მთავარი,სიახლეები

ჩემს კლასელ გოგოებს არ უსწავლიათ, მე ვისწავლე და დამოუკიდებელი ქალი ვარ – 60 წლის მკერავი

01.12.2022 • 6421
ჩემს კლასელ გოგოებს არ უსწავლიათ, მე ვისწავლე და დამოუკიდებელი ქალი ვარ – 60 წლის მკერავი

მკერავი მზიური მარკოიძე ეკომიგრანტია აჭარიდან, რომელიც ბოლო 8 წელია წალკაში ცხოვრობს. იგი ბავშვობიდან კერავს და ამბობს, რომ კერვის გარეშე ვერც ერთი დღე ვერ წარმოუდგენია და ეს საქმე ნებისმიერ განწყობაზე მყოფს ეხმარება. მისთვის კერვის პროცესი საუკეთესო თერაპიაა.

მზიური 60 წლისაა. ამ დროის განმავლობაში ბევრჯერ გამოიცვალა საცხოვრებელი ადგილი საქართველოს სხვადასხვა მხარეში, ბევრი გამოცდილებაც დააგროვა და ყოველ ჯერზე აწყობდა სახლში სამკერვალო ოთახს.

არაერთ მცირე თუ დიდ სამკერვალო ფაბრიკაში იმუშავა და ბევრი სირთულეც შეხვდა, თუმცა მისთვის ყველაზე რთული მაინც 15 წლის ასაკში გარშემომყოფებისა და ოჯახის დარწმუნება იყო – ანგარიში გაეწიათ მისი სურვილისთვის: პატარა გოგოს, რომელიც ხულოს სოფელ დიდაჭარაში ცხოვრებდა, უნდოდა ბათუმში ესწავლა ჭრა-კერვის კურსებზე. მაშინ მის გარშემო ყველას მიუღებლად ეჩვენებოდა, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ გოგო სასწავლებლად წასულიყო სხვაგან, ქალაქში.

უკვე 45 წელია მზიურის ყოველი დღე ქსოვილებთან ურთიერთობით იწყება და მთავრდება. ის დღეში 10-11 საათი მუშაობს, პერიოდულად კი თავისი დიზაინითაც ქმნის ტანისამოსს: „უფრო მეტად ისეთ ტანსაცმელს ვკერავ, როგორსაც ფოტოებზე მაჩვენებს მომხმარებელი. არაფრის შეკერვა არ გამჭირვებია დღემდე და არ მითქვამს, ამას ვერ შევკერავ-მეთქი.

როცა ვხედავ, რომ ადამიანებს ჩემი შეკერილი ტანისამოსი აცვიათ, დიდ სიამოვნებას ვგრძნობ. ბედნიერი ვარ, როცა ის გამოდის, რასაც ჩავიფიქრებთ.

ჩემი ნამუშევარი თუ იმსახურებს მოწონებას და ჩემი მომხმარებელი კმაყოფილია, მე მასზე მეტად კმაყოფილი ვარ“.

მზიურის კერვა პატარაობიდანვე აინტერესებდა – დედა ხშირად კერავდა ტანსაცმელს სახლში და სულ მზიური ფიქრობდა, როგორ ახერხებდა ამას.

„სკოლაში ვიყავი, როცა აქტიურად დავიწყე კერვა. მახსოვს, პირველად, დამოუკიდებლად კაბა ჩემთვის შევიკერე. მოდაში იყო გოფრე კაბები და ძალიან მინდოდა ასეთი კაბა მეც მქონოდა. ტელევიზორში სულ ასეთი კაბები ეცვათ ხოლმე, იქამდე სხვაგან არსად მენახა. დედაჩემი კი კერავდა კაბებს, მაგრამ გოფრეების და სხვა დეტალების გაკეთება არ იცოდა. ამიტომ პირველად დაგოფრილი კაბა შევიკერე ჩემთვის და მახსოვს, ნამდვილად ძალიან ლამაზი გამომივიდა.

ხულოში ვცხოვრობდი, მაგრამ ისე გავხდი 15 წლის, ბათუმი არც ერთხელ მენახა. მაშინ სად იყო ასე, გოგონებს არ უშვებდნენ,  რომ ესწავლათ. მე დავიჟინე სწავლა. ძალიან მინდოდა, პრინციპული ვიყავი და ვიცოდი, რომ შევძლებდი ჩემი გამეტანა. დღემდე მადლიერი ვარ მშობლების, რომ საბოლოოდ გამიშვეს სასწავლებლად.

ჩემ გარშემო ყველა იძახდა – გოგოს რად უნდა სასწავლებლად წასვლა, ცუდად დამთავრდება მაგის საქმეო. მამა ამბობდა, ჩემი გოგო კარგად ისწავლისო. მე კი მითხრა, ხომ ხედავ, ამდენი წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც გიშვებ სასწავლებლად და არ უნდა შემარცხვინოო. 18 წლამდე ვსწავლობდი კერვას.

იქამდე მხოლოდ ტელევიზორში მქონდა ნანახი ქალაქი და უცებ სწავლა ბათუმში დავიწყე. სულ იმაზე ვფიქრობდი, რომ ჩემი მშობლები არ შემერცხვინა. სულ იმას ვდარდობდი, ცუდი ვინმეს არ ეთქვა, ცუდი ვინმეს არ ეფიქრა.

ჩემი კურსელები როცა სასეირნოდ მიდიოდნენ ან სადმე სხვაგან, არასდროს დავყვებოდი ხოლმე, რომ სოფლიდან არ შევხვედროდი ხალხს და არ ეთქვათ, რომ ვსეირნობდი და ესე იგი, ცუდად ვიქცეოდი“ – იხსენებს მზიური.

სწავლის შემდეგ სოფელში დაბრუნებულმა მზიურიმ გარშემომყოფების დიდი სიყვარული დაიმსახურა, რადგან ყველასთვის კერავდა ტანსაცმელს. სოფლის სკოლის მოსწავლეებს უკერავდა გოფრე კაბებსა თუ სხვა ტანსაცმელს, რაც დიდ მოწონებას იმსახურებდა.

„უნდა გიყვარდეს შენი საქმე. რასაც აკეთებ, გულით უნდა გააკეთო. არის შემთხვევა, როცა შესაძლოა არ მოგეწონოს უკვე შეკერილი სამოსი, მაგრამ დაგეზაროს დაშლა და ხელმეორედ აწყობა. არ უნდა დაგეზაროს, რადგან მთავარია, საბოლოო შედეგით დარჩე კმაყოფილი.

თუ შენი საქმე არ გიყვარს, იმას გულით ვერც გააკეთებ. ვფიქრობ, დღეს არაფერი სჯობს ხელსაქმეს. აქამდე მყავდა რამდენიმე მოსწავლე. ვიცი, რომ მათგან ერთ-ერთი მუშაობს კიდეც მკერავად. ძალიან მიყვარს სწავლების პროცესი და ვგეგმავ, რომ მომავალშიც ავიყვანო მოსწავლეები.

თავის დროზე, როცა პატარა ვიყავი, რომ ვერ მესწავლა, ახლა ალბათ ცუდ დღეში ვიქნებოდი. მძიმე ფიზიკური შრომა მომიწევდა. ახლა თავს დამოუკიდებელ ქალად ვგრძნობ, რადგან მაქვს ჩემი შემოსავლის წყარო. რომ არ მესწავლა, რა თქმა უნდა, არც ეს იქნებოდა. ჩემს კლასელ არც ერთ გოგოს არ უსწავლია.

ახლაც ისეთივე მონდომებით ვკერავ, როგორც 15 წლის ასაკში. ყველა ქსოვილი განსაკუთრებულია და ძალიან მიყვარს, ვერცერთს გამოვარჩევ. ახლაც განსაკუთრებით კაბების კერვა მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის შარვლების შეკერვა უფრო მარტივია“, – გვეუბნება მზიური.

მზიური წალკაში ცხოვრობს ოჯახთან ერთად, სადაც საკუთარი სამკერვალო გახსნა, ერთი ადამიანიც დაასაქმა და სამომავლოდ კიდევ გეგმავს გაფართოებასა და თანამშრომლების დამატებას.

მზიური პირველად დედის საკერავი მანქანით მუშაობდა. შემდეგ თავისი შრომით მოგროვებული ფულით იყიდა საკერავი მანქანა, რომელიც მზითვში წაიღო და ათობით წელი მუშაობდა ამ მანქანით.

„როცა მზითვში წაღებული საკერავი მანქანა გამიფუჭდა, ჩემი ძალებით კიდევ შევიძინე ახალი საკერავი მანქანა, მაგრამ არ მქონდა ავერლოკი და რთული იყო ასე მუშაობა.

2 წლის წინ CENN-ისგან თანადაფინანსება მოვიპოვე და ახალი, თანამედროვე ტიპის საკერავი მანქანები შევიძინე.

ახლა ჩემი ძირითადი მომხმარებლები წალკაში და მის გარშემო სოფლებში მცხოვრებლები არიან“, – გვითხრა მზიურიმ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: