ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირი, რომელიც გარკვეულ მონაკვეთებში მთლიანად გადაკეტილია, ჯერ 22 მაისს უნდა გახსნილიყო, შემდეგ 5 ივნისი დაასახელეს, თუმცა გამზირზე მოძრაობა სრულად ივნისის შუა რიცხვებამდე თუ ვერა, შესაძლოა ივლისამდე არ განახლდეს.
მეტიც, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და მშენებელ კომპანია „ერ ტე დეს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ბოლო ცვლილებით, 31 მაისს უნდა დასრულებულიყო. ამ დროისთვის კი [4 ივნისი], შესყიდვების პორტალზე შესაბამისი დოკუმენტი – სამუშაოების დასრულების ვადის გადაწევაზე, ატვირთული არ არის.
საავტომობილო გზების დეპარტამენტს ამ დრომდე არ გაუვრცელებია ინფორმაცია იმის შესახებაც, თუ როდის გაიხსნება გზა და როდის აღდგება ტრანსპორტის მოძრაობა სრულად.
„გზაზე ორმხრივი მოძრაობის გამო ფიზიკურად შეუძლებელი იყო ამ დრომდე სამუშაოების დასრულება. გზის საფარის დაგება ივნისის შუა რიცხვებამდე უნდა დასრულდეს და ორმხრივი მოძრაობა აღდგება, თუმცა, ამინდმა თუ ხელი არ შეგვიწყო, ეს ვადა შესაძლოა ივნისის ბოლომდე გადაიწიოს. გზის დასრულების შემდეგ დაიწყება მისი კეთილმოწყობა – ნიშნები და ასე შემდგომ“, – უთხრეს „ბათუმელებს“ კომპანია „ერ ტე დეში“.
ტენდერის პირობის მიხედვით, სამუშაოების წარმოებისას ფრიდონ ხალვაშის გამზირზე უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო ტრანსპორტის მოძრაობა, ჯერ ერთ, შემდეგ კი, მეორე ზოლში, თუმცა ეს პირობა ვერ შესრულდა.
განახლება: „უამინდობის გამო, სამუშაოები გახანგრძლივდა 9 ივნისის 08:00 სთ-მდე“ – მოგვწერეს 5 ივნისს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან.
„ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ0-კმ4 მონაკვეთზე (ფრიდონ ხალვაშის ქუჩა) მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებისთვის, აღნიშნული გზის კმ1-კმ3 მონაკვეთი ჩაკეტილია, ხოლო კმ3-კმ5 მონაკვეთზე ჩაკეტილია მხოლოდ ერთი სამოძრაო ზოლი (ბათუმიდან ახალციხის მიმართულებით), ახალციხიდან ბათუმის მიმართულებით კი მსუბუქი ავტოტრანსპორტი მოძრაობს ცალმხრივად.
სამუშაოების წარმოების ბოლო ვადად განსაზღვრული იყო 2023 წლის 4 ივნისი, თუმცა, სამუშაოების დასრულება მითითებულ ვადაში უამინდობის გამო ვერ მოესწრო. სამუშაოების დასასრულებლად, ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ1-კმ3 და კმ3-კმ5 მონაკვეთებზე დაწესებული მოძრაობის სპეციალური რეჟიმი გაგრძელდება 2023 წლის 9 ივნისის 08:00 სთ-მდე.
ჩაკეტვის პერიოდში, ახალციხიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს მაჭავარიანის ქუჩის და საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის გავლით. ხოლო, ბათუმიდან ახალციხის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტორანსპორტი იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 109-ე კმ-დან ჭოროხისა და ა. შანიძის ქუჩების გავლით და დაუკავშირდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზას მე-5 კმ-ზე“ – აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ 5 ივნისს გავრცელებულ ინფორმაციაში.
გზების დეპარტამენტის განმარტებით, „სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების პროცესში ობიექტზე გამოვლინდა სხვადასხვა ხელისშემშლელი ფაქტორი, რამაც გამოიწვია სამუშაოების შეფერხება, მათ შორის საჭირო გახდა „სოკარის“ გაზის მილების, „ბათუმის წყლის“ მილების, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მაღალი ძაბვის, „სილქნეტის“, „მაგთიკომის“ და „დელტა-კომის“ კაბელების გადატანა“.
შპს „ერ ტე დე“-ში კი, თვლიან, რომ გზა ადრე უნდა გადაეკეტათ: „ამ გზაზე ძალიან ინტენსიური მოძრაობაა და თავიდანვე რომ სრულად ჩაკეტილიყო მოძრაობა, გაცილებით ადრე დასრულდებოდა სამუშაოები.“
„ერ ტე დე“-სთან დეპარტამენტს ხელშეკრულება 19 399 999 ლარზე აქვს გაფორმებული. ამ თანხის ნახევარზე ოდნავ მეტი – 9 778 106 ლარი, კომპანიისთვის უკვე გადარიცხულია.
მთავარი ფოტო: ფრიდონ ხალვაშის გამზირი / 28.05.2023
ამავე თემაზე:
„რამე არ მითხრა, მღალატობს ნერვები“ – რეპორტაჟი ხელვაჩაურის გადათხრილი გზიდან [VIDEO]