მთავარი,სიახლეები

რა პრობლემებს ვერ უგვარებს სახელმწიფო შშმ პირებს – სახალხო დამცველის შეფასება

03.12.2022 • 854
რა პრობლემებს ვერ უგვარებს სახელმწიფო შშმ პირებს – სახალხო დამცველის შეფასება

დღეს 3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომლის მიზანი შშმ პირების უფლებების დაცვის ხელშეწყობაა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაა ამ პირთა სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ კულტურულ ცხოვრებაში სათანადო ჩართულობის უზრუნველსაყოფად.

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, გარკვეული წინსვლის მიუხედავად, საქართველოში კვლავ პრობლემას წარმოადგენს სხვადასხვა მიმართულებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზება.

„უარყოფითად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ ამ დრომდე არ მომხდარა სოციალურ მოდელზე გადასვლა, არსებული მიდგომები და სერვისები კვლავ სამედიცინო მოდელს ეფუძნება.

მისასალმებელია, რომ „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილების შეტანის შედეგად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში სოციალური პაკეტის მიღება აღარ ეზღუდებათ, თუმცა, აღნიშნული გასაცემელი მაინც არაეფექტურია და ვერ პასუხობს თითოეული ინდივიდის საჭიროებებს“-ამბობს ომბუდსმენი.

მისივე შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ დაიხურა თბილისის ჩვილ ბავშვთა და კოჯრის შშმ ბავშვთა სახლები, დეინსტიტუციონალიზაციისკენ მიმართული აქტივობები კვლავ ფრაგმენტულად, შესაბამისი გეგმის გარეშე მიმდინარეობს.

„მძიმე ვითარებაა ზრდასრულ შშმ პირთა სპეციალიზებულ დაწესებულებებში. მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოებისა და სანიტარული ნორმების დაუცველობა, პერსონალის სიმცირე, მულტიდისციპლინური მიდგომის არარსებობა, რთული ქცევის მართვის საკითხებში კადრების მოუმზადებლობა – პანსიონატებში არსებულ პრობლემათა მცირე ჩამონათვალია.

ინდივიდუალური მიდგომისა და საჭირო საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო სერვისების დეფიციტი განაპირობებს ინსტიტუციაზე დამოკიდებულების სინდრომის ჩამოყალიბებას, რაც ამცირებს ბენეფიციართა დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობებს.

არსებული ვითარების ფონზე საჭიროა დროული ზომების მიღება როგორც ალტერნატიული მომსახურებების განვითარების, ისე,  ინსტიტუციონალიზაციის პრევენციის მექანიზმების გაძლიერების მიზნით“.

ომბუდსმენის თქმით, სერიოზულ გამოწვევად რჩება შშმ პირთათვის ფიზიკური გარემოს, ინფორმაციის, კომუნიკაციის საშუალებებისა და სხვადასხვა მომსახურებების მისაწვდომობა.

„ამ დრომდე არ შემუშავებულა ონლაინ გამოყენებადობისა და ვებ მისაწვდომობის სტანდარტების ეროვნული სამოქმედო გეგმა“.

უცვლელია უსახლკარობასთან დაკავშირებული პოლიტიკა, რაც, განსაკუთრებით მძიმედ აისახება შშმ პირებზე.

„შშმ პირები და მათი ოჯახები სხვადასხვა ბარიერების გამო ხშირად რჩებიან სერვისს მიღმა. თავის მხრივ, არსებული საცხოვრისებიდან არცერთი არ არის სრულად მისაწვდომი, როგორც ეტლით მოსარგებლე ასევე მობილობის შეზღუდვის, მხედველობის სირთულის მქონე პირებისთვის.

მძიმე ვითარებაა უფასო სასადილოების სერვისით სარგებლობის კუთხითაც. სათანადო საკვებზე წვდომას აფერხებს მიუწვდომელი ფიზიკური გარემო და მუნიციპალური ტრანსპორტი, შშმ ბენეფიციართა კვებითი საჭიროებების გაუთვალისწინებლობა, შესაბამისი რაციონის არქონა და კვების პროცესში სათანადო მხარდაჭერის ნაკლებობა“-ამბობს ომბუდსმენი.

არსებითი ცვლილება არ არის სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებებშიც.

„ისევ პრობლემურია სერვისების გეოგრაფიული დაფარვა. მნიშვნელოვანია შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობაზე ზრუნვა, ზრდასრულთა რეაბილიტაციის დანერგვა და პერსონალური ასისტენტის სერვისის დროულად ამოქმედება“.

პრობლემას წარმოადგენს შშმ მოსწავლეთა და სტუდენტთა საჭიროებების შესწავლა, ინფრასტრუქტურის, მასალების მისაწვდომობა და დაწესებულებების კვალიფიციური ადამიანური რესურსით უზრუნველყოფა.

„სათანადოდ ვერ ხდება სკოლამდელი აღზრდისა და ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების იდენტიფიცირება. განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს ინკლუზიური განათლების უწყვეტობაც. შესაბამისად, მნიშვნელოვანია იმ დამაბრკოლებელი ფაქტორების კვლევა, რაც შშმ პირებს ხელს უშლით ზოგადი საფეხურის დასრულების შემდგომ სწავლა განაგრძონ უმაღლეს სასწავლებლებში“.

სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს სომატური და ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით არსებული სისტემურ პრობლემებზეც.

მისი თქმით, ამ დრომდე გამოწვევად რჩება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთათვის სტაციონარს გარე, თერაპიასა და რეაბილიტაციაზე დაფუძნებული სერვისების განვითარება, ფსიქიატრიის დარგის საჭირო ადამიანური რესურსით უზრუნველყოფა და საზოგადოებაში არსებული სტიგმის შემცირება.

სახელმწიფოს კვლავ არ აქვს სისტემური ხედვა შშმ ქალებისა და გოგონების მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ცხოვრების ყველა სფეროში. ამ მიმართულებით განსაკუთრებით პრობლემურია: სეგრეგირებული სტატისტიკის არარსებობა, შშმ ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია, მათი სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვა“.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფოს მიიღოს ეფექტური ზომები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების სათანადოდ დაცვის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ჩართულობისა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების უზრუნველსაყოფად.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: