვინი. წალენჯიხის მერი და ოპოზიცია დაგვეხმარა. დაგვეხმარა ასევე ხალხიც. ანგარიშის ნომერი გაუხსნეს ალიკას ოჯახს, ფული შეგროვდა და იმით ვაკეთებთ სასაფლაოს. მოვა დრო და შეაფასებენ ამ გმირ ბიჭებს,“ – ამბობს ლიკა.

2022 წლის 10 ოქტომბერს უკრაინაში რუსეთის წინააღდეგ მებრძოლი ედიშერ კვარაცხელია დაიღუპა. პროფესიონალი სამხედრო საქართველოდან უკრაინაში 2014 წელს  წავიდა.

„დაღუპვამდე რამდენიმე საათით ადრე მქონდა კომუნიკაცია,“ – უყვება „ბათუმელებს“  ედიშერ კვარაცხელიას ძმა ბაკურ კვარაცხელია.

ედიშერ კვარაცხელია – ფოტო პირადი ფეისბუქგვერდიდან

„ჩემი ძმა იყო გამნაღმველი, მეოთხე ქვეითი ბრიგადის წევრი. მან გამოიარა 2008 წელს ოკუპანტთან ომი. 2012 წლამდე მუშაობდა საქართველოში. 2014 წელს, ყირიმის ოკუპაციის მერე, წავიდა უკრაინაში და იქ მოღვაწეობდა მისი პროფესიით.

საათობით შემიძლია ჩემს ძმაზე ვისაუბრო. ჩემს ძმას რა ოცნებაც ჰქონდა, იმ ოცნებას შეეწირა. ეს იყო თავისუფლება და ის, რომ საქართველოს ბედი წყდებოდა იქ და ეს ამოძრავებდა ზუსტად. ედიშერი იყო წესიერი ადამიანი, ჩამოყალიბებული ვაჟკაცი, გაწონასწორებული, განათლებული და იცოდა თავისი საქმე კარგად.

პროფესიით იურისტი იყო. უნივერსიტეტის შემდგომ სავალდებულო სამსახური მოიხადა და ჯარში საკონტრაქტო სამსახური გააგრძელა. სხვადასხვა კურსი გაიარა და გამნაღმველი გახდა. შესანიშნავად დაეუფლა თავის პროფესიას და ასე მუშაობდა ბოლომდე,“ – გვიყვება ძმის შესახებ ბაკურ კვარაცხელია.

ედიშერ კვარაცხელიას ორი არასრულწლოვანი შვილი დარჩა – 15 და 17 წლის. ბაკურ კვარაცხელია იხსენებს, რომ მისი ძმა უკრაინაში იდეის გამო იბრძოდა.

„ომში ადამიანი მიდის მოტივაციის გამო. მით უმეტეს ის იყო საქართველოს მოქალაქე, მოგეხსენებათ, იქ წასული ბიჭები ფინანსურ დივიდენდებს არ აგროვებენ, ამის გამო არ მიდიან. თუ სწორად მახსოვს, 2021 წლის დეკემბერში მიიღო უკრაინის მოქალაქეობა. კონტრაქტით დაიწყო მუშაობა და იმ სტანდარტულ ანაზღაურებას იღებდა, რაც იქ აქვს უკრაინელ ჯარისკაცს. იქამდე მას ერთი თეთრი არ ერიცხებოდა, ხშირად მე ვუგზავნიდი აქედან,“ – იხსნებეს ბაკურ კვარაცხელია.

რას აკეთებს სახელმწიფო უკრაინაში დაღუპული მებრძოლების ოჯახებისთვის, ვკითხეთ ბაკურ კვარაცხელიას. მისი თქმით, სახელმწიფომ სრულად დაფარა გადმოსვენების და სამხედრო პატივით დაკრძალვის ხარჯები.

„ვისაც აქვს ამაში წვლილი, მადლობა მინდა ვუთხრა მათ. მაგრამ რაც შეეხება სხვა დანარჩენს, არანაირი რეაგირება. ელემენტარული, დედამისისთვის სამძიმარიც არ უთქვამთ,“ – ამბობს ბაკურ კვარაცხელია.

ის, ისევე როგორც ცაავების ოჯახი, მადლიერია წალენჯიხის მერის. წალენჯიხა ერთადერთი ქალაქია საქართველოში, რომელსაც ოპოზიციონერი მერი ჰყავს.

„წალენჯიხის მერია ედიშერის დაღუპვის დღიდან ჩემ გვერდით დგას და მადლობა მინდა მათ ამისთვის ვუთხრა. მხარში მედგა საქართველოში უკრაინის წარმომადგენელი ატაშე გენერალი ბატონი კრავჩუკი. მინდა მას მადლობა ვუთხრა. იყო ზარები სანუგეშო, ვიდეოები და ვგრძნობ მხარდაჭერას უკრაინელებისგან, რაც მთავარია,“ – ამბობს ბაკურ კვარაცხელია.

ბაკურის თქმით, ის აპირებს ბრძოლას ოკუპაციის წინააღმდეგ და აპირებს მისი ძმის სახელი უკვდავყოს.

„მე და ნინო თამაზაშვილმა შევქმენით ანტისაოკუპაციო, სახალხო მოძრაობა „სამშობლო“. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ოკუპანტები მოშორდნენ საქართველოს. არამარტო ოკუპანტები, საქართველოში მათი ლობისტებიც თან მიჰყვნენ,“ – ამბობს ბაკურ კვარაცხელია.

ჩემს კლასელ გოგოებს არ უსწავლიათ, მე ვისწავლე და დამოუკიდებელი ქალი ვარ – 60 წლის მკერავი

მკერავი მზიური მარკოიძე ეკომიგრანტია აჭარიდან, რომელიც ბოლო 8 წელია წალკაში ცხოვრობს. იგი ბავშვობიდან კერავს და ამბობს, რომ კერვის გარეშე ვერც ერთი დღე ვერ წარმოუდგენია და ეს საქმე ნებისმიერ განწყობაზე მყოფს ეხმარება. მისთვის კერვის პროცესი საუკეთესო თერაპიაა.

მზიური 60 წლისაა. ამ დროის განმავლობაში ბევრჯერ გამოიცვალა საცხოვრებელი ადგილი საქართველოს სხვადასხვა მხარეში, ბევრი გამოცდილებაც დააგროვა და ყოველ ჯერზე აწყობდა სახლში სამკერვალო ოთახს.

არაერთ მცირე თუ დიდ სამკერვალო ფაბრიკაში იმუშავა და ბევრი სირთულეც შეხვდა, თუმცა მისთვის ყველაზე რთული მაინც 15 წლის ასაკში გარშემომყოფებისა და ოჯახის დარწმუნება იყო – ანგარიში გაეწიათ მისი სურვილისთვის: პატარა გოგოს, რომელიც ხულოს სოფელ დიდაჭარაში ცხოვრებდა, უნდოდა ბათუმში ესწავლა ჭრა-კერვის კურსებზე. მაშინ მის გარშემო ყველას მიუღებლად ეჩვენებოდა, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ გოგო სასწავლებლად წასულიყო სხვაგან, ქალაქში.

უკვე 45 წელია მზიურის ყოველი დღე ქსოვილებთან ურთიერთობით იწყება და მთავრდება. ის დღეში 10-11 საათი მუშაობს, პერიოდულად კი თავისი დიზაინითაც ქმნის ტანისამოსს: „უფრო მეტად ისეთ ტანსაცმელს ვკერავ, როგორსაც ფოტოებზე მაჩვენებს მომხმარებელი. არაფრის შეკერვა არ გამჭირვებია დღემდე და არ მითქვამს, ამას ვერ შევკერავ-მეთქი.

როცა ვხედავ, რომ ადამიანებს ჩემი შეკერილი ტანისამოსი აცვიათ, დიდ სიამოვნებას ვგრძნობ. ბედნიერი ვარ, როცა ის გამოდის, რასაც ჩავიფიქრებთ.

ჩემი ნამუშევარი თუ იმსახურებს მოწონებას და ჩემი მომხმარებელი კმაყოფილია, მე მასზე მეტად კმაყოფილი ვარ“.

მზიურის კერვა პატარაობიდანვე აინტერესებდა – დედა ხშირად კერავდა ტანსაცმელს სახლში და სულ მზიური ფიქრობდა, როგორ ახერხებდა ამას.

„სკოლაში ვიყავი, როცა აქტიურად დავიწყე კერვა. მახსოვს, პირველად, დამოუკიდებლად კაბა ჩემთვის შევიკერე. მოდაში იყო გოფრე კაბები და ძალიან მინდოდა ასეთი კაბა მეც მქონოდა. ტელევიზორში სულ ასეთი კაბები ეცვათ ხოლმე, იქამდე სხვაგან არსად მენახა. დედაჩემი კი კერავდა კაბებს, მაგრამ გოფრეების და სხვა დეტალების გაკეთება არ იცოდა. ამიტომ პირველად დაგოფრილი კაბა შევიკერე ჩემთვის და მახსოვს, ნამდვილად ძალიან ლამაზი გამომივიდა.

ხულოში ვცხოვრობდი, მაგრამ ისე გავხდი 15 წლის, ბათუმი არც ერთხელ მენახა. მაშინ სად იყო ასე, გოგონებს არ უშვებდნენ,  რომ ესწავლათ. მე დავიჟინე სწავლა. ძალიან მინდოდა, პრინციპული ვიყავი და ვიცოდი, რომ შევძლებდი ჩემი გამეტანა. დღემდე მადლიერი ვარ მშობლების, რომ საბოლოოდ გამიშვეს სასწავლებლად.

ჩემ გარშემო ყველა იძახდა – გოგოს რად უნდა სასწავლებლად წასვლა, ცუდად დამთავრდება მაგის საქმეო. მამა ამბობდა, ჩემი გოგო კარგად ისწავლისო. მე კი მითხრა, ხომ ხედავ, ამდენი წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც გიშვებ სასწავლებლად და არ უნდა შემარცხვინოო. 18 წლამდე ვსწავლობდი კერვას.

იქამდე მხოლოდ ტელევიზორში მქონდა ნანახი ქალაქი და უცებ სწავლა ბათუმში დავიწყე. სულ იმაზე ვფიქრობდი, რომ ჩემი მშობლები არ შემერცხვინა. სულ იმას ვდარდობდი, ცუდი ვინმეს არ ეთქვა, ცუდი ვინმეს არ ეფიქრა.

ჩემი კურსელები როცა სასეირნოდ მიდიოდნენ ან სადმე სხვაგან, არასდროს დავყვებოდი ხოლმე, რომ სოფლიდან არ შევხვედროდი ხალხს და არ ეთქვათ, რომ ვსეირნობდი და ესე იგი, ცუდად ვიქცეოდი“ – იხსენებს მზიური.

სწავლის შემდეგ სოფელში დაბრუნებულმა მზიურიმ გარშემომყოფების დიდი სიყვარული დაიმსახურა, რადგან ყველასთვის კერავდა ტანსაცმელს. სოფლის სკოლის მოსწავლეებს უკერავდა გოფრე კაბებსა თუ სხვა ტანსაცმელს, რაც დიდ მოწონებას იმსახურებდა.

„უნდა გიყვარდეს შენი საქმე. რასაც აკეთებ, გულით უნდა გააკეთო. არის შემთხვევა, როცა შესაძლოა არ მოგეწონოს უკვე შეკერილი სამოსი, მაგრამ დაგეზაროს დაშლა და ხელმეორედ აწყობა. არ უნდა დაგეზაროს, რადგან მთავარია, საბოლოო შედეგით დარჩე კმაყოფილი.

თუ შენი საქმე არ გიყვარს, იმას გულით ვერც გააკეთებ. ვფიქრობ, დღეს არაფერი სჯობს ხელსაქმეს. აქამდე მყავდა რამდენიმე მოსწავლე. ვიცი, რომ მათგან ერთ-ერთი მუშაობს კიდეც მკერავად. ძალიან მიყვარს სწავლების პროცესი და ვგეგმავ, რომ მომავალშიც ავიყვანო მოსწავლეები.

თავის დროზე, როცა პატარა ვიყავი, რომ ვერ მესწავლა, ახლა ალბათ ცუდ დღეში ვიქნებოდი. მძიმე ფიზიკური შრომა მომიწევდა. ახლა თავს დამოუკიდებელ ქალად ვგრძნობ, რადგან მაქვს ჩემი შემოსავლის წყარო. რომ არ მესწავლა, რა თქმა უნდა, არც ეს იქნებოდა. ჩემს კლასელ არც ერთ გოგოს არ უსწავლია.

ახლაც ისეთივე მონდომებით ვკერავ, როგორც 15 წლის ასაკში. ყველა ქსოვილი განსაკუთრებულია და ძალიან მიყვარს, ვერცერთს გამოვარჩევ. ახლაც განსაკუთრებით კაბების კერვა მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის შარვლების შეკერვა უფრო მარტივია“, – გვეუბნება მზიური.

მზიური წალკაში ცხოვრობს ოჯახთან ერთად, სადაც საკუთარი სამკერვალო გახსნა, ერთი ადამიანიც დაასაქმა და სამომავლოდ კიდევ გეგმავს გაფართოებასა და თანამშრომლების დამატებას.

მზიური პირველად დედის საკერავი მანქანით მუშაობდა. შემდეგ თავისი შრომით მოგროვებული ფულით იყიდა საკერავი მანქანა, რომელიც მზითვში წაიღო და ათობით წელი მუშაობდა ამ მანქანით.

„როცა მზითვში წაღებული საკერავი მანქანა გამიფუჭდა, ჩემი ძალებით კიდევ შევიძინე ახალი საკერავი მანქანა, მაგრამ არ მქონდა ავერლოკი და რთული იყო ასე მუშაობა.

2 წლის წინ CENN-ისგან თანადაფინანსება მოვიპოვე და ახალი, თანამედროვე ტიპის საკერავი მანქანები შევიძინე.

ახლა ჩემი ძირითადი მომხმარებლები წალკაში და მის გარშემო სოფლებში მცხოვრებლები არიან“, – გვითხრა მზიურიმ.

გამომგონებელი მოსწავლეები ბათუმიდან, რომლებმაც უნივერსიტეტების დაფინანსება უკვე მოიპოვეს

ანრი მამულაძე და დავით ჭურკვეიძე ბათუმელი გამომგონებელი მოსწავლეები არიან.

ორივე სკოლა „პროგრესში“ სწავლობს და ყველაზე მეტად STEM მიმართულებით არიან დაინტერესებულნი. ანრის გუნდმა სპეციალური პრიზი მოიპოვა „ათასწლეულის ინოვაციების კონკურსში“, დავითი კი „ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსის გამარჯვებულია.

„ჩვენ შევქმენით ხელსაწყო, რომელსაც მეღვინეების მარჯვენა ხელი ვუწოდეთ პირობით და „სმარტ დამრევი“ დავარქვით. გამოგონებამ პირველი ადგილი აიღო“, – გვეუბნება დავით ჭურკვეიძე, რომელიც მე-9 კლასის მოსწავლეა.

მისი თქმით, ეს ხელსაწყო აქამდე არსებულებისგან იმით განსხვავდება, რომ სამი ფუნქცია აქვს და ყველა ტიპის ღვინის წარმოებაში გამოიყენება.

„ხელსაწყოს შეუძლია ავტომატური მორევა, შაქრიანობის, ტემპერატურის შემოწმება. აქამდე არსებულ ხელსაწყოებს, მაგალითად, ვერ დაამონტაჟებდი ქვევრებში, ჩვენი ხელსაწყოს დამონტაჟება კი შესაძლებელია.

ხელსაწყო ფასითაც ხელმისაწვდომია და იმაზე უფრო იაფია, ვიდრე სხვები“, – ამბობს დავითი.

მისი აზრით, „სმარტ დამრევი“ არ მარტო ქართულ ბაზარზე გახდება პოპულარული. „არ გამოვრიცხავთ, რომ საქართველოს გარდა სხვა ღვინის ქვეყნებშიც დაინტერესდებიან ამით“, – გვეუბნება დავითი.

მისი თქმით, ხელსაწყოს შექმნის იდეა დაიბადა გაკვეთილზე, სადაც იმის შესახებ იყო მსჯელობა, როგორ შეუძლია საქართველოს გაზარდოს ხარისხიანი ღვინის წარმოება.

დავითის ჯგუფში კიდევ ორი მოსწავლე – ნია როხვაძე ქუთაისიდან და სერგო ბეგიაშვილი თბილისიდან იყვნენ ჩართული. ბავშვებთან ორი მენტორი მუშაობდა.

„გარკვეული პერიოდი „ზუმით“ ვმუშაობდით, მაგრამ ბოლო ორი კვირა თბილისში ვიყავი და პრაქტიკული სამუშაო ერთად გავიარეთ.

რესურსების შეძენაში, რა თქმა უნდა, გვეხმარება სკოლაც, რაღაც ნივთების შეძენაში მენტორებიც დაგვეხმარნენ.

მოტივაციას, რა თქმა უნდა, გვაძლევს მასწავლებელი, რომ მეტი ინტერესი გაგვიჩნდეს ტექნოლოგიების, გამომგონებლობის მიმართ, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ამაში ხელს გიწყობდეს სასკოლო გარემოც.

ბათუმში არ ვიცი არსებობს თუ არა ტექნოპარკი, მაგრამ მე პირადად კომპიუტერული მეცნიერებები რადგან მაინტერესებს, STEM ჯგუფში ვარ გაწევრიანებული და იქ გვაქვს შესაძლებლობა, სიახლეებზე ვიმუშაოთ.

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ინოვაციებზე მუშაობა, რომ არ ჩამოვრჩეთ ტექნოლოგიურ განვითარებას. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განვითარებაში მეტი რესურსი უნდა ჩაიდოს. ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა, ეკონომიკა უნდა განვითარდეს. მე პირადად კომპიუტერული მეცნიერება მაინტერესებს ძალიან და ბუნებრივია, მინდა, რომ STEM მიმართულებაც გაძლიერდეს სკოლებში“, – ამბობს დავითი.

დავითმა და მისმა თანაგუნდელებმა გამოგონებისთვის ჯილდოდ სრული სასწავლო გრანტი მიიღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სტემ მიმართულებით.

„არ ვიცი, რა შემოთავაზებები მექნება კიდევ მომავალში, ვნახოთ და ამის მიხედვით გავაკეთებ არჩევანს“, – გვითხრა დავითმა.

დავითის მსგავსად, ანრი მამულაძეც კომპიუტერული ელექტრონიკით არის დაინტერესებული. ის მე-10 კლასში სწავლობს. მისმა გუნდმა „ათასწლეულის ინოვაციების კონკურსში“ გაიმარჯვა.

ანრის გუნდმა კონკურსზე „თოჯინა გიდი“ წარადგინა, რომელიც რამდენიმე ენაზე, მათ შორის ქართულ, ინგლისურ და ესპანურ ენაზე, საუბრობს.

ფინალისთვის „თოჯინა გიდის“ ფუნქციები გააუმჯობესეს და კიდევ ერთი „გოგონა გიდით“ შეავსეს, რომელსაც კოორდინატების ამოცნობის ფუნქცია აქვს.

„ვფიქრობთ, ტურისტებისთვის ძალიან საინტერესო აპლიკაცია იქნება, რადგან „გიდი“ იმ კუთხის ისტორიას გიყვება, სადაც იმოგზაურებ.

რომელ კუთხეში წახვალ, გიდი იმ კუთხისთვის დამახასიათებელ ატრიბუტს ჩაიცვამს. მაგალითად, თუ კახეთში ხართ, „გიდი“ დაიხურავს კახურ ქუდს და მოგიყვებათ კახეთის ისტორიას“, – გვეუბნება ანრი.

მისი თქმით, პროექტი მზად არის, თუმცა აპლიკაცია ჯერ არ არის ჩაშვებული.

ანრიც რესურსების გაზრდაზე საუბრობს, რომ უფრო მეტი ახალგაზრდა დაინტერესდეს თანამედროვე ტექნოლოგიებით და გამომგონებლობით.

ბათუმში, სკოლის გარდა, სხვა რესურსებს ვერც ის შოულობს, უპირატესობას ანიჭებს სასკოლო გარემოში არსებულ ტექნოკლუბს და ონლაინ პლატფორმას.

კონკურსში გამარჯვების შემდეგ ანრი და მისი თანაგუნდელები სტიპენდიით დააჯილდოვეს.

ანრი სან-დიეგოს ამერიკულ უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ისწავლის.

სტემის გარდა ანრი მუსიკითაც არის დაინტერესებული და ბსუ-ს ბენდში გიტარაზე უკრავს.

_____________________

მთავარი ფოტო: დავით ჭურკვეიძე და ანრი მამულაძე/STEM კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები

რუსეთის საერთო დანაკარგი ომში 200 ათასი სამხედროა – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთის დანაკარგი უკრაინასთან ომში დაახლოებით 200 ათასი სამხედროა.

„ჩვენი მონაცემებით, რომლებსაც გენშტაბი და სამხედრო დაზვერვა გვაძლევს, დღეისთვის დაახლოებით 90 ათასი რუსი სამხედროა დაღუპული. ეს რიცხვი ცხადია, დამრგვალებულია. გამოუსწორებელი დანაკარგებია ასევე დაჭრილები, ამპუტირებულები, მძიმედ დაავადებულები, ტყვეები, უგზო-უკვლოდ დაკარგულები – ეს რიცხვი 200 ათასს უახლოვდება,“ – ამბობს პოდოლიაკი.

მისი თქმით, რუსეთი მობილიზაციით სწორედ ამ დანაკარგის შევსებას ცდილობს.

„ჩვენ არანაირ დამატებით მობილიზაციას არ ვაცხადებთ, რადგან ჩვენი დანაკარგების კომპენსირების საჭიროება არ დგას,“ – დასძენს პრეზიდენტის მრჩეველი.

გუშინ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის განმავლობაში 20 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და 100 ათასი სამხედრო დაიღუპა. მოგვიანებით, მისი გამოსვლიდან ეს ფრაზა ამოიღეს, ევროკომისიის პრესსპიკერის მოადგილემ კი განმარტა, რომ გაიპარა უზუსტობა და რიცხვი 100 ათასი გულისხმობდა როგორც დაღუპულებს, ისე დაჭრილებს.

ურსულა ფონ დერ ლაიენის პირველი განცხადების შემდეგ, უკრაინის ხელისუფლებამ ეს რიცხვი უარყო, გენშტაბმა მედიას უთხრა, რომ უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია არ საჯაროვდება, უკრაინის პრეზიდენტის ოფისში კი განმარტეს, რომ ამაზე საუბარი მხოლოდ უმაღლეს მთავარსარდალს შეუძლია.

11 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის დანაკარგები უკრაინისას 10-ჯერ აღემატება.

უკრაინის გენშტაბის დღევანდელი მონაცემებით, რუსეთმა უკრაინასთან ომში უკვე 89 440 სამხედრო დაკარგა.

თურქეთში დააკავეს ყალბი „პოლიციელები“, რომლებიც ფულს ჰპარავდნენ მოქალაქეებს

თურქული მედიის ცნობით, სტამბოლში დააკავეს ორი პირი, რომლებიც თავს პოლიციელებად ასაღებდნენ და მოქალაქეებს ფულს ჰპარავდნენ.

2022 წლის ნოემბერში სტამბოლის პოლიციაში ორი საჩივარი შევიდა. ერთ შემთხვევაში პოლიციას ტაჯიკეთის მოქალაქემ მიმართა, რომლის თქმითაც, იგი ქუჩაში ორმა პირმა გააჩერა, თავი პოლიციელებად გააცნეს და საბუთების შემოწმების პროცესში საფულიდან 3700 დოლარი მოიპარეს. იდენტური იყო მეორე შემთხვევაც – უკრაინის მოქალაქეს იმავე მეთოდით 10 000 დოლარი მოჰპარეს.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ორივე ინციდენტზე პასუხისმგებელი ერთი და იგივე პირები იყვნენ. დააკავეს ირანის ორი მოქალაქე, რომლებიც სასამართლოში გადაიყვანეს.

რას ამბობს განათლების მინისტრი სკოლებში უფასო კვებაზე

დღეს, პირველ დეკემბერს, განათლების მინისტრმა პარლამენტში ისაუბრა სკოლებში მოსწავლეთა კვების საკითხზე.

„სამინისტროს ინიციატივითა და გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობით მუშაობა დაიწყო უწყებათაშორისმა ჯგუფმა, რომელიც სასკოლო კვებასთან დაკავშირებით კონკრეტულ გეგმას შეიმუშავებს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს წარუდგენს.

შევისწავლეთ ადგილობრივი შესაძლებლობები, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და მიმდინარეობს სასკოლო კვების კონცეფციაზე აქტიური მუშაობა. განიხილება კვების მიწოდების სხვადასხვა მოდელი სურსათის უვნებლობის ექსპერტების და სხვა პროფესიონალების ჩართულობით ქვეყნის მასშტაბით რეგიონებისა და რაიონების სპეციფიკის გათვალისწინებით.

აღნიშნულ პროცესში პარლამენტის დარგობრივი კომიტეტებიც აქტიურად ჩაერთვებიან“, – განაცხადა მინისტრმა.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოაწერეს განათლების სამინისტრომ და გაეროს ბავშვთა ფონდმა, საქართველოს სკოლებში მოსწავლეთა სასკოლო კვების პროგრამის დანერგვის ხელშეწყობის კუთხით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ითვალისწინებს.

„ბათუმელები“ 12 სექტემბერს ესაუბრა გაეროს ბავშვთა ფონდს და ჰკითხა, თუ რა გაკეთდა ერთი წლის განმავლობაში პროგრამის დანერგვის თვალსაზრისით. მაშინ გვითხრეს: „ეს ძალიან რთული, კომპლექსური პროგრამაა. ჯერჯერობით რაიმე კონკრეტულს ვერ ვამბობთ, რადგან აქ წამყვანი განათლების სამინისტროა, ჩვენ უბრალოდ ვეხმარებით“.

ფონდის თქმით, „ამ ეტაპზე“, ანუ სექტემბრის თვეში ჯერჯერობით მხოლოდ  სხვადასხვას მოდელს იკვლევდნენ და ამის შემდეგ შეჯერდებოდნენ რომელიმე მოდელზე.

თუ მინისტრის დღევანდელი განცხადებით ვიმსჯელებთ, კონკრეტულ მოდელზე არჩევანი არც სამი თვის შემდეგ გაკეთებულა.

ბავშვთა უფასო კვების პროგრამა განათლების სამინისტროს 2020-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიაში არ შეუტანია.

____________________

ამ თემაზე:

„მშია მასწავლებელო“ – რა ისმის სკოლებში უფასო კვების დაპირებაზე?

 

შვეიცარიამ რუსებს $7,95 მილიარდის აქტივები გაუყინა

შვეიცარიამ 7,5 მილიარდი შვეიცარიული კრონის (დაახლოებით $7,95 მილიარდი) ღირებულების რუსული აქტივები გაყინა.

ამის შესახებ ეკონომიკის საკითხებში სახელმწიფო სამდივნოს (SECO) ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ რელიზშია ნათქვამი.

2022 წლის 3 ივლისის მდგომარეობით, სამდივნოსთვის ცნობილი იყო რუსეთის მოქალაქეების, ფიზიკური ან იურიდიული პირების დეპოზიტების შესახებ 46, 1 მილიარდი ფრანკის ოდენობით. 25 ნოემბრის მდგომარეობით, შვეიცარიაში უკვე გაყინულმა აქტივებმა 7,5 მილიარდ ფრანკს მიაღწია.

„უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის პასუხად 28 თებერვალს ფედერალურმა საბჭომ გადაწყვიტა შეერთებოდა ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და ამით კიდევ უფრო გაეძლიერებინა სანქციების ეფექტი.

აიკრძალა რუსეთის მოქალაქეებისგან, რუსეთში დარეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირებისგან დეპოზიტების მიღება თუ მისი ოდენობა ერთ ადამიანზე აჭარბებს 100 000 შვეიცარიულ ფრანკს. საკითხი იმ დეპოზიტების შესახებ შვეიცარიულ ბანკებში, რომელთა ოდენობაც აჭარბებდა 100 000 ფრანკს, შესასწავლად უნდა გადასცემოდა ეკონომიკის საკითხებში სახელმწიფო სამდივნოს,“ – ნათქვამია სამდივნოს განცხადებაში.

SECO-ს ინფორმაციით, ქვეყანამ ასევე დააყადაღა უძრავი ქონების 15 ობიექტი, რომლებიც სანქცირებულ პირებს ან ორგანიზაციებს ეკუთვნოდათ.

___

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში ომით გამოწვეულმა ზიანმა 600 მილიარდ ევროს მიაღწია.

„რუსეთმა და მისმა ოლიგარქებმა უნდა გადაუხადონ ზიანი უკრაინას და დაფარონ ქვეყნის აღდგენისთვის საჭირო ხარჯები. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ვაიძულოთ რუსეთი, ეს გააკეთოს. ჩვენ უკვე გავყინეთ 300 მილიარდი ევრო რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვებიდან და რუსი ოლიგარქების თანხები – 19 მილიარდი ევრო,“ – ამბობს ურსულა ფონ დერ ლაიენი და დასძენს, რომ პარტნიორებთან ერთად ევროკომისია შექმნის სტრუქტურას, რომელიც ამ თანხების მართვაზე იმუშავებს.

ალცჰაიმერის წამალი, რომელიც ადრეული დიაგნოსტირების შემთხვევაში მუშაობს

მეცნიერებმა რევოლუციური უწოდეს პირველ წამალს, რომელიც ალცჰაიმერის დაავადების დროს ტვინის განადგურებას ანელებს. ბრიტანული გამოცემა BBC-ი წერს, რომ კვლევის მიღწევამ დაასრულა ათწლეულების წარუმატებლობა ამ დარგში და აჩვენა, რომ ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალოდ წამლების ახალი ერა უკვე რეალობაა.

თუმცა ახალი წამალი სახელწოდებით „ლეკანემაბი“ მხოლოდ ნაწილობრივ იძლევა ეფექტს და მისი ეფექტურობაც ჯერ კიდევ განსჯის საგანია.
საქმე ის არის, რომ პრეპარატი მოქმედებს დაავადების ადრეულ სტადიაზე, ამიტომ, სანამ მსგავსი გარღვევა/წინსვლა არ მოხდება ალცჰაიმერის დიაგნოსტირებაში, ის ვერ დაეხმარება ადამიანების უმეტესობას.

➡️ წაიკითხეთ: ბრიტანელმა მეცნიერებმა კომპიუტერს ალცჰაიმერის დიაგნოსტიკა ასწავლეს – BBC

„ლეკანემაბი“ ზემოქმედებს ალცჰაიმერის დაავადების მქონე ადამიანების ტვინში დაგროვებულ ცილოვან მასა – ბეტა-ამილოიდზე.
„ლეკანემაბი“ არის ანტისხეული, დაახლოებით ისეთი, რომლებსაც ჩვენი ორგანიზმი ქმნის ვირუსებთან ან ბაქტერიებთან საბრძოლველად. ის ავალებს იმუნურ სისტემას, გაასუფთაოს ტვინი ამილოიდისგან.

ფართომასშტაბიან კვლევაში მონაწილეობდა 1795 მოხალისე ალცჰაიმერის დაავადების ადრეული სტადიით. ისინი წამალს ორ კვირაში ერთხელ იღებდნენ.

მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი მკვლევარი ამ განხრით, პროფესორი ჯონ ჰარდი, რომელმაც 30 წლის წინ წამოაყენა ამილოიდებთან ბრძოლის იდეა, BBC-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ეს „ისტორიული“ მოვლენაა. „ჩვენ ვხედავთ ალცჰაიმერის თერაპიის დასაწყისს“, – თქვა მან. პროფესორმა ტარა სპირეს-ჯონსმა, ედინბურგის უნივერსიტეტიდან თქვა, რომ ეს შედეგები „დიდი საქმეა, რადგან დიდი ხნის განმავლობაში გვქონდა 100% წარუმატებლობის მაჩვენებელი“.

კლინიკური კვლევის შედეგები, რაც წარმოდგენილი იყო სან-ფრანცისკოში, ალცჰაიმერის დაავადების კონფერენციაზე და გამოქვეყნდა New England Journal of Medicine-ში, არ ამბობს, რომ ხდება სასწაულებრივი განკურნება. კვლევის განმავლობაში დაავადება კვლავ ართმევდა ადამიანებს მეხსიერებას, მაგრამ ეს შემცირება შენელდა დაახლოებით მეოთხედით მკურნალობის 18 თვის განმავლობაში.

„ლეკანემაბმა შეამცირა ამილოიდის მარკერები ალცჰაიმერის დაავადების ადრეულ ეტაპზე და გამოიწვია შემეცნებისა და ფუნქციის ზომიერად ნაკლები დაქვეითება, ვიდრე პლაცებომ 18 თვის განმავლობაში, მაგრამ დაკავშირებული იყო გვერდით ეფექტებთან. აუცილებელია უფრო ხანგრძლივი კვლევა ალცჰაიმერის დაავადების საწყის ეტაპზე ლეკანემაბის ეფექტურობისა და უსაფრთხოების განსასაზღვრად“, – წერია კვლევის დასკვნაში.

მონაცემებს უკვე აფასებენ მარეგულირებლები აშშ-ში. ისინი მალე გადაწყვეტენ, შეიძლება თუ არა „ლეკანემაბის“ დამტკიცება ფართო გამოყენებისთვის. არსებული ინფორმაციით, წამლის დეველოპერი ფარმაცევტული კომპანიები Eisai (იაპონია) და Biogen-ი (აშშ) გეგმავენ მომავალ წელს  წამლის სერტიფიცირების პროცესის დაწყებას სხვა ქვეყნებში.

რუსეთის სტრატეგია არ მუშაობს და არც იმუშავებს – ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, პუტინმა მთელი თავისი „რისხვა და ცეცხლი“ უკრაინის მოქალაქეებისკენ მიმართა, თუმცა რუსეთის ახლანდელი სტრატეგია მიზანს მაინც ვერ მიაღწევს.

„გათბობა, წყალი, ელექტროენერგია… პრეზიდენტ პუტინის ახალი სამიზნეებია და ძალიან ძლიერად ურტყამს მათ,“ – თქვა ბლინკენმა ბუქარესტში NATO-ს ორდღიანი სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, პუტინი ცდილობს, კიევს მოკავშირეები ჩამოაშოროს და აიძულოს დასავლეთი, უკრაინა შიმშილისა და ყინვისთვის გაწიროს.

„ეს სტრატეგია არ მუშაობს და არც იმუშავებს. ჩვენ დავამტკიცებთ, რომ რუსეთი ცდება. სწორედ ამას ვისმენდი ხმამაღლა და ცხადად თითოეული ქვეყნისგან ბუქარესტში,“ – დასძინა ბლინკენმა.

სახელმწიფო მდივნის განცხაებით, NATO-ს მინისტერიალის მთავარი გზავნილი ასეთი იყო: „ჩვენი საერთო ძალისხმევა უკრაინის მხარდასაჭერად ურყევად გაგრძელდება. ახლა, ამ ზამთრის განმავლობაშიც და იმდენ ხანს, რამდენიც უკრაინას მიზნის მისაღწევად დასჭირდება“.

შეერთებულმა შტატებმა სამშაბათს უკრაინისთვის $53-მილიონიანი დახმარების შესახებაც გამოაცხადა. თანხა განკუთვნილია უკრაინის ელექტროქსელისთვის საჭირო აღჭურვილობის შესაძენად.

რუსეთი სავარაუდოდ მორიგი მასშტაბური სარაკეტო დაბომბვისთვის ემზადება – Der Spiegel

ნიგერიელმა მიგრანტებმა ტანკერის საჭეზე 11 დღე გაატარეს და კანარის კუნძულებამდე მივიდნენ

ესპანეთის სანაპირო დაცვამ გადაარჩინა სამი მიგრანტი, რომლებიც 11 დღე ტანკერის რუმპელზე ისხდნენ და ნიგერიიდან კანარის კუნძულებამდე მიაღწიეს.

ფოტოზე, რომელიც ესპანეთის სანაპირო დაცვამ ტვიტერზე გაავრცელა, ნავთობტანკერის, Alithini II-ის რუმპელზე მსხდომი სამი კაცი ჩანს.

მალტის დროში ქვეშ მცურავმა Alithini II-მა ნიგერიის ქალაქ ლაგოსიდან გრან-კანარის ლას-პალმასამდე  2700 საზღვაო მილი გაიარა.

ესპანეთის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, მიგრანტები კლინიკაში გადაიყვანეს, რადგან სამივეს გაუწყლოვნებისა და ჰიპოთერმიის ნიშნები ჰქონდა.

The Guardian-ი წერს, რომ ჩრდილოეთ აფრიკიდან კანარის კუნძულებისკენ სახიფათო მგზავრობის შემთხვევები 2019 წლიდან, ხმელთაშუაზღვის მარშრუტებზე კონტროლის გამკაცრების შემდეგ დრამატულად გაიზარდა.

2020 წლის ოქტომბერში ხუთი ადამიანი მალულად შეიპარა ნავთობის ტანკერზე, რომელიც ლაგოსიდან ლას-პალმასისკენ მიემგზავრებოდა. ისინი 10 დღის შემდეგ პოლიციამ ტანკერის რუმპელზე იპოვა.

ესპანეთის მონაცემებით, საზღვაო მიგრაცია წელს, პირველ ხუთ თვეში, შარშანდელთან შედარებით 51%-ითაა გაზრდილი.

ყოველწლიურად ათასობით ადამიანი იღუპება ასეთ მგზავრობაში, რომელიც კიდევ უფრო საშიში ხდება ხისა და გასაბერი ნავების გამო.

მთავარ ფოტოზე: ნიგერიელი მიგრანტები ტანკერის საჭის ფრთაზე/ფოტო: EFE Agency

თიბისიმ ბაინანსთან პარტნიორობის მემორანდუმი გააფორმა

თიბისიმ თანამშრომლობა დაიწყო საერთაშორისო კომპანია ბაინანსთან – ბლოკჩეინ ეკოსისტემისა და კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის მსოფლიოს წამყვან პროვაიდერთან.

2022 წლის 30 ნოემბერს ბაინანსის აღმასრულებელი დირექტორი, ჩანპენ ჯაო (CZ) და თიბისის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე ერთმანეთს შეხვდნენ თიბისი კონცეპტის სივრცეში, სადაც განიხილეს თანამშრომლობის ის სფეროები, რომლებსაც ნოემბერში გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი ითვალისწინებს.

ეს არის ქვეყნისა და რეგიონის მასშტაბით უპრეცედენტო თანამშრომლობა, რომლის მხარეებიც არიან, ერთი მხრივ, მსოფლიოს წამყვანი კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინ ინფრასტრუქტურის პროვაიდერი ბაინანსი და, მეორე მხრივ, რეგიონის ლიდერი საფინანსო ინსტიტუტი და წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია – თიბისი. ორი დიდი ბრენდის თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ვირტუალური აქტივების ბაზრისა და ციფრული ეკოსისტემის განვითარებას, როგორც საქართველოში, ისე მთლიანად კავკასიის რეგიონში.

მემორანდუმის მიხედვით, ბაინანსი და თიბისი დაინტერესებულები არიან საქართველოში ვირტუალური აქტივების ბაზრების განვითარებითა და გრძელვადიანი და მდგრადი თანამშრომლობით. როგორც ბაინანსის პარტნიორი, თიბისი უზრუნველყოფს ანგარიშებს კრიპტოვალუტის კონვერტირებისა და ადგილობრივ ვალუტაზე გადასაცვლელად, რათა ადგილობრივმა მომხმარებლებმა შეძლონ „ბაინანს საქართველოს“ პლატფორმაზე კრიპტოვალუტის შეძენა და გაყიდვა ლარის გამოყენებით. გარდა ამისა, თიბისი და ბაინანსი განიხილავენ  ბაინანსის ბარათის გამოშვებას. ბაინანსი კი, თავის მხრივ განიხილავს თიბისი ბანკისა და მისი შვილობილი კომპანიებისთვის კრიპტოსაბროკერო API-ს შეთავაზებას, რათა თიბისის მომხმარებლებს საინვესტიციო პლატფორმებზე კრიპტოვალუტით წვდომის შესაძლებლობა ჰქონდეთ.

საფინანსო რეგულაციებთან შესაბამისობის თვალსაზისით, ბაინანსი კრიპტოინდუსტრიის უდავო ლიდერია. კომპანია იცავს გლობალურ სანქციებს, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის (AML) პრინციპებს და პროაქტიულად იყენებს საეჭვო ანგარიშებისა და თაღლითური ოპერაციების ამოცნობის მექანიზმებს. დაცვის ამ მექანიზმებისა და რეგულაციებთან შესაბამისობის პროგრამის გათვალისწინებით, ბაინანსი თიბისისთვის სანდო და სტაბილური პარტნიორია, რომელიც ქართველ მომხმარებელს მაქსიმალურად უსაფრთხო და დაცულ გარემოს შეუქმნის კრიპტოსავალუტო ოპერაციების განსახორციელებლად.

„დღეს დავაანონსეთ თიბისისა და ბაინანსის პარტნიორობა, რაც ჩვენი მომხმარებლების ცხოვრების გამარტივებას ემსახურება. 2023 წლიდან, ნებისმიერ მსურველს შეეძლება, ბაინანსის პლატფორმაზე შეიძინოს და გაყიდოს კრიპტოვალუტა თიბისი ბანკის გადახდის არხების გამოყენებით. მჯერა, რომ ბაინანსი პასუხისმგებლიანი გლობალური მოთამაშეა, რომელიც კარგად აცნობიერებს კრიპტო ინდუსტრიის რისკებს, იცავს საერთაშორისო სანქციებს და ხელმძღვანელობს ფულის გათეთრებასთან/ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის პროცედურებით (AML/CTF). ამასთან ერთად, ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მომხმარებელთა შორის ფინანსური წიგნიერებისა და ცნობიერების ამაღლებას და ამ გზით მათთვის დამატებითი ღირებულება შევქმნათ. გვჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს რეგიონში ვირტუალური აქტივების ბაზრების განვითარებას და დიდად წაადგება ჩვენს მომხმარებელს,“ – აცხადებს ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

რუსეთი სავარაუდოდ მორიგი მასშტაბური სარაკეტო დაბომბვისთვის ემზადება – Der Spiegel

უკრაინაზე მორიგი მასშტაბური სარაკეტო თავდასხმისთვის მზადებას გერმანული Der Spiegel-ის ცნობით, სარატოვის რუსული აეროდრომის სატელიტური ფოტოები ადასტურებს.

ფოტოებზე დაახლოებით ორი ათეული გამანადგურებელი Ту-95 და Т-160 ჩანს.

„აქტივობა ბაზაზე ძალიან მაღალია,“ – ამბობს გამოცემასთან სამხედრო ანალიტიკოსი არდა მევლუთოღლუ.

მისი თქმით, კადრებზე ასევე ჩანს ცისტერნები საწვავით, ყუთები საბრძოლო მასალებით, სატრანსპორტო საშუალებები და სარემონტო მასალები. გარდა ამისა, „ბევრი სატვირთო თვითმფრინავი, რაც ადასტურებს, რომ აეროდრომზე ახლახან დიდი მოცულობის ტვირთი მიიტანეს, სავარაუდოდ, ფრთოსანი რაკეტები“.

პოლონური ანალიტიკური ცენტრის, Rochan Consulting-ის ხელმძღვანელი კონრად მუზიკაც ადასტურებს, რომ აეროდრომზე საბრძოლო აქტივობა მკვეთად გაზრდილია.

„ბევრი მოძრაობაა, ემსახურებიან თვითმფრინავებს და აშკარაა, რომ ემზადებიან ახალი ოპერაციისთვის. გარდა ამისა, შეინიშნება ისეთი ტექნიკა, რომელიც  Х-55 და Х-101 ტიპის ფრთოსანი რაკეტების გადასატანად გამოიყენება,“ – აღნიშნავს ის.

ანალიტიკოსების აზრით, აეროდრომი „ენგელს 2“ რუსეთის საავიაციო ძალების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბაზაა, რადგან სწორედ იქაა განლაგებული სტრატეგიული გამანადგურებლების ორი პოლკი, რომელიც რუსეთის საჰაერო ბირთვული შეკავების ტაქტიკის ნაწილია.

თებერვალში, როდესაც ომის დასაწყებად ემზადებოდა, რუსეთმა ამ აეროდრომზე დამატებითი გამანადგურებლები განალაგა და მას შემდეგ ბაზას უკრაინაზე მასშტაბური საჰაერო დარტყმებისთვის იყენებს.

რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ახალი შეტევისთვის ემზადება.

ახალი სარაკეტო თავდასხმისთვის მზადებაზე წერდა ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტიც (ISW).

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსი რეზნიკოვის ცნობით, რუსეთმა ბოლო ათ თვეში 16 ათასი სარაკეტო დარტყმა განახორციელა უკრაინის ტერიტორიაზე. სამიზნეების 97% სამოქალაქო ობიექტი იყო.

უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ეროვნული საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის თქმით, რუსეთს რაკეტების მარაგი კიდევ სამი-ოთხი მასშტაბური შეტევისთვის ეყოფა.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი სარაკეტო კამპანიის ეფექტიანობა იკლებს, რადგან მოსკოვმა შესაბამისი რაკეტების არსენალი თითქმის ამოწურა.

მთავარი ფოტოზე: სარატოვის აეროდრომის სატელიტური ფოტო/Maxar Technologies

Exit mobile version