მთავარი,სიახლეები

გიჩივლებთ, დამიბრუნეთ ჩემი შვილი – ტყვეობაში მყოფი რუსი ჯარისკაცის დედა პუტინს მიმართავს

30.11.2022 • 2194
გიჩივლებთ, დამიბრუნეთ ჩემი შვილი – ტყვეობაში მყოფი რუსი ჯარისკაცის დედა პუტინს მიმართავს

უკრაინაში ტყვედ ჩავარდნილი რუსი სამხედროს დედა, ირინა ჩისტიაკოვა ვლადიმერ პუტინსა და სერგეი შოიგუს მიმართავს. ის ამბობს, რომ უკრაინელები უკეთ ეპყრობიან მის შვილს, ვიდრე რუსი მეთაურები.

„უკრაინელებს მადლობას ვეტყვი, რომ სიცოცხლე შეუნარჩუნეს. მე ვთხოვ მათ, რომ ჩემი შვილი დამიბრუნონ, მაგრამ თქვენ კანონით ხართ ვალდებული, ის დამიბრუნოთ. თქვენ ჩემი შვილის უფლებები დაარღვიეთ, ჩემი უფლებებიც დაარღვიეთ და მე აუცილებლად ვუჩივლებ რუსეთის ფედერაციას, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს,“ – ამბობს ირინა ჩისტიაკოვა.

დედამ მხოლოდ ახლახან შეიტყო, რომ მისი შვილი კირილ ჩისტიაკოვი, რომელიც მარტის შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, სამხედრო ტყვეა.

„ის ჩემი შვილია და მე მჭირდება, მაგრამ არ სჭირდება პუტინს, არ სჭირდება შოიგუს. ისინი თბილად სხედან. ისინი ხომ სანგრებში არ არიან და არც 8 თვე გაუტარებიათ უკრაინის ციხეში, ნაცისტებთან, როგორც თავად ამბობენ. კითხვა – და რატომაა რომ ნაცისტებისგან ჩვენი ტყვეები ნორმალურ მდგომარეობაში ბრუნდებიან? იქნებ, თქვენ რაღაცას ბოლომდე არ გვეუბნებით და იქ საერთოდ არ არიან ნაცისტები?“

ირინა ჩისტიაკოვა ამ სიტყვებით „სამხედროების დედებისა და ცოლების საბჭოს“ ბრიფინგზე გამოვიდა, მისი ვიდეომიმართვა კი ტელეგრამით გავრცელდა.

„ფარა ვართ? იმისთვის არ გაგვიჩენია შვილები, რომ ვიღაცამ საკუთარი პრობლემები მოიგვაროს… თქვენ აქ შეგიძლიათ დაგვაშინოთ, აღძრათ სისხლის სამართლის საქმეები, მაგრამ როდისმე აუცილებლად დადგება განკითხვის დღე და ის თქვენ ყველას შეგეხებათ, თქვენც ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ! და ნუ დაიჯერებთ, თუ პატრიარქი გეუბნებათ, რომ სიკვდილის წინ სამი წუთი მოინანიებთ და ღმერთი ყველაფერს გაპატიებთ,“ – მიმართავს ჯარისკაცის დედა რუსეთის პრეზიდენტს.

ირინას შვილი კირილ ჩისტიაკოვი სამხედრო სამსახურში 2021 წლის ოქტომბერში გაიწვიეს და ლუგის სამხედრო ნაწილში გაგზავნეს. 2022 წლის თებერვალში კირილი უკრაინაში აღმოჩნდა, ომის დაწყებიდან ერთ თვეში კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

დედა ჯარისკაცს ყველგან ეძებდა – ჩავიდა დონეცკში, მარიუპოლში, ერთი კვირა როსტოვის პროზექტურაშიც კი გაატარა, თუმცა შვილს ვერსად მიაგნო.

ირინა ჩისტიაკოვამ მხოლოდ რამდენიმე დღის წინ მიიღო ცნობა, რომ კირილი უკრაინაში ტყვეობაშია.

მთავარ ფოტოზე: კირილ ჩისტიაკოვი დედასთან, ირინა ჩისტიაკოვასთან ერთად

გადაბეჭდვის წესი


ასევე: