მთავარი,სიახლეები

3 შვილის დედა ხულოდან: სკოლაში სწავლის შეწყვეტა მომიწია, ახლა ვაპირებ გაგრძელებას

03.12.2022 • 9904
3 შვილის დედა ხულოდან: სკოლაში სწავლის შეწყვეტა მომიწია, ახლა ვაპირებ გაგრძელებას

„რეგიონებში მსოფლმხედველობის პრობლემა გვაქვს. ქალებს ჰგონიათ, რომ არ აქვთ უფლება განათლება მიიღონ, იმუშაონ და ა.შ. თუ მე და კიდევ რამდენიმე ჩემნაირი [ქალი] ნაბიჯების გადადგმას დავიწყებთ საკუთარი თავის აღმოსაჩენად, საზოგადოებაში ადგილის დასაკავებლად, მიმაჩნია, რომ ეს ძალიან დიდი სტიმული, წახალისება იქნება სხვა ქალებისთვის, რომლებიც სახლში სხედან, შვილები ჰყავთ და ჰგონიათ, რომ  შვილებზე ზრუნვის იქეთ აღარაფერი ევალებათ, აღარაფერი სჭირდებათ“, – გვეუბნება 28 წლის ლეილა ვანაძე ხულოდან. ლეილას 8, 7 და 3 წლის შვილები ჰყავს.

ლეილა ახლა ხულოში, კოლეჯ „ახალ ტალღაში“ კომპიუტერული ტექნოლოგიების კურსზე სწავლობს. სანამ კოლეჯში სწავლაზე დაიწყებდა ფიქრს, ჯერ სკოლის საშუალო განათლების ატესტატის აღება დაისახა მიზნად.

„სკოლაში სწავლის შეწყვეტა მომიწია. მეცხრე კლასიდან ვარ გამოსული. გადავწყვიტე, საკუთარი კარიერისა და განათლებისთვის მიმეხედა. წელს ექსტერნად ჩავაბარე სკოლის გამოცდები ატესტატის ასაღებად. არ გამჭირვებია, უცხო ენასა და ისტორიაში ვემზადებოდი“, – გვიყვება ის და თავს აქტიურ, კომუნიკაციისა და მრავალფეროვნების მოყვარულ ადამიანად ახასიათებს, რომელიც მუდმივად სახლში ყოფნით, ნაჭუჭში ჩაკეტვით დაიღალა.

„ჩავთვალე, ჩემი შვილები უკვე იმ ასაკის არიან, რომ მე შემიძლია გავუმკლავდე. ვიზრუნო მათზე და ასევე, საკუთარ განათლებაზე, განვითარებაზე.

პროფესია თუ მექნება, უფრო მეტად შევძლებ ჩემს შვილებს განათლების მიღებაში, სწორი გზის პოვნაში დავეხმარო. ხულოში ვცხოვრობ და ამ შემთხვევაში, ჩემთვის უფრო მოსახერხებელი სწავლის გაგრძელება ხულოს კოლეჯ „ახალ ტალღაში“ იყო. არც იქამდე ვყოფილვარ უქმად. მუდმივად ვესწრებოდი სხვადასხვა ტრენინგს. ბოლოს  “ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლათფორმების გაძლიერების (LINKS)” პროექტის ფარგლებში გავიარე ტრენინგები და სტაჟირება დავიწყე ხულოს საჯარო ბიბლიოთეკაში“, – გვითხრა ლეილამ.

ლეილას თქმით, სამსახურში უთხრეს, რომ, შესაძლოა, სტაჟირების შემდეგაც დატოვონ სამუშაოდ, თუმცა მიიჩნევს, რომ მუშაობის დაწყებისთვის აუცილებელია განათლების მიღება და ამის დამადასტურებელი საბუთი. მისი თქმით, კოლეჯში სწავლა და იქ მიღებული ცოდნა ძალიან ეხმარება, სტაჟირებას კარგად რომ გაართვას თავი.

„იყო რეპლიკები: რაღა დროს შენი სწავლაა,  ბავშვებს მოაკლებ ხელს, შენ უნდა ისწავლო თუ ბავშვებს უნდა ასწავლო და ა.შ. ჩემი მეუღლე ყოველთვის მხარში მედგა და სტიმულს მაძლევდა, რომ, აი, შეგიძლია და აუცილებლად გააკეთებ იმას, რაც გაქვს მიზნად. პირველი ნაბიჯები რომ გადავდგი და სწავლა გავაგრძელე, მისი დამსახურებაა“, – ამბობს ლეილა.

ქალის თქმით, კოლეჯში, მის ჯგუფში, ახლა სულ 10 სტუდენტი სწავლობს და ყველა მათგანი ხულოდან ან ხულოს მეზობელი სოფლებიდანაა: „ჩვენი ჯგუფიდან ერთი ქალი, 2  შვილის დედა სოფელ თაგოში ცხოვრობს. მას ჯერ არ აქვს გადაადგილების პრობლემა, თუმცა ზამთარში, როცა დიდი თოვლი მოვა, ვფიქრობ, ძალიან გაუჭირდება ლექციებზე დასწრება. თაგოდან საბაგიროთი მოძრაობენ და ზამთარში პრობლემები იქმნება.

ხულოს დაბაში მცხოვრები ქალების დაახლოებით 70 % სადღაც რაღაცას აკეთებს. შეიძლება ითქვას, რომ სოფლებთან შედარებით, ცენტრში ცხოვრება პრივილეგიაა. სოფელში მცხოვრებ ქალებს უჭირთ სოფლიდან გასვლა“.

ლეილა ფიქრობს, რომ ხულოელი ქალები სათანადოდ არ იცნობენ საკუთარ უფლებებს. მაგალითად, მის გარშემო მცხოვრებთა ხედვები ორად იყოფა – ქორწინებაში მყოფმა ქალებმა, ვისაც შვილები ჰყავთ, უნდა მიიღონ განათლება თუნდაც ხულოს კოლეჯში თუ არა.

„არის კატეგორია, რომელიც ამბობს, რომ კი, რატომაც არა, მივესალმები და მხარს გიჭერ [ისწავლო]. რაღაც ნაწილი კი ამბობს, რომ არ გჭირდება განათლება, არ არის ახლა ამის დრო და ახლა უკვე გვიანია, სწავლის სურვილი გქონდეს. იმასაც გააჩნია, ვინ მოინდომებს სწავლას და რა ასაკში.

თუ, მაგალითად, 55-60 წლის ქალი მოინდომებს სწავლას, მისთვის უფრო რთული იქნება მიზნის მიღწევა. იცით, რომ სოფლებში ძალიან ბევრი საქმეა. აჭარის სოფლებში ძალიან დატვირთულები არიან ქალები. არ აქვთ ოჯახებიდან გასვლის დრო. ეუბნებიან – შენ რა უნდა ისწავლო, ან რა უნდა მოიტანო მაგ სწავლით იმაზე მეტი, ვიდრე სახლში არ ყოფნით დაკარგავ. კი, ასეთი აზრებია სამწუხაროდ. თუმცა, მონდომება და სურვილი მაინც ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს ლეილა.

ის სტაჟირებისა და კოლეჯში სწავლის პარალელურად ონლაინ ლექციებს ისმენს კრიმინოლოგიაში. პრაქტიკულ სავარჯიშოებს ასრულებს სისხლისა და სამოქალაქო სამართლის გამოძიებაში.

სამართალმცოდნეობა სწორედ ის მიმართულებაა, რომელიც ლეილას ყველაზე მეტად აინტერესებს.

„ამ ყველაფერს: სტაჟირებას, სწავლას, ლექციების კურსს კრიმინოლოგიაში ერთად ვასრულებ. შემდეგ ერთიან ეროვნულ გამოცდებს ჩავაბარებ: აუცილებლად მინდა სწავლა უნივერსიტეტში გავაგრძელო იურიდიულ ფაკულტეტზე.

ვფიქრობ, ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს სამართლის მხრივ ქვეყანაში. მე აუცილებლად ბავშვთა უფლებების დაცვაზე ვიზრუნებ,“ – გვითხრა ლეილამ. 

ლეილა მუსლიმია. 15 წლიდან ატარებს თავსაფარს. ამბობს, რომ ქალებს, რომლებიც თავსაფარს ატარებენ, ბარიერები დღესაც ხვდებათ და ბევრი მისი მეგობარი ამ მიზეზით ვერ საქმდება, მაგალითად, ბათუმში, მიუხედავად იმის, რომ მიღებული აქვთ უმაღლესი განათლება: „ჯერ კიდევ არის ბარიერი საზოგადოებასა და ჩვენ შორის, სამწუხაროდ“.

ლეილა უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ აპირებს დაბრუნდეს ხულოში. ფიქრობს, რომ ხულოელ ახალგაზრდებს, რომელთა უფლებების დაცვასაც გეგმავს, უფრო დასჭირდებათ მისი ცოდნა.

ის ამბობს, რომ ხულოში თავს კომფორტულად გრძნობს: ხულო პატარა მუნიციპალიტეტია. ყველა ყველას იცნობს და საბოლოოდ, მთელი ძალებით ცდილობენ ერთმანეთის დახმარებასო.

ლეილა საუბრობს ხულოში არსებულ პრობლემებზეც: „ვფიქრობ, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა განსაკუთრებით დაბალ დონეზე გვაქვს ხულოში, არ არის სამუშაო ადგილები. ხალხს არ შეუძლია დასაქმება. ჩამორჩენა გვაქვს ამ მხრივ, თუმცა იმედს არ ვკარგავთ.

ბევრი განათლებული მეგობარი მყავს, რომლებიც ხულოდან ან საზღვარგარეთ, ან ბათუმსა და თბილისში წავიდნენ, იქ დაიწყეს მუშაობა.

ხულოში მუშაობის საშუალება ალბათ კაცებს მაინც უფრო მეტად აქვთ – მშენებლობებია, სარემონტო სამუშაოები… ქალებისთვის [დასაქმება] ძალიან დიდი პრობლემაა აქ. ბევრი განათლებული ქალი ვიცი ხულოში, რომელიც არ არის დასაქმებული“, – გვითხრა ლეილამ.

საუბრის ბოლოს ლეილა ქალებს, განსაკუთრებით კი რეგიონებსა და პერიფერიულ სოფლებში მცხოვრებთ, ურჩევს: შეუძლებელი არაფერია. უნდა დაისახონ მიზნები და თუ სათანადოდ მოინდომებენ, აუცილებლად შეძლებენ ამ მიზნების მიღწევას:

„არ არის ერთი ან თუნდაც რამდენიმე შვილის ყოლა გადაულახავი ბარიერი, რის გამოც უარი უნდა ვთქვათ განათლებაზე. ყველა ქალმა უნდა იზრუნოს საკუთარი თავის განვითარებაზე. რაც უფრო მეტი განვითარებული ქალი გვეყოლება, მეტად შეგვიძლია წინ წასვლა. ზოგადად, ქალებს შეგვიძლია ჩვენი სიტყვა ვთქვათ საზოგადოებაში“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: