ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ზაფხული იწყება აქ – 330 ათასი ლარი ორდღიანი ფესტივალისთვის ბათუმში

07.05.2023 • 2703
ზაფხული იწყება აქ – 330 ათასი ლარი ორდღიანი ფესტივალისთვის ბათუმში

ზაფხულის სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ბათუმში ორდღიანი ფესტივალის ჩატარებაა დაგეგმილი, რისთვისაც 330 ათას 364 ლარია გამოყოფილი.

აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ორი ტენდერი გამოაცხადა.

[checklist]

  • ზაფხულის სეზონის გახსნის საზაფხულო ფესტივალის „ზაფხული იწყება აქ“ ორგანიზებისთვის გასართობი-მუსიკალური პროგრამისა და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვაზე – 162 ათასი ლარით
  • ღონისძიებისთვის სცენის მოწყობის ორგანიზებაზე კი – 168 ათას 364 ლარით

[/checklist]

„ზაფხულის ფერადი ფესტივალი გათვლილია ყველა ასაკის თუ ინტერესის მქონე ადამიანისთვის, სწორედ ამიტომ ფესტივალი ორიენტირებულია როგორც მუსიკალურ, ისე დეკორაციულ ნაწილზე და სხვადასხვა თემატურ აქტივობაზე.

ფესტივალის მასშტაბი ყოველწლიურად იზრდება, წელს ზაფხულის ფესტივალი იქნება ორდღიანი და საინტერესო პროგრამებით და ფერადი დეკორაციული ელემენტებით დატვირთული, რომელიც საზაფხულო განწყობას შემოიტანს და ზაფხულის სეზონს გახსნილად გამოაცხადებს.“ – აღნიშნულია სატენდერო განაცხადში.

ფესტივალი ანბანის კოშკის მიმდებარედ ჩატარდება [დაახლოებით 1000 კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორიაზე].

პირობის მიხედვით „მუსიკალური პროგრამა მოიცავს ადგილობრივ შემსრულებლებს, მოწვეულ ცნობად ბენდებსა და დიჯეებს.“ ამასთან, ჩასატარებელი ღონისძიების პროგრამა, სცენარი და შემსრულებლების სია შემუშავებული უნდა იქნეს წინასწარ და უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან.

„მოწვეული ქართული ბენდი ე.წ. ჰედლაინერი, ან შემსრულებელი ან დჯ კი, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • უნდა იყოს ცნობილი და ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბენდი ან შემსრულებელი საქართველოში
  • უნდა მონაწილეობდეს ისეთ ცნობილ ფესტივალებში , როგორიცაა: „Tbilisi Open Air-ი“ ან სხვა საერთაშორისო ელექტრონული მუსიკის ფესტივალები
  • უნდა ჰქონდეთ თავიანთი ინდივიდუალური საავტორო სიმღერები
  • დჯ უნდა იყოს საქართველოში ერთ-ერთი მოქმედი ცნობილი კლუბის რეზიდენტი.“

რაც შეეხება სცენას – „ღონისძიების ფარგლებში ორი დღის განმავლობაში ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა სცენა, შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობით, ლედ მონიტორებით, ლაზერული განათებებით, გახმოვანებით, ლაივ ჩართვის სპეციალური ტექნიკური აპარატურით.“

სცენის მოწყობასთან დაკავშირებით „ბაზრის კვლევის შედეგად ფასი დააფიქსირა სამმა კომპანიამ. ერთი კომპანიის მიერ შემოთავაზებული ფასი შეადგენს 159 808 ლარს, მეორე კომპანიის მიერ შემოთავაზებული ფასი – 160 320 ლარს, ხოლო მესამე კომპანიის მიერ შემოთავაზებული ფასი 184 965 ლარია. კომპანიების მიერ მოწოდებული ფასების განხილვის შემდგომ მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება დადგინდეს საშუალო არითმეტიკულის პრინციპით 168 364 ლარი დღგ-ის ჩათვლით.“ – აღნიშნულია სატენდერო კომისიის ოქმში.

ღონისძიების ჩატარების თარიღია 2023 წლის 3 და 4 ივნისი.

ტენდერებში აღნიშნულია ასევე, რომ „ფესტივალი შეიძლება გადატანილ იქნას ერთი დღით, ამინდის გათვალისწინებით.“

ღონისძიების ორგანიზებაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 14 მაისს დაიწყება და 17 მაისს დასრულდება; სცენის მოწყობაზე კი წინადადებების მიღება 13 მაისს დაიწყება და 16 მაისს დასრულდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: