მთავარი,სიახლეები

აპირებენ უკრაინას 50 ცალი F-16 გადასცენ, ეს 3 ესკადრილია და დიდი ძალაა – ინტერვიუ

02.06.2023 •
აპირებენ უკრაინას 50 ცალი F-16 გადასცენ, ეს 3 ესკადრილია და დიდი ძალაა – ინტერვიუ

„მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ პრიგოჟინის უკან პუტინის ჩრდილია. სხვაგვარად ამდენს არ გააბედვინებდნენ მას. არ არის გამორიცხული, პრიგოჟინის ამ ავყიობით წყალს უყენებენ შოიგუს და გერასიმოვს,“ – ეჭვი აქვს გადამდგარ გენერალ-მაიორს, ვახტანგ კაპანაძეს, როცა ის „ვაგნერის“ დაპირისპირებას აკვირდება ჯერ შოიგუსთან, შემდეგ კი კადიროვთან.

ვახტანგ კაპანაძე მიიჩნევს, რომ შემოდგომის წვიმების დაწყებამდე უკრაინამ წარმატებული კონტრშეტევა უნდა შეძლოს რომელიმე მიმართულებით მაინც, სხვა შემთხვევაში კონფლიქტის გაყინვის საკითხი გააქტიურდება. გადამდგარი გენერლის ინტუიციით, პარტიზანების მორიგი თავდასხმა ბელგოროდზე „ამზადებს გარემოს შემდეგი მოქმედებებისთვის.“

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, პარტიზანული დაჯგუფებები მეორედ დაესხნენ თავს ბელგოროდის ოლქს. ეს რას აჩვენებს თქვენთვის?

უკრაინელები ცდილობენ, გაუწელონ ფრონტის ხაზი რუსებს – მათი ძალები გადანაწილდეს, კონცენტრაცია ვერ მოახერხონ რომელიმე სტრატეგიული მიმართულებით. ამას გარდა, ეს არის მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური და პოლიტიკური ოპერაცია: წარმატებული შეტევა იწყება წარმატებული ფსიქოლოგიური ზემოქმედებით.

ეს აჩვენებს იმასაც, რომ რუსეთის საზღვრები შეუღწევადი არ არის – შეიძლება, იქ შეხვიდე და მნიშვნელოვანი ზარალიც მიაყენო.

საზღვრების გაწელვით უკრაინელები რუსებს უქმნიან დილემებს. როცა ბევრია დილემა, ამ დროს რთულდება გადაწყვეტილების მიღება. ჩემი აზრით, მაინც მზადდება გარემო უკრაინელების შემდეგი მოქმედებებისთვის.

  • ბრიტანეთის დაზვერვაც ახსენებს „დილემას“: „რუსი მეთაურები ახლა მწვავე დილემის წინაშე დგანან – გააძლიერონ თავდაცვა რუსეთის სასაზღვრო რეგიონებში, თუ გააძლიერონ თავიანთი ხაზები ოკუპირებულ უკრაინაში“. თქვენი აზრით, რამდენად ჩანს იმის შესაძლებლობა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე გაძლიერდეს პარტიზანული, წინააღმდეგობის მოძრაობები ისე, რომ ამან ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი ამ ომში? 

ეჭვი მეპარება, რომ გაძლიერდეს რუსეთის ტერიტორიაზე პარტიზანული მოქმედებები. ეს მაინც უნდა იყოს პორტირებული უკრაინიდან. მსგავსი აქტიურობა უნდა იყოს უკრაინის სპეცძალების ერთ-ერთი ამოცანა, მაგრამ არა მგონია, ისე იყოს ჩამოყალიბებული სიტუაცია, რომ რუსეთში პარტიზანული მოქმედებების ორგანიზება იყოს შესაძლებელი.

მე ვგულისხმობ დღევანდელობას, ხვალ არავინ იცის, რა მოხდება: ხვალ არც ისაა გამორიცხული, ჩრდილოეთ კავკასიაშიც განვითარდეს პარტიზანული მოქმედებები, თათრეთში, ბურიატიაში და სხვა მიმართულებებზე. მოგეხსენებათ, რუსეთს არ აქვს დალაგებული ვითარება ბევრი მიმართულებით.

  • ამ ეტაპზე რა ხდება ბახმუტში – რა რესურსი რჩება იქ უკრაინას? 

თბილისი რომ ჩვენი იყოს და მცხეთის სალობიესთან იყოს მოწინააღმდეგე – ვინ აკონტროლებს ქალაქს? ძირითადად პოლიტიკური განცხადებებია, რომ აი, ბახმუტი არ აუღიათ რუსებს. დიდი სურვილი მქონდა, რომ არ დაეთმოთ ბახმუტი უკრაინელებს, მაგრამ აიღეს რუსებმა ბახმუტი. მთელი სულით და გულით უკრაინელების მხარეს ყოფნის მიუხედავად, რეალობა ასეთია.

სხვა თემაა, რამდენად გამოადგებათ ეს რუსებს.

  • რა იცვლება ბახმუტის აღებით რუსებისთვის? 

სამხედრო თვალსაზრისით ბახმუტის აღება ცვლის იმას, რომ რუსებს ეძლევათ საშუალება – თავდაცვის ხაზი გაასწორონ. მას არ რჩება ადგილები, სადაც შეიძლება მოწინააღმდეგის ფლანგური დარტყმა, დარჩენილი ნაწილების მოკვეთა, ალყაში მოქცევა და ასე შემდეგ. ეს გულისხმობს ადვილად თავდაცვას, როცა გასწორებულია თავდაცვის ხაზი.

ბახმუტის აღება არ გულისხმობს იმას, რომ რაიმე პლაცდარმი შეიქმნა რუსებისთვის. აქამდეც ამას ვამბობდი, რომ ბახმუტი  მორალურ-ფსიქოლოგიურ – ემოციურიი დატვირთვის გარდა, არაფერი არ იყო. უფრო ღრმად უკრაინის ტერიტორიაზე , ბახმუტის ჩრდილოეთით, რუსები სოლედართანაც არიან, მაგრამ ვერც მას იყენებენ პლაცდარმად.

  • რა იცვლება რუსეთის არმიაში მას შემდეგ, როცა პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლებას ღიად დაუპირისპირდა? „გამოგვივიდა დემილიტარიზაცია? – პირიქით გამოდის, ღმერთმა იცის როგორ, მაგრამ უკრაინას მილიტარიზება მოვახდინეთ“ – თქვა პრიგოჟინმა 24 მაისის ვიდეო მიმართვაში. 

პრიგოჟინი პოლიტიკური ფიგურაა: კადიროვს უპირისპირდება, თუ შოიგუს, ეს სამხედრო სურათს არ ცვლის. პრიგოჟინმა გადააბარა ტერიტორია, პოზიციები და ბახმუტიდან გამოვიდა „ვაგნერი“. ამით რაღაც ეტაპი დასრულდა. „ვაგნერი“ შესაძლოა, სხვაგან აღმოჩნდეს ისევ, მაგრამ ჯერჯერობით ბახმუტიდან გასულია.

მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ პრიგოჟინის უკან პუტინის ჩრდილია. სხვაგვარად ამდენს არ გააბედვინებდნენ მას. არ არის გამორიცხული, პრიგოჟინის ამ ავყიობით წყალს უყენებენ შოიგუს და გერასიმოვს.

  • რატომ შეიძლება სურდეს პუტინს შოიგუს ჩამოშორება? 

პუტინს ალბათ არ სურს, რომ თავდაცვის ძალებთან, შეიარაღებულ ძალებთან კონფლიქტი გამოუვიდეს. ფაქტია, რომ მიდის შიდა ბრძოლები ეფესბეს და თავდაცვას შორის.

გამოჩნდა, რომ არც შოიგუ და არც გერასიმოვი არ არიან ქმედითი ფიგურები და არც პოპულარულები არიან, თუმცა გათავისუფლებამ შესაძლოა გამოიწვიოს უკმაყოფილება შეიარაღებულ ძალებში. შესაძლოა, ამ გზით ქმნიან უმტკივნეულოდ ჩანაცვლების გარემოს.

  • პრიგოჟინის და კადიროვის დაპირისპირებაზეც მინდა გკითხოთ: რასთან გვაქვს საქმე, ეს ურთიერთბრალდებები და მუქარები რაზე მიანიშნებს?

კადიროვის და პრიგოჟინის დაპირისპირებაზე ვერაფერს გეტყვით, რადგან ეს არაა სამხედრო საკითხი – ერთი ავყია მეორე ავყიას უპირისპირდება, მიდის ბრძოლა მეფის კარზე.

  • „მოვიდა საკუთარის უკან დაბრუნების დრო“ – ამ წარწერით გამოაქვეყნა ვიდეორგოლი ზალუჟნიმ ტელეგრამზე. თქვენი აზრით, რა პირობა აქვს უკრაინას დღეს იმისთვის, რომ ამ ზაფხულში, ან შემოდგომაზე წარმატებული კონტრშეტევა შეძლოს რომელიმე მიმართულებით?

უკრაინა შემოდგომაზე წარმატებულ კონტრშეტევას ვერ შეძლებს – ისევ იქნება წვიმები, ტალახი და პრობლემები. ის აზრიც ჩნდება, რომ არ იქნება კონტრშეტევა და იქნება ლოკალური, სხვადასხვა მასშტაბის კონტრშეტევა სხვადასხვა მიმართულებაზე. ეჭვი მეპარება, რომ ერთი კონტრშეტევით შეძლებს უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების უკან დაბრუნებას.

უკრაინა შემოდგომაზე წარმატებულ კონტრშტევას ვერ შეძლებს – ისევ იქნება წვიმები, ტალახი, „რასპუტიცა“ და პრობლემები. ის აზრიც ჩნდება, რომ არ იქნება ერთი მძლავრი კონტრ – დარტყმა და იქნება ლოკალური, სხვადასხვა მასშტაბის ტაქტიკური კონტრშეტევები სხვადასხვა მიმართულებაზე. ეჭვი მეპარება, რომ ერთი კონტრშეტევით შეძლებს უკრაინა მთლიანად რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების უკან დაბრუნებას.

მგონია, რომ უნდა იყოს მნიშვნელოვანი კონტრშეტევა, რომელიც რაღაც მნიშვნელოვან შედეგს დადებს და რაც მნიშვნელოვან საფუძველს შექმნის ჰორიზონტზე გამოჩენილი მოლაპარაკების მაგიდის პირობებში.

  • გამოჩნდა, თქვენი დაკვირვებით, მოლაპარაკების შესაძლებლობა?  

უკვე ჩანს, რომ დასავლეთში განიხილება მოლაპარაკებები და შეთანხმებები, კონფლიქტის გაყინვა. გაიზარდა იმის შესაძლებლობა, რომ ეს ომი შევიდეს ჩიხში.

თუ ეს კონტრშეტევა არ იქნება წარმატებული, მაშინ ჩიხში შევა ეს დაპირისპირება, თუმცა წარუმატებელ და ნაკლებად წარმატებულ კონტრშეტევას ჯობია, სულ არ ჩაატარონ უკრაინელებმა კონტრშეტევა.

  • რამდენად გაიზარდა უკრაინის სამხედრო შესაძლებლობა, რომ შეძლოს წარმატებულ კონტრშეტევა რომელიმე მიმართულებით?

დღეს ვკითხულობდი უცხოურ პრესაში, რომ სკანდინავიური ქვეყნები აპირებენ 50 ერთეული F-16 გადასცენ უკრაინას. ეს დაახლოებით სამი ესკადრილია, რაც საკმაოდ დიდი ძალაა. შესაძლებელია, ამას ელოდნენ უკრაინელები.

  • ასევე საუბარია რაკეტებისა და საბრძოლო მასალის მიწოდებაზე. ევროპარლამენტარებმა  დაჩქარებული წესით მხარი დაუჭირეს უკრაინისთვის გადასაცემად საბრძოლო მასალების, რაკეტებისა და მისი კომპონენტების წარმოების გაზრდას. ამ დოკუმენტის მიხედვით, საბრძოლო მასალების წარმოებას დამატებით 500 მილიონი ევროთი დააფინანსებენ.

ეს არის უფრო ხარჯვადი მასალა, რომლის შევსებაც პერიოდულად სჭირდება უკრაინას. უკრაინა ჯერ კიდევ ვერ უტოლდება რუსეთს საარტილერიო თანაფარდობით. რუსები აწარმოებენ საჰაერო დარტყმებს, მათ შორის, საავიაციო ბომბებით და რაკეტებით. ერთდროულად რამდენიმე საშუალება როცა მოფრინავს, ეს ახდენს ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების გადატვირთვას და ძვირფასი რაკეტების გახარჯვას. შესაბამისად, მუდმივად სჭირდება უკრაინას მარაგების შევსება. დასავლეთის მხარდაჭერა არ შეწყვეტილა და იმედია, არც შეწყდება.

  • კიევის სამხედრო ადმინისტრაცია წერს, რომ რუსეთმა შეცვალა უკრაინაზე თავდასხმის ტაქტიკა და ახლა უკვე დღისითაც ახორციელებს სარაკეტო შეტევებს. რის მიღწევას ცდილობს ამით რუსეთი?

ეს უფრო ემსახურება მოსახლეობის გადაღლას, მორალური მდგრადობის შერყევას, ვინაიდან ერთია, როცა არ გძინავს ღამე, ხოლო მეორე, როცა დღისითაც კი მუდმივად საფრთხის ქვეშ ხარ და უნდა ირბინო თავშესაფარში. ძალიან მძიმე სანახავია, როგორ გარბიან საჰაერო განგაშის დროს ბავშვები თავშესაფრებისკენ შუადღისას.

ამჟამად 4 ხომალდიცაა გასული შავ ზღვაში 34 „კალიბრით“. იქიდან როდის ისვრიან, არავინ იცის. რაც არ უნდა ჩამოაგდოს უკრაინას საჰაერო თავდაცვის ძალებმა, გარკვეული რაკეტები მაინც აღწევს მიზანს, ან ნამსხვრევები ცვივა ქალაქში. ნებისმიერ შემთხვევაში განგაში მაინც ცხადდება და ხალხი მაინც გარბის.

  • კონტრშეტევა განიხილება ისევ სამხრეთის მიმართულებაზე? 

კონტრშეტევა უნდა შეძლოს უკრაინამ ზაფხულში, მაქსიმუმ შემოდგომის წვიმების დაწყებამდე. ყველაზე ლოგიკური და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი არის სამხრეთის მიმართულება, თუმცა ვერ ვიტყვი, რას აირჩევენ უკრაინელები. ფაქტია, რომ დარტყმის მთავარი მიმართულება ბელგოროდი და რუსეთის ტერიტორია არ იქნება. რაც არ უნდა რეიდები განახორციელოს იქ უკრაინამ, მთავარი დარტყმა იქ არ იქნება – დასავლეთი ამას ნამდვილად არ მოუწონებს.

არის მოსაზრება, რომ შესაძლოა, უკრაინელებმა ისევ ბახმუტს დაარტყან. ფაქტი ერთია: ფრონტის სამხრეთ მონაკვეთზე რუსეთი გადასულია ყრუ თავდაცვაში – დნეპრის მარცხენა ნაპირზეა გამაგრებული, აღმოსავლეთით კი, არის შემხვედრი ბრძოლები, ასევე ლოკალური შეტევა-კონტრშეტევები. ჯერჯერობით ეს დინამიკაა და ვნახოთ: ყველა ელის კონტრშეტევას. კარგი იქნებოდა, ეს არ განეცხადებინათ დიდი ხნის წინ და ასე არ აეწიათ მოლოდინი.

  • შეუძლიათ მოულოდნელობის ეფექტით იმოქმედონ უკრაინელებმა? 

უკრაინელებს შეუძლიათ ტაქტიკურ დონეზე მოულოდნელობის ეფექტის შექმნა, რაც გულისხმობს დროის და ადგილის შერჩევას, ან რაღაც სამხედრო ფანდი გააკეთონ.

ოპერატიულ და სტრატეგიულ დონეზე აღარ არის შესაძლებელი მოულოდნელობის ეფექტის შექმნა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: