მთავარი,სიახლეები

„რატომ არ გადაიღეთ პირადი ჩხრეკა?“ – ოზთურქის ადვოკატი გამომძიებელს

02.12.2022 • 1207
„რატომ არ გადაიღეთ პირადი ჩხრეკა?“ – ოზთურქის ადვოკატი გამომძიებელს

ბიზნესმენი, მილიონერი გალიფ ოზთურქი საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეა. მის წინააღმდეგ თავდაპირველად გამოძიება ფინანსური კუთხით დაიწყო, თუმცა მას ამ ეტაპზე გამოძიება მხოლოდ ნარკოდანაშაულის ჩადენას ედავება. სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი აპარტამენტებიდან 7,2159  გრამი კოკაინი ამოიღეს.

„მაგრამ ჩხრეკაში 10 გამომძიებელი მონაწილეობდა, ერთ-ერთ კადრში, რაც თქვენ გადაიღეთ, მხოლოდ 2 გამომძიებლის მოქმედება ჩანს… დაახლოებით 3-წუთიანი კადრია… რას აკეთებდნენ ამ დროს დანარჩენები?“ – ამ კითხვით ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა სცადა მოსამართლისთვის იმის ახსნა, რომ გამოძიების მიერ ჩხრეკის დროს გადაღებულ ვიდეოში ჩხრეკაში ჩართული ყველა პირის მოქმედება არ ჩანს.

„ჯერ ავედით ლიფტით მე-18 სართულზე, მერე იქიდან მე-19-ზე, ნივთმტკიცების ამოღებას ვიღებდი, სხვები ამ დროს ქვემოთ იყვნენ“, – განმარტა მოწმე, ოთარ გვენეტაძემ. იგი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელია და დასძინა, რომ იმ დილით ჩხრეკის ვიდეოგადაღებაზე დავალება უშუალოდ დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ხელმძღვანელისგან მიიღო.

„რატომ არ გადაიღეთ უშუალოდ ოზთურქის ჩხრეკა?“ – ისევ იკითხა ადვოკატმა. მოწმის თქმით, მან პირადი ჩხრეკაც გადაიღო, რასაც ადვოკატი უარყოფს.

„გადაღებული უნდა იყოს, არ ვიცი, ვიღაცამ უთხრა ალბათ… ოთარმა რა გადაიღო და რა – არა, არ ვიცი. ადგილზე გამოძიებას ხელმძღვანელობდა არჩილ სურმანიძე“, – აღნიშნა მოწმე გიორგი ხარშილაძემ, რომელიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის აჭარის სამმართველოს ხელმძღვანელია.

მისივე განმარტებით, საგამოძიებო მოქმედებაში ამავე უწყების სხვა რეგიონული ერთეულის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, გამოძიება კი, თავდაპირველად 2022 წლის აპრილში ყალბი საგადასახადო დოკუმენტაციის ფაქტზე დაწყებულა.

„მეც რიგითი მჩხრეკავი ვიყავი იქ“, – ადვოკატს გაუღიმა მოწმემ.

საგამოძიებო პროცესს კონკრეტული გამომძიებელი ხელმძღვანელობს და არა უწყების ხელმძღვანელი.

„ყველა ოთახი შემოწმდა?“ – ჰკითხა მოწმეს გამომძიებელმა.

„დიახ, ყველაფერი გავჩხრიკეთ… მე-18, მე-19 სართულებზე ყველა სივრცე გაიჩხრიკა“, – აღნიშნა მოწმემ.

„სპეცრაზმის წარმომადგენელი 2, თუ 3 კაცი იყო ჩვენთან“, – განაგრძო შემდეგ თხრობა საგამოძიებო უწყების ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა:

„მეტი სპეცრაზმელის იქ ყოფნა საჭირო არ იყო, ქვემოთ იდგნენ ერთად…

ჯერ გავჩხრიკეთ მე-18 სართული… ყველაზე პირველი მე ავედი იქ, შემდეგ კი, შიდა კიბით ავედით მე-19 სართულზე, სხვაგვარად იქ ვერ მოხვდები, დეტალურად შევისწავლეთ.

მე-19 სართულზე ოზთურქი არ ამოსულა, მე-18 სართულზე დარჩა“, – თქვა გიორგი ხარშილაძემ.

„გქონდათ აღჭურვილობა, მაგალითად, ნიღაბი, ხელთათმანი?“ – მოწმეს ჩააცივდა ადვოკატი და ჩხრეკის ვიდეოჩანაწერზე გააკეთა აქცენტი, სადაც ჩანს, რომ ნივთმტკიცების ამოღების დროსაც კი, გამომძიებლები შესაბამისად აღჭურვილი არ იყვნენ.

ამ საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება გენეტიკური ექსპერტიზაა – კოკაინის შეფუთვაზე ოზთურქის გენეტიკური პროფილი დაადასტურა, თუმცა ადვოკატების მტკიცებით, საეჭვოა ბევრი გარემოება, მათ შორის, შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე ნივთმტკიცების ამოღება.

„სხვა რამეზე ვიყავით მისული… სხვა მიმართულებით ვიყავით“, – უხერხულობა დაეტყო საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელს.

„რა კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობდით ამ საგამოძიებო მოქმედებაში?“ – ამ კითხვით მიუბრუნდა მოწმეს ადვოკატი რობერტ გრიგალაშვილი.

„მე ვმონაწილეობდი, როგორც თანამშრომელი“, – აღნიშნა გიორგი ხარშილაძემ, რომელიც გამომძიებელი არ არის.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რაზეც სასამართლო პროცესზე გაამახვილა ყურადღება ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა – აპარტამენტი, სადაც ჩხრეკა ჩატარდა, ოფიციალურად ოზთურქის საკუთრება არ არის, ის ბიზნესკომპანიის საკუთრებაა.

„გვითხრა კაცმა, რომ ნამდვილად იქ ცხოვრობს, მის მფლობელობაში იყო“, – უპასუხა ადვოკატს მოწმე ირაკლი ჩხენკელმა. მას შემდეგ, რაც ადვოკატმა კანონის ჩანაწერი სიტყვასიტყვით წაიკითხა: „…ჩხრეკას უნდა ესწრებოდეს მესაკუთრე, ან მისი წარმომადგენელი“.

„რომ წამოწოლილიყო ოზთურქი პარლამენტის შენობაში და ეთქვა ჩემიაო, იქაურობას გაჩხრეკდით?“ – ადვოკატის უხერხული კითხვა უპასუხოდ დარჩა.

ოზთურქის აპარტამენტის მე-19 სართულის ჩხრეკის დროს ამოიღეს გამომძიებლებმა კოკაინი. ამ დროს ოზთურქი მე-18 სართულზე იყო.

აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა: საკონსტიტუციო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ჩხრეკის შედეგად მტკიცებულების მოპოვება იმ პირობებში, როცა მოწმე მხოლოდ პოლიციელები არიან, ამავდროულად კი, არსებობს „ნეიტრალური მტკიცებულების“ მოპოვების შესაძლებლობა.

„ვერ გავიგე, საით მივდივართ“, – მხრები აიჩეჩა გამომძიებელმა, როცა ადვოკატმა მას ეს ამბავი გაახსენა.

„იქითკენ, რომ თქვენ პირადი ჩხრეკა არ გადაიღეთ, მაშინ, როცა სახლის ჩხრეკა გადაიღეთ… რატომ არ გადაიღეთ პირადი ჩხრეკა?“ – ჩააცივდა მოწმეს ადვოკატი.

„იმ დროს ასე ჩავთვალეთ საჭიროდ“, – ორჯერ გაიმეორა გამომძიებელმა იმის ნაცვლად, რომ განემარტა, რატომ გადაწყვიტეს, რომ მხოლოდ აპარტამენტის ჩხრეკა გადაეღოთ.

„ამას გამომძიებელი განმარტავს“, – საგამოძიებო მოქმედების ხელმძღვანელი გამომძიებელი იგულისხმა პროკურორმა ლევან მურვანიძემ, როცა მას პროცესის დასრულების შემდეგ ვკითხეთ: „რატომ არ გადაიღეს ოზთურქის პირადი ჩხრეკა?“

პროკურორი მიიჩნევს, რომ უადგილოა პარალელიც საკონსტიტუციოს ახალ გადაწყვეტილებასა და „ნეიტრალურ მტკიცებულებაზე“, რადგან ოზთურქის ჩხრეკას მისი ადვოკატი – დავით ჩავლეიშვილი ესწრებოდა.

გალიფ ოზთურქი წინასწარ პატიმრობაში რჩება.

———————–

მილიონერი გალიფ ოზთურქი ბათუმში 31 მაისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სპეცოპერაციის დროს დააკავა. 2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ოზთურქს არა ფინანსური დანაშაულის ჩადენას [როგორც ამის შესახებ უწყებამ წინასწარ განაცხადა], არამედ ოფიციალურად მხოლოდ ნარკოდანაშაულს ედავებიან: სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი ბინიდან 7,2159  გრამი კოკაინი ამოიღეს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ოზთურქს 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ელის.

5 ივლისს კომპანია „მეტრო ტერმინალმა“ ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, ოზთურქის სისხლში ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერება არ აღმოჩნდა. 6 ივლისს კი, გალიფ ოზთურქი ბათუმის საქალაქო სასამართლომ მარიხუანის „მცირე ოდენობით შენახვისთვის“ 500 ლარით დააჯარიმა. აქ გაირკვა, რომ ოზთურქს სისხლის სამართლის საქმის გარდა მარიხუანის ნაწილშიც ადმინისტრაციული წესით ედავებოდნენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: