მთავარი,სიახლეები

რუსეთის სარაკეტო დარტყმების ეფექტი სუსტდება – ბრიტანეთის დაზვერვა

01.12.2022 • 867
რუსეთის სარაკეტო დარტყმების ეფექტი სუსტდება – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი სარაკეტო კამპანიის ეფექტიანობა იკლებს, რადგან მოსკოვმა თითქმის ამოწურა შესაბამისი რაკეტების მარაგი.

უწყება აღნიშნავს, რომ ოქტომბრის შემდეგ რუსეთი გამუდმებით ბომბავს უკრაინის ინფრასტრუქტურას და ამისთვის ძირითადად ფრთოსან რაკეტებს იყენებს.

„ეს არის პირველი მაგალითი იმისა, როგორ ცდილობს რუსეთი განახორციელოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ქსელების განადგურების სტრატეგიული ოპერაცია, რომელიც ბოლო წლებში მის მიერ მიღებული საომარი დოქტრინის მთავარი კომპონენტია.

რუსეთმა ეს კონცეფცია დაგეგმა იმგვარად, რომ შორსმოქმედ რაკეტებს იყენებს არა სამხედრო, არამედ კრიტიკულად მნიშვნელოვან ეროვნულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმისთვის, რათა მოქალაქეების დემორალიზება გამოიწვიოს და ქვეყნის ხელისუფლებას კაპიტულაცია აიძულოს,“ – წერს დაზვერვა პირველი დეკემბრის რელიზში.

უკვე მიყენებული ზიანის მიუხედავად, უწყების ვარაუდით, ამ სტრატეგიის ეფექტიანობა შესუსტებულია, რადგან რუსეთმა უკვე ამოწურა ტაქტიკური მიზნების გასანადგურებლად საჭირო რაკეტების დიდი ნაწილი.

„გარდა ამისა, ომის მეათე თვეს მისი მატერიალური და ფსიქოლოგიური ეფექტი უფრო ნაკლებია, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო, თუკი რუსეთი ამ სტრატეგიას ომის თავდაპირველ ეტაპზე მიმართავდა,“ – წერს დაზვერვა.

უკვე თვე-ნახევარია რუსეთი ინტენსიურად ბომბავს უკრაინის ქალაქებს. რუსული ფრთოსანი რაკეტებისა და კამიკაძე-დრონების სამიზნე ძირითადად ქვეყნის ენერგოინფრასტრუქტურაა.

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის ცნობით, რუსეთის არმია ამ დღეებში უკრაინაზე მორიგი მასშტაბური სარაკეტო დარტყმისთვის ემზადება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: