პოლიციის უფროსმა პირადი შურისძიებით დამაკავა – წარწერა „ირაყლის“ გამო დაკავებულთა სასამართლო 

„პოლიციამ დაარღვია კანონი, ეს საქმე უნდა განიხილოთ კონტექსტში, რატომ გამაჩერეს მეც თითქმის 48 საათი?“ – მიმართა მოსამართლე გულიკო კაჟაშვილს ენმ-ს წევრმა, მირდატ ქამადაძემ. ის 3 ივნისს ბათუმში, ევროპის მოედანზე დააკავეს – მირდატ ქამადაძეს და აქციის სხვა მონაწილეებს ფურცლები ეჭირათ ხელში წარწერით – „ირაყლი“.

შაბათის აქციაზე დაკავებულები: მირდატ ქამადაძე, ლევან გორგილაძე და  თაზო მახარაძემ შსს-მ თითქმის მაქსიმალური დროით – 48 საათით გააჩერა წინასწარი დაკავების იზოლატორში. დაკავებული არასრულწლოვნები – ლუკა ნაცვლიშვილი და გიორგი დუმბაძე კი, დაკავებიდან რამდენიმე საათში გაათავისუფლეს.

დაკავება წარწერებისთვის ბათუმში - „ირაყლი“ და „რაც გინდა ის დაუძახეთ“

დაკავებულები სასამართლომ ადმინისტრაციული დაკავებიდან გაათავისუფლა, თუმცა საქმის განხილვა გადაიდო – შსს-ს წარმომადგენელმა სხდომაზე სამხრე კამერის ჩანაწერების ამოღება მოითხოვა. სასამართლო სხდომაზე შსს-ს წარმომადგენლის თქმით, მოწმის სახით დაიკითხება აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი – დავით მაღრაძეც.

„დავით მაღრაძესთან საუბრის შემდეგ დამაკავეს,“ – ამბობს მირდატ ქამადაძე. მის დაკავებამდე პოლიციელებმა ლევან გორგილაძე და თაზო მახარაძე დააკავეს.

„ვკითხე დავით მაღრაძეს, რატომ დააკავეთ, გაგვარკვიეთ-მეთქი, მოძრაობას ვაწესრიგებთ და მოვალო. შემდეგ მოვიდა და მე მას პერსონალურად ვესაუბრე: ხვალ და ზეგ ვინმე დედა მო…მა ნაძირალამ რომ შემაგინოს, უნდა მქონდეს თუ არა თქვენი იმედი-მეთქი. შეიგინეო და დამაკავეს, სულ ეს იყო,“ – აღნიშნა მირდატ ქამადაძემ „ბათუმელებთან“ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.

„რატომ გამოიყენეს 48 საათი, როცა შეეძლოთ მაქსიმუმ 24 საათში მიემართათ სასამართლოსთვის? პოლიციას არ წარმოუდგენია არავითარი მტკიცებულება ან ახსნა-განმარტება: რატომ დასჭირდა დამატებითი ვადა,“ – იკითხა ისევ მირდატ ქამადაძემ სასამართლო სხდომაზე, ვიდრე ის გადაიდებოდა. „ეს არის პირადი შურისძიება – მე დავით მაღრაძე წინა სასამართლო სხდომაზე ტყუილში გამოვიჭირე,“ – უთხრა მოსამართლეს მირდატ ქამადაძემ.

დაკავებული ოპოზიციონერი „24 ოპოზიციონერის საქმეს“ გულისხმობდა, როცა აქციის მონაწილეებს პოლიციამ კარვები ჩამოართვა და დააკავა. ამ საქმეზე სასამართლოს ჩვენება დავით მაღრაძემ მისცა. ამ პროცესიდან პოლიციის უფროსი მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ გააპარა.

——————-

ბოლო წლებში აქციის მონაწილეებს, რომლებსაც ადმინისტრაციული წესით აკავებენ წვრილმანი ხულიგნობის ან პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლით, თითქმის 48 საათს აჩერებენ წინასწარი დაკავების იზოლატორში. კანონით სამართალდამცველმა უნდა განმარტოს, რატომ აყოვნებს ადმინისტრაციული წესით დაკავებულს 24 საათი და რა დასაბუთებით ითხოვს დაკავების ვადის გაორმაგებას.

უკანონოდ დაკავების საქმეების განხილვას კი, სასამართლო აჭიანურებს, ან თუ განიხილავს, მხოლოდ მინიმალური ჯარიმით შემოიფარგლება – მაგალითად, „ირაკლი კიკილაშვილის საქმეზე“ სასამართლომ დაადასტურა უკანონო დაკავება, თუმცა შსს მხოლოდ 100 ლარით დაჯარიმდა.

უკრაინას რუსეთში აგენტების ქსელი აქვს და მათ დრონებს აწვდის – CNN

აშშ-ში მიიჩნევენ, რომ უკრაინამ შექმნა აგენტებისა და მხარდამჭერების ქსელი რუსეთში, რომლის წევრებიც ახორციელებენ დივერსიებს, კიევმა კი დაიწყო მათთვის დრონების მიწოდება თავდასხმებისთვის – ამის შესახებ CNN-ი აქვეყნებს ინფორმაციას აშშ-ს დაზვერვის რამდენიმე წარმომადგენელზე დაყრდნობით.

გამოცემის თანახმად, აშშ-ის დაზვერვის ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ რუსეთში პროუკრაინელმა აგენტებმა განახორციელეს კრემლზე დრონის თავდასხმა მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში და უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთის ტერიტორიიდან გაუშვეს და არა უკრაინიდან.

აშშ-ში მიიჩნევენ, რომ უკრაინამ შექმნა დივერსიული ჯგუფები რუსეთში, რომლებშიც გაერთიანებული კიევის მხარდამჭერები „კარგად გაწვრთნილნი არიან ამგვარი ომის საწარმოებლად“.

CNN -ის ცნობით, მიიჩნევა, რომ ამ ჯგუფებს უკრაინიდან მიაწოდეს უკრაინული წარმოების დრონები. აშშ-ის ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა CNN-ს, რომ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ რაიმე სახის დარტყმა განხორციელდა შეერთებული შტატების მიერ მოწოდებული დრონების გამოყენებით.

უცნობია, როგორ მოახერხა უკრაინამ რუსეთში დრონების გაგზავნა, თუმცა ორმა წყარომ განუცხადა CNN-ს, რომ კიევმა ჩამოაყალიბა კონტრაბანდის მარშრუტები.

ასევე, ევროპული დაზვერვის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის საზღვარი დიდია და ძალიან კონტროლირებადი, რაც მას კონტრაბანდისთვის ვარგისს ხდის.

„ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს არის რუსეთის პერიფერიული ტერიტორია“, – აღნიშნა გამოცემასთან ოფიციალურმა წარმომადგენელმა, „გადარჩენა ყველას პრობლემაა, ამიტომ ნაღდი ფული სასწაულებს ახდენს“.

_____________

ფოტოზე: 3 მაისი, დრონით თავდასხმა კრემლზე. ფოტო ტელეგრამზე გავრცელებული ვიდეოკადრებიდან 

932 ათასი ლარი ფრინველებზე სათვალთვალო კოშკის ასაშენებლად ქობულეთში

ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე, ისპანის ტორფნარზე, ფრინველებზე დაკვირვების სათვალთვალო კოშკის მშენებლობა იგეგმება. მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ გამოაცხადა 932 ათას 940 ლარით.

სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წელს მომზადდა პროექტი, რომელიც ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე ითვალისწინებს გარემოსთან ადაპტირებული საფეხმავლო ბილიკების, გადმოსახედი კოშკურის, მოსასვენებელი კოტეჯის, ავტოპარკინგისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობას.

„შემუშავებული სრული პროექტიდან სააგენტო გეგმავს მხოლოდ გადამფრენი ფრინველების სათვალთვალო კოშკის მშენებლობას. სრული პროექტი გამარჯვებულს გადაეცემა ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ“, – აღნიშნულია ტენდერში.

პროექტის მიხედვით, „ნაგებობის მზიდი კონსტრუქცია დაპროექტებულია კომბინირებულად, კერძოდ კოშკის საძირკველი დაპროექტებულია რკინაბეტონით, ხოლო კოშკის მიწისზედა ნაწილი გადაწყვეტილია ლითონის კონსტრუქციებში.“

ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 18 ივნისს დაიწყება და 23 ივნისს დასრულდება. ტენდერში გამარჯვებულმა კი კოშკის მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმების დღიდან 2024 წლის 20 ნოემბრამდე უნდა დაასრულოს.

სპეციალისტების თქმით, შავი ზღვის სანაპირო „აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფნის“ სახელითაა ცნობილი, სადაც ყოველწლიურად 1 მილიონზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი აღირიცხება. აჭარაში ყოველწლიურად იმართება გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი.

„ქობულეთის დაცული ტერიტორია, ისპანის ტორფნარი, სახელმწიფო ნაკრძალია, რომელიც ამავდროულად საერთაშორისო მნიშვნელობისაა და წარმოადგენს მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს ტორფნარს ბიომრავალფეროვნების კუთხით.

ისპანის ტორფნარები ზღვის სანაპიროდან სულ რაღაც 500 მეტრში მდებარეობს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ტურისტების მოზიდვისათვის, ასევე მომიჯნავე ტერიტორიების მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.“ – აღნიშნულია სატენდერო განაცხადში.

ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, „ქობულეთის დაცული ტერიტორია, რომლის ფართობის 770 ჰექტარია, ორ მთავარ ზონას მოიცავს: ისპანი 2 – სფაგნუმიან ტორფნარს, ანუ სახელმწიფო ნაკრძალს და ისპანი 1 ტორფნარი – აღკვეთილი.

სწორედ ისპანი 2 ნაკრძალი წარმოადგენს იუნესკოს ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ლოკაციას, ხოლო ისპანი 1 ბუფერულ ზონად განიხილება, სადაც შესაძლებელია ვიზიტორების მოზიდვა და ინფრატრუქტურული განვითარება, რომლის ფართობის დაახლოებით 1 ჰექტარია. ბუფერულ ზონად განიხილება ასევე ისპანი 2 ტორფნარის განაპირა ტყის ვიწრო ზოლი.“

მტირალას ეროვნულ პარკს, კოლხეთის ეროვნულ პარკს, ასევე კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს, 2021 წელს UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.

ამავე თემაზე:

მსგავსი ტყეები და ტორფნარები მსოფლიოში არ არის – UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრების სტატუსი

უკრაინელები დაწინაურდნენ დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში – ISW

4 ივნისს უკრაინულმა ძალებმა ლოკალური სახმელეთო შეტევებისას მიაღწიეს შეზღუდულ ტაქტიკურ წარმატებას დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში და ზაპოროჟიეს რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილში – წერს ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) ყოველდღიურ ანგარიშში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 4 ივნისს გავრცელებულ გეოლოკაციის კადრებში ჩანს უკრაინული მექანიზებული ძალები, რომლებიც მიიწევენ რივნოპოლის ჩრდილო-აღმოსავლეთით.

რუსი სამხედრო ბლოგერები ირწმუნებიან, რომ უკრაინულმა ძალებმა დაარტყეს პრიუტნოეს (ველიკა ნოვოსელკას სამხრეთ-დასავლეთით 15 კმ) და მაკარევკას (ველიკა ნოვოსელკადან სამხრეთ-დასავლეთით 4 კილომეტრში) მიმართულებით და აიღეს ნოვოდარივკა (ბოლშაია ნოვოსელკადან სამხრეთ-დასავლეთით 14 კმ) და ნესკუჩნოე.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ იმასაც, რომ ზოგიერთი რუსი სამხედრო ბლოგერი ამტკიცებდა, რომ უკრაინის ჯარებმა გაარღვიეს რუსეთის თავდაცვის პირველი ხაზი და 3 კილომეტრით დაწინაურდნენ ამ ტერიტორიაზე, თუმცა ანალიტიკოსები აღნიშნავენ იმასაც, რომ ამის დამადასტურებელი ვიზუალური მასალა არ გავრცელებულა.

პროფესიული სასწავლებლების პირველი სტუდენტური ფესტივალი ბათუმში

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესიული მომზადების ცენტრმა, ევროკავშირის მხარდაჭერით, 2023 წლის 4 ივნისს პროფესიული სასწავლებლების სტუდენტური ფესტივალი ჩაატარა.

ფესტივალში მონაწილეობდა საქართველოს მასშტაბით არსებული სხვადასხვა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, ასევე, მონაწილეობდნენ ესტონეთის „ვალგას“ პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები.

სტუდენტური ფესტივალი /ბათუმის საზღვაო აკადემია / 4.06.2023

ფესტივალზე დასწრება შეეძლოთ როგორც ახალგაზრდებს, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს.

პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებმა სხვადასხვა ინტერაქციულ ფორმატში ფესტივალზე წარმოადგინეს დეტალური ინფორმაცია მათი პროგრამებისა და სასწავლო კურსების შესახებ.

საზღვაო აკადემიის რექტორის, მურთაზ დევაძის განცხადებით, მსგავსი ფესტივალი საქართველოში პირველად ჩატარდა.

სტუდენტური ფესტივალზე ბათუმის საზღვაო აკადემიაში / 4.06.2023

ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც სწორედ პროფესიული განათლების პოპულარიზაცია იყო. აქ ისაუბრეს იმაზეც, რომ მიუხედავად უმუშევრობის მაღალი დონისა, საქართველოში პროფესიული განათლება მაინც არ სარგებლობს პოპულარობით.

„პროფესიული განათლება ხელს უწყობს მოსწავლეებს, რომ გაიზარდონ პროფესიულად, ამასთან, მიიღონ კარიერული წინსვლა. მეც სტუდენტი გახლავართ პროფესიული სასწავლებლის, ვსწავლობ ლოჯისტიკის ოპერირების პროგრამაზე. გაცვლითი პროგრამით ვიყავით უცხოეთში, ესტონეთში, სადაც მივიღეთ საკმაოდ კარგი გამოცდილება, დავესწარით ტრენინგებს და გავეცანით სწავლების ევროპულ მოდელებს“, – აღნიშნა ნინი ანანიძემ.

„ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესიული მომზადების ცენტრის ინიციატივით, გადავწყვიტეთ პროფესიული სასწავლებლების სტუდენტური ფესტივალი ჩაგვეტარებინა. ფესტივალზე მოწვეულნი იყვნენ მთელი საქართველოს მასშტაბით პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები, რომლებიც აწყობენ გამოფენებს თავიანთი შესაძლებლობების, თავიანთი სპეციალობების შესახებ.

ჩაფიქრებული გვაქვს, ფესტივალის ჩატარების ესტაფეტა ლოტოტრონის საშუალებით  სხვა რეგიონს გადაეცეს და გაგრძელდეს, ანუ სხვაგან ჩავატაროთ ეს ფესტივალი. შესაბამისად, უკვე იმ რეგიონის  საშუალებებით მთელი საქართველოს მასშტაბით გაიგებენ ახალგაზრდები, თუ რა საშუალებები არის პროფესიულ განათლებაში“, – აღნიშნა გოჩა გოგიტიძემ, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესიული მომზადების ცენტრის უფროსმა.

პროფესიული სასწავლებლების სტუდენტური ფესტივალი ბათუმში / 4.06.2023

ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის დირექტორი, მადონა მიქელაძე კი მიიჩნევს, რომ პროფესიული სასწავლებლების სტუდენტურ ფესტივალს განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობა აქვს: „პროფესიული განათლება უფრო მეტად პოპულარული უნდა იყოს ქვეყანაში. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დღევანდელი დღე კარგ შედეგს გამოიღებს – ძალიან ბევრი ადამიანი სწორ არჩევანს გააკეთებს პროფესიაში,  სწორი არჩევანი კი წარმატების მთავარი პირობაა.“

საზღვაო აკადემიის ღონისძიებების მართვისა და სტუდენტური სერვისების დეპარტამენტის სპორტის მიმართულების კოორდინატორის, არჩილ ართმელაძის თქმით, ფესტივალის ჩატარება 2 თვის წინ დაგეგმეს იმ მიზნით, რომ ის იქნებოდა კარგი საშუალება სტუდენტებისა და სახვა დაინტერესებული პირებისთვის, რათა უფრო ახლოს გაეცნოთ პროფესიული სასწავლებლები, მათი პროგრამები.

„ამავდროულად დავამატეთ სტუდენტური ცხოვრება, კალათბურთი, ფეხბურთი, მუსიკალური ბენდი, ცეკვა… სტუდენტებისთვის განათლების მიღმა არის სტუდენტური ცხოვრებაც, სტუდენტური სერვისები და ეს ყველაფერი მინდოდა უფრო მრავალფეროვანი ყოფილიყო და უფრო კარგად მიმეწოდებინა სტუდენტებისთვის, სასწავლებლებისთვის“, – აღნიშნა არჩილ ართმელაძემ.

სტუდენტური ფესტივალი ბათუმის საზღვაო აკადემიაში / 4.06.2023

არჩილ ართმელაძე ფიქრობს, რომ „მომავალში უფრო მეტი სასწავლებელი დაემატება, უფრო მეტი აქტივობები იქნება.  წელს კი იყო საპილოტე რეჟიმი. წელს გავაცანით სასწავლებლებს ეს ყველაფერი და მომავლიდან უფრო  მეტად დახვეწილი და უფრო მრავალფეროვანი იქნება“.

ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების პროექტის [ლინქსი] კოორდინატორის, ქეთი ადეიშვილის თქმით, პროექტი „ლინქსი ევროკავშირის“ მხარდაჭერით ხორციელდება, ფონდების – „გაეროს ასოციაციისა“ და „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით.

აჭარაში პროექტის პარტნიორი ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლია“.

„ლინქსის პროექტი ოთხ პროფესიულ სასწავლებელთან თანამშრომლობს აჭარაში. ერთ-ერთი გახლავთ ბათუმის საზღვაო აკადემიის პროფესიული სასწავლებელი და მათთან თანამშრომლობით ჩატარდა სტუდენტური ფესტივალი.

ფესტივალზე ასევე გაიმართა პროექტის პრეზენტაცია. ეს იყო შედეგების პრეზენტაცია, სადაც უშუალოდ ვისაუბრეთ, ბოლო სამი წლის განმავლობაში ლინქსის პროექტმა რა გააკეთა აჭარის რეგიონში და რა შედეგები დაიდო“, – აღნიშნა ქეთი ადეიშვილმა.

ლინქსის პროექტის შედეგების პრეზენტაცია / ბათუმი / 4.06.2023

ფესტივალზე ასევე გაიმართა სპორტული ღონისძიებები, ხოლო აქტივობების დასრულების შემდეგ ლოტოტრონით გამოავლინეს სასწავლებელი, რომელიც მომავალში ფესტივალს უმასპინძლებს.

2024 წელს ფესტივალის მასპინძელი მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმი იქნება.

_______

YouTube video player


ღონისძიების პარტნიორია „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების“ (LINKS) პროექტი, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით, „საქართველოს გაეროს ასოციაციისა“ (UNAG) და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) მიერ ხორციელდება.
აჭარის რეგიონში პროექტის პარტნიორი ორგანიზაცია არის თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი (IJH).

„რეტრო“ ყველამ დავტოვეთ, რუსების და მფლობელის ნათესავების გარდა – რესტორნის თანამშრომლები

ბათუმში რესტორანი „რეტრო“ 15-მა თანამშრომელმა ოფიციალურად დატოვა, მათ შორის არიან მზარეულებიც. უკვე ყოფილი თანამშრომლების ინფორმაციით, ახალი, რუსეთის მოქალაქის მენეჯერობის პირობებში მუშაობა შეუძლებელი გახდა.

„აჭარული ხაჭაპურით“ ცნობილი რესტორანი ბათუმში დღეს დილიდან დაკეტილია.

„რეტროს“ ყოფილი თანამშრომლების ინფორმაციით, სამსახური მხოლოდ რესტორნის მფლობელის ნათესავებს არ დაუტოვებიათ.

თეიმურაზ ვარშანიძე, რესტორან „რეტროს“ მფლობელი, რომელმაც მიმტანზე იძალადა, დღეს, 5 ივნისს, დილით დააკავეს.

სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით პოლიციამ გამოძიება გუშინ, 4 ივნისს დაიწყო – სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე.

3 ივნისს ბათუმში, რესტორან „რეტროს“ მფლობელმა მიმტანს სცემა. ძალადობის დამადასტურებელი კადრები „რეტროს“ ერთ-ერთმა თანამშრომელმა „ბათუმელებს“ გუშინ მოაწოდა.

ვიდეოში ჩანს, თუ როგორ კრავს ხელს რესტორნის მფლობელი მიმტანს და კარებში აგდებს. შემდეგ ისმის კივილს ხმა.

„რეტროს“ თანამშრომლის თქმით, თეიმურაზ ვარშანიძემ მიმტანის ცემა ქუჩაშიც გააგრძელა.

შრომის ინსპექციის ინფორმაციით, „რეტროს“ რესტორნებში – როგორც თბილისში, ისე ბათუმში, შრომის ინსპექცია შევიდა.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში „რეტროს“ მფლობელს დაეკისრება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ვადით 120-დან 140 საათამდე ან შინაპატიმრობა ვადით 6 თვიდან 1 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით 1 წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

___

მთავარი ფოტო: „რეტროს“ თანამშრომლები, რომლებიც სამსახურიდან წამოვიდნენ

„ხელოვნური განაყოფიერების მომავალი“ – ისრაელელი ემბრიოლოგის საჯარო ლექცია ბათუმში

„ხელოვნური განაყოფიერების წარსული და მომავალი“- ამ თემაზე ბათუმში საჯარო ლექციას წაიკითხავს მედიცინის დოქტორი ელენა მილნერი, ემბრიოლოგი ისრაელიდან.

საჯარო ლექციაზე განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა: გადადებული მშობლობა, კვერცხუჯრედის და ემბრიონის გაყინვის ტენდენციები, რამდენად ხდება ინ-ვიტრო განაყოფიერება როცა საჭიროება არ არსებობს და რა გველოდება მომავალში.

პრესრელიზის თანახმად, დოქტორი ელენა მილნერი ინოვაციური სამედიცინო კლინიკა BIRTH-ის მოწვეული ემბრიოლოგია ისრაელიდან, ის ხელოვნური განაყოფიერების მიმართულებით ათეულობით წლებია მუშაობს, არის ისრაელის IVF ლაბორატორიის დირექტორი, აკრედიტებულია ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი კლინიკური ემბრიოლოგის თანამდებობაზე; ასევე აკრედიტებულია უფროს კლინიკურ ემბრიოლოგად ESHRE-ს – ევროპული ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის საზოგადოების მიერ.

ბათუმში საჯარო ლექცია 2023 წლის 10 ივნისს გაიმართება ბაუ-ს საერთაშორისო უნივერსიტეტში. დარეგისტრირებული მსმენელისთვის დასწრება უფასოა.

საჯარო ლექციაზე დასასწრებად უნდა დარეგისტრირდეთ ამ ბმულზე.

რუსეთი მაისში 300 დრონით დაესხა თავს უკრაინას – ბრიტანული დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა დღეს, 5 ივნისს, ყოველდღიურ მოკლე მიმოხილვაში წერს, რომ 2023 წლის მაისში რუსეთი უკრაინას 300-ზე მეტი ირანული „შაჰედით“ დაესხა თავს. დაზვერვის ცნობით, ამ იარაღის სისტემის ყველაზე ინტენსიური გამოყენებაა დღემდე.

დაზვერვა ვარაუდობს, რომ რუსეთი ასეთი ინტენსიური თავდასხმების სერიით ცდილობს უკრაინამ გახარჯოს ძვირადღირებული საჰაერო თავდაცვის რაკეტების მარაგი.

ამავე დროს, ბრიტანული დაზვერვა ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს, რომ რუსეთმა მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებას – უკრაინამ გაანეიტრალა ირანული დრონების მინიმუმ 90%, ძირითადად, ძველი და იაფი საჰაერო თავდაცვის იარაღის გამოყენებით.

„რუსეთი ასევე ცდილობდა უკრაინული ძალების აღმოჩენას და დარტყმას ფრონტის ხაზის უკან. თუმცა, რუსეთი კვლავინდებურად ძალიან არაეფექტურია ასეთი დინამიკური სამიზნეების დარტყმაში“ – წერს დაზვერვა.

მიმტანის ცემის ფაქტზე ბათუმში რესტორან „რეტროს“ მფლობელი დააკავეს

ბათუმში რესტორან „რეტროს“ მფლობელი, თეიმურაზ ვარშანიძე, პოლიციამ ძალადობის მუხლით დააკავა.

სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე ძალადობის მუხლით პოლიციამ გამოძიება გუშინ, 4 ივნისს, დაიწყო – სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე.

3 ივნისს ბათუმში რესტორან „რეტროს“ მფლობელმა მიმტანს სცემა. ძალადობის დამადასტურებელი კადრები „რეტროს“ ერთ-ერთმა თანამშრომელმა „ბათუმელებს“ გუშინ მოაწოდა.

ვიდეოში, რომელიც „ბათუმელებს“ რესტორნის თანამშრომელმა მოაწოდა, ჩანს, თუ როგორ კრავს ხელს რესტორნის მფლობელი მიმტანს და კარებში აგდებს. შემდეგ ისმის კივილს ხმა.

„რეტროს“ თანამშრომლის თქმით, თეიმურაზ ვარშანიძემ მიმტანის ცემა ქუჩაშიც გააგრძელა.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში „რეტროს“ მფლობელს დაეკისრება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ვადით 120-დან 140 საათამდე ან შინაპატიმრობა ვადით 6 თვიდან 1 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით 1 წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

ამავე თემაზე:

რესტორან „რეტროში“ მიმტანის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო – შსს

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 5 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 5 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 210 350 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +410]
  • ტანკი – 3 848 ერთეული [+11]
  • ჯავშანტექნიკა – 7 523 ერთეული [+11]
  • საარტილერიო სისტემა – 3 567 ერთეული [+12]
  • MLRS – 584 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 349 ერთეული [+5]
  • თვითმფრინავი – 313 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 298 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 189 ერთეული [+14]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 136 ერთეული [+4]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 6 312 ერთეული [+7]
  • სპეცტექნიკა – 484 ერთეული [+5]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 5 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 433 თვითმფრინავი
  • 236 ვერტმფრენი
  • 4 486 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 424 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 9 431 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 114 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 5 009 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 10 688 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო

ამავე თემაზე:

რუსეთი მაისში 300 დრონით დაესხა თავს უკრაინას – ბრიტანული დაზვერვა

ბათუმში არასწორი პარკირებისთვის რამდენი დააჯარიმეს უცნობია – საფასურს კი, ისევ ვერ იხდიან

უცნობია რამდენი მძღოლი დააჯარიმეს არასწორი პარკირებისთვის ბათუმში 2023 წლის იანვრიდან დღემდე პერიოდში. მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში ამბობენ, რომ ჯარიმების სტატისტიკის დათვლა პროგრამულად ვერ ხერხდება, ვინაიდან ბოლო რამდენიმე თვეა სერვერია დაზიანებული. შესაბამისად, აღარ ქვეყნდება დაჯარიმებულთა სტატისტიკაც.

აღნიშნული სერვერის დაზიანების გამო, ბათუმში პარკირებისთვის დაწესებული საფასურის გადახდასაც ვერ ახერხებენ. ინსპექციაში აცხადებენ, რომ მათ, ვინც პარკირების საფასურის გადახდას ვერ ახერხებს, არ აჯარიმებენ.

  • როდის დაზიანდა სერვერი, რის გამოც ვერ ხერხდება პარკირების საფასურისა და ჯარიმების გადახდა ბათუმში? რომელი სამართალდარღვევისთვის არ აჯარიმებენ მძღოლებს? ერიცხებათ თუ არა საურავი იმ პირებს, რომლებიც ვერ ახერხებენ ჯარიმის გადახდას ზემოთ აღნიშნულ სერვერზე/სისტემაში ხარვეზის გამო?
  • რა სამუშაოები მიმდინარეობს აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად და როდის აღმოიფხვრება ის? –

ამ და სხვა კითხვებით ქალაქ ბათუმის მერიას, ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას და „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ ოფიციალურად „ბათუმელებმა“ წერილობით 10 მაისს მიმართა.

ქალაქის მერიიდან და მერიის აღნიშნული სამსახურებიდან პასუხები დღემდე არ მიგვიღია.

მაშინ, როცა პარკირების საფასურის გადახდა/დაჯარიმება უკვე თვეებია ბათუმში პრობლემაა, ქალაქის საკრებულომ მერიის ინიციატივით, დაჯარიმების წესში ცვლილებები შეიტანა.

სხდომაზე ინსპექციის იურისტმა ლაშა მამულაძემ განაცხადა, რომ [სერვერთან დაკავშირებული] პრობლემის მოგვარებაზე ისევ მუშაობენ, თუმცა, მან ვერ დაასახელა დაახლოებით რა თანხის ამოღება იყო შესაძლებელი ამ დროში ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მთავარი ფოტო: არასწორი პარკირება ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე / 4.06.2023

 

ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:

ბათუმში პარკინგის საფასური იზრდება

რესტორან „რეტროში“ მიმტანის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო – შსს

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს საფუძველზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე ძალადობის მუხლით – უთხრეს „ბათუმელებს“ შს სამინისტროს პრესცენტრში რესტორნის მიმტანის ცემის საქმეზე.

გუშინ, 3 ივნისს, ბათუმში რესტორან „რეტროს“ მფლობელმა მიმტანს სცემა.

ძალადობის დამადასტურებელი კადრები „რეტროს“ ერთ-ერთმა თანამშრომელმა „ბათუმელებს“ დღეს მოაწოდა. ის კონფლიქტის თვითმხილველია.

ვიდეოში, რომელიც „ბათუმელებს“ რესტორნის თანამშრომელმა მოაწოდა, ჩანს, თუ როგორ კრავს ხელს რესტორნის მფლობელი მიმტანს და კარებში აგდებს. შემდეგ ისმის კივილს ხმა.

„რეტროს“ თანამშრომლის თქმით, თეიმურაზ ვარშანიძემ მიმტანის ცემა ქუჩაშიც გააგრძელა.

„რეტროში“ აცხადებენ, რომ კომენტარს არ აკეთებენ და ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებენ.

შემთხვევა გუშინ, 3 ივნისს, მოხდა.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში „რეტროს“ მფლობელს დაეკისრება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით 120-დან 140 საათამდე ან შინაპატიმრობა ვადით 6 თვიდან 1 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით 1 წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

___

როდის გაიხსნება ფრიდონ ხალვაშის გამზირი – გზის ჩაკეტვის მორიგი ვადაც ამოიწურა

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირი, რომელიც გარკვეულ მონაკვეთებში მთლიანად გადაკეტილია, ჯერ 22 მაისს უნდა გახსნილიყო, შემდეგ 5 ივნისი დაასახელეს, თუმცა გამზირზე მოძრაობა სრულად ივნისის შუა რიცხვებამდე თუ ვერა, შესაძლოა ივლისამდე არ განახლდეს.

მეტიც, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და მშენებელ კომპანია „ერ ტე დეს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ბოლო ცვლილებით, 31 მაისს უნდა დასრულებულიყო. ამ დროისთვის კი [4 ივნისი], შესყიდვების პორტალზე შესაბამისი დოკუმენტი – სამუშაოების დასრულების ვადის გადაწევაზე, ატვირთული არ არის.

საავტომობილო გზების დეპარტამენტს ამ დრომდე არ გაუვრცელებია ინფორმაცია იმის შესახებაც, თუ როდის გაიხსნება გზა და როდის აღდგება ტრანსპორტის მოძრაობა სრულად.

„გზაზე ორმხრივი მოძრაობის გამო ფიზიკურად შეუძლებელი იყო ამ დრომდე სამუშაოების დასრულება. გზის საფარის დაგება ივნისის შუა რიცხვებამდე უნდა დასრულდეს და ორმხრივი მოძრაობა აღდგება, თუმცა, ამინდმა თუ ხელი არ შეგვიწყო, ეს ვადა შესაძლოა ივნისის ბოლომდე გადაიწიოს. გზის დასრულების შემდეგ დაიწყება მისი კეთილმოწყობა – ნიშნები და ასე შემდგომ“, – უთხრეს „ბათუმელებს“ კომპანია „ერ ტე დეში“.

ტენდერის პირობის მიხედვით, სამუშაოების წარმოებისას ფრიდონ ხალვაშის გამზირზე უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო ტრანსპორტის მოძრაობა, ჯერ ერთ, შემდეგ კი, მეორე ზოლში, თუმცა ეს პირობა ვერ შესრულდა.

განახლება: „უამინდობის გამო, სამუშაოები გახანგრძლივდა 9 ივნისის 08:00 სთ-მდე“ – მოგვწერეს 5 ივნისს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან.

„ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ0-კმ4 მონაკვეთზე (ფრიდონ ხალვაშის ქუჩა) მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებისთვის, აღნიშნული გზის კმ1-კმ3 მონაკვეთი ჩაკეტილია, ხოლო კმ3-კმ5 მონაკვეთზე ჩაკეტილია მხოლოდ ერთი სამოძრაო ზოლი (ბათუმიდან ახალციხის მიმართულებით), ახალციხიდან ბათუმის მიმართულებით კი მსუბუქი ავტოტრანსპორტი მოძრაობს ცალმხრივად.

სამუშაოების წარმოების ბოლო ვადად განსაზღვრული იყო 2023 წლის 4 ივნისი, თუმცა, სამუშაოების დასრულება მითითებულ ვადაში უამინდობის გამო ვერ მოესწრო. სამუშაოების დასასრულებლად, ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ1-კმ3 და კმ3-კმ5 მონაკვეთებზე დაწესებული მოძრაობის სპეციალური რეჟიმი გაგრძელდება 2023 წლის 9 ივნისის 08:00 სთ-მდე.

ჩაკეტვის პერიოდში, ახალციხიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს მაჭავარიანის ქუჩის და საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის გავლით. ხოლო, ბათუმიდან ახალციხის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტორანსპორტი იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 109-ე კმ-დან ჭოროხისა და ა. შანიძის ქუჩების გავლით და დაუკავშირდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზას მე-5 კმ-ზე“ – აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ 5 ივნისს გავრცელებულ ინფორმაციაში.

გზების დეპარტამენტის განმარტებით, „სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების პროცესში ობიექტზე გამოვლინდა სხვადასხვა ხელისშემშლელი ფაქტორი, რამაც გამოიწვია სამუშაოების შეფერხება, მათ შორის საჭირო გახდა „სოკარის“ გაზის მილების, „ბათუმის წყლის“ მილების, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მაღალი ძაბვის, „სილქნეტის“, „მაგთიკომის“ და „დელტა-კომის“ კაბელების გადატანა“.

შპს „ერ ტე დე“-ში კი, თვლიან, რომ გზა ადრე უნდა გადაეკეტათ: „ამ გზაზე ძალიან ინტენსიური მოძრაობაა და თავიდანვე რომ სრულად ჩაკეტილიყო მოძრაობა, გაცილებით ადრე დასრულდებოდა სამუშაოები.“

„ერ ტე დე“-სთან დეპარტამენტს ხელშეკრულება 19 399 999 ლარზე აქვს გაფორმებული. ამ თანხის ნახევარზე ოდნავ მეტი – 9 778 106 ლარი, კომპანიისთვის უკვე გადარიცხულია.

მთავარი ფოტო: ფრიდონ ხალვაშის გამზირი / 28.05.2023

ამავე თემაზე:

„რამე არ მითხრა, მღალატობს ნერვები“ – რეპორტაჟი ხელვაჩაურის გადათხრილი გზიდან [VIDEO]

რატომ აკერებენ ასფალტს ახალდაგებულ გზაზე, რაშიც 8,8 მილიონია გადახდილი

ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალზე იმ მონაკვეთში, რომლის შეკეთებაც 2022 წლის ბოლოს დასრულდა, ასფალტს აკერებენ. სამუშაოები ამჟამად ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს – სოფელ ერგედან [ე.წ. მახოს ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან], სოფელ დოლოგნამდე მონაკვეთში.

დაახლოებით 13 კილომეტრი გზის შესაკეთებლად საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ტენდერში გამარჯვებულ შპს „სამკუთხედისთვის“ ჯამში 8,8 მილიონი ლარი აქვს გადახდილი. ამაში შედის ის მონაკვეთიც, რომელსაც ახლა ხელახლა არემონტებენ.

„გზის ამ მონაკვეთზე მუშაობდა კომპანია „სამკუთხედი“, რომელმაც სამუშაოები დაასრულა გასული [2022] წლის ბოლოს, თუმცა ხარვეზების გამო ის არ ჩავიბარეთ. კომპანია თავისი ხარჯით ახდენს დაფიქსირებული ხარვეზების გამოსწორებას.“ – მოგვწერეს „ბათუმელებს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან.

„ბათუმელები“ შპს „სამკუთხედსაც“ დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ სამუშაოები დეპარტამენტმა ძირითადად „უმნიშვნელო რაღაცეების გამო“ არ ჩაიბარა და კომპანიას მათი მთლიანად გამოსწორება მოთხოვა ზაფხულისთვის.

„გზა გაკეთდა, ერთი ორმოც არ იყო მთელ პერიმეტრზე, თუმცა, გარკვეული, მაგალითად პატარა ბზარი და რაღაცა შეინიშნებოდა, ესეც იმიტომ, რომ აქ გრუნტი არის სპეციფიკური, რომელიც ზამთარში, ნალექის გამო, ასე ვთქვათ რბილდება. ამას ემატება მძიმე ტვირთიანი მანქანების [კარიერებიდან და სხვა] გადაადგილება, რაც აზიანებს საფარს. თუ დააკვირდებით გზას ვარემონტებთ მთის ფერდის მხარეს, საიდანაც წყალს შედარებით უჭირს გასვლა. მდინარის მხარეს კი, გზაზე არანაირი პრობლემა არაა“ – გვითრეს „სამკუთხედში“.

კომპანიაში ასევე განაცხადეს, რომ, დღეს მიმდინარე სამუშაოები დაახლოებით 10 დღეში დასრულდება და ყველა ხარვეზი, რაზეც მიუთითეს, გამოსწორდება.

ახალდაგებულ გზაზე – ერგედან დოლოგნამდე – ასფალტს აკერებენ / გზების დეპარტამენტის ინფორმაციით ხარვეზებს კომპანია საკუთარი სახსრებით ასწორებს

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის კმ9 – კმ22 მონაკვეთის რეაბილიტაციაზე გზების დეპარტამენტმა ხელშეკრულება „სამკუთხედთან“ 2020 წლის მარტში გააფორმა – 9 651 801 ლარზე.

შესყიდვების პორტალის მიხედვით, კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში 26-ჯერ შევიდა ცვლილება. ამასთან, დღევანდელი მდგომარეობით [2023 წლის 4 ივნისი] „სამკუთხედისთვის“ უკვე გადარიცხულია ჯამში 8 848 736 ლარი [სახელშეკრულებო თანხის 95%].

ახალდაგებულ გზაზე – ერგედან დოლოგნამდე – ასფალტს აკერებენ / გზების დეპარტამენტის ინფორმაციით ხარვეზებს კომპანია საკუთარი სახსრებით ასწორებს / ფოტო: „ბათუმელები“

ამ გზის სარეაბილიტაციოდ გამოცხადებულ ტენდერში 6 კომპანია მონაწილეობდა და ყველაზე დაბალი ფასი „სამკუთხედმა“ დააფიქსირა –  9 651 801 ლარი.

დანარჩენი კომპანიების შეთავაზებული ფასები 9 988 888 ლარიდან იწყებოდა და მაქსიმალური შეთავაზება 12 064 750 ლარი იყო

ახალდაგებულ გზაზე – ერგედან დოლოგნამდე – ასფალტს აკერებენ / გზების დეპარტამენტის ინფორმაციით ხარვეზებს კომპანია საკუთარი სახსრებით ასწორებს

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ტენდერი 2020 წელს 12 064 750 ლარით ჰქონდა გამოცხადებული:

ერგე-დოლოგნის მონაკვეთში ცენტრალური გზის შესაკეთებლად 12 მილიონია გამოყოფილი

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4 ივნისის 21 საათიდან 5 ივნისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ, დღისით ზოგან ხანმოკლე წვიმა;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 22 – 27 გრადუსი სითბო
  • ღამით: 16 – 21 გრადუსი სითბო

მთაში:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +16 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 6-7 ივნისს აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან ხანმოკლე წვიმა.

 

მთავარი ფოტო: ბათუმი / გურამ მურვანიძე/ბათუმელები /26.05.2023

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 4 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 4 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 209 940 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +470]
  • ტანკი – 3 837 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 7 512 ერთეული [+10]
  • საარტილერიო სისტემა – 3 555 ერთეული [+22]
  • MLRS – 583 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 344 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 313 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 298 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 175 ერთეული [+10]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 132 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 6 305 ერთეული [+16]
  • სპეცტექნიკა – 479 ერთეული [+4]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 4 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 432 თვითმფრინავი
  • 236 ვერტმფრენი
  • 4 473 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 424 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 9 382 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 112 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 996 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 10 656 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო

ამავე თემაზე:

აპირებენ უკრაინას 50 ცალი F-16 გადასცენ, ეს 3 ესკადრილია და დიდი ძალაა – ინტერვიუ

ბათუმში ენმ-ს წევრი მირდატ ქამადაძე დააკავეს

ბათუმში, ევროპის მოედანზე, ენმ-წევრი მირდატ ქამადაძე დააკავეს. მასთან ერთად დააკავეს ზვიად ცეცხლაძე, რომელიც ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონის“ წევრია.

„შენი ხმის ინტონაცია არ მოგვწონსო – უთხრეს მირდატს და ამის გამო დააკავეს“, – ამბობს „ბათუმელებთან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი გიორგი კირთაძე.

დღეს, მირტად ქამადაძის და ზვიად ცეცხლაძის დაკავებამდე პოლიციამ კიდევ ოთხი ახალგაზრდა, მათ შორის 2 არასრულწლოვანი დააკავა.

დაკავების მიზეზი, როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, პლაკატებია, სადაც ეწერა – „ირაყლი“ და „რაც გინდა ის დაუძახეთ“.

გუშინ, 2 ივნისს, თბილისში პარლამენტის წინ, ახალგაზრდებიც ამავე შინაარსის პლაკატების გამო დააკავეს. მათ შორის, ცარიელი ფურცლების გამოც.

ბათუმში აქციაზე 4 პირი დააკავეს, მათ შორის 2 არასრულწლოვანი

დღეს, 3 ივლისს, ბათუმში საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ოთხი პირი დააკავა.

ლევან გორგილაძე, გიორგი დუმბაძე, ლუკა ნაცვლიშვილი და თაზო მახარაძე.

აქედან გიორგი დუმბაძე და ლუკა ნაცვლიშვილი არასრულწლოვანები არიან.

როგორც  ენმ-ს წევრმა მირდატ ქამადაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, პოლიციამ ახალგაზრდებს წაართვა პლაკატები, რომელზეც ეწერა „ირაყლი“, შემდეგ კი დააკავა.

ჩვენ ვესაუბრეთ გიორგი დუმბაძის მამას, ნოდარ დუმბაძესაც, რომელიც ამბობს, რომ ამ დროისთვის ინფორმაცია არ აქვს, თუ სად გადაიყვანეს დაკავებული ახალგაზრდები.

გიორგი დუმბაძე, ლუკა ნაცვლიშვილი საპროტესტო აქციაზე დღეს ბათუმში.

_______________

მთავარი ფოტო: ლუკა ნაცვლიშვილი აქციაზე ბათუმში.

„თამბაქოს დეპუტატები ყიდიან, ჩვენ კი გვაჯარიმებენ“ – რატომ აღარ მოჰყავთ გლეხებს თუთუნი [VIDEO]

„მე აქ თამბაქო თუ ვერ მოვიყვანე, თოხი უნდა დავდო, თოხსაც მართმევენ, ასე გამოდის,“ – ახალდარგული თამბაქოს ნერგების მწკრივებს შორის დადის როლანდ მიქელაძე და ისე გვიყვება, რატომ მოუწიათ აჭარის მთაში ტრადიციად ქცეულ მეთამბაქოეობაზე უარის თქმა.

ნენიას თუთუნს დღემდე აქვს სახელი, თუმცა შუახევის სოფელ ნენიაში თამბაქოს ხსენება გლეხებში უკვე გაღიზიანებას იწვევს. „აღარ დამირგავს ორი წელია“, – გვპასუხობენ გამწყრალი გლეხები სოფლის ცენტრში და მერე თითზე ითვლიან რამდენიმე ოჯახს, სადაც თუთუნი მცირე რაოდენობით, მაგრამ ჯერ კიდევ მოჰყავთ.

მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ 2020 წლიდან მეთამბაქოეს კუთხით ახალი რეგულაციები აამოქმედა და ლიცენზია სავალდებულო გახდა, მეთამბაქოეების თქმით, სახელგანთქმული „ნენიას თუთუნის“ ადგილი აღარ დარჩა დახლზე – გლეხებს თამბაქოს ბაზრებზე გატანა აეკრძალათ, ადგილზე შესყიდვის ფასი კი, ისე დაეცა, რომ ნენიელებს გასული წლის მოსავალი ისევ ბეღლებში უწყვიათ.

მთავრობის რეგულაციებით, გლეხს შეუძლია თამბაქოს მოყვანა, პირველადი დამუშავება, დაჭრა [რაც არ ეთვლება სამეწარმეო საქმიანობად], მაგრამ ბაზარზე გაყიდვა – არა. დაფასოებისა და აქციზის გადასახადის გარეშე გლეხს უფლება აქვს თამბაქო მიყიდოს მხოლოდ იმ მწარმოებელს, რომელიც შეყვანილია თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელ პირთა ელექტრონულ რეესტრში, რომელსაც შემოსავლების სამსახური აწარმოებს. 

„ადრე აქ სულ თუთუნი მოგყავდა,“ – ეზოდან გვახედებს დიდ პლანტაციაში როლანდ მიქელაძე და შემდეგ ერთი პატარა კუთხისკენ იშვერს ხელს, სადაც რამდენიმე დღის წინ თამბაქოს ახალი ნერგები დაურგავს – გაზაფხულის ბოლოს აჭარის მთიან სოფლებში, სათბურებში გამოყვანილი თამბაქოს ჩითილები კვლებში გადააქვთ.

„თამბაქოს ლიცენზიატი დეპუტატები ყიდიან. მე სად ვნახო ლიცენზია?“ -  რატომ აღარ მოჰყავთ გლეხებს თუთუნი

როლანდ მიქელაძე თოხს იღებს და ბაღში ჩადის. ფერმერი გვიყვება, ბოლო წლებში თუთუნის დარგვას ისევ რომ კარტოფილი არჩია, ასევე ვენახი. მისი პლანტაცია მზის გულზეა – მაღალი მთის ფერდობზე. ფერმერი სოფელს გაჰყურებს და ამბობს, ჩემს ბავშვობაში სულ ყველგან თამბაქოს რგავდნენ, ყველა თუთუნის პლანტაციაში ვიზრდებოდით, სკოლაშიც 350 მოსწავლე ვიყავით, ახლა კი, 50 ძლივს თავდებაო.

„გასულ წელს მექნება გაყიდული ჯამში 20 კილო,“ – ამბობს როლანდ მიქელაძე და ფრთხილად იწყებს თამბაქოს ნერგებისთვის მიწის შემოყრას – ასეა საჭირო, ნერგს რომ არ გაუჭირდეს და გაიზარდოს, გაფხეკას ვეძახით ჩვენ ამასო.

„700-800 კილო თამბაქო მექნება გასაყიდი წინა წლიდან. წინა წლებში 40 – 50 ლარადაც იყიდებოდა კილო თამბაქო, ახლა 15 ლარად გავყიდი, ვინმე რომ წაიღებდეს ერთიანად.

წინა წლებში მაღაზიებში რომ მივიტანდით, იქ ვაბარებდით, ახლა იმდენ ჯარიმას გვადებენ, რომ მე მაგას ვერ ავუდივარ – არის შემოტანილი თამბაქო, დიდი ბიზნესმენები და პარლამენტარებს მათ თამბაქოს ყიდიან, ვითომ ლიცენზია აქვთ. მე ამის ლიცენზია სად ვნახო?“ – კითხულობს მეთამბაქოე კაცი და ნერგებს დაჰყურებს.

ვინ პარლამენტარი? – როლანდ მიქელაძე ირონიულ ღიმილს გვიბრუნებს და პაუზის შემდეგ გვიბრუნებს პასუხსაც: „ყველამ ყველაფერი ისედაც იცის“, – ამბობს ის.

თამბაქოს პლანტაცია, სოფელი ნენია შუახევი

როლანდ მიქელაძეს მთავრობასთან ეს შეკითხვაც აქვს:

„თავისუფალ ბაზარს რომ ხელს უწყობენ, რატომ მიკრძალავენ, მაგალითად, მე მოვიყვანო თამბაქო და ახალციხეში, ან ოზურგეთში, ქუთაისში, თბილისში ჩავიტანო და გავყიდო?

ხულო-შუახევ-ქედაში გააკეთეს ლოჯისტიკის ცენტრი, რომელიც დღესაც უფუნქციოდ არის. მილიონი მაინც დაჯდა ეს. ერთი ფაბრიკა აეშენებინათ და მიეღოთ თამბაქო, არ ჯობდა? მოსახლეობაც გაჩერდებოდა სოფლად, მიგრაცია აღარ იქნებოდა და ქალაქს აღარ მიასკდებოდა, აღარც საზღვარგარეთ წავიდოდნენ.

ვისაც 300 ლარს აძლევენ და ასაქმებენ, არ უნდა სამათხოვროდ ეს 300 ლარი. პირიქით, საშუალება მისცენ ამ მთიან რეგიონს, რომ ხალხი დასაქმდეს, საშუალება უნდა მისცე, დაინტერესება, რომ აქ გავჩერდეთ. ახალგაზრდობა საერთოდ გავიდა სოფლიდან,“ – გვითხრა როლანდ მიქელაძემ.

„ძირითადად ქალის შრომა გამოდის, ბავშვობიდან თამბაქოს პლანტაციაში ვარ,“ – ამბობს თეონა ზოსიძე. ისიც ნენიაში ცხოვრობს და მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის მოსავალი არც მას გაუყიდია, წელსაც დაურგავს თამბაქო.

თეონა ზოსიძეს ვკითხეთ, რა სჭირდება თამბაქოს, მოსავლის აღების შემდეგ?

„სახლში შეტანის მერე იწყება საქმე,“ – გაღიმებას ცდილობს მეთამბაქოე ქალი და ბეღლის გარე კედელთან ჩერდება, რომელიც ამომავალ მზეს უყურებს – მთლიან კედელზე ქალს ჰორიზონტალურად და თანმიმდევრობით განლაგებულ თოკებზე სათითაოდ ასხმული თამბაქოს ფოთლები აუსხამს.

თეონა ზოსიძე, სოფელი ნენია, შუახევი

„სახლში როცა შეგაქვს, შემდეგ ძაფზე უნდა აასხა თითო ფოთოლი, გაიტანო და მზეზე გაახმო,“ – გვიყვება თეონა ზოსიძე. – „ძალიან შრომატევადია, ძალიან, მაგრამ ყოველდღიურობა გახდა უკვე ჩემთვის.

ორი-სამი დღე შეიძლება დაგვჭირდეს ამის ასანემსად. მთავარია, მზე შეგხვდეს, უნდა შეატრიალო ხშირად, რომ შიგნით მწვანე არ დარჩეს, მერე უნდა გამოიღო ძაფიდან და დააწყო ფოთლები ერთმანეთზე, ღეროს გამოიღებ ფურცლებიდან და წაიღებ დასაჭრელად, მერე მოხალვაა, შეშის ღუმელზე ვხალავთ… ამას კაცი აკეთებს, დაჭრის, მოიტანს და მოხალავს, დანარჩენს ძირითადად ქალები ვაკეთებთ,“ – ამბობს თეონა.

„ნესტიანი ამინდი უნდა იყოს, როცა ფოთლებს ერთმანეთს დააწყობ და ღეროებს გამოიღებ, მაგ დროს არ უნდა იყოს მზე,“ – დასძენს მეთამბაქოე და შემდეგ გვიყვება რამდენი საქმეა, ვიდრე თუთუნის ფოთლები ბეღლის მზიან კედელზე მოხვდება: ნიადაგის მომზადება დასარგავად, ჩითილების გამოყვანა და დარგვა, გამარგვლა ორჯერ, სასუქის შეტანა, ეტაპობრივად ფოთლების შეტეხა…

„წინათ კარგი ფასი ჰქონდა, ყველა ამით ირჩენდა თავს. ნენიის თუთუნი განსაკუთრებით ცნობილია, მზიანი მდელოები გვაქვს და ამიტომ ალბათ… ახლა აღარავინ აღარ რგავს, აუშვეს ხელი.

დამღლელია, დამღლელი, მაგრამ ემოციურიც არის, საინტერესო, ჩემთვის სიმშვიდესთან ასოცირდება. შეიძლება, ვინმეც გაეცინოს, მაგრამ მე მსიამოვნებს,“ – ასრულებს თეონა ზოსიძე.

„კუბიდანაც იყვნენ ჩემთან სტუმრად, ძალიან მოეწონათ ნენიას თუთუნი,“ – სიამაყით იხსენებს ამ ამბავს შოთა მიქელაძე და გვიხსნის, როგორ გამოჰყავთ თამბაქოს ჩითილები, როგორ ამზადებენ ნიადაგს.

შოთა მიქელაძე

„თუ თოვლი დიდი მოვიდა, მიწა უნდა მოამზადო კარგად, მიწა ფხვიერი უნდა იყოს… დაახლოებით თებერვლის ბოლოდან ვიწყებთ მუშაობს, ნიადაგს ვწმენდთ, სათბურებში კი, ჩითილი გამოგვყავს.

მიწაში ნაკელი უნდა შეიტანო, სასუქსაც თუ შეიტან, კარგია. მიწაში რომ ჩარგავ, ორი კვირის მერე უნდა გამოხვიდე თოხით და გაფხიკო. მერე მეორედ კიდევ… მწიფობისკენ რომ წავა, მერე დაიწყებ კრეფას.

კარგია თამბაქო. ჩვენთან მცირე მიწიანობაა და რენტაბელურია სხვა არაფერია, თუ არა თამბაქო ამ მიწაზე და ვენახი, მაგრამ სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი თამბაქო იყიდება, ჩვენ კი, სხვა ქვეყნებში გავრბივართ სამუშაოდ – აქ აღარაფერი გამოდის,“ – ამბობს შოთა მიქელაძე.

შოთა მიქელაძის აზრით, ხელისუფლებამ თამბაქოს ადგილობრივ წარმოებას უნდა შეუწყოს ხელი… აქციზი არ ვიცით ჩვენ. ჩვენ შეგვიძლია მოვიყვანოთ თამბაქო, გასაღება მე არ ვიცი,“ – დასძინა ნენიელმა მეთამბაქოემ „ბათუმელებთან“.

სოფელი ნენია, შუახევი

როგორ უნდა მოექცეს ხალხი კრემლის ენით მოლაპარაკე ხელისუფლებას? – ინტერვიუ

რაც დრო გადის, ხელისუფლების რიტორიკა დამაზიანებელი ხდება როგორც ევროკავშირთან, ასევე ნატოსთან ინტეგრაციის მიმართულებით. ევროპელი ლიდერები უკვე ღიად აღნიშნავენ, რომ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ისე ლაპარაკობს, როგორც პუტინი და ის კრემლის პროპაგანდისტად იქცა. რა შეუძლია ქართულ საზოგადოებას ამ პროცესის შესაჩერებლად? – ამ თემაზე „ბათუმელები“ კემბრიჯის უნივერსიტეტის მაგისტრანტს, ნიუ იორკის უნივერსიტეტის ყოფილ მკვლევარს, დავით ჯინჭარაძეს ესაუბრა.

  • ბატონო დავით, მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტზე ვიზიტისას, ღარიბაშვილი არც კი ჩანდა ასოცირებული ტრიოს ლიდერების – ვოლოდიმირ ზელენსკისა და მაია სანდუს გვერდით. მანამდე კი მან გლობალური უსაფრთხოების სამიტზე განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის „ერთ-ერთი მიზეზი“ ამ უკანასკნელის ნატოში გაწევრიანების განზრახვა იყო. რა შეფასებას მისცემთ ამ პროცესს?

ღარიბაშვილი ნამდვილად საცოდავად გამოიყურებოდა ამ სამიტზე, რადგან, როგორც ჩანს, მხოლოდ იმიტომ ჩავიდა, რომ ყველა ქვეყანა იყო მიწვეული – რუსეთისა და ბელარუსის გარდა.

სხვა პოზიტიური მიზანი მის მოლდოვაში ყოფნას არ ჰქონია. პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ ნეგატიური მიზანიც ჰქონდა, რადგან კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ეს ფორმატი – საქართველო-უკრაინა-მოლდოვა, რომელიც თავის დროზე სწორედ საქართველოს ინიციატივა იყო, ახლა, ფაქტობრივად, აღარ არსებობს.

პარადოქსია ისიც, რომ მსგავს სამიტებზე ხელისუფლება წარმოადგენს საკუთარი ხალხის სურვილებს, ნებას, ჩვენ შემთხვევაში კი, ხალხის სურვილი ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციაა, ხელისუფლების კი – სხვა.

ასეთ პირობებში ამ სამიტზე ღარიბაშვილის ყოფნას არანაირი აზრი არ ჰქონდა და შეიძლება ითქვას, რაღაც გასეირნების ტოლფასი იყო ღარიბაშვილისთვის.

  • ღარიბაშვილის რიტორიკა აქამდე ევროკავშირის კრიტიკისკენ იყო მიმართული, ახლა მან უკვე ნატოც შემოიტანა დღის წესრიგში. გარდა იმისა, რომ უკრაინაში ომის მიზეზად უკრაინის ნატოში სწრაფვა დაასახელა, საქართველოს საზღვარზეც არასწორი განცხადება გააკეთა. რამდენად საშიშია ეს პროცესი, როგორ ფიქრობთ?

რა თქმა უნდა, ეს თავიდან ბოლომდე საშიში პროცესია და ცხადია, რომ მხოლოდ ამ სამიტზე არ დაწყებულა ეს პროცესი.

„ქართული ოცნება“ ცდილობს საკუთარი თავი ისე წარმოაჩინოს, თითქოს კონსერვატიული ღირებულებების მატარებელია, ეროვნული ინტერესების დამცველია და ასე შემდეგ. სინამდვილეში კი, პოზიტიური გაგებით ნაციონალიზმი და პატრიოტიზმი სწორედ შენი ქვეყნის სუვერენიტეტის და საზღვრების დაცვაა.

თუ ქვეყნის საზღვრებს პატივს არ სცემ, თუ ის არ გაინტერესებს, ქართული ენა დომინანტია თუ არა შენს ქვეყანაში და არა რუსული, თუ ის არ გაინტერესებს, რომ დემოგრაფიული და ეკონომიკური მდგომარეობა მალე კატასტროფულ ზღვარზე იქნება, აბა, რისი პატრიოტი ხარ? რით განისაზღვრება პატრიოტიზმი?

ამავე დროს, გამოდის ასეთ სამიტებზე და აზიანებს იმ მიზნებს, რაც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის.

  • ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის მეზობლებს აქვთ არჩევანი, ან იყვნენ ნატოს ქოლგის ქვეშ და ასე დაიცვან ქვეყნის უსაფრთხოება, ან ჩაებან პირდაპირ ომში ან გაგრძელდება მცოცავი ოკუპაცია. თუკი ივნისში, ვილნიუსში დაგეგმილ ნატოს სამიტზე ღარიბაშვილი არ წავა სათანადო დღის წესრიგით, ისევ გააკეთებს ანტიდასავლურ განცხადებებს, რა უნდა მოიმოქმედოს საზოგადოებამ? 

ქვეყანა, რომელსაც უსაფრთხოების ნორმები არ აქვს დაცული და არ ვიცით, ვინ შემოდის და რა სახის პროდუქცია გადის ჩვენგან რუსეთში, ეს ყველაფერი პირდაპირ ეწინააღმდეგება ნატოს სტანდარტებს.

ნატოში ინტეგრაცია იყო საქართველოს გაცხადებული მიზანი ყოველთვის, მათ შორის მაშინაც, როცა „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში. რა გამოდის, მაშინ ჩვენ ვითრევდით უკრაინას და მოლდოვას ომში, რადგან მაპს ვითხოვდით და სამშვიდობო ოპერაციებში ვმონაწილეობდით?

ღარიბაშვილი გვამზადებს, რომ ნატოზე საერთოდ უარი ვთქვათ? და რა არის ამის საპირწონე მაშინ.

ნატოში შესვლის მიზანი რომ არ იყო უკრაინაში ომის მიზეზი, ამაზე მეტყველებს ფინეთის მაგალითიც ხომ? როცა ფინეთმა განცხადება გააკეთა ნატოში გაწევრიანებაზე და მალევე წევრიც გახდა, მაშინ რუსეთმა თავისი ეს პატარა მეზობელი ქვეყანა რატომ არ დაბომბა?

აქამდე შვედეთსა და ფინეთს არასდროს ჰქონიათ ნატოს წევრობის ამბიცია, მაგრამ ახლა, როცა ასეთი ქვეყნებიც კი ასე სწრაფად იღებენ ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილებას, ჩვენ რა საფუძველი გვაქვს, რომ მასზე უარი ვთქვათ.

ნეიტრალიტეტის სივრცე იმდენად შეზღუდულია, შეიძლება ითქვას, არც არსებობს და არც აქვთ ქვეყნებს ამის არჩევანი.

როცა უკრაინა და მოლდოვა ერთმნიშვნელოვნად ირჩევენ დასავლეთს, სამხრეთ კავკასიაში თითქოს რაღაც ნეიტრალური სივრცე იქმნება – სომხეთი არც რუსეთს ირჩევს, მაგრამ არც დასავლეთისკენ ვარო, აზერბაიჯანიც ასეა, არც იქითაა, არც აქეთ. უნდათ, რომ საქართველოც ასეთ „ნეიტრალურ ზონაში“ ჩაგვტოვონ, რაც რეალურად არის მახე – ისტორიიდანაც გვახსოვს, რომ კავკასიაში ნეიტრალური ზონა არ არსებობდა არასდროს, სომხეთს იცავდა რუსეთის ინტერესები, აზერბაიჯანს – თურქეთის და საქართველოს ყოველთვის ჰქონდა დასავლური ამბიცია.

ამიტომ ნეიტრალიტეტი ნიშნავს რუსეთთან ყოფნას, რადგან რუსეთი ნეიტრალიტეტზე არ შეჩერდება.

  • ღარიბაშვილმა რამდენჯერმე ახსენა, რომსტრატეგიული მოთმინების“ პოლიტიკა გვაქვს რუსეთთანო. რას ნიშნავს ეს ტერმინი და სინამდვილეში რას გულისხმობს ეს „მოთმინება“?

„სტრატეგიული მოთმინება“, შესაძლოა სხვა დროში და სხვა კონტექსტში, სხვა გეოგრაფიაში არსებობდა, მაგრამ ახლა სტრატეგიული მოთმინება რისთვის? ნამდვილად გაუგებარია.

მაშინ, როცა გვეუბნებიან, რომ 2024 წლამდე ევროკავშირის კანდიდატობისთვის ფანჯარა ღიაა, სტრატეგიული მოთმინება კი არა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ ფანჯრის დახურვამდე.

რას გვთავაზობენ სტრატეგიული მოთმინების საპირწონედ? რა არის ეს? მაშინ, როცა მართლა ნეიტრალური ქვეყნებიც კი – შვედეთი, შვეიცარია დისკუსიობენ ამ ნეიტრალიტეტზე.

ეკონომიკურად ეს ქვეყნები ისედაც ინტეგრირებულია ევროპულ სივრცეში, მაგრამ როცა უკრაინაში იარაღის გაგზავნის საკითხი დგება, ასეთ სიტუაციაშიც კი, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ იარაღის არ მიწოდება უკრაინისთვის ეს ნეიტრალიტეტი კი არა, თანამონაწილეობაა რუსეთის დანაშაულში.

ამიტომ, ასეთ ვითარებაში ღარიბაშვილის „სტრატეგიული მოთმინება“ და ნეიტრალიტეტი გაურკვეველია.

  • ღარიბაშვილი რუსეთს „უთმენს“. როგორ ფიქრობთ, კიდევ რა უნდა გააკეთოს „ოცნებამ“ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ, რომ ხალხის მოთმინების ფიალა აივსოს?

ეს მეც მაინტერესებს, რას ვითმენთ და რატომ ვითმენთ ამდენს. შეიძლება ისიც ვთქვათ, რომ ფიალა ავსებულია, რადგან 90 პროცენტი მოსახლეობის ევროკავშირში ინტეგრაციას ითხოვს და უკმაყოფილოა ხელისუფლების რიტორიკის.

ხან რუსული კანონი შემოაქვთ, ხან სანქცირებული ხალხი შემოჰყავთ ქვეყანაში, პარლამენტის წინ, ცარიელი ფურცლების გამო იჭერენ ახალგაზრდებს, უტევენ თავისუფალ უნივერსიტეტებს, ხელოვანებს… თითქოს ავსებულია მოთმინების ფიალა, მაგრამ საქმე ისაა, რომ ამის მიუხედავად ვერ ხდება საზოგადოების კონსოლიდირება, რაღაც ერთიან პოზიციაზე ჩამოყალიბება და ამის ერთიან პოლიტიკურ ნაბიჯში გადათარგმნა.

ჩემი აზრით, ღარიბაშვილის რიტორიკის ცვლილებისთვის უკვე სივრცეც აღარ დარჩა, რადგან ამ ხელისუფლების ტრაექტორია გადის რუსეთზე. შესაბამისად, ნაკლებ რეალისტურია, რომ ეს რიტორიკა შეიცვალოს.

  • თქვენ ამბობთ, რომ მთავრობა მაშინ არის ლეგიტიმური, თუ ის ხალხის ნებას გამოხატავს. თუ მთავრობა გვაშორებს ევროპას და გვაახლოებს ოკუპანტ ქვეყანას, მაშინ როგორ აგრძელებს საზოგადოება და მთავრობა თანაარსებობას?

მეც არ მესმის, რადგან ჩვენ თითქოს, საზოგადოების დიდი ნაწილი ვართ პროევროპული, მაგრამ მაინც ვთამაშობთ რაღაც თამაშებს მასთან და შემდეგ გვიკვირს, რომ ახალ რეპრესიულ სისულელეებს წამოიწყებენ.

შესაძლოა, ბოლო იმედი, რომ წლის ბოლოს მოგვცემენ სტატუსს, ეს აჩერებდეს საზოგადოებას, მაგრამ უნდა ვხვდებოდეთ, რომ სტატუსი რომც მოგვცენ, ამ მთავრობის პირობებში მაინც არაფერი შეიცვლება.

ხალხიც დაბნეულია, რადგან ალტერნატივაზე ჩამოყალიბება ვერ ხდება. ოპოზიცია არ აკეთებს საკმარისს იმისთვის, რომ საზოგადოებას ეს ალტერნატივა დაანახოს.

რაღაც უფრო რადიკალური მოითხოვოს, ამის კომპლექსი აქვს ოპოზიციას. შესაბამისად, ვართ ასე. „ოცნება“ არ გვინდა, მაგრამ როგორ შევცვალოთ არ ვიცით, რა მოვითხოვოთ ესეც არ ვიცით და ვინ არის ამის ალტერნატივა, არც ეს ვიცით.

  • ჩიხშია ქვეყანა შესული?

რეალურად, ჩვენ გვინდა მთავრობის ცვლილება, გვინდა, რომ პროევროპული კოალიცია მოვიდეს, რომელიც რეფორმებს გაატარებს, მაგრამ თუ ჩვენ ამ დარბევების შემდეგ მაინც პატივს ვცემთ პოლიციას და არ ვაღიარებთ ძალადობრივი რეჟიმის გაგრძელებას, ეკლესიაში ვერ ვხედავთ, რომ ესეც ამ ძალადობრივი რეჟიმის გაგრძელებაა, შევდივართ დისკუსიაში და ურთიერთობაში სახელმწიფო სტრუქტურებთან, მაშინ როცა ვხედავთ, რომ პარტიას და სახელმწიფოს შორის ზღვარი წაშლილია და არც ვუცხადებთ ბოიკოტს სახელმწიფო სტრუქტურებს, ალოგიკურია ეს ყველაფერი.

თუ ვამბობთ, რომ ხელისუფლება მტერი ქვეყნის წარმომადგენელია, ჩვენ კი ურთიერთობაში ვართ ამ ხელისუფლებასთან, არ გამოგვივა ცვლილებები.

ჩვენ უნდა შევიდეთ დისკუსიაში, გვინდა თუ არა რუსულ სახელმწიფოში ცხოვრება. თუ არა, მაშინ რაღაც რადიკალური ნაბიჯები უნდა გადავდგათ.

აი, ამ ერთპროცენტიანი ოპოზიციური პარტიების გაჯიუტებისაც არ მესმის, რომ შევიდნენ ერთმანეთთან კოალიციაში. ესეც რუსულ ინტერესებს აძლიერებს და გვაშორებს ჩვენს რეალურ მიზანთან.

კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირის იდეა არ არის მხოლოდ კარგად დაგებული გზები და ეკონომიკა, რადგან კარგი გზები და სიმდიდრე არის არაბეთშიც, ქუვეითში და სინგაპურშიც. აქ მხოლოდ ლოჯისტიკაზე და ფულზე არ არის საუბარი. ევროკავშირი არის სივრცე ადამიანის თავისუფლებისა და მისი პიროვნული განვითარებისთვის. ეს არის დემოკრატიის იდეა.

ბათუმში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

დღეს 3 ივნისს, ბათუმში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა.

ფესტივალის სლოგანი – „ზაფხული იწყება აქ“, წელსაც უცვლელია.

ღონისძიებები ძირითადად ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება. 16:00 საათიდან დაიწყო ქართველი შემსრულებლების კონცერტი. ღონისძიებაზე დაუკრავენ DJ-ები და ბენდები.

ბათუმის ბულვარი ტურისტული სეზონის გახსნაზე

წელს, სეზონის გახსნაზე ბიუჯეტიდან 330 ათას 364 ლარი დაიხარჯება. გასართობი-მუსიკალური პროგრამისა და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვაზე 162 ათასი ლარია გათვალისწინებული.

ღონისძიებისთვის სცენის მოწყობის ორგანიზებაზე კი 168 ათას 364 ლარი.

ტურისტული სეზონის გახსნა ბათუმში

ფესტივალის ფარგლებში ბათუმის ბულვარში დიდი, ფერადი ფრანებია გაშვებული, ასევე კოშკის მიმდებარე ტერიტორა, სხვადასხვა ფერადი დეკორაციებითაა დატვირთული.

ფესტივალი ორდღიანია და ღონისძიებები ხვალ, 4 ივნისსაც გაგრძელდება.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 3 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 3 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 209 470 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +560]
  • ტანკი – 3 829 ერთეული [+10]
  • ჯავშანტექნიკა – 7 502 ერთეული [+12]
  • საარტილერიო სისტემა – 3 533 ერთეული [+32]
  • MLRS – 582 ერთეული [+7]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 342 ერთეული [+7]
  • თვითმფრინავი – 313 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 298 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 165 ერთეული [+28]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 132 ერთეული [+15]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 6 289 ერთეული [+22]
  • სპეცტექნიკა – 475 ერთეული [+10]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 3 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 432 თვითმფრინავი
  • 236 ვერტმფრენი
  • 4 452 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 424 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 9 361 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 110 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 984 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 10 624 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო

ამავე თემაზე:

აპირებენ უკრაინას 50 ცალი F-16 გადასცენ, ეს 3 ესკადრილია და დიდი ძალაა – ინტერვიუ

აპირებენ უკრაინას 50 ცალი F-16 გადასცენ, ეს 3 ესკადრილია და დიდი ძალაა – ინტერვიუ

„მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ პრიგოჟინის უკან პუტინის ჩრდილია. სხვაგვარად ამდენს არ გააბედვინებდნენ მას. არ არის გამორიცხული, პრიგოჟინის ამ ავყიობით წყალს უყენებენ შოიგუს და გერასიმოვს,“ – ეჭვი აქვს გადამდგარ გენერალ-მაიორს, ვახტანგ კაპანაძეს, როცა ის „ვაგნერის“ დაპირისპირებას აკვირდება ჯერ შოიგუსთან, შემდეგ კი კადიროვთან.

ვახტანგ კაპანაძე მიიჩნევს, რომ შემოდგომის წვიმების დაწყებამდე უკრაინამ წარმატებული კონტრშეტევა უნდა შეძლოს რომელიმე მიმართულებით მაინც, სხვა შემთხვევაში კონფლიქტის გაყინვის საკითხი გააქტიურდება. გადამდგარი გენერლის ინტუიციით, პარტიზანების მორიგი თავდასხმა ბელგოროდზე „ამზადებს გარემოს შემდეგი მოქმედებებისთვის.“

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, პარტიზანული დაჯგუფებები მეორედ დაესხნენ თავს ბელგოროდის ოლქს. ეს რას აჩვენებს თქვენთვის?

უკრაინელები ცდილობენ, გაუწელონ ფრონტის ხაზი რუსებს – მათი ძალები გადანაწილდეს, კონცენტრაცია ვერ მოახერხონ რომელიმე სტრატეგიული მიმართულებით. ამას გარდა, ეს არის მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური და პოლიტიკური ოპერაცია: წარმატებული შეტევა იწყება წარმატებული ფსიქოლოგიური ზემოქმედებით.

ეს აჩვენებს იმასაც, რომ რუსეთის საზღვრები შეუღწევადი არ არის – შეიძლება, იქ შეხვიდე და მნიშვნელოვანი ზარალიც მიაყენო.

საზღვრების გაწელვით უკრაინელები რუსებს უქმნიან დილემებს. როცა ბევრია დილემა, ამ დროს რთულდება გადაწყვეტილების მიღება. ჩემი აზრით, მაინც მზადდება გარემო უკრაინელების შემდეგი მოქმედებებისთვის.

  • ბრიტანეთის დაზვერვაც ახსენებს „დილემას“: „რუსი მეთაურები ახლა მწვავე დილემის წინაშე დგანან – გააძლიერონ თავდაცვა რუსეთის სასაზღვრო რეგიონებში, თუ გააძლიერონ თავიანთი ხაზები ოკუპირებულ უკრაინაში“. თქვენი აზრით, რამდენად ჩანს იმის შესაძლებლობა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე გაძლიერდეს პარტიზანული, წინააღმდეგობის მოძრაობები ისე, რომ ამან ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი ამ ომში? 

ეჭვი მეპარება, რომ გაძლიერდეს რუსეთის ტერიტორიაზე პარტიზანული მოქმედებები. ეს მაინც უნდა იყოს პორტირებული უკრაინიდან. მსგავსი აქტიურობა უნდა იყოს უკრაინის სპეცძალების ერთ-ერთი ამოცანა, მაგრამ არა მგონია, ისე იყოს ჩამოყალიბებული სიტუაცია, რომ რუსეთში პარტიზანული მოქმედებების ორგანიზება იყოს შესაძლებელი.

მე ვგულისხმობ დღევანდელობას, ხვალ არავინ იცის, რა მოხდება: ხვალ არც ისაა გამორიცხული, ჩრდილოეთ კავკასიაშიც განვითარდეს პარტიზანული მოქმედებები, თათრეთში, ბურიატიაში და სხვა მიმართულებებზე. მოგეხსენებათ, რუსეთს არ აქვს დალაგებული ვითარება ბევრი მიმართულებით.

  • ამ ეტაპზე რა ხდება ბახმუტში – რა რესურსი რჩება იქ უკრაინას? 

თბილისი რომ ჩვენი იყოს და მცხეთის სალობიესთან იყოს მოწინააღმდეგე – ვინ აკონტროლებს ქალაქს? ძირითადად პოლიტიკური განცხადებებია, რომ აი, ბახმუტი არ აუღიათ რუსებს. დიდი სურვილი მქონდა, რომ არ დაეთმოთ ბახმუტი უკრაინელებს, მაგრამ აიღეს რუსებმა ბახმუტი. მთელი სულით და გულით უკრაინელების მხარეს ყოფნის მიუხედავად, რეალობა ასეთია.

სხვა თემაა, რამდენად გამოადგებათ ეს რუსებს.

  • რა იცვლება ბახმუტის აღებით რუსებისთვის? 

სამხედრო თვალსაზრისით ბახმუტის აღება ცვლის იმას, რომ რუსებს ეძლევათ საშუალება – თავდაცვის ხაზი გაასწორონ. მას არ რჩება ადგილები, სადაც შეიძლება მოწინააღმდეგის ფლანგური დარტყმა, დარჩენილი ნაწილების მოკვეთა, ალყაში მოქცევა და ასე შემდეგ. ეს გულისხმობს ადვილად თავდაცვას, როცა გასწორებულია თავდაცვის ხაზი.

ბახმუტის აღება არ გულისხმობს იმას, რომ რაიმე პლაცდარმი შეიქმნა რუსებისთვის. აქამდეც ამას ვამბობდი, რომ ბახმუტი  მორალურ-ფსიქოლოგიურ – ემოციურიი დატვირთვის გარდა, არაფერი არ იყო. უფრო ღრმად უკრაინის ტერიტორიაზე , ბახმუტის ჩრდილოეთით, რუსები სოლედართანაც არიან, მაგრამ ვერც მას იყენებენ პლაცდარმად.

  • რა იცვლება რუსეთის არმიაში მას შემდეგ, როცა პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლებას ღიად დაუპირისპირდა? „გამოგვივიდა დემილიტარიზაცია? – პირიქით გამოდის, ღმერთმა იცის როგორ, მაგრამ უკრაინას მილიტარიზება მოვახდინეთ“ – თქვა პრიგოჟინმა 24 მაისის ვიდეო მიმართვაში. 

პრიგოჟინი პოლიტიკური ფიგურაა: კადიროვს უპირისპირდება, თუ შოიგუს, ეს სამხედრო სურათს არ ცვლის. პრიგოჟინმა გადააბარა ტერიტორია, პოზიციები და ბახმუტიდან გამოვიდა „ვაგნერი“. ამით რაღაც ეტაპი დასრულდა. „ვაგნერი“ შესაძლოა, სხვაგან აღმოჩნდეს ისევ, მაგრამ ჯერჯერობით ბახმუტიდან გასულია.

მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ პრიგოჟინის უკან პუტინის ჩრდილია. სხვაგვარად ამდენს არ გააბედვინებდნენ მას. არ არის გამორიცხული, პრიგოჟინის ამ ავყიობით წყალს უყენებენ შოიგუს და გერასიმოვს.

  • რატომ შეიძლება სურდეს პუტინს შოიგუს ჩამოშორება? 

პუტინს ალბათ არ სურს, რომ თავდაცვის ძალებთან, შეიარაღებულ ძალებთან კონფლიქტი გამოუვიდეს. ფაქტია, რომ მიდის შიდა ბრძოლები ეფესბეს და თავდაცვას შორის.

გამოჩნდა, რომ არც შოიგუ და არც გერასიმოვი არ არიან ქმედითი ფიგურები და არც პოპულარულები არიან, თუმცა გათავისუფლებამ შესაძლოა გამოიწვიოს უკმაყოფილება შეიარაღებულ ძალებში. შესაძლოა, ამ გზით ქმნიან უმტკივნეულოდ ჩანაცვლების გარემოს.

  • პრიგოჟინის და კადიროვის დაპირისპირებაზეც მინდა გკითხოთ: რასთან გვაქვს საქმე, ეს ურთიერთბრალდებები და მუქარები რაზე მიანიშნებს?

კადიროვის და პრიგოჟინის დაპირისპირებაზე ვერაფერს გეტყვით, რადგან ეს არაა სამხედრო საკითხი – ერთი ავყია მეორე ავყიას უპირისპირდება, მიდის ბრძოლა მეფის კარზე.

  • „მოვიდა საკუთარის უკან დაბრუნების დრო“ – ამ წარწერით გამოაქვეყნა ვიდეორგოლი ზალუჟნიმ ტელეგრამზე. თქვენი აზრით, რა პირობა აქვს უკრაინას დღეს იმისთვის, რომ ამ ზაფხულში, ან შემოდგომაზე წარმატებული კონტრშეტევა შეძლოს რომელიმე მიმართულებით?

უკრაინა შემოდგომაზე წარმატებულ კონტრშეტევას ვერ შეძლებს – ისევ იქნება წვიმები, ტალახი და პრობლემები. ის აზრიც ჩნდება, რომ არ იქნება კონტრშეტევა და იქნება ლოკალური, სხვადასხვა მასშტაბის კონტრშეტევა სხვადასხვა მიმართულებაზე. ეჭვი მეპარება, რომ ერთი კონტრშეტევით შეძლებს უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების უკან დაბრუნებას.

უკრაინა შემოდგომაზე წარმატებულ კონტრშტევას ვერ შეძლებს – ისევ იქნება წვიმები, ტალახი, „რასპუტიცა“ და პრობლემები. ის აზრიც ჩნდება, რომ არ იქნება ერთი მძლავრი კონტრ – დარტყმა და იქნება ლოკალური, სხვადასხვა მასშტაბის ტაქტიკური კონტრშეტევები სხვადასხვა მიმართულებაზე. ეჭვი მეპარება, რომ ერთი კონტრშეტევით შეძლებს უკრაინა მთლიანად რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების უკან დაბრუნებას.

მგონია, რომ უნდა იყოს მნიშვნელოვანი კონტრშეტევა, რომელიც რაღაც მნიშვნელოვან შედეგს დადებს და რაც მნიშვნელოვან საფუძველს შექმნის ჰორიზონტზე გამოჩენილი მოლაპარაკების მაგიდის პირობებში.

  • გამოჩნდა, თქვენი დაკვირვებით, მოლაპარაკების შესაძლებლობა?  

უკვე ჩანს, რომ დასავლეთში განიხილება მოლაპარაკებები და შეთანხმებები, კონფლიქტის გაყინვა. გაიზარდა იმის შესაძლებლობა, რომ ეს ომი შევიდეს ჩიხში.

თუ ეს კონტრშეტევა არ იქნება წარმატებული, მაშინ ჩიხში შევა ეს დაპირისპირება, თუმცა წარუმატებელ და ნაკლებად წარმატებულ კონტრშეტევას ჯობია, სულ არ ჩაატარონ უკრაინელებმა კონტრშეტევა.

  • რამდენად გაიზარდა უკრაინის სამხედრო შესაძლებლობა, რომ შეძლოს წარმატებულ კონტრშეტევა რომელიმე მიმართულებით?

დღეს ვკითხულობდი უცხოურ პრესაში, რომ სკანდინავიური ქვეყნები აპირებენ 50 ერთეული F-16 გადასცენ უკრაინას. ეს დაახლოებით სამი ესკადრილია, რაც საკმაოდ დიდი ძალაა. შესაძლებელია, ამას ელოდნენ უკრაინელები.

  • ასევე საუბარია რაკეტებისა და საბრძოლო მასალის მიწოდებაზე. ევროპარლამენტარებმა  დაჩქარებული წესით მხარი დაუჭირეს უკრაინისთვის გადასაცემად საბრძოლო მასალების, რაკეტებისა და მისი კომპონენტების წარმოების გაზრდას. ამ დოკუმენტის მიხედვით, საბრძოლო მასალების წარმოებას დამატებით 500 მილიონი ევროთი დააფინანსებენ.

ეს არის უფრო ხარჯვადი მასალა, რომლის შევსებაც პერიოდულად სჭირდება უკრაინას. უკრაინა ჯერ კიდევ ვერ უტოლდება რუსეთს საარტილერიო თანაფარდობით. რუსები აწარმოებენ საჰაერო დარტყმებს, მათ შორის, საავიაციო ბომბებით და რაკეტებით. ერთდროულად რამდენიმე საშუალება როცა მოფრინავს, ეს ახდენს ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების გადატვირთვას და ძვირფასი რაკეტების გახარჯვას. შესაბამისად, მუდმივად სჭირდება უკრაინას მარაგების შევსება. დასავლეთის მხარდაჭერა არ შეწყვეტილა და იმედია, არც შეწყდება.

  • კიევის სამხედრო ადმინისტრაცია წერს, რომ რუსეთმა შეცვალა უკრაინაზე თავდასხმის ტაქტიკა და ახლა უკვე დღისითაც ახორციელებს სარაკეტო შეტევებს. რის მიღწევას ცდილობს ამით რუსეთი?

ეს უფრო ემსახურება მოსახლეობის გადაღლას, მორალური მდგრადობის შერყევას, ვინაიდან ერთია, როცა არ გძინავს ღამე, ხოლო მეორე, როცა დღისითაც კი მუდმივად საფრთხის ქვეშ ხარ და უნდა ირბინო თავშესაფარში. ძალიან მძიმე სანახავია, როგორ გარბიან საჰაერო განგაშის დროს ბავშვები თავშესაფრებისკენ შუადღისას.

ამჟამად 4 ხომალდიცაა გასული შავ ზღვაში 34 „კალიბრით“. იქიდან როდის ისვრიან, არავინ იცის. რაც არ უნდა ჩამოაგდოს უკრაინას საჰაერო თავდაცვის ძალებმა, გარკვეული რაკეტები მაინც აღწევს მიზანს, ან ნამსხვრევები ცვივა ქალაქში. ნებისმიერ შემთხვევაში განგაში მაინც ცხადდება და ხალხი მაინც გარბის.

  • კონტრშეტევა განიხილება ისევ სამხრეთის მიმართულებაზე? 

კონტრშეტევა უნდა შეძლოს უკრაინამ ზაფხულში, მაქსიმუმ შემოდგომის წვიმების დაწყებამდე. ყველაზე ლოგიკური და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი არის სამხრეთის მიმართულება, თუმცა ვერ ვიტყვი, რას აირჩევენ უკრაინელები. ფაქტია, რომ დარტყმის მთავარი მიმართულება ბელგოროდი და რუსეთის ტერიტორია არ იქნება. რაც არ უნდა რეიდები განახორციელოს იქ უკრაინამ, მთავარი დარტყმა იქ არ იქნება – დასავლეთი ამას ნამდვილად არ მოუწონებს.

არის მოსაზრება, რომ შესაძლოა, უკრაინელებმა ისევ ბახმუტს დაარტყან. ფაქტი ერთია: ფრონტის სამხრეთ მონაკვეთზე რუსეთი გადასულია ყრუ თავდაცვაში – დნეპრის მარცხენა ნაპირზეა გამაგრებული, აღმოსავლეთით კი, არის შემხვედრი ბრძოლები, ასევე ლოკალური შეტევა-კონტრშეტევები. ჯერჯერობით ეს დინამიკაა და ვნახოთ: ყველა ელის კონტრშეტევას. კარგი იქნებოდა, ეს არ განეცხადებინათ დიდი ხნის წინ და ასე არ აეწიათ მოლოდინი.

  • შეუძლიათ მოულოდნელობის ეფექტით იმოქმედონ უკრაინელებმა? 

უკრაინელებს შეუძლიათ ტაქტიკურ დონეზე მოულოდნელობის ეფექტის შექმნა, რაც გულისხმობს დროის და ადგილის შერჩევას, ან რაღაც სამხედრო ფანდი გააკეთონ.

ოპერატიულ და სტრატეგიულ დონეზე აღარ არის შესაძლებელი მოულოდნელობის ეფექტის შექმნა.

ზეთის, მარილის, თუ შაქრის ხელით თრევა სახლამდე – გზა ბათუმიდან ხულოსკენ

რამდენიმე დღის წინ, ჩემი ამერიკელი მეგობარი ხულოში იყო. გულუბრყვილოდ მივწერე, მისი შთაბეჭდილებები მაინტერესებდა. ნეტა, რას ველოდი, რას მოვისმენდი – რომ ხულოს ბუნებამ აღაფრთოვანა?  საშინელი გზისგან დაქანცულიყო. ძალა აღარ ჰქონდა შერჩენილი. მოკლედ მომიჭრა, გზაზე ჯაყჯაყისგან ვითიშებიო და დამემშვიდობა.

მთელი ცხოვრება, ვიდრე სრულწლოვანი არ გავხდი, სოფლიდან და იალაღიდან ფეხი არსად გამიდგამს. ვუყურებდი, როგორ წვალობდნენ ჩემი მშობლები, მეზობლები, მთელი სოფელი, ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალთან, როგორც თავად უწოდებენ – ურმის გზასთან ჭიდილში.

ბავშვი დიდი ხანია აღარ ვარ, მაგრამ წლების შემდეგაც ზუსტად იგივე სიტუაციაა – არასდროს არ გალღვა „ყინული“, რომელიც ამ გზების სარესტავრაციო სამუშაოებს აკრავს გარს.

მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ მოქალაქეებს, ხშირად, ბათუმიდან სოფლებში ასასვლელად წარმოუდგენლად დიდი დრო გვჭირდება. მოწესრიგებული გზების პირობებში იგივე მანძილის დაფარვა თავისუფლადაა შეიძლება 2-3-ჯერ მოკლე ხანში.

მთელი წლის განმავლობაში ზამთარია ის დრო, როცა აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ადამიანებს შეუძლიათ ოდნავ მოეშვან. ეს დღის განმავლობაში გამოთავისუფლებული რამდენიმე წუთია, როცა დაუსრულებელი შრომისგან ძალაგამოცლილი ქალები და კაცები ზურგებს ასწორებენ და ცოტა ხნით ჩათვლემენ.

მაგრამ მთაში ზამთარი არ უყვართ, ვერ. საშინელებაა, შენი საცხოვრებლის გეოგრაფიული მდებარეობა ამდენ რამეს წყვეტდეს, გართმევდეს უამრავ შესაძლებლობას და არ იქნება გაზვიადებული თუ ვიტყვით – სულს გიწვალებდეს.

ალბათ ძალიან ძნელია, თუ შეუძლებელი არა, აჭარის მთაში იპოვო 2-3 ადამიანი მაინც, ვინც გეტყვის, რომ ზამთარი უყვარს.

როგორ გეყვარება დრო, როცა ახალი წლის საღამოს ბათუმიდან მომავალი, თვეობით უნახავი სტუდენტი შვილები სახლებამდე ვერ მოაღწევენ სოფლის „მარშრუტკებით“ და მოუწევთ თოვლისგან გაუწმენდავი გზა გაიარონ ფეხით, შენ კი მოგიწევს ელემენტისგან დაცლილ ტელეფონს უყურო, რადგან შუქი ისევ არ არის?! როგორ გეყვარება ზამთარი, როცა სახლში დაბრუნებულ სტუდენტ შვილებს სიბნელეში უნდა დახვდე?!

კიდევ იმიტომ ვერ გეყვარება, რომ ბათუმში ნაყიდი 3 კილოგრამი ბანანი, 4 კილოგრამი ყურძენი და ხილის წვენი, შენმა ასაკოვანმა მშობელმა გასულ კვირას რომ ინატრეს, ლამის საათობით უნდა ათრიო ხელით, ზამთრის მოკლე დღეებში, სახლამდე ასატანად. ეს რა სიმძიმეა, 5 წუთის სავალი რომ გქონდეს, მაგრამ იმ გზებზე, რომლებზეც მთაში დადიან, ჩანთა ქვად იქცევა. ინანებ, რა ჯანდაბად ვყიდულობდიო.

ვერ გეყვარება, სიმწრით რომ გიშოვია ფული პირუტყვისთვის ქერის საყიდლად და ასაღები მოგებაც სიმწრის ოფლად რომ გაქვს ქცეული. აბა ნახევარი საათის სავალ გზებზე ბეჭზე შემოდგმული ატარეთ 20 კილო გასაყიდი ყველი სოფლის ცენტრამდე, რომ ჩასაბარებლად ბათუმში ჩამოიტანოთ და მერე, ვიღაც ყველის ფასზე გევაჭროთ. უმძიმესი გამოცდილება და მე ვიტყოდი, ტრავმაა ეს აქ მცხოვრები ადამიანებისთვის.

ბათუმი-ახალციხის გზის მშენებლობა არასდროს არ დასრულდა. ბევრი და მათ შორის მეც, ვფიქრობთ, რომ იქნებ არც დაწყებულა.

მხოლოდ ზამთარში რომ ჰქონდეს აქ მცხოვრებ ადამიანებს ის ყოფა, რომელზეც ახლა ვყვები, უხვნალექიანობას დავაბრალებდით ჩვენც და თავს ამით ვინუგეშებდით, მაგრამ ასე არ არის.

აჭარის მთებში ეს პრობლემაა ზაფხულშიც, გაზაფხულზეც და შემოდგომაზეც. ატალახებული, ჩამოშლილი, ორმოებით დასახიჩრებული გზის მონაკვეთებს ვხვდებით ლამის ყოველ ხუთ კილომეტრში. გარდა იმისა, რომ ამ გზებზე მოძრაობა საშიშია, დამღლელი, ღირსების შემლახველია და დამატებითი ხარჯებია მოსახლეობისთვის.

თურმე რატომ იცლება სოფლები მოსახლეობისგან. ამიტომ იცლება…  ყელში ამოუვიდათ ადამიანებს ზეთის, მარილის, თუ შაქრის ხელით თრევა სახლამდე.

ახლა იალაღებზე საქონლის გადაყვანის პერიოდია. როგორ არ გრცხვენიათ ამ გზების რესტავრაციაზე პასუხისმგებელ პირებს, იძულებულს რომ ხდით მემთეურ ქალებს, რომლებსაც ისედაც უმძიმესი შრომა ელოდებათ იალაღებზე, ამ გზებით ისარგებლონ?!

ვინმე იქნებ დაჯდეს და დათვალოს, ამ გზების პირობებში 2-3-ჯერ მეტი საწვავი რომაა საჭირო იალაღებზე ასაბარგებლად, ვიდრე მოწესრიგებული გზების შემთხვევაში იქნებოდა.

საიდან უნდა მოიტანოს ეს ფული ამ ხალხმა, მით უფრო მაშინ, როცა ახლახან იყო საგაზაფხულო სამუშაოები და რისი გაყიდვაც შეეძლოთ, რისი შემონახვაც მოახერხეს, ამისკენ მიმართეს. დასხედით და დაითვალეთ, რა დაუჯდება ხალხს ამ გზებზე მთის მარაგის შესავსებად ნაყიდი მარილის, ფქვილისა და ქატოს ატანა ბათუმიდან.

ახლა მხოლოდ იმას ვხედავთ, რომ ამ საკითხზე პასუხისმგებელი პირების ძალისხმევა იქითკენაა მიმართული, ეს არავინ გააპროტესტოს, არავინ შეიმჩნიოს, რომ გზა აჭარის მთებში უდიდეს პრობლემას უქმნის ადამიანებს.

თუ ფეისბუქზე გამოჩნდება დამტვრეული, აოხრებული გზების ფოტო წარწერით – „რას აკეთებს მმართველი გუნდი“, მაშინვე იქოქება მანქანა, ფოტოს ავტორს ჯერ საყვედურს უთვლიან, აბა, როგორ გაბედე და თვალები არ დახუჭეო, შემდეგ მუქარაზე გადადიან – „შენ ბიძაშვილს გავათავისუფლებთ“, „მამაშენს შენ თავნებობაზე დაველაპარაკებითო“…

ეს გამოცდილება აქვთ ჩემ უახლოეს მეგობრებს და არა მხოლოდ მათ.

ასეთი ვითარების მიუხედავად, ვისაც ამ პრობლემის მოგვარება ევალება, გვარწმუნებენ, რომ მაღალმთიან აჭარაში „ტურიზმი აყვავდა“, ხალხს გაუმჯობესებული საცხოვრებელი პირობები აქვს, შემოსავლები გაეზარდათ და ბედნიერები არიან, გზებიც გადასარევია და ნებისმიერი მანქანით შესაძლებელია მოძრაობა.

„მადლობა მზრუნველობისთვის!“

შაბათ საღამოს ბათუმში რამდენიმე ქუჩას წყლის მიწოდება შეუწყდება

3 ივნისის საღამოს 10 საათიდან 4 ივნისის დილის 8 საათამდე, ბათუმში წყალმომარება შეწყდება შემდეგ მისამართებზე:

  • კობალაძის ქუჩა
  • ინასარიძის ქუჩა
  • შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა
  • ხახუტაიშვილის ქუჩა
  • ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩა
  • ანგისის ქუჩა და ჩიხები
  • გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩა
  • ნიჟარაძის ქუჩა

კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით წყლის მიწოდების შეწყვეტის მიზეზი გეგმური სარემონტო სამუშაოებია.


დღეს, 2 ივნისს, ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე, ხელვაჩაურში, გავრცელდა ინფორმაცია სასმელი წყლის დაბინძურების შესახებ.

შპს „ბათუმის წყლის“ განმარტებით, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება – სასმელი წყალი სუფთა და უსაფრთხოა:

ხელვაჩაურში წყალზე გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა – „ბათუმის წყალი“

აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის მშობელი: მე ევროპას ვემხრობი, მთავრობა ხელს რუსეთს უწყობს

„მე არ მინდა რუსეთი. არც რუსი მინდა.

თვითონაც იტყოდა ხოლმე – „დედიო, მფრინავ ჩიტს გავასწრებ, რუსის ტყვია როგორ დამეწევა და რას მიზამსო“. მაგრამ რუსის ტყვიას შეეწირა,“ – ასე იწყებს საკუთარ შვილზე საუბარს აგვისტოს ომში დაღუპული თენგიზ ჭაღალიძის დედა, ზინა მამალაძე.

თენგიზ ჭაღალიძე 19 წლის იყო, როცა 2008 წლის 8 აგვისტოს, ცხინვალში მოკლეს.

მისი დაღუპვა ოჯახმა რამდენიმე დღის შემდეგ შეიტყო. სამი თვე ეძებდნენ მშობლები შვილს – ოჯახი დაღუპული ჯარისკაცის იდენტიფიცირებას ელოდა.

 

თენგიზ ჭაღალიძე 19 წლის იყო, როდესაც 2008 წლის 8 აგვისტოს ცხინვალში დაიღუპა.

ჭაღალიძეები ქობულეთში, სოფელ ციხისძირში ცხოვრობენ.

ჯარისკაცის მამა, შოთა ჭაღალიძე იხსენებს, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ მისი შვილი სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოსახდელად წავიდა, მოგვიანებით კი კონტრაქტი გააფორმა და ჯარში დარჩა.

„სწავლობდა – სამხედრო ექთანი უნდოდა გამხდარიყო. ერაყში აპირებდა წასვლას. 2008 წლის ივლისში ვნახეთ ბოლოს. სახლში იყო ჩამოსული. 28 ივლისს, დილას გავაცილეთ სახლიდან. ეგ იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა.

ომი რომ დაიწყო, წავიდა საბრძოლველად. ცოტანი იყვნენ, მაგრამ გააჩერეს [რუსები]. ამხელა რუსეთის არმიას ებრძოდნენ.

8 აგვისტოს დაიღუპა. ცხინვალში იყო დასაფლავებული. ბოლოს რომ ილია მეორის დახმარებით ჯარისკაცები გადმოასვენეს, მათ შორის აღმოჩნდა ჩემი შვილიც,“ – იხსენებს თენგიზის მამა, შოთა ჭაღალიძე „ბათუმელებთან“.

აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის მამა: მე ევროპას ვემხრობი, მთავრობა კი ხელს რუსეთს უწყობს

„მეგობრული და გულისხმიერი შვილი მყავდა. „სასწრაფოს“ ეძახდნენ, თუკი ვინმეს რამე დახმარება სჭირდებოდა სამეზობლოში. ყველას თენგო ეხმარებოდა,“ – იხსენებს შვილს ზინა მამალაძე.

მისი თქმით, ომის დასრულების შემდეგ მასთან თავდაცვის სამინისტროდან მივიდნენ და უფროსი შვილის დასაქმება შესთავაზეს.

„მე ვუთხარი ვერ გაგიშვებ-მეთქი. ერთი შვილი ამ რუსებმა შემიჭამეს… იმ ღამეს თენგო მესიზმრა და მითხრა: დედი რატომ უთხარი უარიო? ყველა ხომ არ დავიღუპებითო. მე თუ დავიღუპე, მაგან განაგრძოს ჩემი საქმე, ჩემს ნაკვალევს გაჰყვესო.

მერე ვიფიქრე, ასეთი სიზმარი ვნახე. თუ ღმერთმა უნდა წამართვას, წამართმევს. ყველაფერი ღმერთის ძალაა-მეთქი და გავუშვი სამხედროში. სენაკში მსახურობს ახლა. სამხედრო პირია,“ – გვიყვება ზინა მამალაძე.

ზინა მამალაძე აგვისტოს ომში დაღუპული შვილის მემორიალთან, ციხისძირი 1|02|2023

აგვისტოს ომში დაღუპული თენგიზ ჭაღალიძის მამა გვიყვება, რომ სამი თვის განმავლობაში არ იცოდნენ მათი შვილის ცხედარი სად იყო. 

საბოლოოდ, დნმ-ის ტესტის მეშვეობით დაადგინეს, რომ თენგო ჭაღალიძე იმ ათ ჯარისკაცს შორის იყო, რომელიც 11 აგვისტოს ცხინვალიდან გადმოასვენეს და მუხათგვერდში დაკრძალეს.

„მაინც მადლიერი ვარ, რომ ჩემი შვილის საფლავი გვაქვს. მადლობა მთავრობასაც და ნებისმიერს, თუ ვინმეს გული შესტკივა ამ ამბავზე.

მაგრამ ახლანდელ პოლიტიკას რომ უყურებ, გული როგორ არ აგერევა. ნახევარი საქართველო რუსებს მიაქვს და ლავროვის შვილი თბილისში „აგულავეს“.

შენ თუ არ გეწვის სული, ქართველ ხალხს მაინც ეცი პატივი. კი ბატონო, მე თანახმა ვარ ევროკავშირის, მაგრამ ეს მთავრობა რას შვრება? შენ იყავ თანახმა, ყველანაირად ხელს უწყობს რუსეთს ჩვენი მთავრობა.

თუ ხალხი გამოვა მასობრივად და რაღაც მოხდება, მაშინ მიგვიღებენ ევროკავშირში. თუ მიგვიღეს. თუ არადა რა ვიცი. უფრო რუსეთისკენ მიგვაქანებენ,“ – გვეუბნება შოთა ჭაღალიძე.

ზინა მამალაძე და შოთა ჭაღალიძე

ხდება ახლა ქვეყანაში რამე ისეთი, რაც აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს ტკივილს აყენებს? – ვკითხეთ მას.

„მტკივნეული?… ჩემი ტკივილით რა?! მე ვინ მიჯერებს. ჩემთვის რომ დაეჯერებინა, სულ არ ჩამოვუშვებდი [რუსეთის მოქალაქეებს], მაგრამ გიჯერებს?“ – კითხვაზე კითხვით გვიპასუხა შოთა ჭაღალიძემ.

„მტკივნეული ისაა, რომ ჩვენი შვილების საფლავებს თელავენ. 169 ჯარისკაცია დაღუპული [2008 წლის აგვისტოს ომში], 169. ათი ქობულეთიდან არის მარტო,“ – ამბობს ზინა მამალაძე.

თენგიზ ჭაღალიძის დედა, ზინა მამალაძე და რძალი, ნატალია ბერიძე
  • როგორ დაეხმარა და ეხმარება სახელმწიფო ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს

აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის რძლის, ნატალია ბერიძის თქმით, სახელმწიფომ მათ ოჯახს ყველაფერი გაუკეთა, „რაც თენგოს ეკუთვნოდა“.

„თენგოს დამსახურებაა, რომ სახლი გვაქვს. მისი დაღუპვის შემდეგ დაგვიკანონეს ეს მიწა. მანამდე პატარა ხის ფიცრულებში ცხოვრობდნენ. სახელმწიფოს დახმარება მართლა ძალიან დიდი იყო. რაც გვაქვს ოჯახს, თავშესაფარი, ყველაფერი ამ ბიჭის წყალობით გვაქვს.

მარტო ჩვენ კი არა, ნახევარ ციხისძირს ჩვენი წყალობით დაუმტკიცეს მიწები. რადგან ამ ოჯახს დაუმტკიცეს, სხვებმა რა დააშავესო – ამ პრინციპით დაუკანონეს სხვებს.

დღესაც ეხმარებიან, არ ივიწყებენ, დედის დღეზე, წლისთავზე, მაქსიმალური მხარდაჭერა აქვთ. მაგრამ არის რაღაც ნიუანსები, რაც გვტკენს გულს. მაგრამ ეს უკვე პოლიტიკაა და ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ,“ – ამბობს ნატალია ბერიძე, თენგო ჭაღალიძის რძალი.

ნატალიას ქმარი სამხედროა. ნატალია ამბობს, რომ თუ საჭირო გახდება, თავადაც მზადაა ქვეყანა დაიცვას.

„ჩემმა მეუღლემ ჩაანაცვლა თენგიზი სამხედრო სამსახურში. აგრძელებს თენგოს გზას. ვცდილობთ მაქსიმალურად მის სახელს ჩრდილი არ მივაყენოთ და თუ საჭირო გახდება, მარტო მამამთილი და მაზლი კი არა, ჩვენ, ქალებიც უნდა გავიდეთ და დავდგეთ სამშობლოს სადარაჯოზე.

იმიტომ, რომ ამ ბიჭებმა მართლა გაწირეს თავი. ჩვენ მოღალატეები არ გვყავდა.

ყველა ის ბიჭი, ვინც იქ გმირულად დაეცა, შინდისელებიდან დაწყებული ისე დაეცნენ… მართლა ბოლო წუთამდე იბრძოლეს, სისხლის წვეთამდე იბრძოლეს.

ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, დღეს შეიძლება გორი და თბილისიც ჩვენი არ ყოფილიყო. შეიძლება მოსულიყვნენ ბოლომდე, ეს ომი ისე არ დასრულებულიყო, როგორც დასრულდა. ამ ბიჭებზე გადაიარა ჩვენი დამოუკიდებლობის შენარჩუნებამ.

კი, არ ვართ ბოლომდე დამოუკიდებელი და არ ვართ ბოლომდე თავისუფალი, მაგრამ ის, რაც გვაქვს მოპოვებული, არ უნდა დავკარგოთ ამ საშიშროებების გულისთვის. ბიჭები იმისთვის დაიღუპნენ, რომ ჩვენ ვყოფილიყავით თავისუფლები.

ნატო და ევროკავშირი არის იმის გარანტია, რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ. მაგრამ ამას უნდა სწორი მიდგომა და სწორი პოლიტიკა“, – ამბობს ნატალია ბერიძე.

თენგიზ ჭაღალიძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით

 

გოდრების 83 წლის ოსტატი სოფელ დანდალოდან

ქედაში გაზაფხულის ბოლოსა და ზაფხულის დამდეგს თუ მოხვდებით, ათასნაირ სურნელით გაბრუებულს, ვარდებით მოქარგული ეზოებიდან გაგიჭირდებათ თავის დაღწევა.

ერთ-ერთ ასეთი ეზოდან შეგვიძღვა საკუთარ სახლსა და სახელოსნოში 83 წლის გივი მგელაძე, რომელიც ცოლთან ერთად ცხოვრობს, კალათებს ქსოვს და ბოსტანსაც უვლის.

„დავიბადე 1941 წლის 10 იანვარს. დავამთავრე დანდალოს 8-წლიანი და შემდეგ გოგეშვილების საშუალო სკოლა, წარჩინებულად, მხოლოდ ერთი 4-იანი მყავდა ალგებრაში. ჩემი მშობლები მაშინ მოხუცები იყვნენ, ძმა ავად მყავდა, ასე რომ სწავლა ვერ გავაგრძელე.

21 წლის ასაკში დავქორწინდი. მაშინ სხვანაირი დრო იყო, ცოლი გარიგებით შევირთე, აქვე მეზობლად ცხოვრობდა. მაჭანკალს მიუგზავნიდი გოგოს მხარეს, მოეწონებოდა ბიჭი, ოჯახი, გამოგატანდნენ გოგოს ცოლად.  ერთი, ორი სამი, ოთხი, ხუთი ბავშვი შემეძინა. მაშინ გაჭირვება იყო, მაგრამ საშუალოდ ვცხოვრობდით. შვილებმა მიიღეს საშუალო განათლება, ახლა ყველა კარგადაა, მეხმარებიან მეც.

მამაჩემი ქსოვდა ადრე გოდრებს თხილისგან და მან მასწავლა მეც. კალათებს ძირითადად ვცვლი მეზობლებთან; მაგალითად, ვინმეს თუ მარწყვი აქვს, მე კალათს ვუკეთებ, ის მარწყვს მაძლევს, ან ვინმეს თუ ტრაქტორი ჰყავს, უფასოდ მასარგებლებს და ასე შემდეგ.

1960 წლიდან სოფელში ფოსტალიონად დავიწყე მუშაობა და 200 კომლს ვემსახურებოდი. კოლმეურნეობა იყო მცირეშემოსავლიანი. თვეში დაახლოებით 3 მანათი გამომდიოდა თავიდან. შემდეგ გაიზარდა ხელფასი. ჩვენი სოფლიდან 3-4 ოჯახი გადაასახლეს საბჭოთა კავშირის დროს, სამწუხაროდ, ისინი უკან ვეღარ დაბრუნდნენ“ – გვიყვება გივი მგელაძე.

YouTube video player

„თუ ხელი გააქანე, სოფელშიც ნახავ ფულს. ადრე თამბაქოს კარგი ფასი ჰქონდა. 80 ლარი ღირდა კილო. მე თამბაქოს მოყვანა არ შემიძლია, მუშახელი არ მყავს. თუმცა მომყავს ბოსტნეული: მწვანილი, ჭარხალი, კიტრი, პომიდორი, ლობიო. ასევე, 70 ძირი ცოლიკაური მაქვს.

სიბერე კარგია, მაგრამ შერგებული სიბერე უნდა გქონდეს. სიმწარე არ უნდა ნახო. მე 2008 წელს შვილი ავტოავარიაში დამეღუპა. მაშინ დიდი ტრავმა განვიცადე და ძალიან იმოქმედა ჩემზე, მაგრამ მისგან შვილიშვილები დამრჩა და კმაყოფილი ვარ მათით”.

დანდალოს პირველი საჯარო სკოლიდან მოსწავლეები: მართა, ნინი და ლიზი გადაღებაზე გამოგვყვნენ, მოგვატარეს სოფლის მნიშვნელოვანი ადგილები, მათ შორის: ჩანჩქერი, ლაზური სახლები და სკოლა.

ნინი, ლიზი, მართა

დანდალოს ჩანჩქერისკენ მიმავალი გზა კი არის “ვარდებით მოფენილი”, მაგრამ გვარიანი ვარჯიშიც გამოგივათ კიბის საფეხურების გავლისას. თუმცა ნანახი ნამდვილად ღირს ოფლისღვრად.

დანდალოს ჩანჩქერი

დანდალოს თემში, სოფელ ტაკიძეებში ნახავთ ლაზურ სახლებსაც. მათ შორის ერთ-ერთია საუკუნეზე მეტი ხნის ლაზური “დოლმიანი” სახლი, იგივე „ფახვერკი“. სახლი ბადისებური ხის კონსტრუქციითაა დაფარული, რომელშიც ქვის კუბებია ჩალაგებული. ასეთი არქიტექტურა შენობაში თბოიზოლაციასაც ქმნის და ვიზუალურადაც შთამბეჭდავია.

ნახეთ, მოკლე ვიდეო Batumelebi.ge-ს იუთუბის არხზე:

ლაზური სახლი ქედაში

ვის არ გადაახდევინებს პირგასამტეხლოს აჭარის მთავრობა – ახალი წესი

აჭარის მთავრობამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისთვის პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების წესში ცვლილება შეიტანა. ეს წესი დამატებითი ვადების მიცემის პირობებსაც განსაზღვრავს.

მთავრობა ამ წესის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას, როცა ინვესტორი ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს ვერ ასრულებს, ვადებს არღვევს, საინვესტიციო თანხას ვერ იხდის, არღვევს ინვესტიციის განხორციელების წინასწარ დადგენილ გრაფიკს და ითხოვს ვადის გაგრძელებას, ან პირგასამტეხლოს ჩამოწერას.

დარღვევის შემთხვევაში მთავრობა კონტრაქტორს პირგასამტეხლოს აკისრებს, რიგ პირობებზე შეთანხმების შემთხვევაში კი, შესაძლოა ჩამოაწეროს კიდეც ეს ჯარიმები და ვადაც გაუგრძელოს. შესაბამისი ცვლილება აისახება ხელშეკრულებაშიც. კონტრაქტორი კი ვალდებულია, მთავრობას წაუდგინოს გამოუხმობი საბანკო გარანტია ერთგვარი დაზღვევის მიზნით.

ცვლილების მიხედვით, ეს წესი არ გავრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როცა ხელშეკრულებაში ცვლილების ინიციატორი სახელმწიფო სტრუქტურაა.

ასეთ შემთხვევაში [როცა ცვლილების ინიციატორი მთავრობაა] საბანკო გარანტიის წარმოდგენა საჭირო აღარ იქნება.

ამ დროისთვის ჩვენთვის უცნობია, რომელ კონკრეტულ ხელშეკრულებაში რა ცვლილება სჭირდება მთავრობას, რა კონკრეტულ ინიციატივას მოარგეს ეს ცვლილება.

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლებისა და ვალდებულებების შესასრულებლად დამატებითი ვადის მიცემის წესი აჭარის მთავრობამ 2020 წლის ივლისში დაამტკიცა. 

ამ წესის მიხედვით, პირგასამტეხლოსგან გათავისუფლებისა და დამატებითი ვადების თაობაზე განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების წინამდებარე წესის მოთხოვნებთან შესაბამისობას ადასტურებს სამინისტრო.

შესაბამისობის დადასტურების შემთხვევაში სამინისტრო წარმოდგენილ დოკუმენტაციას განსახილველად წარუდგენს ეკონომიკური განვითარების საბჭოს.

პირგასამტეხლოს დაკისრებისგან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება ეკონომიკური განვითარების საბჭოს მიერ საკითხზე დადებითი რეკომენდაციის მიღების შემთხვევაში.

თხილის სუბსიდიის თანხა 2,5 მილიონი ლარით გაიზარდა – თანხას 85 ათასი ფერმერი მიიღებს

„თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაში“ შესული ახალი ცვლილებით, სუბსიდირებისთვის საჭირო თანხა 2,5 მილიონი ლარით გაიზარდა.

აღნიშნული პროგრამა 21 470 000 ლარის ნაცვლად, ჯამში 23 980 000 ლარით დაფინანსდება.

სოფლის განვითარების სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დაფინანსების გაზრდა მას შემდეგ მოითხოვეს, რაც თხილის ფართობები და შესაბამისად პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობა დაზუსტდა.

„მეთხილე ფერმერები [0,2-დან 3 ჰექტრის ჩათვლით თხილის ბაღით] სახელმწიფოსგან ჰექტარზე 500-ლარიან დახმარებას იღებენ. ახალი პროგრამით 85 ათასზე მეტი ფერმერი ისარგებლებს.

სუბსიდირებით მავნებლებისა და დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებები მთლიანობაში 44 000 ჰექტრამდე თხილის ბაღებში განხორციელდება. უკვე შექმნილია თხილის ბაღების კადასტრი/მონაცემთა ბაზა.

პროგრამის ფარგლებში ფერმერებმა 13,5 მილიონი ლარის ღირებულების პროდუქცია უკვე შეიძინეს“, – მოგვწერეს სააგენტოდან დღეს, 2023 წლის, 2 ივნისს.

ფერმერს თხილის სუბსიდიის თანხა ბარათზე ერიცხება [1 ქულა = 1 ლარი]. ბარათზე დარიცხული  ქულების გამოყენების ბოლო ვადა კი, 2023 წლის 31 აგვისტოა.

როგორ გავაშენოთ და მოვუაროთ თხილის ბაღს, ნახეთ ამ ბმულზე

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა მთავრობამ 2022 წლის ნოემბერში დაამტკიცა.

ამავე თემაზე:

„როდის მივიღებთ თხილის სუბსიდიას?“ – რა განმარტეს სოფლის განვითარების სააგენტოში

ბათუმის ბულვარის ყოფილი დირექტორი დავას უზენაეს სასამართლოში გააგრძელებს

ბათუმის ბულვარის ყოფილი დირექტორი აჭარის მთავრობას უზენაეს სასამართლოში უჩივის.  ირაკლი ჯინჭარაძე დაკავებული თანამდებობიდან აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ 2021 წლის 12 აპრილს გაათავისუფლა.

მანამდე ირაკლი ჯინჭარაძემ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე კრიტიკული პოზიცია გააჟღერა  ბულვარის გასწვრივ პლაჟზე 4500 კვ/მ ფართობის კონკრეტული სასტუმროსთვის მრავალწლიანი იჯარით გადაცემასთან დაკავშირებით.

ორი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელე ითხოვდა გათავისუფლების უკანონოდ მიჩნევასა და დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენას. საქმეში არსებული რიგი გარემოებებისა და მტკიცებულებების მიუხედავად, ბათუმის საქალაქო და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებმა ირაკლი ჯინჭარაძის სარჩელი არ დააკმაყოფილეს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის [საია] განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლო განჩინებაში აღნიშნავს ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობის პრობლემას, თუმცა შედეგი უცვლელი დატოვა:

„ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება უკვე გასაჩივრდა საკასაციო წესით უზენაეს სასამართლოში.“

საია ხაზს უსვამს იმ საკითხიც, რომ 2021 წლის 23 ივნისს დროებითი ღონისძიების სახით სწორედ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეს აეკრძალა სსიპ „ბათუმის ბულვარს“ დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატის დანიშვნა და დღემდე აღნიშნული პოზიცია კვლავ ვაკანტურია.

„ეს საქმე კიდევ ერთი მაგალითია იმისა, როგორ ხდება ქვეყანაში ადამიანთა უფლებების შეზღუდვა განსხვავებული მოსაზრებების გამო. იმედს ვიტოვებთ, უზენაესი სასამართლო გაითვალისწინებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და მიიღებს კანონიერ და დასაბუთებულ გადაწყვეტილებას“, – წერს საია.

ამ დროისთვის ბულვარის დირექტორის მოვალეობას ლაშა მიქელაძე ასრულებს.

ხულოში, სოფელ დიოკნისთან, გზაზე ფერდი ჩამოიშალა – რას გეგმავს დეპარტამენტი

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისში, საავტომობილო გზაზე, ფერდი ჩამოიშალა. ადგილზე [2 ივნისის მდგომარეობით], ავტოტრანსპორტი გზის ერთ სავალ ზოლში მოძრაობს. შესაბამისად, გადაადგილება ჭირს, თუმცა გზა ჩაკეტილი არ არის.

თვითმხილველის თქმით, „მეწყერი, როგორც ასეთი, არ ყოფილა და არც დიდი მასა ჩამოწოლილა გზაზე, თუმცა ფერდის ჩამოშლით გზის სავალი ნაწილი დავიწროვდა და მანქანები ერთმანეთს გვერდს ვერ უვლიან. ეს ადგილი ადრე დაიმეწყრა“.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გზის ამ მონაკვეთზე სპეციალურ კვლევებს ატარებენ საპროექტო დასკვნის მოსამზადებლად, რათა შემდეგ ისე გადაწყდეს გზის გაყვანა, რომ „მეწყერმა აღარ შეაფერხოს არაფერი“.

დიოკნისთან გზა წელს რამდენჯერმე დაიმეწყრა, ამიტომ „ბათუმელები“ დაინტერესდა, როდის დაიწყო საპროექტო სამუშაოები და როდის იქნება დასკვნა მზად.

საქართველოს გზების დეპარტამენტის პრესსამსახურში ამბობენ, რომ სოფელ დიოკნისთან წელს ჩამოწოლილი რამდენიმე მეწყრული კერის შესწავლა კომპლექსურად უწევთ: „კვლევითი სამუშაოები ადრეულ გაზაფხულზე დაიწყო და ამ თვის განმავლობაში, ანუ ივნისის თვეში, უნდა დაიდოს საბოლოო დასკვნები. როგორც კი გვექნება დასკვნები, უკვე რაღაც ქმედით ნაბიჯებზე გადავალთ“.

წელს განსაკუთრებულად რთული წელი გამოდგა მაღალმთიანი აჭარისთვის, მიძინებული მეწყრული პროცესების გააქტიურების, თუ ახალი კერების გაჩენის თვალსაზრისით.

ხშირად იკეტება ხულო-გოდერძის ცენტრალური საავტომობილო გზაც, რომელიც ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის ნაწილია. აქ, ხულო-ზარზმის პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების გზა უნდა გაკეთდეს.


გზების დეპარტამენტის ინფორმაციით:

  • ხულო-გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების, დასრულება იგეგმება 2023 წელს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 57 177 829 ლარი. დაფინანსებულია არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი (KFAED).
  • ამავე გზის გოდერძის უღელტეხილი-ზარზმას მონაკვეთზე კი, რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების დასრულება იგეგმება ასევე 2023 წელს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 38 511 473 ლარია. როგორც დეპარტამენტიდან მოგვწერეს, აღნიშნული სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ამავე თემაზე:

როდის გაიხსნება ფრიდონ ხალვაშის ქუჩა, სადაც გზა გადაკეტილია

 

 

„კმარა ღრიალი. თქვი დრო, ადგილი და შევხვდეთ“ – კადიროველები პრიგოჟინის წინააღმდეგ

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ჩეჩნეთიდან, კადიროვის გარემოცვის უახლოესმა წევრმა, ადამ დელიმხანოვმა დაჯგუფება „ვაგნერის“ მფლობელს, ევგენი პრიგოჟინს მოუწოდა შეწყვიტოს „ყვირილი და ყბედობა“ და „დაასახელოს დრო და ადგილი“ შესახვედრად.

დელიმხანოვმა ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა ტელეგრამზე პირველ ივნისს.

იგი ვიდეოში ამბობს, რომ ამ მიმართვით პრიგოჟინს ეხმაურება. იგი შენობით მიმართავს „ვაგნერის“ მფლობელს და მას „ბლოგერს“ უწოდებს.

„ვნახე ევგენი პრიგოჟინის მიმართვა, რომელშიც ის აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რით არის დაკავებული „ახმატი“ და ბუნებრივია, ჟენია, შენ არ გესმის და არც უნდა გესმოდეს, მაგრამ „ახმატი“ ასრულებს იმ ამოცანებს, რომელიც დაყენებულია უმაღლესი მთავარსარდლის მიერ. თუ რაიმე გაუგებარია შენთვის, შეგიძლია ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდე, დათქვა დრო და ადგილი და ჩვენ აგიხსნით, რაც არ გესმის.

მეორე – შენ გახდი უკვე ბლოგერი და მთელი ქვეყნის გასაგონად ყვირი და ღრიალებ, რომ ჩვენ მხოლოდ პრობლემები გვაქვს, არ გვაქვს საბრძოლო მასალა და ასე შემდეგ.

ხალხს უნდა ესმოდეს, რა ძნელი იყო პირველ ხანებში, გოსტომელიდან დაწყებული, მთავარი ამოცანა იყო მარიუპოლი, რთულ დროს საჭირო იყო გადაწყვეტილების მიღება… ჩვენ გადავწყვიტეთ ეს პრობლემა და მთელი ქვეყნის გასაგონად არ ვყვიროდით, რომ რაღაც არ გვყოფნიდა.

გეყო ყვირილი, ღრიალი და ყბედობა, თქვი ადგილი, სად, როდის შევხვდეთ და როგორც რამზან ახმატოვიჩი ამბობდა, ჩვენ პირისპირ ნებისმიერ საკითხს გადავჭრით.

მარინკის მიმართულება ყველაზე რთულია. შენ და ყველამ იცის ეს, მაგრამ ჩვენ შენსავით არ ვყვირით და ვღრიალებთ, რომ „ეს გვაკლია, ის გვაკლია…“ შენ გეძლეოდა უფრო მეტი, ვიდრე ნებისმიერს და ამის მიუხედავად ამდენი მსხვერპლი, ამდენი დაღუპული… ჩვენ ყველამ ვიცით ეს. ამიტომ კმარა ყბედობა, თქვი, სად, რა და შევხვდებით და გადავჭრით ამ საკითხს, თუ რამე შენთვის გაუგებარია“, – ამბობს დელიმხანოვი ვიდეომიმართვაში.

პრიგოჟინს მიმართა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, დაუდოვმაც, რომელმაც პრიგოჟინს მოუწოდა შეხვედროდა „როგორც კაცი კაცს“.

„ჩვენს მებრძოლებსაც ჰქონდათ პრობლემები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მებრძოლმა ამაზე უნდა იყვიროს. შენს განცხადებებში მიანიშნებ, რომ ვიღაცის დახვრეტაა საჭირო. მეორე მსოფლიო ომში ასეთი სიტყვებისთვის მაშინვე კედელთან მიაყენებდნენ“, – თქვა დაუდოვმა.

კადიროვის გარემოცვის განცხადებებს „ვაგნერიდან“ გამოეხმაურა დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი, დმიტრი უტკინი, რუსული სპეცსამსახურების ყოფილი ოფიცერი. მან კადიროვის გარემოცვას ფაქტობრივად შეახსენა, რომ აქვს ჩეჩნებთან ომის გამოცდილება.

„საიდან ასეთი ფამილარობა, ვინ მოგცათ შენობით მიმართვის და „ჟენიას“ დაძახების უფლება? ჩვენ მუდამ მზად ვართ კაცურად დავილაპარაკოთ, მით უფრო, რომ ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს ჩეჩნეთის 1-ელი და მე-2 ომიდან“ – თქვა უტკინმა.

დელიმხანოვის მიმართვას მალევე უპასუხა პრიგოჟინმა. მან თქვა, რომ ვერაფერს ხედავს საკუთარ განცხადებებში სასაყვედუროს და მისი ტელეფონის ნომერი ცნობილია ამ დისკუსიის მონაწილეებისთვის.

ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში რუსული სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ მფლობელის, ევგენი პრიგოჟინის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ვაგნერი“ მზადაა, ბახმუტში პოზიციები გადასცეს ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ძალებს.

რუსული და უკრაინული მედიის ცნობით, კადიროვი შარშან მხარს უჭერდა პრიგოჟინის ირიბ კრიტიკას რუსეთის უმაღლესი სამხედრო ძალების მიმართ, მაგრამ მათი ურთიერთობა ბოლო თვეებში დაიძაბა.

კადიროვი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მოკავშირედ მიიჩნეოდა, კრემლთან დაახლოებულ პირებთან არჩევს ახლოს ყოფნას.

ხელვაჩაურში წყალზე გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა – „ბათუმის წყალი“

დღეს, 2 ივნისს, ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე, ხელვაჩაურში, გავრცელდა ინფორმაცია სასმელი წყლის დაბინძურების შესახებ.

ინფორმაციის გადამოწმების მიზნით შარაბიძეების დასახლებიდან დაგვიკავშირდნენ:

„გვითხრეს, წყალი დასალევად არ გამოიყენოთ, დაზიანების გამო დაბინძურებულიაო. ვინ გაავრცელა არ ვიცი, ყველა ერთმანეთს აფრთხილებს“.

შპს „ბათუმის წყლის“ განმარტებით, ამ ინფორმაციის შესახებ მათთვისაც გახდა ცნობილი, თუმცა გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება – წყალი სუფთა და უსაფრთხოა.

სად რა ღონისძიება გაიმართება ხვალ ბათუმში – ზაფხულის სეზონი ფესტივალით იხსნება

ხვალ, შაბათს, 3 ივნისს, აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება.

ტურისტული სეზონის გახსნა 3-4 ივნისს ბათუმში „ზაფხულის ფესტივალით“ აღინიშნება.

ფესტივალი უცვლელი სლოგანით – „ზაფხული იწყება აქ“ ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება.

ხვალ, 3 ივნისს, ფესტივალის პროგრამა ასე გამოიყურება:

აქტივობები
  • 12:00, 15:00, 16:00 საათზე – დრამ შოუ
  • 12:00 – 18:00 საათზე – საბავშვო აქტივობები
  • 12:00-20:00 საათზე – კედელზე ცოცვა
  • 12:20 – 20:00 საათზე – ფრანების შოუ
  • 13:00 საათზე – ველო გარბენი
  • 15:00 – 18:00 საათზე – სთრით არტ შოუ
მუსიკალური პროგრამა
  • 18:00 – 18:40 საათზე – 4 UP
  • 18:40 – 19:20 საათზე – ROAD RADIO
  • 19:20 – 20:00 საათზე – PARAMITA
  • 20:00 – 20:40 საათზე – BLUE SAIL
  • 20:40 – 21:40 საათზე –  LOUDSPEAKERS
  • 21:40 – 22:40 საათზე – 4 D MONSTER LOBSTERS
  • 22:40- 23:40 საათზე – ნუცა ბუზალაძე
  • 23:40 – 03:00 საათზე – DJ SENDNUDES

კვირას, 4 ივნისს კი ფესტივალზე დაგეგმილია:

აქტივობები
  • 12:00 – 18:00 საათზე – საბავშვო აქტივობები
  • 12:00-20:00 საათზე – კედელზე ცოცვა
მუსიკალური პროგრამა
  • 18:00 – 18:40 საათზე – K.A.I.
  • 18:40 – 19:20 საათზე – SKUM FUN
  • 19:20 – 20:00 საათზე – MY BAND
  • 20:00 – 20:40 საათზე – ASEA SOOL
  • 20:40 – 21:40 საათზე –  ANIK
  • 21:40 – 22:40 საათზე – SALIO
  • 22:40- 23:40 საათზე – ARA
  • 23:40 – 03:00 საათზე – DJ GURULI

დასწრება თავისუფალია.

რუსეთი მწვავე დილემის წინაშეა – რას წერს ბრიტანული დაზვერვა

დღეს, 2 ივნისს, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ყოველდღიურ მოკლე ანგარიშში წერს, რომ პირველ ივნისს, დილიდან, პარტიზანული ჯგუფები ბოლო ათი დღის განმავლობაში მეორედ დაესხნენ თავს ბელგოროდის ოლქს რუსეთში.

დაზვერვა წერს, რომ რუსეთის სამხედრო და შინაგან საქმეთა ძალებმა, სავარაუდოდ, უფრო სწრაფად და წარმატებულად შეძლეს ამ თავდასხმის შეკავება, ვიდრე წინა ჯერზე.

„თუმცა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესრელიზის მიხედვით, რუსეთმა დაიწყო საკუთარ ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი ძალების სრული დიაპაზონის განლაგება, მათ შორის – თავდასხმითი ვერტმფრენებისა და მძიმე თერმობარული რაკეტების – TOS-1A-ის.

რუსი მეთაურები ახლა მწვავე დილემის წინაშე დგანან, გააძლიერონ თავდაცვა რუსეთის სასაზღვრო რეგიონებში, თუ გააძლიერონ თავიანთი ხაზები ოკუპირებულ უკრაინაში“ – წერს ბრიტანული დაზვერვა.

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ბელგოროდში არა უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილები, არამედ ლეგიონი „რუსეთის თავისუფლება“ მოქმედებს [ლეგიონში რუსები არიან გაწევრიანებული და იბრძვიან უკრაინის მხარეს]. პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციაშიც თქვეს, რომ მიმდინარე მოვლენებთან უკრაინას უშუალო შეხება არ აქვს.

ხელვაჩაურში 35-წლამდე კაცი მოკლეს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კიბეში ოჯახის წევრის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, 2 ივნისს, მოხდა.

გარდაცვლილია 35 წლამდე კაცი.

კაცის მკვლელობაში სავარაუდოდ ძმაა ბრალდებული.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული უკვე დაკავებულია.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Exit mobile version