განათლება,მთავარი,სიახლეები

როგორ კვებავენ ბავშვებს ესტონეთისა და აშშ-ის სკოლებში – რას გვიყვებიან ქართველი პედაგოგები

02.12.2022 • 6474
როგორ კვებავენ ბავშვებს ესტონეთისა და აშშ-ის სკოლებში – რას გვიყვებიან ქართველი პედაგოგები

„ხშირად მაქვს შემთხვევა, როცა ბავშვს გული წაუვა, მოვა სამედიცინო დახმარება და გამოკითხვის შემდეგ ბავშვი ამბობს, რომ „დღეს არ მისაუზმია“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ფერიის საჯარო სკოლის დირექტორი, ლეილა დუმბაძე.

მისი თქმით, სკოლებში უფასო კვების დანერგვა აუცილებელია, რადგან ხშირად ბავშვები სახლიდან ცხრის ნახევარზე გამოდიან და საუზმობას ვერ ასწრებენ. „ ბავშვები სკოლაში სამ საათამდე მშიერი იმყოფება. ზოგიერთს ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს და შეიძლება ცუდად გახდეს.

ბავშვის მშიერი ყოფნა ისედაც არ შეიძლება, რადგან უარყოფით გავლენას ახდენს მის განვითარებაზე“, – ამბობს დირექტორი.

მიმდინარე წლის გაზაფხულზე ლეილა დუმბაძე ესტონეთში იმყოფებოდა თავის კოლეგებთან ერთად, სადაც საგანმანათლებლო სისტემას, მათ შორის, სკოლებში უფასო კვების მოდელსაც გაეცნო. მისი თქმით, ესტონელი მოსწავლეებისთვის სკოლაში კვება უფასოა და მთლიანად აფინანსებს სახელმწიფო.

„კვება გათვლილია ყველა მოსწავლეზე. ბავშვები დილით, შვიდი საათიდან რვის ნახევრამდე შეჰყავთ მშობლებს სკოლაში და მთელი დღის განმავლობაში მოსწავლეები სკოლის შენობაში იმყოფებიან.

სკოლის ინფრასტრუქტურა ორიენტირებულია ბავშვზე, აქვთ ძალიან დიდი სივრცეები, გამწვანებული ეზოები, სადაც ბავშვს შეუძლია გაატაროს დრო, ისეირნოს და დაისვენოს.

საკვები მორგებულია ბავშვების ჯანმრთელობაზე და გათვალისწინებულია მათი გემოვნებაც. საუზმე, სადილი და სამხარი ისეთი ჰქონდათ, მოლოდონს გადააჭარბა“, – გვითხრა ლეილა დუმბაძემ.

მისი თქმით, სკოლაში სასადილო სივრცე ცალკეა გამოყოფილი და ყველა სტანდარტია დაცული. კვებისთვის მინიმუმ ნახევარი საათია გათვალისწინებული და ყველა კლასი მონაცვლეობით შედის კვების სივრცეში:

„ჰქონდათ სამივე – წვნიანი, ბოსტნეული, ხილი. იყენებდნენ ერთჯერად, მაგრამ ხარისხიან ჭურჭელს. ჰიგიენა დაცულია მაღალ დონეზე.“

სასადილო ოთახი ესტონეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში.
ფოტო: ლეილა დუმბაძე

მისი ინფორმაციით, სკოლაში კვებას ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი აფინანსებს.

„იქ განათლების სამინისტროს სკოლა მხოლოდ საგანმანათლებლო პროგრამებს უთანხებს, სხვა საჭიროებებს, იქნება ეს კვება თუ სხვა ხარჯი, მუნიციპალიტეტი აფინანსებს.

ერთადერთმა სკოლამ გვითხრა მხოლოდ, რომ სამინისტროსგან მოულოდნელად მივიღეთ კომპიუტერები და ეს იყო სასწაული, რადგან არ ველოდითო. ფინანსური ანგარიშვალდებულება აქვთ თვითმმართველობებს,“ – ამბობს ლეილა.

მისი თქმით, სკოლაში მუშაობის 23-წლიანი გამოცდილება აქვს, თუმცა სკოლაში კვების აუცილებლობაზე ფიქრი ბოლო 7 წელია, რაც აქტიურად დაიწყო.

„ესტონეთში ჩასვლამდეც ვფიქრობდი ამ საკითხზე, რადგან ჩემი დაკვირვებითაც ვხედავდი, თუ რამდენად აუცილებელია მოსწავლის სკოლაში გამოკვება.

ბევრი მშობელია წასული საზღვარგარეთ სამუშაოდ. მოსწავლეები ძირითადად მშივრები მოდიან სკოლაში. მინიმუმი ხომ შეიძლება დავნერგოთ, ხილი მაინც რომ მივაწოდოთ“, – გვეუბნება ის.

სკოლაში მოსწავლეების გამოკვების აუცილებლობაზე გვესაუბრა სოფელ თხილნარის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი მზია სალაძეც, რომელიც „ახალი სკოლის მოდელის“ ტრენერიცაა.

„მე ორივე ცვლაში ვმუშაობ სკოლაში და ძალიან რთული მდგომარეობაა. არ ვიცი, ვერ ასწრებენ, თუ რატომ არ საუზმობენ ბავშვები სახლში, მოდიან მშივრები და შემდეგ არაჯანსაღ საკვებს ყიდილობენ მარკეტებში.

მეორე ცვლაში კიდევ უარესი მდგომარეობაა. მშობლები მუშაობენ და ბავშვები სახლიდან იმ დროს მოდიან, როცა მშობელი სამსახურშია. ერთი პერიოდი ხილით სავსე კონტეინერი დამქონდა და ასე ვუმასპინძლდებოდი, მაგრამ ეს ხომ არ არის საკმარისი. როცა ბავშვი კარგად არის გამოკვებილი, სწავლაც და მუშაობაც უფრო ნაყოფიერია“, – გვითხრა მზია სალაძემ.

ესტონურ სკოლებში კვება დაბალასებულია, ღია სასკოლო სივრცეები კი – გამწვანებული და მოვლილი.

ესტონური კვების მოდელი მასაც მოსწონს, რადგან სრულიად უფასოა ბავშვებისთვის:

„ორ სკოლაში ვიყავი ტალინში, ერთი ძალიან დიდი სკოლა იყო. ასევე ვიყავი სკოლა-მუზეუმში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ამიტომ ჰქვია სკოლა-მუზეუმი. ძალიან ბევრი სკოლაა ასეთი ტალინში.

ყველა დასვენებაზე შეუძლია მოსწავლეს ჯანსაღი საკვები მიირთვას. ბავშვები, რომლებიც სხვადასხვა წრეზე დადიან, გვიანობამდე არიან სკოლაში და ბუნებრივია, ისინიც სათანადოდ იკვებებიან.

როგორც მითხრეს, 1 ევროზე ცოტათი მეტი ჯდება ერთი ბავშვის გამოკვება და რაციონი მთლიანად მორგებულია ბავშვისთვის განკუთვნილ კვების ნორმებს. ბავშვების კვებას მუნიციპალური ბიუჯეტი აფინანსებს.“

სკოლაში ბავშვების გამოკვების შედარებით განსხვავებული მოდელია აშშ-ში.

შორენა დოლაბერიძე განათლების სპეციალისტია, ის ამ ეტაპზე აშშ-ში, მინესოტაში ცხოვრობს ოჯახთან ერთად და იმ სკოლის მოდელზე გვესაუბრა, სადაც მისი შვილი იღებს განათლებას.

„ამერიკაში არ აქვს მნიშვნელობა, რომელ სოციალურ ფენას მიეკუთვნები, სკოლაში ყველა ბავშვს აქვს ხელმისაწვდომობა საკვებზე და ეს არის არჩევითი.

მოსწავლეს შეუძლია სახლიდან წაიღოს ლანჩბოქსი და არ მიიღოს სკოლის საკვები. თუ ვერ მოასწრებს წაღებას, რა თქმა უნდა, შეუძლია გამოიკვებოს სკოლაში.

თუ საუზმეც გინდა რომ მიიღო, მაშინ გაკვეთილებამდე ნახევარი საათით ადრე შეგიძლია მიხვიდე და გამოიკვებო. კლასები მონაცვლეობით შედიან სასაუზმე ოთახში და იქ მიირთმევენ“, – გვითხრა შორენამ.

სკოლის ეზო ესტონეთის ერთ-ერთ სკოლაში

როგორ მუშაობს გადახდის სისტემა? – ვკითხეთ მას. შორენას თქმით, ამერიკულ სკოლებში საკვები უფასო არ არის, თუმცა იმ ოჯახებს, რომლებსაც დაბალი შემოსავლები აქვთ, შეუძლიათ გადაიხადონ 1 დოლარზე ნაკლები, ან საერთოდ არ გადაიხადონ.

„გააჩნია ოჯახის შემოსავალს, მაგრამ ის ფასიანიც ყველა ბავშვისთვისაა ხელმისაწვდომი. საშუალოდ, საუზმე ერთ ბავშვზე გამოდის 2 დოლარი, ლანჩი არის 3 დოლარი. მაგრამ თუ ამერიკულ ხელფასებს შევხედავთ, ამ ფონზე ყველა ბავშვისთვის ხელმისაწვდომია სკოლაში კვება.

სწავლის დასაწყისში ბავშვებს ენიჭებათ ნომერი, ზოგიერთ სკოლაში აქვთ საკვები ბარათები და როცა ბავშვს სურს სკოლაში მიიღოს საკვები, მივა, გაატარებს ბარათს და ამის მიხედვით დაერიცხება შემდეგ კვების თანხა, რომელსაც მშობელი თვის ბოლოს ან როცა შეუძლია მაშინ გადაიხდის.

მშობელს შეუძლია წინასწარ განათავსოს ბავშვის ანგარიშზე 20-30 დოლარი ან მომსახურების მიღების შემდეგ ჩარიცხოს. ელექტრონულ ბაზაში, სადაც ბავშვის შესახებ ყველა ინფორმაციაა ხელმისაწვდომი, მშობელს იმის კონტროლიც შეუძლია, მიიღო თუ არა მისმა შვილმა საკვები სკოლაში“, – გვითხრა შორენამ.

ბავშვის საკვები მენიუ სპეციალისტების მიერ არის შემუშავებული და მთლიანად დაბალანსებულია საჭირო მიკროელემენტებითა და კალორიებით.

„თეფშზე აუცილებლად დევს ხორცის ნაჭერი, ბოსტნეული, ხილი და რაიმე სახის მარცვლეული. მენიუ შედგენილია დიეტოლოგებისა და კვების სპეციალისტების მიერ და თვითნებურად რაიმეს შეტანა არ შეიძლება. პოლიტიკის დოკუმენტია ამაზე მიღებული და განსაზღვრულია, რამდენი კალორია უნდა მიიღოს ბავშვმა დღეში.

თუ რომელიმე ბავშვს ალერგია აქვს, მაგალითად, თხილზე ან რომელიმე საკვებზე, იმ სკოლაში საერთოდ აღარ შედის ეს საკვები“, – ამბობს შორენა.

აშშ-ში ბავშვების გამოკვებას იმდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რომ პანდემიის დროსაც კი, როცა ბავშვები გარკვეული პერიოდი სკოლაში არ დადიოდნენ, სკოლა მათთვის განსაზღვრულ კონტეინერს სახლში აწვდიდა.

„შაბათ-კვირას, როცა არ დადიან ხოლმე ბავშვები სკოლაში, მშობელს აქვს უფლება, მოითხოვოს საკვები.

ბავშვებს პარასკევს ჩანთაში ულაგებენ შაბათ-კვირის საკვებს და ატანენ სახლში, ყველა ბავშვი თანაბრად რომ იყოს უზრუნველყოფილი საკვებით და მშიერი არავინ დარჩეს“, – გვეუბნება შორენა.

მისი თქმით, ამერიკაში უფასო საკვების მიწოდება სკოლებში ჯერ კიდევ 40-იანი წლებიდან დაიწყო, საქართველოში კი დღემდე ეს განუხორციელებელი იდეაა.

„ახლა, 2022 წელსაც კი, ვმსჯელობთ იმაზე, საჭიროა თუ არა სკოლაში კვება და უფასო უნდა იყოს თუ არა.

ყველაფერი დამოკიდებულია პოლიტიკურ ნებასა და ხალხის მოთხოვნაზე. თუ ხალხი არ ამოიღებს ხმას, არაფერი შეიცვლება. უფასო კვება არ არის ფუფუნება, ეს არის საჭიროება“, – ამბობს შორენა დოლაბერიძე.

სკოლებში კვების აუცილებლობაზე კამპანია სამოქალაქო მოძრაობა „ხმამ“ წამოიწყო. „ჩემი კლასი მშიერია“, „უფასო კვება სკოლებს“ – ამ სლოგანით არაერთი კამპანია ჩაატარეს და ამბობენ, რომ ეს კამპანია მანამ გაგრძელდება, სანამ სახელმწიფო სკოლაში უფასო საკვებს არ შეიტანს.

სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ბოლო მონაცემებით, საქართველოში 177 897 ადამიანი სხვადასხვა სოციალურ შემწეობას იღებს.

თუმცა 28 ნოემბერს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ წელს საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს და „დაახლოებით 80 მლრდ ლარი იქნება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი და ერთ სულ მოსახლეზე 7 500 დოლარს მიაღწევს“.

ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს რეალურად აქვს იმის რესურსი, სკოლებში ბავშვები უფასოდ გამოკვებოს ან ხელმისაწვდომი კვების მოდელი  მაინც დანერგოს მომავალი წლისთვის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: