მთავარი,სიახლეები

რუსების განცხადებები ბახმუტთან სამხედრო წარმატებაზე გადაჭარბებულია – ISW

29.11.2022 • 1152
რუსების განცხადებები ბახმუტთან სამხედრო წარმატებაზე გადაჭარბებულია – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსების ბოლოდროინდელი განცხადებები ბახმუტთან სერიოზულ ტერიტორიულ წინსვლაზე გადაჭარბებულია და ქალაქის ალყაში მოქცევის საფრთხე არ დასტურდება.

როგორც ინსტიტუტის დღევანდელ ანგარიშშია ნათქვამი, სატელიტური ფოტოები აჩვენებს, რომ რუსეთის არმიამ სავარაუდოდ დაიკავა სოფელი ოზარიანოვკა, რომელიც ბახმუტიდან სამხრეთ-დასავლეთით, 15 კილომეტრში მდებარეობს.

როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ჯერჯერობით ღია წყაროებში არ გამოჩენილა არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ რუსებმა ბახმუტისთვის გარშემორტყმის მიზნით მართლაც დაიკავეს კურდიუმოვკა, კლეშჩეევკა, ანდრეევკა, ზელენოპოლიე, პოდგოროდნოე და სპირნე.

ISW მიუთითებს, რომ რუსული წყაროები ხანგრძლივი საინფორმაციო ოპერაციის ფარგლებში ხშირად ავრცელებდნენ ყალბ ცნობებს ბახმუტის გარშემო სამხედრო წარმატებაზე. შესაბამისად, ახლანდელი განცხადებებიც შესაძლოა, ამ საინფორმაციო კამპანიის ნაწილი იყოს.

თუმცა, ინსტიტუტის შეფასებით, მაშინაც კი, თუ ეს განცხადებები სიმართლეს შეესაბამება და რუსებმა მართლაც შეძლებს ბახმუტის გარშემო დასახლებული პუნქტების დაკავება, „ისინი, სავარაუდოდ, მაინც ვერ დაემუქრებიან ბახმუტ-სივერსკისა და ბახმუტ-კონსტანტინოვკის კრიტიკულად მნიშვნელოვან მაგისტრალებს, რომლებიც უკრაინის არმიისთვის ქალაქთან დასაკავშირებელ მთავარ სახმელეთო ფუნქციას ასრულებს“.

ინსტიტუტის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ბახმუტამდე რუსეთის ჯარებს მოუწევთ, გადაკვეთონ დაახლოებით სამკილომეტრიანი ტერიტორია, მინდვრები, რომლებშიც არანაირი თავშესაფარი და შესანიღბი საშუალება არ არსებობს, ამიტომ მათ ამ ამოცანის სწრაფად შესრულება ძალიან გაუჭირდებათ.

„ნაკლებად სავარაუდოა, რომ 27 და 28 ნოემბერს რუსული ძალების წინსვლას ბახმუტის გარშემო, რაიმე სერიოზული ეფექტი ექნება ოპერატიულ დონეზე,“ – ასკვნის ISW.

ISW-ის ანგარიშის მთავარი მიგნებები:

  • ბელარუსში რუსეთის ჯარების გადაყვანა, სავარაუდოდ, მიმართულია რუსეთის საწვრთნელი პოტენციალის გასაზრდელად და საინფორმაციო კამპანიის ჩასატარებლად;
  • რუსი ბლოგერები განაგრძობდნენ რუსეთის თავდაცვის უწყების მწვავე კრიტიკას;
  • რუსეთის ჯარები, სავარაუდოდ, უკრაინაზე სარაკეტო დარტყმის ახალი ტალღისთვის ემზადებიან;
  • რუსები განაგრძობენ უკრაინელთა კონტრშეტევისგან თავდაცვას სვატოვოს გარშემო;
  • რუსული წყაროების ცნობით, უკრაინის არმია განაგრძობს შეტევებს კრემენაიას დასავლეთით;
  • რუსეთის არმიამ უმნიშვნელო წარმატებას მიაღწია ბახმუტის სამხრეთით;
  • რუსები განაგრძობდნენ პოზიციების გამაგრებას და საფორტიფიკაციო ნაგებობების მოწყობას ხერსონის აღმოსავლეთ ნაწილში;
  • უკრაინის არმია განაგრძობს დარტყმებს რუსულ სამხედრო ობიექტებზე უკრაინის სამხრეთში, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ქსელების გასწვრივ;
  • რუსები კვლავაც აწყდებიან სერიოზულ პრობლემებს მობილიზებულების არასათანადო მომზადების, აღჭურვილობის, დაბალი საბრძოლო განწყობისა და დისციპლინის გამო;
  • რუსეთის საოკუპაციო ძალები ცდილობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე განათლების სისტემა რუსულ საგანმანათლებლო სისტემას მოარგონ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: