საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მეწყრის საშიშროების გამო რიკოთის მონაკვეთზე ავტომაგისტრალი ამ დრომდე [30 მარტის 13:30 სთ] ჩაკეტილია.
შესაბამისად, მსუბუქი მანქანების მოძრაობა გადართულია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-ზე არსებულ საავტომობილო გზასთან სიახლოვეს მეწყრული პროცესების განვითარების საშიშროების გამო, საავტომობილო გზის კმ114-კმ194 მონაკვეთზე (ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი-ზესტაფონი) აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
დროის აღნიშნულ პერიოდში, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია“ – აღნიშნულია გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„სპეციალისტების დაკვირვების შედეგად და კლიმატური პირობების გაუარესების გამო, მოგვეცა რეკომენდაცია, რომ რიკოთის მონაკვეთზე დროებით დაკეტილიყო ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა.
აქტიურად გრძელდება დაკვირვების პროცესი აღნიშნულ მეწყრულ უბანზე სპეციალისტების მიერ და როგორც კი მოგვეცემა მათ მიერ რეკომენდაციები, გაიხსნება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა“ – განაცხადა საავტომობილო გზების დეპარატმენტის თავმჯდომარემ გიორგი წერეთელმა.
2023 წლის 13 მარტს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის უბისა-შორაპნის მონაკვეთზე ფერდის ზედაპირი ჩამოიშალა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მომხდარი მეწყრულ პროცესებს დაუკავშირა:
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 მარტის 21 საათიდან 31 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, მთაში – თოვა.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო
ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო
შიდამთიან რაიონებში:
დღისით: 2 – 7 გრადუსი სითბო
ღამით: 0 –5 გრადუსი ყინვა
მაღალ მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 0– 5 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, პირველ-ორ აპრილს აჭარაში ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა 30 მარტის მოკლე ანგარიშში, ტვიტერზე წერს, რომ რუსეთი ემზადება დიდი სამხედრო გაწვევის კამპანიის დასაწყებად, 400 000 ჯარისკაცის გაწვევის მიზნით.
დაზვერვა ეყრდნობა რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ამის შესახებ.
ბრიტანული დაზვერვა წერს, რომ რუსეთი გაწვევის კამპანიას წარმოაჩენს, როგორც პროფესიონალი კადრების აყვანის ნებაყოფლობით პროცესს და არა როგორც ახალ, სავალდებულო მობილიზაციას. თუმცა, შესაძლოა, რეალურად რუსეთის ხელისუფლება იძულების მეთოდით შეეცადოს ამ პროცესის განხორციელებას.
ბრიტანული დაზვერვის ცნობით, რუსეთის ხელისუფლებამ, „მოხალისეობის სქემა“, სავარაუდოდ, აირჩია სამხედრო პერსონალის დეფიციტის აღმოსაფხვრელად, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს შიდა უთანხმოება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ კამპანია მოიზიდავს 400 000 ნამდვილ მოხალისეს – წერენ ანალიტიკოსები.
ბრიტანეთის დაზვერვა ამავე დროს წერს, რომ უკრაინაში რუსეთს სჭირდება არა მხოლოდ მეტი სამხედრო პერსონალი, არამედ მეტი საბრძოლო მასალა და სამხედრო ტექნიკა, ვიდრე ამჟამად აქვს.
იაპონიის მთავრობა ჯამში 470 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს უკრაინის დასახმარებლად გრანტის სახით.
შეთანხმების თანახმად, თანამშრომლობის ფარგლებში გამოყოფილი თანხა მოხმარდება უკრაინის ნაღმებისგან გაწმენდას, ძირითადი ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის აღდგენასა და დემოკრატიის გაძლიერებას.
იაპონია აპირებს გააგრძელოს უკრაინის ხალხის მხარდაჭერა, რომელიც სირთულეების წინაშე დგას, საერთაშორისო საზოგადოებასთან თანამშრომლობით, კერძოდ, G7-ის წევრ ქვეყნებთან ერთად.
იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა 21 მარტს, კიევში ჩავიდა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად, რუსეთში ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის ვიზიტიდან მეორე დღეს.
ეს იყო იაპონიის პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი ქვეყანაში ან რეგიონში, სადაც საომარი მოქმედება მიმდინარეობს.
რუსეთის უკრაინაზე თავდასხმიდან დღემდე ტოკიო რუსეთზე დაკისრებული სხვადასხვა სანქციითუჭერს მხარს უკრაინას.
საპასუხოდ კრემლმა იაპონიის პრემიერ-მინისტრს ფუმიო კიშიდას და იაპონიის კიდევ 62 მოქალაქეს, დეპუტატებს, მინისტრებს, ჟურნალისტებსა და უნივერსიტეტების პროფესორებს რუსეთში შესვლა სამუდამოდ აუკრძალა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 30 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 172 900 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 560]
ტანკი – 3 610 ერთეული [+1]
ჯავშანტექნიკა – 6 974 ერთეული [+8]
საარტილერიო სისტემა – 2 671 ერთეული [+12]
MLRS – 526 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 278 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 306 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 291 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 239 ერთეული [+0]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 911 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 5 518 ერთეული [+11]
სპეცტექნიკა – 291 ერთეული [+3]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 30 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
404 თვითმფრინავი
227 ვერტმფრენი
3 622 უპილოტო საფრენი აპარატი
415 საზენიტო სარაკეტო სისტემა
8 472 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 076 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
4 462 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
9 199 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
გონიო-კვარიათის პლაჟებს სეზონური გაქირავებისთვის ბათუმის მერია წელს აუქციონებს გამოაცხადებს.
პლაჟების ერთიანი კონცეფციით განვითარება ამ დრომდე ქალაქის ამ ნაწილში დიდწილად კონტროლს მიღმა იყო დარჩენილი. ქაოსური იყო როგორც საპლაჟო ინფრასტრუქტურის განთავსების, ასევე მუნიციპალური ქონების, პლაჟების სეზონურად გასხვისების პროცესი.
გასულ საკურორტო სეზონზე, მიუხედავად იმისა, რომ პლაჟების დიდი ნაწილი კომერციული საქმიანობისთვის დიდი დოზით იყო ათვისებული, მეწარმეთა დიდ ნაწილს მერიასთან საიჯარო ხელშეკრულება გაფორმებული არ ჰქონია. მერიამ გონიო-კვარიათის პლაჟების ათვისებაზე აუქციონები ორჯერ გამოაცხადა, თუმცა უშედეგოდ. მაშინ მეწარმეებმა აუქციონებში მონაწილეობა არ მიიღეს და მათი უმეტესობა ჩაიშალა.
პლაჟი
გონიო-კვარიათის პლაჟებზე ამ დრომდე ინფრასტრუქტურას ათავსებდნენ ქაოსურად, საკუთარი შეხედულების და შესაძლებლობისამებრ. აქ შეხვდებოდით როგორც ხის, ასევე ნახევრად ბეტონის, რკინის და სხვადასხვა კონსტრუქციას. პლაჟების დიდი ნაწილი კი მაგიდებით, ღია და დახურული ბუნგალოებით და შეზლონგებით იმ დოზით იყო დაკავებული, რომ თავისუფალ, „უფასო სივრცეს“ შესამჩნევად ზღუდავდა.
შესაბამისად, ეს საკითხი დამსვენებლისთვის, რომელსაც შეზლონგში ფულის გადახდა არ უნდა და უბრალოდ ქვებზე წამოწოლა სურს, დაბალანსებული არ ყოფილა.
დამსვენებლისთვის კომფორტის შექმნის სურვილი მეტი ფულის გასაკეთებლად ხშირად საჯარო სივრცის შეზღუდვით რომ სრულდება, ამაზე „ბათუმელები“ ადრეც წერდა. საინტერესოა, შეეცდება თუ არა ამ საკითხის დაბალანსებას წელს მერია პლაჟის გასასხვისებლად აუქციონების გამოცხადებისას.
ბათუმში არსებული პრაქტიკა ასეთია: საჯარო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ვალდებულებას კომპანიები ქონების მიღებიდან მალევე ივიწყებენ. იყო არაერთი შემთხვევა, როცა პლაჟიდან გამოაძევეს დამსვენებელი, რომელმაც მოიჯარე კომპანიის სერვისზე უარი თქვა.
ბათუმში პლაჟის ამ მონაკვეთს ზაფხულობით შეზლონგებით სრულად ითვისებენ, მაშინაც კი, როცა მათი უმეტესობა თავისუფალია. ადგილზე მისულ მომხმარებელს დაცვა აფრთხილებს, რომ იქ მხოლოდ იმ შემთხვევაში გაჩერდეს, თუ შეზლონგს იქირავებს ან თავისუფალ ადგილს იპოვის ნაპირზე. მომხმარებელს მხოლოდ ეს ორი არჩევანი აქვს – ტერიტორიის დატოვება ან შეზლონგის დაქირავება, რადგან თავისუფალი ადგილი აქ ერთი მიზეზით არ არის – კომპანიას ყველგან თავისი შეზლონგები აქვს დალაგებული.
გონიო-კვარიათის შემთხვევაში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა ისიც, რომ საკურორტო სეზონის დასრულების შემდეგ მეწარმეების უმეტესობა საპლაჟო ინფრასტრუქტურას, გამოუსადეგარ ნარჩენებს, ყოველგვარი მოწესრიგებისა და შეფუთვის გარეშე ტოვებდა, ამის გამო სექტემბრის ბოლოდან აპრილის ჩათვლით გონიო-კვარიათის პლაჟების ინფრასტრუქტურა არც თუ ისე სასიამოვნო სანახავი იყო.
ტუალეტი პლაჟზე
გასულ ზამთარს პირველად, ბათუმის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ გონიო-კვარიათის პლაჟი უკანონო შენობებისგან თითქმის სრულად გაწმინდა, თუმცა პროცესი ჯერ არ დასრულებულა. ინსპექციაში განგვიმარტეს, რომ უკანონო კონსტრუქციის დემონტაჟის პროცესი დასრულდა გონიოში, კვარიათში კი ჯერ ისევ გრძელდება.
ამ პროცესს მეწარმეების დიდი ნაწილი თავიდან უარყოფითად შეხვდა და გააპროტესტა, მოგვიანებით კი ჩვენთან საუბარში გამარტეს, რომ მერია მათ ერთიანი მიდგომის შემუშავებას შეჰპირდა: „გვითხრეს არ დაიჩაგრებით, აქ ისევ თქვენ იმუშავებთო“. თუმცა, ყველა ასე არ ფიქრობს და ეჭვი აქვს, რომ მერია ადგილებს კონკრეტული მიზნით ასუფთავებს: „თუ ასე ფიქრობენ … ჩვენ აქ ვცხოვრობთ, აქ ვმუშაობთ, აქედან არ წავალთ“
გასულ წელს მეწარმეები აცხადებდნენ, რომ აუქციონებში მონაწილეობა არ მიიღეს, რადგან განსაკუთრებით ძვირი ფასი დაადო მერიამ სანაპიროს.
ყველაზე მცირე ზომის – 14 კვ.მეტრი ნაკვეთი ბათუმის მერიას 175 ლარად ჰქონდა აუქციონზე გატანილი, ვაჭრობის ბიჯი 10 ლარი იყო. თუ ამ ნაკვეთის შეძენას დაინტერესებული პირი ერთი ბიჯით მოახერხებდა, მას 185 ლარის გადახდა მოუწევდა – კვადრატულ მეტრზე 13 ლარი. ამ თანხის გადახდა მოუწევდა აუქციონში გამარჯვებულს ერთჯერადად, პირველი აგვისტოდან 15 ოქტომბრის ჩათვლით.
აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ გონიო-კვარიათში ზღვაზე აქტიური სეზონი აგვისტოს ბოლომდეა, შედარებით პასიური სეზონი კი, კარგი ამინდის შემთხვევაში, შეიძლება 15 სექტემბრამდე გაგრძელდეს.
თითქმის იგივე პირობებით ჰქონდა მერიას აუქციონზე გატანილი შედარებით დიდი ზომის ნაკვეთებიც – 1 კვ.მეტრი 12.80 ლარად.
დღეს, 29 აპრილს მერიისგან ვერ მივიღეთ პასუხი კითხვებზე: რა გეგმა აქვს მერიას, თუ ისევ ჩაიშლება გონიო-კვარიათის გასასხვისებლად გამოცხადებული აუქციონები, რას გულისხმობს „ერთიანი მიდგომა“ -მერია თავად განათავსებს საიჯარო ინფრასტრუქტურას და შემდეგ გასცემს მათ იჯარით, თუ სტანდარტს დააწესებს ინფრასტრუქტურის განსათავსებლად; მხოლოდ მოკლევადიან აუქციონებს გამოაცხადებენ თუ გრძელვადიანი იჯარებიც განიხილება?
ამ საკითხებზე „ბათუმელები“ მუშაობას გააგრძელებს და ინფორმაციას მისი მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის უფროსი შვილი პენსილვანიის უნივერსიტეტში სწავლობს, რომელიც იმ ბენჯამინ ფრანკლინმა დააარსა, რომლის სახელობის კლუბის წევრებსაც საქართველოში პრემიერი ღარიბაშვილი „ექსტრემისტებსა“ და „ანარქისტებს“ ეძახის.
პრემიერ-მინისტრმა რუსული კანონის წინააღმდეგ რუსთაველზე გამოსული ახალგაზრდები ჯერ სატანისტებს შეადარა, შემდეგ კი მათ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მოკავშირეობა დააბრალა.
ვინ არიან რეალურად ფრანკლინის კლუბის ახალგაზრდები, რა ღირებულებები აქვთ მათ და რატომ ეცინებათ ღარიბაშვილი-კობახიძისა და წულუკიანი შეფასებებზე?
რისი სამჭედლოა ფრანკლინის კლუბი, „ანარქისტების“, როგორც პრემიერი ამბობს, თუ კრიტიკულად მოაზროვნე, თავისუფალი საზოგადოების? – „ბათუმელები“ რამდენიმე ახალგაზრდას ესაუბრა ამ კლუბიდან.
მეკო ნადარაია 15 წლისაა და ერთი წელია რაც ფრანკლინის კლუბში დადის. როგორც გვეუბნება, აინტერესებს პოლიტიკა, ეკონომიკა, საერთაშორისო ურთიერთობები და სწორედ ამ კლუბმა მისცა შესაძლებლობა, მისთვის საინტერესო თემებზე უფრო მეტი ინფორმაცია მიეღო.
მისი თქმით, კლუბი კარგი საშუალებაა აბიტურიენტებისთვისაც, რადგან ახალგაზრდებს ეხმარება მომავალი პროფესიის არჩევაში.
„კლუბში გვასწავლიან ასევე დებატების ხელოვნებას და ძალიან კარგი ცოდნა მივიღე ბევრ სფეროზე, რაც ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს, წესით“ – გვითხრა მეკომ.
მისი აზრით, სკოლისგან განსხვავებით, ფრანკლინის კლუბში უფრო თავისუფალი გარემოა, ლექტორებიც უფრო მეგობრულები არიან და რაც მთავარია, სწავლობენ დისკუსიას და კრიტიკულ აზროვნებას.
„როცა მივდივარ, წამოსვლა აღარ მინდა ხოლმე, ისე ვარ. თითქმის ყველა ერთი ასაკის ვართ, საერთო ინტერესები გვაერთიანებს. ცხადია, გვაქვს განსხვავებული ინტერესებიც, ამიტომ ამ განსხვავებულობის პატივისცემასაც ვსწავლობთ.
არც ანარქისტები ვართ, არც სატანისტები და არც მასონები.
როცა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა მსგავსი განცხადება, ფრანკლინელი ბავშვები ერთად ვიყავით, ვდებატობდით და მეგობრებმა გამოგვიგზავნეს ლაივის ლინკი, სადაც ჩვენზე საუბრობდა.
თავიდან გაგვეცინა და სერიოზულად არ მიგვიღია, თუმცა შემდეგ გავიაზრეთ, რომ მას ჰყავს თავისი მიმდევრები, ამომრჩევლები და შესაძლოა, მისი ნათქვამი დაიჯერონ და ცოტა გულიც დაგვწყდა, რომ არსებობენ ადამიანები, ვინც შესაძლოა ასეთი რამ თქვას ფრანკლინის აკადემიაზე, რომელიც თავისუფალი სივრცეა“ – ამბობს მეკო.
მისი აზრით, ალბათ საჭიროა მსგავს განცხადებებზე რეაგირება ჰქონდეთ ახალგაზრდებს, რადგან ეს იყო ღიად, საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებები.
„ეს არ იყო მცირე მასშტაბის ბრალდება, ამიტომ აკადემიამ, ვფიქრობ, გასცა ღირსეული პასუხი, მაგრამ ჩემი, როგორც 15 წლის მოზარდის, ამ ქვეყნის მოქალაქის პასუხი იქნება ის, რომ პრემიერ-მინისტრს უნდა ჰქონდეს უფრო მნიშვნელოვანი საქმეები, ვიდრე იმ ხალხზე აგრესიული საუბარია, რომელიც მართლა ამ ქვეყნის მომავალია და ღირსეულ მოქალაქეებად ყალიბდებიან.
ამ თავდასხმების მიზანი არის ნათელი, რომ რაც რუსულ კანონს უნდა გაეკეთებინა, ამის გაკეთება დაიწყეს თვითონ და აშავებენ ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც ევროპულ განათლებას გვაძლევს ახალგაზრდებს და არ იზიარებენ, ვთქვათ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ იდეოლოგიას.
მართლა პასუხისმგებლიან მოქალაქეებს ავითარებს ეს კლუბი, კრიტიკულად აზროვნებენ ეს ახალგაზრდები და ცხადია, ძნელია მათი რაღაც გავლენების ქვეშ მოქცევა,“ – გვითხრა მეკომ.
მისი თქმით, ამ კლუბის მიზანი არის არა უპირობოდ მიღება ყველა აზრის, არამედ კრიტიკული მიდგომა საკითხებისადმი.
„ლექტორები ყოველთვის გვეუბნებიან, რომ მათი ნათქვამიც გადავამოწმოთ და აუცილებელი არ არის, რომ დავუჯეროთ. პირიქით, ღია დისკუსიები გვაქვს ხოლმე ლექტორებთან, ვკამათობთ სხვადასხვა საკითხზე და ყველაფერს ვაანალიზებთ.
ძალიან კარგი უნარები გვაქვს იმისთვის, რომ არავის გამოვაყენებინოთ თავი, როგორც ამას გვაბრალებენ. არც ერთი ლექტორისგან არ ყოფილა მოწოდება, რომ თუნდაც იმ აქციებზე გავსულიყავით. ეს იყო ჩვენ მიერ გააზრებული გადაწყვეტილება, რადგან ჩვენ ვართ საქართველოს მოქალაქეები და იქ უნდა ვმდგარიყავით, ეს არის ჩვენი მოვალეობა და პასუხისმგებლობა“ – გვეუბნება მეკო.
მისი თქმით, სახელისუფლებო პროპაგანდა ვერ მოახდენს გავლენას ფრანკლინელებზე, რადგან მათ შესწევთ უნარი, გაარჩიონ კარგი და ცუდი.
„ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ არაკორუმპირებულ ქვეყანაში, არ ვაპირებთ ამ ქვეყნის დატოვებას და სხვაგან წასვლას. გვინდა, საქართველო იყოს ქვეყანა, სადაც კარგად ვიქნებით“ – ამბობს მეკო.
სანდრო ზუკაკიშვილიც ფრანკლინელია. მე-12 კლასში სწავლობს და ერთი წელია, რაც კლუბში დადის. აქ მეგობრების რჩევით მივიდა, რადგან დაინტერესებულია სოციალური მეცნიერებებით და „ფრანკლინის კლუბში“ ამ მეცნიერების შესახებ საჭირო ცოდნას იღებს.
„რადგან ამ კლუბში მრავალფეროვან საგნებს ასწავლიან, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. ასევე გვასწავლიან დებატების კულტურას და კრიტიკულ აზროვნებას. ლექციებს გვიტარებენ ადამიანები, ვინც სწავლობდნენ საზღვარგარეთ, დააგროვეს ცოდნა ლიბერალურ ღირებულებებზე და გვიზიარებენ ჩვენც“ – გვეუბნება სანდრო.
მისი თქმით, ზოგადად საქართველოში, კრიტიკული განათლების დეფიციტია და მსგავსი სივრცეები აუცილებელია არაფორმალური განათლებისთვის.
„თანამედროვე სამყარო სულ სხვა უნარების გარშემო ტრიალებს, ამიტომ ჩვენ გვჭირდება ამ გარემოს შესაბამისი უნარები. მათ შორის კრიტიკული აზროვნება. სკოლაში ცოტა შეზღუდულები ვართ ამ მხრივ, ამიტომ ეს სივრცე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ამიტომ ღარიბაშვილის ნათქვამზე, რომ თურმე აქ ანარქისტებს ამზადებენ, ყველას გაგვეცინა და მივხვდით, რომ სწორ გზაზე ვდგავართ.
ის ღირებულებები, რითაც „წამლავენ“ თურმე აქ, ფრანკლინის კლუბში, ბავშვებს, არის ლიბერალური ღირებულებები, რომლებსაც თავის დროზე ქადაგებდნენ ილია ჭავჭავაძე და ვაჟა-ფშაველა, იმავეს აკეთებდა ბენჯამინ ფრანკლინიც აშშ-ში და ამიტომ არის კლუბის ლოგოზეც ფრანკლინი.
ბატონ ირაკლის შვილმა წელს ჩააბარა პენსილვანიის უნივერსიტეტში, რომელიც ფრანკლინის მიერ არის დაარსებული და თუ გაეცნობა ამ ინფორმაციას, ძალიან კარგი იქნება.
ჩვენ რომ ვართ სერიოზული სამიზნე, ეს ყველაფერი არის იმის გამო, რომ სახელისუფლებო პროპაგანდა ვერ ვრცელდება ფრანკლინის კლუბის კურსდამთავრებულებზე, რადგან გვაქვს საკმარისი ცოდნა იმის, რომ გავარჩიოთ რეალობა, გვესმის, რა არის მედიაწიგნიერება, თავისუფალი თაობა ვართ და კიდევ გვსურს განვითარება.
ცხადია, ვერავინ მოახდენს ჩვენზე გავლენას, თუმცა ჩვენ ყოველთვის ვართ მზად კარგი, არგუმენტირებული დიალოგისთვის, იმიტომ, რომ თუ რაიმე პრობლემის გადაჭრა გვსურს, ეს მხოლოდ მშვიდობიანი გზით არის შესაძლებელი“ – ამბობს სანდრო.
მისი თქმით, მათ წინააღმდეგ წარმოებულმა „პიარმა“ მხოლოდ ის შედეგი გამოიღო, რომ „ფრანკლინის კლუბში“ ბავშვების ნაკადი კიდევ უფრო გაიზარდა.
„პირიქით გააკეთეს, ყველამ გაიგო ამ კლუბის შესახებ და გვწერდნენ, როგორ შეიძლება თქვენი კლუბის წევრი გავხდეთო.
ჩვენი მიზანია, განვითარდეს ქვეყანა და ცივილიზებულ, ევროპულ საზოგადოებაში ვცხოვრობდეთ“- ამბობს სანდრო.
ლიზა გადელია მეთერთმეტეკლასელია. იგი „ფრანკლინის კლუბში“ გასული წლის ზაფხულში მივიდა.
„კლასელები დადიოდნენ და შინაარსი რომ გამაცნეს, დავინტერესდი. რომ მივედი, ისე მომეწონა, გადავწყვიტე, მევლო ამ კლუბში“- გვეუბნება ლიზა.
როგორც ლიზა ამბობს, ლექტორებთან, ხალხთან ურთიერთობამ ბევრი რამ ასწავლა და გააღრმავა მისი ცოდნა იმ სფეროებში, რომლებიც მისთვის საინტერესოა.
„ხალხი, რომელიც აზროვნებს, ცხადია, არ მოსწონთ [„ქართულ ოცნებას“], რადგან ასეთ ადამიანებს აქვთ უნარი კარგად გაანალიზონ ხელისუფლების შეცდომები. თუმცა ასე თუ დაგვესხმებოდნენ თავს, მაინც არ მეგონა.
თავიდან მეც ისევე გამეცინა მათ განცხადებებზე, როგორც ჩემს მეგობრებს, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ეშინიათ ჩვენი და ამან უფრო გაგვაძლიერა.
ფაქტია, რომ ეშინიათ თავისუფალი და მოაზროვნე თაობის და ჩემი აზრით, ასეთ დროს გამარჯვებული ცალსახად ვიქნებით ჩვენ, ახალგაზრდები, რადგან ისევ და ისევ ჩვენ უნდა განვავითაროთ ეს ქვეყანა. ამიტომ, როცა თავს გვესხმიან, მათთვის არის ცუდი“ – მიიჩნევს ლიზა.
ბრალდებას, რომ ფრანკლინელებს პარტიული მიზნებისთვის იყენებენ, ლიზა არ ეთანხმება.
„ჩვენ არავინ გვიყენებს და ვერც ვერავინ გამოგვიყენებს. ღარიბაშვილს, კობახიძეს და წულუკიანსაც, რა თქმა უნდა, დავპატიჟებდი ფრანკლინის კლუბში პირველ მოდულზე. ამ მოდულში ყველაფრის შესავალია და მისი მოსმენის შემდეგ უკეთ იაზრებ, რა ინტერესები გაქვს მომავალში“ – ამბობს ლიზა.
მისი აზრით, მსგავსი ზეწოლებით ამ თაობას ვერ შეაშინებენ, ვერც მშობლებზე მოახდენენ გავლენას – „ისინიც ხედავენ, სად დადიან მათი შვილები და რა განათლებით ბრუნდებიან უკან“ – ამბობს ლიზა.
„კრიტიკული როგორ შეიძლება არ იყოს სახალხო დამცველი?“ – გვითხრა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა, რომელსაც ინტერვიუს დროს ვკითხეთ „ოცნების“ ლიდერის, ირაკლი კობახიძის შეფასებაზე – „ლევან იოსელიანი ნინო ლომჯარია არ გახდება“.
ლევან იოსელიანს ასევე ვკითხეთ, რატომ არ შეიმჩნია 28 მარტს, მაგალითად, პარლამენტარ ტარიელ ნაკაიძისთვისმიკროფონის ჩარტყმა.
„ეს იყო პოლიტიკურ ნიადაგზე წარმოშობილი… პირდაპირ რომ ყოფილიყო ნახსენები მისი რელიგიური მრწამსი, ან ეს ყოფილიყო თავდასხმის საფუძველი, რა თქმა უნდა, ამაზე მექნებოდა შესაბამისი რეაქცია. ტარიელ ნაკაიძე იქნება თუ სხვა ნებისმიერი დეპუტატი, რომლებსაც ერთმანეთში აქვთ პოლიტიკური დებატები…“ – ასე უპასუხა შეკითხვას ახალმა სახალხო დამცველმა.
როგორია სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის რეაქცია, როცა მის მიმართ უკვე ისმის საყვედური, რომ შეფასებას ძალიან აგვიანებს, ან მისი განცხადებები არ არის საკმარისად მწვავე? – „ბათუმელებმა“ ლევან იოსელიანთან ინტერვიუ ჩაწერა.
ბატონო ლევან, როგორც გავიგეთ, ბათუმში უკვე შეხვდით თორნიკე რიჟვაძეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს. რა საკითხზე ესაუბრეთ მას და რა იქნება თქვენი პრიორიტეტი რეგიონებში?
ჩემთვის პრიორიტეტია ჩვენი აქტივობა გაიზარდოს, გააქტიურდეს რეგიონებში. უფრო მეტი ადამიანი გვინდა ჩავრთოთ ცნობიერების ამაღლების პროგრამებში, რასაც სახალხო დამცველი ახორციელებს, უფრო მეტ ადამიანს უნდა გავაგებინოთ ჩვენ შესახებ, რათა კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა მოგვმართოს, თუ იქნება მათ უფლებაში ჩარევა სახელმწიფოს მხრიდან. თუ არის დისკრიმინაციის ფაქტი, ან სხვა ტიპის უფლებრივი შეზღუდვა, სახალხო დამცველი ვალდებულია თავისი მანდატის ფარგლებში მოახდინოს რეაგირება.
მე შევხვდი აჭარის მთავრობის ხელმძღვანელს, ბატონ თორნიკე რიჟვაძეს. ჩვენ დიდი ხანია პრობლემა გვაქვს ბათუმში ოფისთან დაკავშირებით. რაც გვაქვს ნაქირავები, არ არის შესაბამისი პირობებით, რაც აუცილებელია, მაგალითად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. დიდი ხანია აჭარის მთავრობა გვპირდება, რომ გადმოგვცემენ ოფისს, რომელიც ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან მივიღე დაპირება, რომ უმოკლეს ვადაში ამ პრობლემას მოგვიგვარებენ.
რაც სახალხო დამცველად დავინიშნე, რამდენიმე სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ვიყავი, მათ შორის, ქალთა დაწესებულებაში. ეს არის პრიორიტეტული საკითხი, რადგან უამრავი წერილი მოგვდის დახურული ტიპის დაწესებულებიდან, უამრავ ადამიანს სჭირდება სახალხო დამცველის თანადგომა.
ბათუმსა და ქუთაისში არის არამარტო სასჯელაღსრულების დაწესებულებები, არამედ არის ფსიქიატრიული დაწესებულებები, არის სხვა ტიპის თავშესაფრები, რომლებიც აუცილებელია იყოს ჩვენი მხრიდან მონიტორინგის ქვეშ და სისტემურ პრობლემებზე გავამახვილოთ ყურადღება, რაც ამ დაწესებულებებში არსებობს. იქ, სადაც არის შეღწევა რთული, დახურულია, ალბათობა იმისა, რომ უფლებები შეიძლება იყოს შეზღუდული, მაღალია.
შესაბამისად, ჩემი პრიორიტეტი არის ის, რომ, რა თქმა უნდა, კანონი რასაც გვავალდებულებს, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, ეროვნული მექანიზმის ფარგლებში მოვახდინოთ სწრაფი და ეფექტური რეაგირება დისკრიმინაციის ფაქტებზე.
ლევან იოსელიანი
რა დაწესებულებებიც უკვე მოინახულეთ, რა შთაბეჭდილება დაგრჩათ, რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა ციხეებში?
ზოგადად სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში, რა თქმა უნდა, პრობლემა ბევრია. ყველაზე კარგი მდგომარეობა მაინც ქალთა დაწესებულებაში დამხვდა.
გამოწვევა არის ფსიქიატრიული პრობლემის მქონე პატიმრების საჭიროებებზე სწრაფი რეაგირება, მათი იდენტიფიცირება, ეფექტური და სწრაფი მკურნალობა. როგორც ცნობილია, მათთვის ცალკე დაწესებულება არ არსებობს, მათ უწევთ სასჯელის მოხდა გარკვეულ პერიოდში, სანამ პროცედურულად მოხდება ექსპერტიზის ჩატარება და ასე შემდეგ, რაც იწვევს მთელ რიგ პრობლემებს. ამ დროს ეს ადამიანები ხვდებიან დეესკალაციის საკნებში, რაც კიდევ უფრო ართულებს მათი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობას.
ეს არის, მათ შორის, ციხის დირექტორების მხრიდანაც დასმული საკითხი, რომ უნდა არსებობდეს განსხვავებული მექანიზმი, რაც მოახდენს ასეთი პრობლემების მქონე ადამიანების სწრაფ იდენტიფიცირებას, მათ დაუქვემდებარებს სწრაფ მკურნალობას, იქნება კომისია, რომელიც ამაზე იმუშავებს და მათი დაბრუნება საერთო დაწესებულებაში მოხდება რისკების დაზღვევის პირობებში.
ბათუმში 28 მარტს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა, პარტიული კონფერენციის დროს, საჯარო სივრცის დატოვება აიძულეს აქციის მონაწილეებს. ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების მიუხედავად, ადგილზე საერთოდ არ მივიდა პოლიცია. ასევე, ენმ-ს თავის მხარდამჭერებთან ერთად საზაფხულო თეატრის შენობაში შეკრებაზე უარი უთხრეს. საინტერესოა თქვენი რეაქცია გამოხატვის თავისუფლების დარღვევის ფაქტებზე.
გზაში ვიყავი და ვერ ვადევნებდი თვალს ამ პროცესს, თუმცა ერთი რამ შემიძლია გითხრათ: საქართველოში ყველა მთავრობის დროს იყო ტენდენცია, როცა ოპოზიციური პარტიებისთვის ადმინისტრაციული შენობების გამოყოფა იყო პრობლემა. ამისთვის სხვადასხვა მიზეზი არსებობდა ხოლმე. შეკრების უფლება ის უფლებაა, რომელიც გარანტირებულია კონსტიტუციით. ყველას აქვს უფლება, შეიკრიბოს და თავისი აზრი გამოხატოს, მიუხედავად იმისა, რომელ პარტიას წარმოადგენს იგი.
ვფიქრობ, რომ ზოგადად ეს პრობლემა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მეტ-ნაკლები სიმწვავით ყველგან დგას და არის ჩვენთანაც. მიუხედავად იმისა, რომ სოციალურმა ქსელმა ეს პრობლემა ასე თუ ისე გადაჭრა: ადამიანებს აქვთ გარკვეული, თავიანთი აზრი სოციალურ ქსელში, თუმცა მათ არ მიუწვდებათ ხელი ე.წ. მეინსტრიმ მედიაზე, რომელიც, ჩემი აზრით, არის აბსოლუტურად პოლარიზებული, მათ შორის, პოლიტიკური ინტერესების მიხედვით.
ძალიან რთულია თუნდაც ახლად დაფუძნებულმა პარტიებმა, ახლად დაფუძნებულმა აქტიურმა ჯგუფებმა, პოლიტიკურმა ლიდერებმა თავი დაიმკვიდრონ დღევანდელ გარემოში, გამომდინარე იქიდან, რომ მათთვის რთულია გაარღვიონ ეს წრე, რომელიც მედიას აქვს მონოპოლიზებული პოლიტიკური ნიშნით.
არაადეკვატური და დაგვიანებული რეაქცია დაასახელეს 7 მარტის აქციის მონაწილეებმა თქვენთვის კვერცხების სროლის მიზეზად…
აქციის მონაწილეებს არ უსვრიათ.
ვინ გესროლათ?
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იყვნენ…
სულ რამდენიმე საათის არჩეული ვიყავი სახალხო დამცველად. რა თქმა უნდა, ჩემს მოვალეობად ჩავთვალე, გავსულიყავი აქციაზე, რომ ჩემი თვალით მენახა იქ არსებული მდგომარეობა ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე დაიწყებოდა საპოლიციო ღონისძიების გამოყენება.
აქციაზე ადამიანები მხვდებოდნენ ძალიან კარგად, ჩემთან იღებდნენ ფოტოებს, შემდეგ კი, დავინახე ჩოჩქოლი წინა რიგებში, მივედი აქციის მონაწილეებთან. ამ დროს არ იყო დაწყებული საპოლიციო ღონისძიებები. იქ კი ერთ-ერთი ტელეკომპანიის ჟურნალისტმა მომთხოვა შეფასება პროპორციულობის ნაწილში აქციის მონაწილეების ქმედებასა და პოლიციას შორის.
რა თქმა უნდა, ვუთხარი, რომ მე ამას ვერ შევაფასებ, რადგან თუნდაც საპოლიციო ღონისძიების მეთვალყურე ვყოფილიყავი, შეუძლებელია, ერთი ადგილიდან შენ სრული სურათი შეაფასო. ავუხსენი, რომ სახალხო დამცველის მთელი აპარატი იმყოფებოდა აქციაზე და ეს შეფასება გაკეთდება მოგვიანებით, როცა გვეცოდინება სრული სურათი. ამან გამოიწვია ჟურნალისტში რაღაცნაირი აგრესია და დაიწყო ამ თემის კიდევ უფრო გააქტიურება და იქ მყოფ ადამიანებს გააგებინა, რომ მე მიჭირდა ამ მოვლენების შეფასება. იქ იყვნენ ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები, რომლებიც ისედაც არ იყვნენ კეთილგანწყობილები და ალბათ დღესაც არ არიან, ჩემი პოლიტიკური საქმიანობის გამო არ იზიარებდნენ ჩემს აზრებს, არც მეც ვიზიარებდი მათსას…
შემდეგ მოხდა ეს თავდასხმა ჩემზე სამწუხაროდ, რაც მოხდა, თუმცა მაშინვე ვთქვი, რომ მე უკვე აღარ ვარ პოლიტიკაში და შესაბამისად მე ვარ იმ ადამიანების სახალხო დამცველიც, ვინც ეს კვერცხები გაიმეტა ჩემთვის. მე ასევე დავიცავ მათ უფლებებს და ვიქნები მათი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვის გარანტი, როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანის.
პოლიტიკა დამთავრდა ჩემთვის 7 მარტს, როდესაც ამირჩიეს ამ პოზიციაზე.
ადევნებთ თვალს, როგორ მიმდინარეობს გამოძიება 7-8 მარტის აქციაზე პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე? ჩვენ არ მოგვაწოდეს საჯარო ინფორმაცია, რამდენიმე პოლიციელი მონაწილეობდა ამ აქციაზე ან რა რაოდენობით გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი. თქვენთან თანამშრომლობს გამოძიება?
ჩვენ გავავრცელეთ მეორე დღეს განცხადება, რომელშიც ნათლად ავსახეთ ჩვენი ხედვა საპოლიციო ღონისძიების შესახებ: სად იყო პროპორციული და სად არ იყო პროპორციული ძალა გამოყენებული.
მთავარი პრობლემა, რაც არაპროპორციულობასთან ერთად იყო, ეს იყო ადამიანების დაკავების ფაქტები, რომლებიც არ მონაწილეობდნენ აქციაში, ან იყვნენ აქციაზე, მაგრამ მათი გამოხატვის ფორმები არ სცდებოდა კანონით დადგენილ ფარგლებს. როცა საპოლიციო ღონისძიება იწყება ჭიჭინაძის ქუჩაზე, ადამიანებმა, რომლებიც დგანან რუსთაველზე ან ჩიტაძეზე, არ იციან იქ რა ხდება, რთულია მიადევნონ ამას თვალი. მიუხედავად ამისა, ყველას მიმართ თანაბრად გამოიყენა პოლიციამ ძალა და უამრავი ადამიანი იქნა დაპატიმრებული ადმინისტრაციული წესით, რომლებიც მე მეორე დღესვე მოვინახულე.
25 ადამიანი მოვინახულე, მათ შორის, ზურაბ ჯაფარიძე. მე ყველას ვესაუბრე წინასწარი დაკავების იზოლატორებში.
ვისი საქმეც წავიდა სასამართლოში, მათ შორის, იყვნენ ახალგაზრდები, რომლებმაც ჩვენ მოგვმართეს, ჩვენი მანდატის ფარგლებში გავაგრძელეთ მონიტორინგი სასამართლო პროცესებზე. ჩვენ არ გვაქვს სასამართლოში მხარის წარმოდგენის უფლება, მაგრამ შეგვიძლია მონიტორინგი განვახორციელოთ, რაც შეიძლება შემდეგ ავსახოთ ჩვენს დასკვნაში. ჩვენი წარმომადგენლები ესწრებოდნენ ამ პროცესებს.
ჩვენ გამოთხოვილი გვაქვს უამრავი ინფორმაცია 7 – 9 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით, ეს ინფორმაცია იქნება კონსოლიდირებული და აისახება ანგარიშში. ინფორმაციის ნაწილი ჯერ არ მიგვიღია… სამწუხაროდ, არიან უწყებები, რომლებიც არ გვაწვდიან ინფორმაციას.
რომელი უწყება არ გაწვდით ინფორმაციას?
დღემდე ასეთ უწყებად რჩებოდა კულტურის სამინისტრო, რომელიც სახალხო დამცველს არ აწვდიდა ინფორმაციას.
მას შემდეგაც, როცა თქვენ გახდით სახალხო დამცველი?
ჯერჯერობით ჩვენ არ გამოგვითხოვია იქიდან რაღაც ისეთი ინფორმაცია…
სახალხო დამცველის ანგარიში იმდენად არის ფასეული, რამდენადაც ანალიზია გაკეთებული იმ გადაწყვეტილებების, რასაც ხელისუფლება იღებს. ამ ანალიზისთვის კი ჩვენ უნდა გვქონდეს ინფორმაცია უწყებებიდან. ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უწყებებთან იყოს ურთიერთობის ის ჩარჩო, რაც ჩვენ მოგვცემს საშუალებას, გავაკეთოთ შესაბამისი დასკვნები.
ჩვენ ვერ მოვამზადებთ დასკვნას მხოლოდ მედიაზე დაყრდნობით, ეს იქნება ძალიან ზედაპირული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო, რასაც კანონი ავალდებულებს, თანამშრომლობდეს სახალხო დამცველთან, რათა ჩვენ შევძლოთ სისტემურ პრობლემებზე საუბარი.
მანამდე კი, ვიდრე თქვენ დასკვნებს გამოაქვეყნებთ, გსაყვედურობენ დაგვიანებულ რეაქციას, ან რეაქციის საერთოდ არქონას, მაგალითად, საინტერესოა, რატომ არ შეიმჩნიეთ მუსლიმი თემის შეურაცხყოფა? მუსლიმი თემის ხმას პარლამენტში, ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ჩაარტყეს და აგენტი უწოდეს, მეორე დღეს კი, „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „მას ეკუთვნის პარლამენტის სხდომათა დარბაზში კუთხეში დგომა, მას აქვს მძიმე რეპუტაცია“.
მე მგონია, რომ არასწორია კითხვა, მუსლიმ თემს მე აუცილებლად გამოვეხმაურებოდი.
მე ტარიელ ნაკაიძეს ძალიან კარგად ვიცნობ. ის არის პოლიტიკოსი და მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესში. შესაბამისად, ინციდენტი, რაც იქ მოხდა, დაკავშირებული იყო, რაც ვნახე, მის პოლიტიკურ საქმიანობასთან.
რას უკავშირდებოდა ეს თავდასხმა კონკრეტულად, თქვენ როგორ გაიგეთ?
არ ვიცი, ტარიელ ნაკაიძე არის ოპოზიციაში მმართველ პარტიასთან და იქ არ ყოფილა აქცენტი მის სარწმუნოებაზე.
მას უთხრეს, რომ არის აგენტი. შემდეგ კი, მიზანმიმართულად განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რომ „მძიმე რეპუტაცია აქვს“ და არ დააკონკრეტა, რას გულისხმობს. ამავე დროს, ცნობილია, რომ ბოლო 20 წელია ტარიელ ნაკაიძე აქტიურად იცავს მუსლიმი თემის ინტერესს.
ეს გასაგებია, მაგრამ პირველ რიგში, მე გეტყვით, რომ კანონი მიკრძალავს ზოგადად პოლიტიკურ პროცესში რაღაც ფორმით მონაწილეობას, მხარდაჭერას, ან ჩემი პოზიციის დაფიქსირებას პოლიტიკური პარტიების ან პოლიტიკოსების მიმართ.
მე გკითხეთ მუსლიმი თემის ინტერესების დაცვაზე, სადაც აღიქვეს, რომ აგენტებად ხედავს მათ ხელისუფლება, რადგან მათ ხმას პარლამენტში უწოდეს აგენტი, მიკროფონი ჩაარტყეს და კუთხეში დადექიო, უთხრეს.
ამ ადამიანებს მე დავიცავ ყველა შემთხვევაში, თუ რაიმე ფორმით რელიგიური ნიშნით იქნება მათ მიმართ განცხადებები გაკეთებული.
ტარიელ ნაკაიძე, როგორც პოლიტიკოსი, მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესში და ინციდენტში, რაც მოხდა, არ იყო ნახსენები მისი რელიგიური მრწამსი, არც მისი დამოკიდებულება ამის მიმართ… სამწუხაროდ, ეს არის ის მეტყველება, რასაც პოლიტიკოსები ერთმანეთის მიმართ იყენებენ და ეს ძალიან ხშირია. რა თქმა უნდა, მიუღებელია, როცა ადამიანებს ეძახიან აგენტებს, უაპელაციოდ ბრალს სდებენ, რომ არიან რომელიმე ქვეყნის ჯაშუშები, ძირითადად გვესმის, რომ შენ ხარ რუსეთის აგენტი, მეორე პირველს უყენებს პრეტენზიას…
ეს მიუღებელია არამარტო ირაკლი კობახიძის, არამედ ნებისმიერი დეპუტატის მხრიდან. მე როცა ვიყავი დეპუტატი, ასეთ განცხადებებს არ ვაკეთებდი… ტარიელ ნაკაიძეს და ვიქტორ ჯაფარიძეს შორის მომხდარი ინციდენტი თავისი შინაარსით არ იყო რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი ინციდენტი.
საიდან დაასკვენით, რომ ეს თავდასხმა არ უკავშირდებოდა რელიგიას?
მოვუსმინე ამ ყველაფერს, ვნახე. ეს იყო პოლიტიკურ ნიადაგზე წარმოშობილი… პირდაპირ რომ ყოფილიყო ნახსენები მისი პოლიტიკური მრწამსი, ან ეს ყოფილიყო თავდასხმის საფუძველი, რა თქმა უნდა, ამაზე მექნებოდა შესაბამისი რეაქცია. ტარიელ ნაკაიძე იქნება თუ სხვა ნებისმიერი დეპუტატი, რომლებსაც ერთმანეთში აქვთ პოლიტიკური დებატები, პოლიტიკაში არიან და საჯარო პირები არიან.
ტარიელ ნაკაიძე თქვენთვის მუსლიმი თემის ხმა არ არის?
ტარიელ ნაკაიძე ძალიან ხშირად ლაპარაკობს მუსლიმ თემზე და ამ ადამიანების ინტერესებზე, ოღონდ იმ კონკრეტულ მომენტში ეს არ იყო მათ შორის კამათის მიზეზი.
სხვათა შორის, იგივე გვითხრა ახლახან ირაკლი კობახიძემ. ისიც ამტკიცებს, რომ „მძიმე რეპუტაციის“ შესახებ ბრალდება არ უკავშირდება ტარიელ ნაკაიძის მიერ მუსლიმი თემის დაცვას, თუმცა ის ვერ აკონკრეტებს, რას უკავშირდება თავდასხმა მუსლიმების დამცველ დეპუტატზე.
არ ვიცი ეს. გამორიცხულია, რომ კომენტარისგან თავი შემეკავებინა. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ ყოფილიყო ამ ნიშნით რაიმე შეურაცხმყოფელი გამონათქვამიც კი, ამაზე მექნებოდა შესაბამისი რეაქცია. პოლიტიკოსებს აქვთ ის პასუხისმგებლობა, რაც აქვთ, ისინი მონაწილეობენ პოლიტიკურ პროცესში და შესაბამისად, მათ პოლიტიკურ დებატში სახალხო დამცველი ვერ მიიღებს მონაწილეობას.
ირაკლი კობახიძემ ასევე თქვა, ლევან იოსელიანი არასდროს გახდება ნინო ლომჯარიაო. როგორ აღიქვით ეს განცხადება? არ ელიან, რომ შესაძლოა გახდეთ ისეთივე კრიტიკული, როგორიც ნინო ლომჯარია იყო?
არ ვიცი, ალბათ ირაკლი კობახიძესთან არის ეს კითხვა. ნინო ლომჯარიას მიმართ მათ [ხელისუფლებას] აქვთ ჩამოყალიბებული კონკრეტული დამოკიდებულება და ჩემ მიმართ აქვთ ალბათ განსხვავებული მოლოდინი, ასე აღვიქვი.
რა მოლოდინია ეს კონკრეტულად, რომ არ იქნებით კრიტიკული?
კრიტიკული როგორ შეიძლება არ იყოს სახალხო დამცველი? სახალხო დამცველის პოზიცია მოიაზრებს იმას, რომ უნდა იყოს კრიტიკული, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს სახალხო დამცველის მანდატს ეწინააღმდეგება.
სახალხო დამცველი ეს არ არის ერთი ადამიანის რეაქცია კონკრეტულ ამბავზე, ეს არის ინსტიტუტი, რომელიც იკვლევს და აკეთებს სპეციალურ დასკვნებს.
არ ფიქრობთ, რომ ძალიან დაიგვიანეთ შეფასება სავარაუდო სექსუალური შევიწროების შემთხვევებზე, რაც შალვა რამიშვილს უკავშირდება?
კონკრეტული განცხადებები, რაც მედიაში ტრიალებდა მსხვერპლი ქალების მიმართ, ამის შესწავლას სჭირდებოდა დრო… მე 3 საათზე გავაკეთე განცხადებადა პრეზიდენტმა 6 საათზე გააკეთა.
ამ შემთხვევაში შესაძლოა თქვათ, რომ სწავლობთ შევიწროების შემთხვევებს, მაგრამ, როცა, მაგალითად, 8 მარტის აქციაზე პარლამენტის წინ, შსს-მ აუდიო ჩანაწერით მიმართა მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს, დაიშალეთ, თორემ ძალას გამოვიყენებო, აქ ხომ აშკარაა, რომ ხელისუფლება პირდაპირ არღვევს კონსტიტუციას? ამ დროს ჩვენ სახალხო დამცველის მყისიერი რეაქცია არ გვინახავს, თუნდაც ფეისბუქპოსტი.
იმ დღეს ვერ იქნებოდა ჩემი შეფასებები, რადგან პროპორციულობის ნაწილში როცა უნდა შევაფასო ძალის გამოყენება, ამას სჭირდება მონიტორინგი და სრული სურათის ნახვა. ჩემ გარდა იქ მუშაობდა 7 თუ 8 კაცი, ვისგანაც ინფორმაცია უნდა შეგვეკრიბა და მეორე დღეს გაგვეანალიზებინა.
მაგალითად, ვდგავარ კონკრეტულ ადგილას და მთხოვენ მთელი აქციის შეფასებას. მე, როგორც მოქალაქემ შესაძლოა, ბევრი რამ ვთქვა. სახალხო დამცველი აფასებს ძალის გამოყენების პროპორციულობას, საკუთარი მანდატის ფარგლებში საპოლიციო ღონისძიების შესაბამისობას მომიტინგეების უფლებებთან და ამ ყველაფერს სჭირდება მონიტორინგი, დრო.
შეიძლება, სხვა სახალხო დამცველებს ჰქონდათ სხვა სტანდარტი.
მაგალითად, ნინო ლომჯარიას?
არ ვიცი, მაგრამ, მათ შორის, 20 ივნისის აქციებზეც მახსოვს, რომ რამდენიმე დღის შემდეგ გამოქვეყნდა სახალხო დამცველის ანგარიში. ლომჯარიასაც, მგონი, იგივე სტანდარტი ჰქონდა – რაღაც პერიოდს იღებდა და აფასებდა. მაშინაც შეფასების ანგარიში გამოქვეყნდა რამდენიმე დღის შემდეგ.
ჩვენი დასკვნა 7-9 მარტის აქციაზე არის ძალიან კრიტიკული, ამ დასკვნის გამოქვეყნებისთვის ყველა ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორმა მადლობა გადამიხადა.
ერთია, დასკვნის მომზადება ფაქტების გამოკვლევის შემდეგ და მეორე – მყისიერი რეაგირება, როცა აშკარად ჩანს დარღვევა. არ მიგაჩნიათ, რომ თქვენი პიროვნული რეაგირება დროულად არის მნიშვნელოვანი და შესაძლოა, შემაკავებელიც?
უფლებაში ჩარევას აქვს თავისი სტანდარტი. ჩვენთან თანასწორობის დეპარტამენტი მუშაობდა პირველივე წუთიდან [7-9 მარტის აქციები].
სავარაუდო სექსუალური შევიწროების შემთხვევებზე თქვენ გქონდათ განცხადება, თუმცა იყო შეფასებები, რომ ეს განცხადება არ იყო მწვავე.
მიმდინარეობს ამ საქმეების შესწავლა, ამას სწავლობს დეპარტამენტი, რასაც აქვს თავისი პროცედურა, მათთან ვაგზავნით გამოკითხვის ოქმებს, მათ უნდა მოგვცენ ინფორმაცია და ასე შემდეგ.
საბოლოო ჯამში რაც გამოიკვეთება, აისახება ჩვენს ანგარიშში.
თქვენი ბოლო სტატუსი ეხება იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმის წევრი ექიმები თქვენს მითითებას არ ელოდებიან და თქვენგან რწმუნების გადაცემა ექიმებს არ უთხოვიათ. არ აპირებთ, რომ მიუბრუნდეთ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესწავლის საკითხს?
არჩევის პირველივე დღიდან რამდენჯერმე განვაცხადე, რომ კონსილიუმს რაიმე ფორმით არათუ ხელს შევუშლი, არამედ პირიქით, ხელს შევუწყობ, რომ მონაწილეობა მიიღონ ამ პროცესში.
მე შევხვდი მიხეილ სააკაშვილს, მან მთხოვა, რომ შემოსულიყო კონსილიუმი და მე მაშინვე გადავეცი კონსილიუმს მისი ეს თხოვნა. ჩემი მონაწილეობა გამოიხატება მხოლოდ იმაში, რომ უნდა გავცე რწმუნებები, რომელიც ჩემ მიერ უკვე ხელმოწერილია. ეს არის კონსილიუმის უშუალო პრეროგატივა, ჯანმრთელობის მდგომარეობას ისინი უწევენ მონიტორინგს. კონსილიუმის წევრები უახლოეს პერიოდში, ვფიქრობ, რომ შევლენ. როგორც წესი, ისინი არ ასაჯაროებენ თარიღს, ასეთი მიდგომაა.
გარდა ამისა, მე გამოვითხოვე ყველა დოკუმენტი, რომელიც დაკავშირებულია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და მეორე დღესვე, 20 მარტს, საკმაოდ დიდი პაკეტი გადავეცი კონსილიუმს.
სახალხო დამცველის კონსილიუმის წინა დასკვნის მიხედვითაც, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე. ამის გათვალისწინებით, რამდენად სამართლიანი და დასაბუთებულია თქვენთვის სასამართლოს გადაწყვეტილება, როცა მიხეილ სააკაშვილს სასჯელის გადავადებაზე უარი უთხრეს?
სასამართლო გადაწყვეტილების შეფასებაში მე ვერ შევალ. შემიძლია გითხრათ, რომ კონსილიუმს ექნება ყველანაირი წინაპირობა და მხარდაჭერა, რომ მაქსიმალურად ეფექტური მონიტორინგი განახორციელონ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე.
რა მექანიზმებით წარმოგიდგენიათ პრეზიდენტ სააკაშვილის უფლებების დაცვა?
კანონის თანახმად ჩვენ შეგვიძლია, როდესაც საქმე ეხება ჯანმრთელობის საკითხს, მოვიწვიოთ სპეციალისტი, ამ შემთხვევაში კი, შექმნილია კონსილიუმი. ისინი ახორციელებენ შესაბამის მონიტორინგს. მე, როგორც სახალხო დამცველმა, შემიძლია თვალყური მივადევნო ამ პროცესს, არა ხოლოდ მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში, არამედ ჩემი ვალდებულებაა, ყველა პატიმრის მდგომარეობაზე ვიზრუნო.
მე როცა შევხვდი მიხეილ სააკაშვილს, მარტო მას არ შევხვედრივარ, შევხვდი 13-ვე პატიმარს, რომელიც „ვივამედის“ კლინიკაში მკურნალობს.
__________________
მთავარ ფოტოზე: ლევან იოსელიანი ბათუმში, „ოცნების ქალაქში“. ფოტო: „ბათუმელები“/როინ გუნდაძე
ალეკო ბერიძე ბსუ-ს სტუდენტია. ის მეორეკურსელია, უნივერსიტეტში ტურიზმს სწავლობს. ალეკო ქობულეთის სოფელ ზედა აჭყვაში ცხოვრობს და ლექცია-სემინარებზე ყოველდღე სოფლიდან დადის უნივერსიტეტში.
ალეკო გვიზიარებს თავის ხედვას უნივერსიტეტზე, სტუდენტურ თვითმმართველობასა და იმაზე, თუ რას ნიშნავს მისთვის საქართველოში „უცხოური გავლენის აგენტის“ შესახებ კანონის მიღების მცდელობა.
ალეკო, რამდენად რთულია სოფლიდან სიარული უნივერსიტეტში ყოველდღე?
მარტივი ნამდვილად არ არის, რადგან ტრანსპორტი ძვირია. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ სოფელში ვცხოვრობ, ვსწავლობ და უნივერსიტეტში ხელს არ მიწყობენ, არ მაქვს სამსახური. რომ არ ვმუშაობ, ვცდილობ, თანხა დავზოგო. იმაზე ვარ დამოკიდებული, რომელი მეზობელი წამომეწევა გზად და წამომიყვანს, ამასობაში კი ჩაქვამდე ჩავდივარ და ავტობუსით მოვდივარ ბათუმში.
თბილისში მინდოდა ჩამებარებინა, მაგრამ რომ დავითვალეთ რა დამიჯდებოდა ქირა და ა.შ., ჩემი ოჯახის საერთო შემოსავალს გადააჭარბა. ჩვენს ოჯახში მხოლოდ ერთი ადამიანი მუშაობს.
ფასები საგრძნობლად გაზრდილია ბათუმშიც არა მხოლოდ ქირაზე, არამედ პროდუქტებზეც.
ერთ-ერთ კონკურსში გავიმარჯვე და გერმანიაში მივდივარ სამი თვით პრაქტიკაზე. იქაური ფასები აქაურ ფასებს რომ შევადარეთ, ვნახეთ, რომ 2-3-ჯერ ძვირია აქ პროდუქტები.
რა შეგიძლია თქვათ თქვენს უნივერსიტეტზე, სწავლის ხარისხზე, რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ?
ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემაა ძალიან ძველი მასალები, წიგნები და ლექტორები, რომლებსაც სწავლების ძველი მეთოდები აქვთ.
ერთ-ერთ ლექტორს დიქტატორს ვეძახი. სულ პროტესტი მაქვს მის მიმართ, რადგან ცდილობს, ძალიან ძველი მეთოდებით გვასწავლოს. გვყავს თანამედროვე მიდგომების ლექტორებიც, მაგრამ მაინც ძველი მასალებით გავდივართ კურსს.
დადებითი რაც შემიძლია ვთქვა, ის არის, რომ პირველ კურსზე ბიზნესადმინისტრირებაზე ვსწავლობდი, შემდეგ – ტურიზმზე და ორივე დეკანატში, ჩემი გამოცდილებით, ყველა ძალიან პასუხისმგებლიანია.
თქვენ ახსენეთ სწავლების ძველი მიდგომები, კონკრეტულად რას გულისხმობთ?
ერთმა ხანდაზმულმა ლექტორმა გვითხრა, როგორც უფროსი მეგობარი, ისე მიმიღეთო, რამაც ძალიან გაგვახარა. პირველი ლექციის ბოლოს, როცა კითხვები დავსვით, საინტერესო საუბარი გავაბით, მითხრა, შენ რომ რაიმეს იტყვი, აზრს გამოთქვამ, კითხვას დამისვამ, ფეხზე ადექი, იმიტომ, რომ პატივი უნდა მცეო.
ასეთი რაღაცები სხვა ლექტორებსაც ახასიათებთ, მაგრამ ამ კონკრეტულ ლექტორს რადიკალურად მსგავსი მიდგომები აქვს.
ძალიან ცუდი ის არის, რომ სტუდენტებიც მიჩვეულნი არიან ამას. როცა ამ და კიდევ სხვა დეტალებს უყურებ, ხვდები, რომ საბჭოთა კავშირის დროის გადმონაშთია ეს ყველაფერი.
ყველაზე ცუდი კი ის არის, სტუდენტებიც რომ ემორჩილებიან უსიტყვოდ [ასეთ ლექტორებს], ესაა საშინელება.
ჩემი აზრით, ეშინიათ, ნიშანი რომ აღარ დაუწეროს ლექტორმა. ძალიან მაგარი თაობა ვართ და არ უნდა არსებობდეს ბარიერი საკუთარი კრიტიკული აზრის გამოხატვისთვის.
რას ფიქრობთ ბსუ-ს თვითმმართველობაზე?
იმით დავიწყებ, რომ ლიკა დიასამიძე მოვიდა ერთ-ერთი პარტიის დამსახურებით. შეეძლო მერე გაეკეთებინა კარგი საქმე, მაგრამ არაფერი გაუკეთებია. თვითმმართველობა თავის ფუნქციას არ ასრულებს.
როცა რუსული კანონპროექტის მიღებას აპირებდნენ, მაშინაც დუმდა თვითმმართველობა.
თუ იცნობ პრორუს სტუდენტებს?
არიან ჩემ ირგვლივ პრორუსი სტუდენტები, მაგრამ, იმედია, ერთეულები. ბევრი ამბობს, არც ევროპა მინდა და არც რუსეთი, ნეიტრალიტეტი მირჩევნიაო, მაგრამ ნეიტრალიტეტის მნიშვნელობა არ იციან. ფაქტობრივად, ნეიტრალიტეტი რუსეთის ხელში ჩაგდებას ნიშნავს.
მათ, ვინც პრორუსია, საკმარისი განათლება არ აქვთ, გაიაზრონ, რატომ გვჭირდება ევროპა და არ გვჭირდება რუსეთი.
როგორ უნდა გამოსწორდეს ის პრობლემები, რაზეც ახლა ვისაუბრეთ?
ჩემი აზრით, სტუდენტებს აკლიათ კოლექტიურობა. თუ სტუდენტების უმრავლესობა კოლექტიურ ნაბიჯებს გადადგამს და საჭიროების შემთხვევაში ერთიანი პროტესტი ექნებათ, ამით ლექტორებსაც დაეხმარებიან და გათავისუფლდებიან შიშებისგან. უნივერსიტეტი იძულებული გახდება, გადადგას ის ნაბიჯები, რაც ჩვენ გვსურს.
მაგალითად, მასალების განახლება, მოვითხოვოთ ისეთი ლექტორების გაშვება, რომლებიც რეალურად არ ვარგან, თვითმმართველობისთვის რეალური მნიშვნელობისა და ღირებულებების დაბრუნება და ა.შ.
ზოგადად, უნივერსიტეტი ძირითადად დუმს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, თუმცა ქვეყანაში რუსული კანონპროექტის მიღების მცდელობისას სტუდენტების ნაწილმა გამოიღვიძა, ჰქონდათ აქციაც – არა რუსულ კანონს. როგორ ფიქრობთ, რატომ?
ვიყავი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და აქტიურად ჩართული ამ პროცესებში. პირველი ვიყავი, ვინც რექტორის სახელზე განცხადება დაწერა. ხმა ამოიღეთ და ჩვენი სათქმელი როგორც სახელმწიფო უნივერსიტეტმა, დააფიქსირეთ და თუ საჭირო იქნება, უნივერსიტეტის სახელით აქციაც დააორგანიზეთ, სადაც ლექტორებიც ჩაერთვებიან-მეთქი. იმიტომ, რომ ლექტორებსაც ეშინიათ სტუდენტებთან ერთად გავიდნენ, ხმა ამოიღონ. ეშინიათ, სამსახურიდან არ დაითხოვონ.
დაშინება მიღებული პრაქტიკაა დღეს საქართველოში, სამწუხაროდ. როგორც სტუდენტებს ეშინიათ, რომ მათ ქულას არ დაუწერენ, ისე ეშინიათ ლექტორებსაც.
აქციაზე სულ რამდენიმე, თითზე ჩამოსათვლელი ლექტორი გამოვიდა.
უნივერსიტეტმა პოზიცია ფოტოს გამოქვეყნებით დააფიქსირა ფეისბუქგვერდზე, რომელიც რექტორმაც გააზიარა. ეწერა, რომ ჩვენი არჩევანი ევროპაა და არა ის, რომ უნივერსიტეტი, ლექტორები და სტუდენტები ვგმობთ ამ კანონპროექტს.
მე, როგორც ერთ სტუდენტს, მჭირდებოდა და სხვა სტუდენტების სახელითაც ვიტყვი ამას, ეთქვათ, რომ ჩვენ ვართ სტუდენტების მხარეს და ვაპროტესტებთ ამ კანონპროექტს.
აქციაზე სტუდენტებისთვის პოლიტიკური ნიშნის მიკერება უნდოდათ. ჩვენ ყველა აპოლიტიკური ვიყავით და ევროპისკენ მიმავალ გზას ვიცავდით.
არასაჯაროდ ხშირად ისმის სტუდენტებისგან, რომ ჰყავთ კონკრეტული პრორუსი ლექტორები, მაგრამ ამაზე ვერ საუბრობენ, რადგან ეს მათთვის ერთგვარი ხათაბალა იქნება. რა პრობლემა შეიძლება შეუქმნას ლექტორმა სტუდენტს, რომელიც მის ხედვებს არ იზიარებს?
ჩაჭრას სტუდენტი მის საგანში. რთულია ამ პრობლემისგან თავის დაღწევა, მით უმეტეს მაშინ, თუ ლექტორი ჯიბრშია სტუდენტთან. შეუძლებელია რამენაირად დაიძვრინო თავი ამ ლექტორისგან. ან დეკანი უნდა იყოს ახლობელი, ან მისი მოადგილე, ან ვინმე გყავდეს და ამ ლექტორს დაელაპარაკოს – როგორ თუ ტოვებ, ნიშანს აკლებ სტუდენტს. თუ მას ვინმე მხარს უბამს, სხვა ლექტორი და ა.შ. ფაქტობრივად, საერთოდ წაშლილი ხარ.
ამის შესახებ ძალიან ბევრი იწერება სხვადასხვა ფაკულტეტიდან ჯგუფში – „ბსუ 2023“.
რას ეტყოდით პრორუს დეპუტატებს?
ამაზე ძალიან ბევრი მიფიქრია. როცა საჯარო სამსახურში ხარ, ხალხის აზრის გამტარი ხარ და ხალხს ემსახურები, უნდა გაითვალისწინო, რას ფიქრობს ხალხი, რა უნდათ. ვემიჯნები ყველა დეპუტატის რუსულ ნაბიჯებს.
თქვენთვის რას ნიშნავს პრემიერ-მინისტრის საჯარო განცხადება, რომ არ აინტერესებს რა წერია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში?
(უკრაინაში) ომის დაწყებიდან მოყოლებული პრემიერ-მინისტრმა ბევრი ასეთი განცხადება გააკეთა. ეს მათი აზრია და აქ არ ჩანს ქართველი ხალხის ხედვები.
ომიანობის დროს განსაკუთრებით მძიმე პრორუსულ განცხადებებს აკეთებდნენ. ვიცით, ვინ რას ემსახურება და რომ რუსეთის დაქვემდებარებაში არიან. მარტო მმართველი პარტიის ბრალი არ არის ეს ყველაფერი, რაც ხდება, ოპოზიციის ბრალიცაა, რადგან არც ისინი აკეთებენ არაფერს და არ არიან ქვეყნის განვითარებაში ჩართულები.
კვებითი აშლილობა ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, რომლის დროსაც ადამიანს ჭამასთან დაკავშირებული არაჯანსაღი ჩვევები აქვს. მაგალითად, ჭამის შემდეგ მექანიკურად იწვევს ღებინებას ან ბოროტად იყენებს საფაღარათო საშუალებებს, წონაზე ზემოქმედების მიზნით.
სხვადასხვა კვლევა მოწმობს, რომ კვებითი აშლილობები ყველაზე ხშირად მოზარდ და ახალგაზრდა ქალებს აზიანებს.
საქართველოში კვებითი აშლილობები სათანადოდ ნაკვლევი არ არის, შესაბამისად უცნობია ქვეყანაში ამ მხრივ დაავადებების გავრცელება. თუმცა, თუ საერთაშორისო სტატისტიკას გადავხედავთ, ნერვული ანორექსიის და მასთან ასოცირებული აშლილობის აშშ-ს ეროვნული ასოციაციის ცნობით, კვებითი აშლილობები მთელ მსოფლიოში მოსახლეობის 9%-ს მაინც აწუხებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: კვებითი აშლილობა 2019 წელს 14 მილიონ ადამიანს განუვითარდა გლობალურად, მათ შორის, თითქმის 3 მილიონი ბავშვი და მოზარდია.
საქართველოში, სახელმწიფო პროგრამის ჩამონათვალში, რომელშიც განსაზღვრულია ის ფსიქიკური დაავადებები, რომელთა მკურნალობაც სახელმწიფოს მიერ ფინანსდება, კვებითი აშლილობა არ არის შეტანილი.
კვებითი აშლილობები აერთიანებს რამდენიმე დიაგნოზს, მათგან ყველაზე ცნობილია ნერვული ანორექსია, ნერვული ბულიმია და უზომო/უკონტროლო, იგივე „ბინჯ“ კვება.
გარდა ამ სამი ძირითადი ფორმისა, არსებობს კვებითი აშლილობების ე.წ. ქვეტიპებიც, მაგალითად, „გაწმენდითი აშლილობა“, რომელიც ფსიქიკური დარღვევების დიაგნოსტიკურ და სტატისტიკურ სახელმძღვანელოში [DSM-5] აღწერილია, როგორც თვითგამოწვეული ღებინება ან საფაღარათო საშუალებების ბოროტად გამოყენება მიღებული [თუნდაც მცირე რაოდენობის] საკვების ორგანიზმიდან ხელოვნურად/სწრაფად გამოდევნის მიზნით.
ეს დიაგნოზი განსხვავებულია ბულიმიისგან, რომელიც შედარებით უფრო ცნობილი დიაგნოზია და რომლის დროსაც ორგანიზმის ამ ფორმით „გაწმენდას“ წინ უსწრებს საკვების დიდი რაოდენობით მიღების ეპიზოდი.
ამ ტიპის აშლილობა არ არის შეტანილი, როგორც ოფიციალური აშლილობა ფსიქიკური აშლილობის დიაგნოსტიკურ და სტატისტიკურ სახელმძღვანელოში [DSM-5]. ის უფრო შესულია, როგორც აღწერილი მდგომარეობა „სხვა, განსაზღვრული კვებითი აშლილობის (OSFED) კატეგორიაში”.ეს კატეგორია გამოიყენება კლინიკურად მნიშვნელოვანი კვებითი აშლილობების აღსაწერად, რომლებიც არ აკმაყოფილებენ კვების პირველადი აშლილობის [როგორიცაა ბულიმია, ანორექსია ან ბინჯ კვება] დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებს.
კვლევა: გაწმენდითი აშლილობა ყოველწლიურად აზიანებს მოზარდების დაახლოებით 2.5%-ს და უფრო გავრცელებულია გოგონებში, ვიდრე ბიჭებში.
„ამოცნობა შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ბარიერი ამ კვებითი აშლილობის მკურნალობისთვის“ – წერია გაწმენდითი აშლილობის შესახებ კვლევაში. კვლევის ავტორია პროფესორი პამელა კილი, რომელმაც ეს აშლილობა DSM-5-ის ქვეკატეგორიად მონიშნა.
ამავე კვლევაში წერია, რომ უშუალოდ ეს კვებითი აშლილობა გავლენას ახდენს მოზარდი ქალების 2.5-დან 4.8%-მდე პოპულაციაზე.
ბათუმის სამედიცინო ცენტრის გასტროენტეროლოგი თამარ გორგოშაძე ამბობს, რომ კვებითი აშლილობის დროს, კვებასთან დაკავშირებული სხვადასხვა არაჯანსაღი ქცევის შედეგად, ადამიანებს უვითარდებათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მთელი რიგი დარღვევები და სიმპტომები, რომლებიც დაკავშირებულია არასრულფასოვან კვებასთან და ელექტროლიტების დისბალანსთან.
ექიმის განმარტებით, ღებინების რეფლექსის ხშირი გაღიზიანებით შეიძლება პაციენტს დარჩეს ღებინების შეგრძნების ეპიზოდები ხანგრძლივად.
„ასევე, მექანიკური ზემოქმედების შედეგად ინფექციის შეტანის რისკი იზრდება, რადგან ხდება საყლაპავის ტრავმა, პირ-ხახის გაღიზიანება“ – ამბობს ის და განმარტავს:
„მაგალითად, რომ ავიღოთ კუჭის ანთებითი პროცესი, გასტრიტს ახასიათებს ღებინების შეგრძნება და როცა ვმკურნალობთ გასტრიტს, მასთან ერთად ქრება ღებინება და შეგრძნების სიმპტომიც. მაგრამ როცა ეს არის გამოწვეული ფსიქოემოციური ფაქტორით, რომც არ გამოიწვიოს ღებინება, ღებინების შეგრძნების ეპიზოდი შესაძლოა მაინც დარჩეს პაციენტს, რადგანაც ამდენი მექანიკური ზემოქმედებით გაღიზიანების შედეგად მდგომარეობა უფრო ქრონიკულ ხასიათს იღებს“.
თამარ გორგოშაძე
გასტროენტეროლოგი ასევე განმარტავს, რატომ არის საშიში საფაღარათო საშუალებების ხშირი გამოყენება და ამბობს, რომ ორგანიზმში ელექტროლიტების შემცირებისა და მინერალური ბალანსის დარღვევის გარდა, შესაძლოა პაციენტს განუვითარდეს გაზარმაცებული ნაწლავის სინდრომი:
„საფაღარათო საშუალება ნაწლავის ტონუსს ერთჯერადად ააქტიურებს და შემდეგ ითრგუნება, ხშირად გამოყენების შემთხვევაში კი ნაწლავი დუნდება და ვიღებთ გაზარმაცებული ნაწლავის სინდრომს. გაზარმაცებული ნაწლავის სინდრომი ნიშნავს, რომ ნაწლავს აღარ აქვს პერისტალტიკის უნარი, რომ ნაწლავში არსებული მასები გადააადგილოს”.
როგორც „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ფსიქოლოგი/ფსიქიატრი ქეთი დიასამიძე განმარტავს, კვებით აშლილობას კომპლექსური მკურნალობა სჭირდება, თუმცა დიაგნოზის დასმა და მკურნალობის პროცესის წარმართვა, პირველ რიგში, ფსიქიატრის კომპეტენციაა.
მულტიპროფესიული გუნდი, ვინც ასეთ პაციენტთან მუშაობს, ფსიქიატრის გარდა უნდა მოიცავდეს, საჭიროების მიხედვით, გასტროენტეროლოგის, კარდიოლოგის, ენდოკრინოლოგის და სხვა შესაბამისი კვალიფიკაციის მედპერსონალის ჩარევას.
ქეთი დიასამიძე
„ძირითადი დატვირთვა ამ შემთხვევაში მოდის ფსიქიატრიაზე; მკურნალობაც კომპლექსურია, ფსიქოთერაპიული და მედიკამენტური თერაპიით. ამ პროცესში მნიშვნელოვანია პაციენტის ფსიქოგანათლება, თავისი პრობლემის შესახებ” – ამბობს ქეთი დიასამიძე.
ფსიქიატრი აღნიშნავს, რომ მის გამოცდილებაში ასეთი პაციენტი ორჯერ მათივე კლინიკის სხვა პროფილის ექიმმა გადმოამისამართა, რადგან პაციენტები ასეთი მდგომარეობით იშვიათად განიხილავენ ამ მდგომარეობას მენტალური ჯანმრთელობის პრობლემად.
ყველა კვებითი დარღვევა ვლინდება სხვადასხვა ფიზიკური, ემოციური და ქცევითი სიმპტომებით.
ქეთი დიასამიძე ამბობს, რომ როგორც კი სურვილი გვიჩნდება, რომ ერთი გემრიელი ულუფის შემდეგ პირღებინება გამოვიწვიოთ, ეს უკვე პათოლოგიაა:
„როგორც კი ასეთი სურვილები ჩნდება, ეს ნიშნავს, რომ დახმარება გვჭირდება” – ამბობს ქეთი დიასამიძე.
BulimiaProject-ი წერს, რომ სხვებში „გაწმენდითი აშლილობის“ ამოსაცნობად ყურადსაღებია შემდეგი ძირითადი ნიშნები:
გაწმენდის ქცევის განმეორებადი ეპიზოდები წონის დაკლების მცდელობისას, რასაც შეიძლება მიანიშნებდეს ჭამის შემდეგ ტუალეტში შესვლა, ღებინების ნიშნები, დიდი ხნის განმავლობაში ჭამაზე უარი და ა.შ.; ასევე, სხვებთან ერთად და სოციალურ სიტუაციებში ჭამაზე თავის არიდება; კვების რიტუალების შემუშავება, როგორიცაა, მაგალითად, გადაჭარბებული ღეჭვა და ა.შ.
„თუ იგი [პუტინი] იგრძნობს სისხლს, იყნოსავს, რომ სუსტები ვართ, ის მიაწვება, მიაწვება, მიაწვება”, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ AP-ისთან ინტერვიუში, როცა განმარტავდა, თუ რატომ არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი უკრაინის ქალაქ ბახმუტის ბრძოლაში გამარჯვება უკრაინისთვის.
ზელენსკის თქმით, თუ რუსეთი ბახმუტთან წარმატებას მიაღწევს, ვლადიმერ პუტინი ამას „გამარჯვებად მიჰყიდის დასავლეთს, თავის საზოგადოებას, ჩინეთსა და ირანს”.
„ასოშიეითიდ პრესმა“ ზელენსკისთან ინტერვიუ მატარებელში ჩაწერა, როდესაც იგი სუმიდან კიევში ბრუნდებოდა. როგორც AP-ი წერს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი სამხედრო ანალიტიკოსის შეფასებით ბახმუტს არც ისე დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, ზელენსკი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მარცხი ნებისმიერ ადგილას, უკრაინის მიერ ბრძოლით მოპოვებულ წარმატებას რისკის ქვეშ დააყენებს.
„ჩვენ არ შეგვიძლია ნაბიჯების წაგება, რადგან ომი ნამცხვარია – გამარჯვების ნაჭრები. პატარა გამარჯვებები პატარა ნაბიჯებია,“ – თქვა ზელენსკიმ და განმარტა, რომ ამ დრომდე ყველაზე ხანგრძლივი, შვიდთვიანი ბრძოლის წაგება ბახმუტისთვის პოლიტიკურად უფრო ძვირი მარცხი იქნებოდა, ვიდრე ტაქტიკურად.
უკრაინის პრეზიდენტის პროგნოზით, ბახმუტში მარცხის შემთხვევაში, წნეხი ძალიან მალე წამოვიდოდა საერთაშორისო საზოგადოებიდან, ისევე როგორც უკრაინიდან:
„ჩვენი საზოგადოება თავს დაღლილად იგრძნობს. ჩვენი საზოგადოება მიბიძგებს მათთან კომპრომისზე წასვლისკენ“ – თქვა ზელენსკიმ. თუმცა როგორც AP-ი წერს, უკრაინის პრეზიდენტმა განმარტა, რომ ამ დრომდე მსგავს წნეხს არ გრძნობს და საერთაშორისო საზოგადოებაც აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.
ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი მიიწვია უკრაინაში: „ჩვენ მზად ვართ მის აქ სანახავად. მინდა მასთან საუბარი. სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე მე მქონდა მასთან კონტაქტი, მაგრამ მთელი ამ წლის, წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში, მე არ მქონია კონტაქტი სი ძინპინთან”.
ჩინეთის პრეზიდენტი უკრაინაში არა, მაგრამ მოსკოვში იმყოფებოდა ვიზიტით, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთისთვის წარუმატებელ ვიზიტად შეაფასა. უკრაინის პრეზიდენტის ვარაუდით, ის ფაქტი, რომ სი ძინპინის ვიზიტიდან რამდენიმე დღეში ვლადიმერ პუტინმა ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების თაობაზე განაცხადა, მიზნად ჩინეთისგან გარანტიების ვერ მიღებისგან ყურადღების გადატანას ისახავდა.
„რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ვიზიტი რუსეთისთვის კარგი არ იყო“, – ამბობს ზელენსკი.
ზელენსკის პროგნოზით, მისი ხალხი გაიმარჯვებს „პატარა გამარჯვებებისა” და „პატარა ნაბიჯების“ სერიით „ძალიან დიდი ქვეყნის, დიდი მტრის, დიდი არმიის“ წინააღმდეგ, არმიის, რომელსაც „პატარა გული“ აქვს.
ბათუმის მერია თამარის დასახლებაში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩაზე, საფეხმავლო ხიდის მოწყობის საკითხს განიხლავს.
ხიდის მშენებლობის ნებართვის მოთხოვნით მერიას შპს „თაუერ ჯგუფმა“ მიმართა. კომპანია ოდისეი დიმიტრიადის #1ა-ში მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს.
მერია განმარტავს, რომ მშენებარე ობიექტის წინ [ბათუმი ცენტრალის მიმდებარედ], ავტომაგისტრალზე, ინტენსიური მოძრაობაა, რაც შემაფერხებელი გარემოებაა ქვეითად მოსიარულეთა უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის, განსაკუთრებით კი, სანაპირო ზოლთან უსაფრთხოდ მისვლის თვალსაზრისით.
„ამ ფაქტორების გათვალისწინებით მათ მიერ შემუშავებულ და განსახორციელებელ პროექტში გათვალისწინებული იქნა ევროსტანდარტების შესაბამისი ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელი ხიდის მშენებლობა.“ – განმარტავს მერია.
მერიას შესაბამისი ნებართვის გასაცემად საკრებულოს თანხმობა სჭირდება, რადგან ხიდის მშენებლობისთვის კომპანიამ ნაწილობრივ მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ტერიტორია უნდა გამოიყენოს:
„გადასასვლელი ხიდის საწყისი წერტილი იქნება მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში, ხოლო ხიდის საყრდენი კონსტრუქცია უნდა განთავსდეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე“.
მერიის ინფორმაციით ხიდი შშმ პირთათვის ადაპტირებული იქნება.
შესაბამისი განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათში მერია ასევე წერს, რომ კომპანია გადასასვლელი ხიდის მოწყობის სამუშაოებს დაასრულებს მშენებლობის ნებართვის მიღებიდან ექვს თვეში.
კომპანიამ მერიას წარუდგინა ასევე პროექტის საექსპერტო დასკვნა, რომელსაც ხელს აწერს კონსტრუქტორი რევაზ კახიძე.
საკრებულოს განკარგულების პროექტის მიხედვით, მისი დამტკიცების შემთხვევაში საკრებულო თანხმდება კომპანიამ გამოიყენოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტერიტორია ხიდის საყრდენების განსათავსებლად შემდეგი პირობებით:
გადასასვლელი ხიდი იქნება სრულიად ადაპტირებული შშმ პირთათვის;
ხიდით შეუფერხებლად სარგებლობა შეეძლება ნებისმიერ პირს;
გადასასვლელი ხიდის მოწყობის სამუშაოებს განახორციელებს მოქმედი კანონმდებლობისა და რეგულაციების დაცვით და დაასრულებს მშენებლობის ნებართვის მიღებიდან 6 თვეში.
განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე, თავის პირველ მოადგილედ დანიშნა.
გელა გელაძე განათლების სისტემაში 2018 წელს მივიდა, მანამდე ის ძალოვან უწყებებში მუშაობდა, 2016-2018 წლებში შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, 2012-2016 წლებში კი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში უფროსის მოადგილედ. წინა წლებშიც გელა გელაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო.
განათლების სამინისტროში გელაძის საკურატორო სფერო პროფესიული განათლება, მანდატურის სამსახური, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა და მართვის საინფორმაციო სისტემებია.
გიორგი ამილახვარმა გელა გელაძე მის მოადგილედ დანიშნა
რა ქონებას ფლობს მინისტრის ახალი მოადგილე ოფიციალურად
22 თებერვალს წარმოდგენილი ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გელა გელაძეს წლიური შემოსავლის სახით დაფიქსირებული აქვს მხოლოდ ხელფასი – 42 451 ლარი და ასევე, შპს „დეკო საქართველოსგან“ მიღებული მოგება – 29 500 ლარი.
გელაძე აღნიშნულ კომპანიაში 50%-ის მფლობელია.
გელაძე კიდევ ერთი კომპანიის – „მეტა საქართველოს“ მეწილეა, თუმცა კომპანიიდან მიღებული შემოსავალი მინისტრის მოადგილეს წარმოდგენილი არ აქვს.
შემოსავლების ფონზე, გაცილებით დიდია გელა გელაძის ოჯახის გასავალი წლის განმავლობაში.
მაგალითად, დეკლარაციის მიხედვით, გელაძემ გასულ წელს „თიბისი“ ბანკიდან 287 000 ევრო ისესხა, წლის განმავლობაში კი სასესხო ვალდებულაში გადაიხადა 15 200 ევრო [დაახლოებით 41 192 ლარი], რაც იმას ნიშნავს, რომ, ფაქტობრივად, გელაძის სახელფასო შემოსავალი საბანკო ვალდებულების გასტუმრებას უნდა მოხმარებოდა.
მას მეორე სესხიც აქვს დეკლარაციაში დაფიქსირებული, რომლის ოდენობა 470 000 ლარია, თუმცა ეს სესხი, სავარაუდოდ, ახალი სესხით გადაფარა, ვინაიდან დეკლარაციაში 471 081 ლარი გასავალი აქვს მითითებული.
ძვირადღირებული შენაძენი და შვილების სწავლის საფასური
გელა გელაძემ 2022 წლის აპრილში ავტომანქანა Toyota Camry შეიძინა 65 000 ლარად,
მან 5 500 ლარი IPHONE 14-ში გადაიხადა, ამავე წელს 10 ათასად შეიძინა „მეტა საქართველოს“ წილი და 106 ათასი ლარი ქონების გადასახადი გადაიხადა.
გასულ წელს გელა გელაძემ ორი შვილის სწავლის საფასურში 6 000 ლარი და 4 130 ევრო გადაიხადა.
ქველმოქმედების სახით კი მას დეკლარაციაში დაფიქსირებული აქვს 27 175 ლარი, რომელიც უმაღლესში სწავლის საფასურის სახით აქვს გადახდილი.
თუ გელაძის წლიური შემოსავლებისა და გასავალის ანალიზს გავაკეთებთ, დავინახავთ, რომ ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება, რადგან გასავალი ბევრად აღემატება შემოსავალს.
ქონებრივ დეკლარაციაში არ არის ნაჩვენები მისი მეუღლის ნათია ელიზბარაშვილის სამუშაო ადგილი და შემოსავლები.
ნათია ელიზბარაშვილს 2019 წელს „მერსედესის“ ფირმის ავტომანქანაში 105 ათასი ევრო აქვს გადახდილი, ასევე ფლობს ავტოფარეხს თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე და რამდენიმე მიწის ნაკვეთს კოჯორში.
მას 2016 წელს თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში 5 ათას ლარად აქვს შეძენილი 23 კვადრატული მეტრი ფართობი კოჯორში.
ნათია ელიზბარაშვილი თანამესაკუთრეა ასევე კოჯორში მდებარე 94 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის, რაშიც 2021 წელს 3 168 ლარი აქვს გადახდილი [ეს ნაკვეთიც თბილისის მერიამ გაყიდა].
ჩაქვში, გოგოლიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ ხანდაზმულ ცოლ-ქმარს ძლიერმა ქარმა სახლი დაუნგრია. ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ინფორმაციით, მერიამ მათ ალტერნატიული საცხოვრებელი შესთავაზა, თუმცა „საკუთარი სურვილით ოჯახი გადავიდა შვილთან.“
რაც შეეხება ზარალს, სააგენტოს განმარტებით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების შემსწავლელი კომისია უახლოეს მომავალში მიიღებს გადაწყვეტილებას ოჯახის დახმარების თაობაზე.
28 მარტს ძლიერმა ქარმა აჭარაში ინფრასტრუქტურა დააზიანა, მოგლიჯა ხეები, ნაწილობრივ ან სრულად გადახადა სახლებს სახურავები.
ძლიერი ქარის შედეგად ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ავტომანქანას ხე დაეცა, რის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
აჩიკო სოლოღაშვილი – ჰონორარი 18 500 ლარი; თიკა ფაცაცია – 6 377 ლარი; ედუარდ გორგილაძე – 5 102 ლარი; სოფო გელოვანი, ანი კეკუა, მარიკო ებრალიძე, ნოდარ ტატიშვილი, სალომე ბაკურაძე – თითოეულს 4 209 ლარი; დავით მაზანაშვილი [ორკესტრი] – 52 500 ლარი – ეს იმ შემსრულებელთა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ბათუმობის ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას წელს.
ბათუმის კულტურის ცენტრის ინფორმაციით, 2023 წელს „ბათუმობაზე“ ჰონორარებში ჯამში 136 ათას 688 ლარი დაიხარჯება.
შემსრულებელთა სრული სია და მათზე გასაცემი ჰონორარების ოდენობა ნახეთ ამ ცხრილში:
„სახალხო დღესასწაული „ბათუმობა 2023“-ის ღონისძიებების ფარგლებში, გასართობი მომსახურების შესყიდვა ღირებულებით 136 688,81 ლარის ფარგლებში [კონცერტში მონაწილე შემსრულებლების ჰონორარი] განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.“ – აღნიშნულია 28 მარტის ბრძანებაში, რომელსაც რევაზ ირემაძე, „ბათუმის კულტურის ცენტრის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი აწერს ხელს.
გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობის მისაღებად შესაბამისი პროცედურები „ბათუმის კულტურის ცენტრმა“ უკვე დაიწყო.
„აღსანიშნავია, რომ 2020-2021 წწ. პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ მოხერხდა ბათუმობის დღესასწაულის აღნიშვნა, 2022 წელს კი ღონისძიების ჩატარება უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო გაუქმდა“ – აღნიშნულია კულტურის ცენტრის განაცხადში.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ომი გრძელდება, ბათუმის მერიაში „წელს მიზანშეწონილად ჩაითვალა განსაკუთრებულად აღინიშნოს ეს დღე [„ბათუმობა“]. ღონისძიების საორგანიზაციო ნაწილზე ცენტრის მიერ უკვე გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი. გასართობი მომსახურების [ღონისძიებაში მონაწილეთა ჰონორარი] შესყიდვა კი ექსკლუზიური უფლებამოსილების გზით უნდა განხორციელდეს,“ – აღნიშნულია ცენტრის განაცხადში.
„ბათუმობა 2023“-ის ჩატარება ბულვარში 29 აპრილს იგეგმება.
ღონისძიების ორგანიზებაზე ბათუმის კულტურის ცენტრს ტენდერი 202 ათას 196 ლარით აქვს გამოცხადებული.
ბოლო მონაცემებით, ქალებში რეგისტრირებული ყველა სახის კიბოს ახალ შემთხვევებში კოლორექტულ ანუ სწორი და მსხვილი ნაწლავის კიბოს მე-3 ადგილი უკავია, კაცების შემთხვევაში კი კოლორექტული კიბო მე-4 ადგილზე ფიქსირდება.
სიმსივნესთან მიმართებაში ადრეულ დიაგნოსტიკას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის კლინიკური ონკოლოგი ნინო ხუფენია ამბობს, რომ კოლორექტული კიბოს პირველ სტადიაზე დიაგნოსტირებისას გამოჯანმრთელების მაჩვენებელი არის 91%, მაშინ, როდესაც მეორე-მესამე სტადიაზე ხუთწლიანი გამოჯანმრთელება არის დაახლოებით 70%. ამის მიუხედავად, ექიმი ამბობს, რომ უფასო სკრინინგპროგრამაში, რომელიც დაავადების საწყის ეტაპზე გამოვლენას ემსახურება, მიმართვიანობა კვლავ დაბალია.
საქართველოს კიბოს რეგისტრის 2015-2018 წლების მონაცემებით, ქალებში კოლორექტული კიბოს ახალი შემთხვევების 60%-ზე მეტი შემთხვევა გამოვლენილია დაავადების III და IV სტადიაზე, კაცებში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი – 70%-ია.
ონკოლოგ ნინო ხუფენიას „ბათუმელები“ სწორედ ამ თემაზე ესაუბრა.
რა არის კოლორექტული კიბო?
კოლორექტული დაავადება, ეს არის მსხვილი და სწორი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც არის მსოფლიოში გავრცელებით მესამე ადგილზე საერთო პოპულაციაში.
საქართველოშიც გვაქვს ანალოგიური სტატისტიკა, კიბოს რეგისტრის მონაცემებით ქალთა პოპულაციაში კოლორექტული კიბო მესამე ადგილს იკავებს ძუძუს და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემდეგ, ხოლო კაცებში არის გავრცელებით მეოთხე ადგილზე.
საერთო პოპულაციაში ნაწლავის კიბოს განვითარების პროცენტული მაჩვენებელი არის დაახლოებით 10.5-10.7%.
რა არის ამ დაავადების რისკფაქტორები?
ასაკობრივ თავისებურებას რაც შეეხება, მსხვილი ნაწლავის კიბოს შემთხვევაში, ვლინდება 50 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში, საშუალო ასაკი მამაკაცებში არის 68 წელი და ქალებში 70-72 წელი. ეს ასაკი უკვე რისკფაქტორს წარმოადგენს. ორივე პოპულაციაში გვხვდება თითქმის თანაბარი ინციდენტობით.
გარდა ასაკობრივი ფაქტორისა, ამ დაავადების განვითარების რისკფაქტორები იყოფა ორ ჯგუფად. ერთი არის ისეთი რისკფაქტორები, რომელთა შეცვლა ჩვენ შეგვიძლია პრევენციული ღონისძიებებით და მეორე ჯგუფში არის გენეტიკური რისკფაქტორები, რომელთა შეცვლა ჩვენ არ შეგვიძლია.
პირველი რისკფაქტორი, რომელზე ზემოქმედებაც ჩვენ რეალურად შეგვიძლია, ეს არის კოლორექტული კიბოს შემთხვევაში ცხოვრების არაჯანსაღი წესი, რომელიც უკავშირდება კვებას და დაბალ ფიზიკურ აქტივობას. კვებიდან აღსანიშნავია ხილისა და ბოსტნეულის დაბალი შემცველობის დიეტა, ცხიმიანი საკვების ჭარბი მოხმარება, დამუშავებული და წითელი ხორცით მდიდარი დიეტა, სიმსუქნე, ჭარბი წონა და გარდა ამისა, როგორც ყველა ონკოლოგიური დაავადების შემთხვევაში, ისე აქაც – არის ალკოჰოლის და თამბაქოს ჭარბი მოხმარება.
რაც შეეხება მეორე ჯგუფის რისკფაქტორებს, ქრონიკული დაავადებებიდან შეიძლება გამოვყოთ ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადება (არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი); ამას გარდა, არის გენეტიკური დაავადებები, კოლორექტული პოლიპები, ლინჩის სინდრომი (მემკვიდრეობითი დაავადება); ოჯახური ადენომატოზური პოლიპი – ეს წარმოადგენს არა მოდიფიცირებად რისკფაქტორებს. ანუ ნიშნავს, რომ სამწუხაროდ, ჩვენ ამას ვერ შევცვლით.
თუმცა აღსანიშნავია, რომ გენეტიკური ფაქტორები ნაწლავის კიბოს დაახლოებით 5% შემთხვევაში არის ასოცირებული ნაწლავის კიბოს განვითარებასთან.
ვინ უნდა გაიაროს სკრინინგის პროგრამა?
ზოგადად სკრინინგის დანიშნულებაა, რომ ჯანმრთელ პოპულაციაში შემოწმდეს კონკრეტული დაავადება.
ნაწლავის კიბოს სკრინინგი ჩვენს ქვეყანაში დანერგილია და არის უფასო, იგი მოიცავს ასაკობრივ კატეგორიას 50-70 წლამდე, ორივე სქესის ადამიანებს.
სკრინინგი უშუალოდ მოიცავს ტესტს ფარულ სისხლდენაზე. თუ ტესტი დადებითია, მაშინ კეთდება დამატებითი კვლევა – კოლონოსკოპია და რაიმე პათოლოგიის აღმოჩენის შემთხვევაში – ბიოფსია. ყველა ეს ეტაპი სკრინინგის ფარგლებში არის უფასო. თუ სკრინინგით რაიმე პათოლოგია არ ვლინდება, მაშინ განმეორებითი კვლევა ამ პოპულაციას ეკუთვნის ორ წელიწადში ერთხელ.
დადგენილია, რომ კონკრეტულად კოლორექტული კიბოს შემთხვევაში, კიბოს სკრინინგი დაახლოებით 16%-ით ამცირებს ამ დაავადებით გამოწვეულ სიკვდილიანობას.
მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში ჯანმრთელი პოპულაციის (ანუ ვისაც სიმპტომები არ აღენიშნება) მიმართვიანობა სკრინინგცენტრებში არის ძალიან დაბალია. ჩვენი ამ გზავნილების მიზანი არის ის, რომ მიმართვა სკრინინგცენტრში იყოს არა მხოლოდ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, არამედ მაშინაც, როცა სიმპტომი არ არსებობს და ადამიანი არის რისკჯგუფში – იმ ასაკობრივ კატეგორიაში, რაც ვთქვით, აქვს ოჯახური ანამნეზი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნის პირველი რიგის ნათესავებში, რათა უსიმპტომო სტადიაზე გამოვლინდეს ეს დაავადება.
რამდენად ეფექტურია ამ დაავადების დიაგნოსტირება და მკურნალობა საწყის სტადიებზე?
კოლორექტული კიბოს პირველ სტადიაზე დიაგნოსტირებისას, ხუთწლიანი გამოჯანმრთელება არის 91%, მაშინ როდესაც მეორე-მესამე სტადიაზე ხუთწლიანი გამოჯანმრთელება არის დაახლოებით 70% , ხოლო მეოთხე სტადიაზე დაახლოებით 10-15%.
გამომდინარე ამ სტატისტიკიდან, ვხვდებით, რამდენად მნიშვნელოვანია ამ დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა.
ზოგადად, ონკოლოგიურ პაციენტებზე დაკვირვება არის მოწოდებული ხუთი წლის განმავლობაში და ამიტომ როცა ვსაუბრობთ სტატისტიკაზე, გამოსავალსა და პროგნოზზე, ონკოლოგიაში ეს პროგნოზი ყოველთვის არის გათვლილი ხუთწლიან გამოჯანმრთელებაზე.
რა სიმპტომები ახლავს ნაწლავის კიბოს?
საყურადღებოა შემდეგი სიმპტომები:
დისკომფორტი და პერიოდული ხასიათის ტკივილი, უსიამოვნო შეგრძნება მუცლის ღრუში; ნაწლავის არარეგულარული მოქმედება დიარეის და ყაბზობის მონაცვლეობით. სხვათა შორის, ამას ხშირად დიდი ხნის განმავლობაში არ აქცევენ ყურადღებას ადამიანები; ნაწლავის არასრული დაცლის შეგრძნება.
როცა უფრო შორს წასული შემთხვევაა, გამოხატულია საერთო სისუსტე, დამახასიათებელია წონაში კლება, ხშირ შემთხვევაში, როცა გვიან სტადიაზე მომართავენ პაციენტები ექიმს – არის წონის დეფიციტი; ასევე, დამახასიათებელია სისხლიანი განავლის (შავი ფერის) არსებობა.
ეს სიმპტომები ძალიან საყურადღებოა და მათი არსებობის შემთხვევაში ადამიანებმა აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს, თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ აქედან რომელიმე სიმპტომის არსებობა არ ნიშნავს ნაწლავის კიბოს. დამატებითი კვლევებიც ამას ემსახურება, რომ გამოირიცხოს ან დადასტურდეს.
რა მეთოდებით ტარდება დიაგნოსტიკა?
დიაგნოსტიკის მეთოდებიდან პირველი, რაც ტარდება, შიდა სისხლდენაზე ტესტი კეთდება განავლის ანალიზით, შემდეგ არის ნაწლავის დათვალიერება – კოლონოსკოპია, რომლის შემდეგაც ტარდება ბიოფსია, თავისი მორფოლოგიური კვლევით და მერე უკვე დაავადების სტაჟირებისთვის გამოიყენება ზოგ შემთხვევაში კომპიუტერული ტომოგრაფია, ზოგჯერ – მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია, ზოგ შემთხვევაში კი – პეტსკანირება.
ბათუმში ავარიული სახლების ჩანაცვლების წესის მიხედვით, სახლის გამაგრების შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დაინტერესებულ პირები უზრუნველყოფილნი იქნებიან ბინის ქირის კომპენსაციით.
საჭიროების შემთხვევაში ბათუმის მერია იმ პირებს, რომლებიც ავარიულ სახლში ცხოვრობენ, საცხოვრებელს ავარიული სახლის გამაგრების პროექტის დასრულებამდე დაუქირავებს.
მერიამ ამავე წესში გაწერა ქირით უზრუნველყოფის პირობები.
ჩანაცვლების წესის მიხედვით, დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ყოველთვიური კომპენსაციის სახით ფულადი თანხა გაიცემა, თუ ეს პირი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ან დაურეგისტრირებელ ფართობს საცხოვრებლად იყენებს.
მერია ასევე განმარტავს, რომ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია ოჯახების სასტუმროში გადაყვანაც, არაუმეტეს 5 დღისა. საჭიროებისას ამ წესის შესაბამისად მესაკუთრეები უზრუნველყოფილნი იქნებიან ბინის ქირის კომპენსაციით ექსპერტიზის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემამდე.
ასევე, თუ ავარიულობის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტით დადგინდება, რომ ობიექტი ჩანაცვლების წესის შესაბამისად ექვემდებარება გამაგრებას და ამავე დროს საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ბინის ქირის კომპენსაციის გაგრძელებისათვის აუცილებელია ავარიულობის დადგენიდან ერთი თვის ვადაში დაინტერესებული პირების ჩართვა პროგრამაში. თუ ამ ვადაში ვერ მოხდა ობიექტის ჩანაცვლების პროგრამაში ჩართვა, ბინის ქირის კომპენსაციის გაცემა წყდება.
ის ოჯახები კი, რომლებიც ამ განკარგულების ამოქმედებამდე მუნიციპალიტეტის მიერ უზრუნველყოფილნი არიან ბინის ქირის კომპენსაციით, ასევე, ამ წესის შესაბამისად გადაუდებელი აუცილებლობით გაყვანილი ოჯახები, რომელთა უზრუნველყოფაც მოხდება ბინის ქირის კომპენსაციით მუნიციპალიტეტის მიერ, შესაძლებელია დააკმაყოფილონ საცხოვრებელი ბინებით მუნიციპალური საბინაო ფონდიდან, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საბინაო ფონდის რესურსის ფარგლებში.
იმ შემთხვევაში, თუ მიღწეული იქნება შეთანხმება უძრავი ქონების მონაცვლეობის თაობაზე, არ გამოიყენება ამ წესის შესაბამისად განსაზღვრული ყველა მესაკუთრის თანხმობის წარმოდგენის ვალდებულება. ასეთ დროს, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია მესაკუთრეს შესთავაზოს კომპენსაცია.
მერიამ განსაზღვრა კომპენსაციის სახით გასაცემი ქირის ოდენობები ფართობისა და უბნების მიხედვით:
ბათუმის მერიას ავარიული სახლების ჩანაცვლების წესში ცვლილება შეაქვს. შესაბამისი განკარგულების პროექტი და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები მერიამ საკრებულოს უკვე გადაუგზავნა. ეს წესი ავარიული სახლების ჩანაცვლების პირობებსა და პროცედურას არეგულირებს.
მერიის განმარტებით, ავარიული სახლების პროგრამის ამოქმედების შემდეგ გამოიკვეთა რიგი გარემოებები, რომელთა გადაჭრასაც ავარიული სახლების ჩანაცვლების წესში ცვლილება სჭირდება.
სულიკო ჟღენტის სახელობის ბათუმის კინოს მუზეუმის მშენებლობაზე აჭარის მუზეუმმა ტენდერი უკვე მეხუთედ გამოაცხადა. წინა ოთხი ტენდერი არ შედგა, ვინაიდან მასში მონაწილეობა არავინ მიიღო.
კინოს მუზეუმის მშენებლობისთვის 2022 წელს 1,1 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული, ამჯერად კი ეს თანხა 589 ათასი ლარით არის გაზრდილი.
აჭარის მუზეუმმა ტენდერი 1 778 806 ლარით გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 2023 წლის 19 აპრილს დაიწყება და 24 აპრილს დასრულდება.
პირობის მიხედვით, სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვეში უნდა დასრულდეს.
გამარჯვებული ასევე ვალდებული იქნება ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, აჭარის მუზეუმის მიერ გადაცემული პროექტის საფუძველზე, აიღოს მშენებლობის ნებართვა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან.
კინოს მუზეუმი ბათუმში, ხულოს ქუჩაზე, N10-ში, ყოფილი აბანოების შენობაში უნდა მოეწყოს. ყოფილი აბანოს შენობა კი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია [აღნიშნულ შენობაში, 550 ათას ლარად, ადრე „ბათუმის მუზეუმის“ გახსნა იგეგმებოდა].
ტენდერის პირობის მიხედვით, სამუშაოების შემსრულებელს 2023 წელს არაუმეტეს 1 000 000 ლარს აუნაზღაურებენ, ხოლო დარჩენილი თანხის ანაზღაურება განხორციელდება 2024 წელს.
საპროექტო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც იგეგმება შენობის რეაბილიტაცია, „აჭარის მუზეუმმა“ შპს „არქიტექტურის სახელოსნოდან“ 39 999 ლარად შეისყიდა:
რეაბილიტაციის „შედეგად ვიღებთ ოთხი ფენის მქონე ისტორიულ ნაგებობას:
1. ოსმალური აბანო გუმბათებიანი ნაწილით
2. XIX საუკუნის გაფართოება და ფასადი
3. 2015 წელს განხორციელებული ჩარევა
4. აქ წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებული ჩარევა.“ – აღნიშნულია პროექტში.
—
2022 წლის 24 მარტიდან 29 ივლისის ჩათვლით პერიოდში ტენდერი აჭარის მუზეუმმა ოთხჯერ გამოაცხადა – 1 189 320 ლარით, თუმცა, არც ერთ ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო. შესაბამისად ეს ტენდერები არ შედგა.
ბათუმის კინოს მუზეუმის შენობის არქიტექტურულ-მხატვრული გადაწყვეტის დეტალები შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე:
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 29 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 172 340 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 610]
ტანკი – 3 609 ერთეული [+7]
ჯავშანტექნიკა – 6 966 ერთეული [+0]
საარტილერიო სისტემა – 2 659 ერთეული [+6]
MLRS – 526 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 277 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 306 ერთეული [+1]
ვერტმფრენი – 291 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 239 ერთეული [+4]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 911 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 5 507 ერთეული [+5]
სპეცტექნიკა – 288 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 29 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
404 თვითმფრინავი
226 ვერტმფრენი
3 620 უპილოტო საფრენი აპარატი
414 საზენიტო სარაკეტო სისტემა
8 456 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 074 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
4 456 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
9 177 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
დღეს, 28 მარტს, ბათუმში ძლიერი ქარის გამო წაიქცა ხეები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძები და ავტობუსის გაჩერებები.
ქარმა ათამდე სახლს სახურავი ახადა. დაზიანებულია კერძო ავტომობილები.
ბათუმის პორტში ქარმა ცარიელი კონტეინერები გადააყირავა და სამორიგეო ჯიხური დააზიანა.
ბათუმის საკონტეინერო ტერმინალში ქარმა ცარიელი კონტეინერები გადააყირავა
ბათუმის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მერიის ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად.
„ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ადგილზე სხვადასხვა სახის პრობლემა შეიქმნა. ძირითადად წაქცეულია ხეები.
გამწვანების სამსახურს უკვე დაწყებული აქვს სალიკვიდაციო სამუშაოები. წაქცეული ხეების გამო ზოგიერთ ქუჩაზე დროებით შეიზღუდა მოძრაობა. ასევე, რამდენიმე ადგილიდან შემოვიდა შეტყობინება, რომ სახურავები დაზიანდა.
ადგილზეა მერიის შესაბამისი სამსახურები.
ელექტროგადამცემი ხაზებია დაზიანებული, ამის გამო მოსახლეობის ნაწილს დენის მიწოდება შეუწყდა. მერიის ყველა სამსახური მუშაობს საგანგებო რეჟიმში,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ მერიის პრესსამსახურში.
ძლიერი ქარი ბათუმში საღამოს 20:00 საათზე ამოიჭრა.
სტიქიას აჭარაში მსხვერპლიც მოჰყვა. ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ავტომანქანას ხე დაეცა, რის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
ძლიერმა ქარმა აჭარის რეგიონში, მათ შორის ბათუმში, ათეულობით მოქალაქეს შეუქმნა პრობლემა. როგორც “ბათუმელებისთვისაა” ცნობილი, წაქცეულია ხეები, ქარმა სახლებს სახურავები გადახადა და დააზიანა ავტომობილები.
“აჭარის რეგიონიდან შემოსულია რამდენიმე ათეული შეტყობინება.
ზუსტ რაოდენობას ვერ გეუბნებით, რადგან ისევ შემოდის შეტყობინებები. დაშავებულებზე ამ დროისათვის ინფორმაცია არ გვაქვს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ყველა შემთხვევაზე ახდენენ რეაგირებას,”- უთხრეს “ბათუმელებს” საგანგებო სიტუაციების სამსახურში.
ამ დროისთვის [21:00 საათი] ჩაკეტილია მოძრაობა ფრიდონ ხალვაშის გამზირზე. აქ ქარმა მრავალწლოვანი ევკალიპტის ხეები მოგლიჯა.
წაქცეული ჩასარიცხი აპარატი მემედ აბაშიძის ქუჩაზეძლიერმა ქარმა ბათუმის ცენტრალურ პარკში ხეები წააქცია
ბათუმში, ავარიული სახლების მიმდინარე პროგრამის ფარგლებში, ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად იპოთეკით დატვირთული ბინები განიხილება.
ავარიული კორპუსების უმრავლესობაში, რომელთა ჩანაცვლებასაც მერია პროგრამის ფარგლებში გეგმავს, იპოთეკით დატვირთული ბინებიც არის.
ჩანაცვლების წესის მიხედვით „ავარიული სახლის ჩანაცვლება შესაძლებელია განხორციელდეს იმ შემთხვევაშიც, თუ მისი შემადგენელი ერთი ან რამდენიმე საკუთრების ობიექტი წარმოადგენს იპოთეკის საგანს“.
ასეთ შემთხვევაში, ავარიული სახლების პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭირო სხვა დოკუმენტების გარდა, ბინის მესაკუთრემ დამატებით უნდა წარადგინოს იპოთეკარის წერილობითი თანხმობა პროექტის ფარგლებში იპოთეკის საგნის დემონტაჟისა და მის ნაცვლად ახალი, მრავალბინიანი სახლის აშენებაზე.
ასეთ დროს იპოთეკარის უფლება გავრცელდება ჩანაცვლებით მიღებულ ქონებაზე, ანუ იპოთეკით იტვირთება მესაკუთრისათვის გადასაცემი სანაცვლო ქონება.
იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკარმა დატვირთული ბინა გაყიდა, ანუ ქონება გასხვისდა მესამე პირზე, მერია უზრუნველყოფს ახალი მესაკუთრის ჩანაცვლებას პროექტში, იმავე პირობებით, რაც ჰქონდა თავდაპირველ მესაკუთრეს.
ბათუმის მერია განმარტავს, რომ ავარიული სახლების პროგრამის ამოქმედების შემდეგ სხვა გარემოებებიც გამოიკვეთა, რომელთა გადაჭრასაც ავარიული სახლების ჩანაცვლების წესში ცვლილება სჭირდება. ეს წესი ავარიული სახლების ჩანაცვლების პირობებსა და პროცედურას არეგულირებს.
შესაბამისი ცვლილებების შეტანის თაობაზე განკარგულების პროექტი და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები ბათუმის მერიამ საკრებულოს უკვე გადაუგზავნა.
წესის შესაბამისად, ავარიული სახლების ჩანაცვლება განიხილება, თუ შენობა ავარიულია და ავარიულობის ხარისხი მიეკუთვნება V, IV ან III კატეგორიას, შენობა-ნაგებობის ჩანაცვლებაზე არსებობს დაინტერესებული პირების თანხმობა, ხელმოწერის ნამდვილობა კი დადასტურებული უნდა იყოს სანოტარო წესით.
ოპოზიცია 29 მარტს ბათუმში დაანონსებულ საპროტესტო აქციასაღარ გამართავს. „ნაციონალური მოძრაობა“ 29 მარტს შეკრებას აჭარის მთავრობის სახლის წინ აპირებდა ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულების მოთხოვნით.
„გაირკვა, რომ ხვალ იქნება წვიმა და შეკრება ვერ მოხერხდება,“ – ამბობს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ენმ-დან გია აბულაძე, – „ამიტომაც ვითხოვეთ საზაფხულო თეატრი, მაგრამ ამაზე უარი გვითხრა, როგორც თეატრის ადმინისტრაციამ, ისე ბათუმის მერიამ. ჩვენ მზად ვიყავით გაგვეფორმებინა შესაბამისი ხელშეკრულება, მაგრამ დაუსაბუთებელი უარი მივიღეთ.
როცა მოვითხოვეთ დასაბუთება, გვიპასუხეს, რომ 10 დღეში მოგვაწვდიან პასუხს,“ – აღნიშნა გია აბულაძემ „ბათუმელებთან“.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა ბათუმის მერიის პრესცენტრს იმის გასარკვევად, თუ რატომ არ შეიძლება ოპოზიციამ ისარგებლოს საზაფხულო თეატრის შენობით, თუმცა ამ დრომდე ბათუმის მერიიდან განმარტება არ მიგვიღია.
ენმ ბათუმში აქციის გამართვას ამჯერად პირველი აპრილისთვის აანონსებს. „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისში, პარლამენტთან აპირებს საპროტესტო აქციის გამართვას 12 პუნქტის შესრულების მოთხოვნით.
_____________
ფოტოზე: ოპოზიციის აქცია ბათუმის მთავრობის სახლთან. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.
„ირაკლი კობახიძეს ცუდი წარმოდგენა აქვს საქართველოს უმცირესობებზე და ჰგონია, რომ მისი გუნდის სახიფათო გზავნილების გადაფარვას ჩემი დადანაშაულებით და ბინძური ტყუილებით შეძლებს.
ღმერთმა დამიფაროს, სახელმწიფოს მოღალატე, რუსი ირაკლისთვის მოსაწონი საქმიანობით ვიყო დაკავებული“ – ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის წევრი, ტარიელ ნაკაიძე ფეისბუქზე „ოცნების“ ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებასიმის შესახებ, რომ „ტარიელ ნაკაიძე არის პრობლემური თავისი საქმიანობით“ და ის თავისი საქმიანობით „უპირისპირდება მუსლიმ თემს“.
„ქართული ოცნების ლიდერი, ირაკლი კობახიძე, ბრალს მდებს ჩემი 20-წლიანი საქმიანობის გამო, რომელიც მუსლიმი თემისა და საქართველოში მცხოვრები სხვა უმცირესობების უფლებების დაცვას ემსახურებოდა. ჩემი საქმიანობა ქართული ოცნებისთვის ნამდვილად არის პრობლემატური. რატომ?
მხოლოდ ფაქტები:
1. 2013 – 2021 წლები – ქართულ ოცნებას არ გაუვიდა, მუსლიმებისთვის შეეზღუდა ნიგვზიანში, სამთაწყაროში, წინწყაროსა და ბუკნარის მეჩეთებში შესვლა.
2. 2013 წელი – ქართულმა ოცნებამ სამხედრო და საპოლიციო ძალების გამოყენებით მოხერხა სოფელ ჭელის მეჩეთის მინარეთი, რომელიც, 2 თვის განმავლობაში, საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით, უკანვე დავაბრუნებინეთ.
3. 2014 წელი – სოფელ მოხეში, სადაც მუსლიმი მოქალაქეები მშვიდობიანად ითხოვდნენ ისტორიული შენობის დაბრუნებას, პოლიციამ სასტიკად სცემა შეკრებილ ადგილობრივებს, რის გამოც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს კომპენსაცია დააკისრა, რითაც დადგინდა სახელმწიფოს მიერ დანაშაულის ჩადენა.
4. ქართული ოცნება დღემდე, დისკრიმინაციულად, არ გასცემს ქალაქ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვას, მაგრამ 2017 წლიდან მუსლიმი თემი სახელდახელოდ მოწყობილ მეჩეთში მაინც აღავლენს ლოცვას. ქალაქ ბათუმის მერმა კი, ცინიკურად, ბაირამის დღესასწაულზე გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომლითაც მეჩეთის მშენებლობაზე ნებართვის არგაცემა დისკრიმინაციულად შეფასდა.
ქართულ ოცნებას აღიზიანებს ქართველი მუსლიმების მიერ ხმის ამაღლება უსამართლობაზე; ის, რომ უმცირესობებს საქართველოს პარლამენტში პირველად ჰყავთ მათი პრობლემების გამჟღერებელი; ასევე ღიზიანდება საქართველოს უმცირესობებში მოქალაქეობრივი და სახელმწიფოებრივი თვითშეგნების ზრდით“ – წერს ტარიელ ნაკაიძე.
ტარიელ ნაკაიძე 20 წელია მუსლიმი თემის ინტერესებს აქტიურად იცავს. ის ამჯერად დამოუკიდებელი დეპუტატია საქართველოს პარლამენტში. მას 22 მარტს პარლამენტის სხდომათა დარბაზში მიკროფონი ჩაარტყესდა აგენტი უწოდეს. კონფლიქტის მეორე დღეს, 23 მარტს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ტარიელ ნაკაიძეს მძიმე რეპუტაცია აქვს და კუთხეში დგომა ეკუთვნის.
„თავისი სარედაქციო პოლიტიკით გახდა ფორმულა ორი, კეზერაშვილის მეორე ტელევიზია,“ – განაცხადა დღეს, 28 მარტს, „პალიტრა მედიის“ შესახებ ირაკლი კობახიძემ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბათუმში, პარტიული კონფერენციის შემდეგ.
კობახიძეს ჟურნალისტებმა „პალიტრა მედიასა“ და დავით კეზერაშვილს შორის შესაძლო კავშირზე ჰკითხეს.
„მე ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს, შეიძლება მქონდეს, მაგრამ დეტალებში ვერ შევალ…
ერთი რამ ნათელია, რომ ბოლო ორი-სამი თვის განმავლობაში ეს ტელევიზია ძალიან დაემსგავსა კეზერაშვილის სხვა ტელევიზიას, „ფორმულას“, გახდა ერთგვარი „ფორმულა 2“, ეს არის ჩემი დაკვირვება.
დანარჩენი, იქ როგორ გადაფორმდა წილები, საკუთრება და როგორია რეალურად ხარჯები, რასაც გასცემენ ტელევიზიის მესაკუთრეები – ამ დეტალებში მე ვერ შევალ“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
დღეს „პალიტრა მედიის“ იურიდიულმა დეპარტამენტმა ვებგვერდს www.ongo.ge – ს მიმართა და 27 მარტს განთავსებულ სტატიის – „კეზერაშვილი პალიტრა მედიას აფინანსებს“ აღებისკენ მოუწოდა. „პალიტრა მედიაში“ სიცრუეს უწოდებენ კავშირს ბიზნესმენ დავით კეზერაშვილთან:
„აღნიშნულ სტატიაში მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს სიცრუეს და არ არის დაფუძნებული რეალურ ფაქტებზე.
სტატიაში მოყვანილი არგუმენტი, თითქოს ეს ინფორმაცია კონკრეტული წყაროსგან არის მიღებული, ასევე წარმოადგენს სიცრუეს,“ – აღნიშნავს „პალიტრა მედია“.
„მაგაზე მე როგორ შეიძლება პასუხი გავცე, არ შეიძლება მე ამ კითხვაზე პასუხი გაგცეთ,“ – უთხრა ირაკლი კობახიძემ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ „ბათუმელებს“, რომელსაც დღეს, 28 მარტს, პარლამენტარ ტარიელ ნაკაიძისთვისმიკროფონის ჩარტყმაზე ვკითხეთ – რადგან აგენტს უწოდებთ მუსლიმების ინტერესების დამცველ დეპუტატს, რომელი ქვეყნის აგენტია ტარიელ ნაკაიძე?
ირაკლი კობახიძეს ბათუმში „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციის შემდეგ ვესაუბრეთ. კონფერენცია დღეს, ბათუმში, პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.
ირაკლი კობახიძემ არჩია ეს თემაც ოპოზიციისთვის დაებრალებინა, თუმცა ვერ ახსნა, რა არის „სპეკულაცია“, როცა მუსლიმების ინტერესების დამცველი დეპუტატისთვის აგენტის დაძახებასა და მიკროფონის ჩარტყმას რეაგირება არ მოჰყოლია, შემთხვევის მეორე დღეს კი, ირაკლი კობახიძემ თავად თქვა, რომ ტარიელ ნაკაიძეს „მძიმე რეპუტაცია“ აქვს.
„…მინდა ძალიან მძიმედ შევაფასო ის განცხადებები, რაც მიზნად ისახავს ამ თემით სპეკულირებას, მათ შორის, სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ სპეკულირებას ამ თემით. სინამდვილეში რეალობა არის სხვა: ტარიელ ნაკაიძე არის პრობლემური თავისი საქმიანობით, ჩვენ გვაქვს ბევრი ინფორმაცია მასთან დაკავშირებით, ამ დეტალებზე არ ვისაუბრებ, მაგრამ ის თავისი საქმიანობით სწორედ რომ უპირისპირდება ჩვენს ძალიან ძვირფასს მუსლიმ თემს,“ – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მმართველი პარტიის ლიდერს ვთხოვეთ, დაეკონკრეტებინა, რას გულისხმობს „საქმიანობაში“, რადგან ცნობილია, რომ ტარიელ ნაკაიძე ბოლო 20 წელია აქტიურად მუსლიმი თემის ინტერესებს იცავს.
„სააკაშვილზე რომ ვამბობთ, რომ დამნაშავეა, საქართველო უნდა დადგეს კუთხეში? რა სისულელეა. ტარიელ ნაკაიძე თავისი საქმიანობით უპირისპირდება მუსლიმური თემის ინტერესებს,“ – თქვა ირაკლი კობახიძემ.
„რით, კონკრეტულად?“ – გავუმეორეთ კითხვა მას.
„დეტალებში არ შევდივარ“ – გვიპასუხა ირაკლი კობახიძემ.
„ჩვენ მუსლიმი თემის მიმართ სიყვარულს და ერთგულებას საქმით ვამტკიცებთ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ პარტიული კონფერენციის შემდეგ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
„რომელი საქმით? ახალი მეჩეთი ვერ შენდება წლებია სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად“, – ვკითხეთ თორნიკე რიჟვაძეს.
„რაც შეეხება ცალკეულ პერსონებს, მათი საეჭვო რეპუტაციის შესახებ შეგიძლიათ უფრო მეტი ჟურნალისტური გამოძიება აწარმოოთ,“ – ახალ მეჩეთზე კითხვას და კონკრეტიკას ასე აარიდა თავი თორნიკე რიჟვაძემ, დეპუტატისთვის კიდევ ერთხელ შეურაცხყოფის მიყენებით.
ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი „ქართული ოცნების“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარედ აირჩიეს. პარტიული კონფერენცია ბათუმში დღეს, 28 მარტს, გაიმართა.
აქამდე „ქართული ოცნების“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი მანველიძე იყო, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრია.
პარტიული შეხვედრა ბათუმის დრამატულ თეატრში დახურულ კარს მიღმა შედგა. კონფერენცია პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა – მოძრაობა „ალტერნატივას“ წევრებს თეატრის წინ საჯარო სივრცის დატოვებას აიძულებდნენ „ოცნების“ აქტივისტები. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების მიუხედავად, პოლიციელები ადგილზე არ გამოჩენილან.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქალაქიდან დაიწყო ადგილობრივი პარტიული ორგანიზაციების და ბიუროების არჩევა“ – აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ არჩილ ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან.
მას არ უთქვამს, რის შეცვლას აპირებს ან რაზე იმუშავებს მმართველ პარტიაში უკვე ხელმძღვანელი პოზიციიდან. „ბუნებრივია, აქტიურ კომუნიკაციაში ვართ ჩვენს თანამოქალაქეებთან, ჩვენს პარტიულ აქტივთან, ბუნებრივია, ჩვენი პარტიის გაძლიერებისთვის იმ საარჩევნო დაპირებების შესრულებისთვის, რაც დაგვაკისრა პირდაპირი და არაპირდაპირი წესით არჩეულ ადამიანებს…“ – აღნიშნა არჩილ ჩიქოვანმა.
არჩილ ჩიქოვანს შევახსენეთ, რომ 13 მარტის შემდეგ ბათუმის მერიას განმარტება არ გაუკეთებია ბატუტებისა და ატრაქციონების შემოწმებაზე – 13 მარტს ბათუმის ბულვარში ბატუტის დაზიანების გამო 9 წლის ბავშვი დაიღუპა.
ბათუმის მერმა ვერც ახლა გვიპასუხა, რა გაირკვა მომხდარზე, ან ამოწმებს თუ არა ვინმე ბათუმში ატრაქციონების უსაფრთხოებას:
„…იცით თქვენ, რომ მიმდინარეობს ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება, გამოძიების ფარგლებში მოძიებული იქნება ყველა მტკიცებულება ფაქტთან დაკავშირებით, ასევე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ გავაკეთებ დამატებით კომენტარებს, ვინაიდან დამატებითმა კომენტარებმა თუ პოლიტიკურმა შეფასებებმა, სხვა ინტერპრეტაციებმა, გამოძიებაზე არ იქონიოს ზეგავლენა,
კიდევ ერთხელ გიხსნით, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია, ყველა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო, თავიანთი კომპეტენციის და უფლებამოსილების ფარგლებში განაგრძობენ მუშაობას,“ – გვითხრა არჩილ ჩიქოვანმა.
„მარტივად გვითხარით, მოწმდება ატრაქციონები და ბატუტები?“ – კითხვა გავუმეორეთ ბათუმის მერს.
„კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ეს არის გამოძიების მიერ დასადგენი საკითხები… მერია და სხვა ადმინისტრაციული ორგანოები შესაძლებლობების ფარგლებში განაგრძობენ საქმიანობას,“ – აღნიშნა არჩილ ჩიქოვანმა.
დღეს, 28 მარტს, ბათუმში, დრამატულ თეატრთან, „ქართული ოცნების“ კონფერენციის პარალელურად მოძრაობა „ალტერნატივას“ აქტივისტები აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეებმა „ოცნებას“ ბათუმის საკრებულოს ენმ-ის წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის საქმე შეახსენეს, რომელიც 2021 წელს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალებიდან მოკლე ხანში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აუდიოფაილი გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ნუგზარ ფუტკარაძეს საკრებულოს დამოუკიდებელ წევრობას სთხოვდნენ 100 ათასი დოლარის სანაცვლოდ. ამ დრომდე გამოძიებას ამ საქმეზე შედეგი არ დაუდვია.
ბათუმის დრამატულ თეატრთან იმყოფებიან „ოცნების“ აქტივისტებიც, რომლებიც სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „ალტერნატივას“ წარმომადგენლებს და დაუხიეს პლაკატები.
„ოცნების“ მხარდამჭრებს შორის არიან საჯარო მოხელეებიც, მათ შორის გიორგი გიორგაძე, ბათუმის მერიის შპს-ეს, „ბათუმის წყლის“ თანამშრომელი, რომელიც აგრესიულობით გამოირჩევა პროსახელისუფლებო აქციების დროს.
„ოცნების“ აქტივისტები „ალტერნატივას“ წევრებს ამ დრომდე [12:50 სთ] სთხოვენ დატოვონ საჯარო სივრცე.
მიუხედავად აშკარა დაპირისპირებისა, პოლიცია ადგილზე არ გამოჩენილა. ბათუმის პოლიციის მეექვსე განყოფილება დაპირისპირების ადგილიდან დაახლოებით ას მეტრში მდებარეობს.
„ქართული ოცნების“ შეხვედრა ბათუმში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28 მარტის 21 საათიდან 29 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ღამით – უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან კი – წვიმა.
აჭარის მთაში მოსალოდნელია თოვლ-ჭყაპი და ქარბუქი.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, დღის მეორე ნახევრიდან კი ქარი გაძლიერდება 18-23 მეტრამდე წამში.
დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო
შიდამთიან რაიონებში:
დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო
მაღალ მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 7– 12 გრადუსი სითბო
ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო
სინოპტიკოსების ცნობით, მარტის ბოლოს ბათუმში იწვიმებს, მოსალოდნელია ტემპერატურის კლება. ამინდის გრძელვადიანი პროგნოზის თანახმად, ბათუმში 2 აპრილს გამოიდარებს.
უკრაინის გენერალური შტაბი სამშაბათს, 28 მარტის დილას გამოქვეყნებულ ოპერატიულ ინფორმაციაში წერს, რომ ბახმუტის სამხრეთით, დასავლეთითა და ჩრდილო-დასავლეთით ბრძოლები მიმდინარეობს.
გენშტაბი წერს, რომ რუსეთი აგრძელებს ქალაქ ბახმუტის შტურმს, რომელსაც უკრაინელი ჯარისკაცები იცავენ.
კიდევ ორ რეგიონში, ავდიივკასა და მარინკაში, გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთის თავდასხმები ბოლო 24 საათის განმავლობაში წარუმატებელი იყო.
უკრაინის გენშტაბის ცნობების თანახმად, ფრონტის ამ სამ სექტორში, ისევე როგორც ლიმანის მიმართულებით, უკრაინელებმა 62 შეტევა მოიგერიეს ერთი დღის განმავლობაში.
ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) უახლეს ანგარიშში წერს, რომ დასტურდება რუსეთის არმიის წინსვლა ბახმუტში – სამხრეთიდან ცენტრამდე და ქალაქის ჩრდილო-დასავლეთით.
ISW-ს ანალიტიკოსები, გეოლოკაციურ ვიდეოებზე მითითებით, წერენ, რომ „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი 27 მარტს იმყოფებოდა ბახმუტის მე-5 სკოლის შენობაში – რომელიც ბახმუტის საკრებულოდან დაახლოებით ერთ კილომეტრში მდებარეობს.
გეოლოკაციურ სურათებზე დაყრდნობით, ანალიტიკოსები ასევე აღნიშნავენ, რომ რუსები დაწინაურდნენ ქალაქის ჩრდილო-დასავლეთით, ბახმუტის ცენტრიდან რამდენიმე კილომეტრში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარის და სამეგრელოს რეგიონში, შესაბამისი ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების სამი ფაქტი გამოავლინეს, რაზეც ოთხი პირი პასუხისგებაში მისცეს, მათგან ერთი დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, სამ სხვადასხვა ლოკაციაზე, მოწყობილი ჰქონდათ სათამაშო ბიზნესის ობიექტები, საიდანაც შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე, ინტერნეტის მეშვეობით, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედ ინტერნეტ კაზინოების ვებ-გვერდებზე გადაიცემოდა ლოტოს გათამაშების პროცესი.
დადგენილია, რომ ობიექტების ლეგალურად ფუნქციონირების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტში, სანებართვო მოსაკრებლის სახით უნდა შესულიყო ჯამში დაახლოებით 300 000 ლარი.“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 28 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 171 730 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 570]
ტანკი – 3 602 ერთეული [+7]
ჯავშანტექნიკა – 6 966 ერთეული [+13]
საარტილერიო სისტემა – 2 653 ერთეული [+15]
MLRS – 525 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 277 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 305 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 291 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 235 ერთეული [+19]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 911 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 5 502 ერთეული [+9]
სპეცტექნიკა – 287 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 28 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
404 თვითმფრინავი
226 ვერტმფრენი
3 612 უპილოტო საფრენი აპარატი
414 საზენიტო სარაკეტო სისტემა
8 433 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 074 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
4 449 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
9 161 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს “მოლოტოვის კოქტეილი” ესროლეს. თვითმხილველების თქმით, შემთხვევა 27 მარტს, საღამოს, დაახლოებით 8 საათზე მოხდა.
“ბათუმელებს” თვითმხილველებმა უთხრეს, რომ კოქტეილის გასროლის შედეგად არავინ დაშავებულა და ცეცხლი სასამართლოს თანამშრომლებმა სახანძრო-სამაშველო სამსახურის მისვლამდე ჩააქრეს.
შსს-ში მომხდარზე ამ ეტაპზე ვერაფერი გვითხრეს.
განახლება: შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის შესაბამისად.