მთავარი,სიახლეები

ომში უკვე 100 ათასზე მეტი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა – ევროკომისიის პრეზიდენტი

30.11.2022
ომში უკვე 100 ათასზე მეტი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა – ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 20 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და 100 ათასზე მეტი სამხედრო დაიღუპა, ომით გამოწვეულმა ზიანმა კი 600 მილიარდ ევროს მიაღწია.

„რუსეთის სამხედრო აგრესიამ მოიტანა სიკვდილი, განადგურება და ენით აღუწერელი ტკივილი. ჩვენ ყველას გვახსოვს ბუჩის საშინელება. რუსეთმა პასუხი უნდა აგოს თავისი სასტიკი დანაშაულებისთვის,“ – ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი.

ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ბრიუსელი პარტნიორებთან ერთად შეიმუშავებს გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციის გეგმას, რათა რუსეთმა და რუსმა ოლიგარქებმა ზიანის კომპენსაცია სრულად გადაიხადონ.

„რუსეთმა ფინანსურადაც უნდა აგოს პასუხი. რუსეთმა და მისმა ოლიგარქებმა უნდა გადაუხადონ ზიანი უკრაინას და დაფარონ ქვეყნის აღდგენისთვის საჭირო ხარჯები. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ვაიძულოთ რუსეთი, ეს გააკეთოს. ჩვენ უკვე გავყინეთ 300 მილიარდი ევრო რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვებიდან და რუსი ოლიგარქების თანხები – 19 მილიარდი ევრო,“ – ამბობს ურსულა ფონ დერ ლაიენი და დასძენს, რომ პარტნიორებთან ერთად ევროკომისია შექმნის სტრუქტურას, რომელიც ამ თანხების მართვაზე იმუშავებს.

მისი თქმით, ევროკომისია ასევე გამოდის ინიციატივით, გაეროს მხარდაჭერით შეიქმნას სპეციალიზებული სასამართლო რუსეთის სამხედრო დანაშაულების გამოსაძიებლად.

ევროკომისიის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, ეყრდნობა თუ არა მსხვერპლისა და სამხედრო დანაკარგების შესახებ მონაცემები უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციას, თუ ეს დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციების ან პარტნიორი ქვეყნების გათვლებია.

უკრაინის ხელისუფლებას ომში დანაკარგების შესახებ ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია. ნოემბრის დასაწყისში აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის მეთაურმა, გენერალმა მარკ მილიმ უკრაინის დანაკარგი 100 ათასზე მეტი დაღუპული ან დაჭრილი სამხედროთი შეაფასა.

უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, ომში რუსეთმა 88 880 სამხედრო დაკარგა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: