ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ერგე-დოლოგნის მონაკვეთში ცენტრალური გზის შესაკეთებლად 12 მილიონია გამოყოფილი

20.01.2020 • 3630
ერგე-დოლოგნის მონაკვეთში ცენტრალური გზის შესაკეთებლად 12 მილიონია გამოყოფილი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის 13-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას გეგმავს. სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადებულია სავარაუდო ღირებულებით – 12 064 750 ლარი.

გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთი მდებარეობს ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, სოფლების – ერგეს, აჭარისწყალის, დოლოგნის ფარგლებში.

ტენდერის პირობის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაოების დასრულება უზრუნველყოს სამუშაოების დაწყების შესახებ შემსყიდველის წერილობითი დავალების გაცემიდან 18 თვეში. მიმწოდებელს არ აქვს უფლება, სამუშაოები დაიწყოს შემსყიდველის წერილობითი დავალების მიღებამდე.

„საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მონაკვეთზე გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესება, საგზაო სამოსის რეაბილიტაცია, კიუვეტებისა და არსებული ხელოვნური ნაგებობების (მილების, ზედა და ქვედა საყრდენი კედლების) შეკეთება და ახლების მოწყობა, ცალკეულ მონაკვეთებში გზის სავალი ნაწილის გაგანიერება, მიერთებების და ეზოში შესასვლელების ახლიდან მოწყობა, ავტობუსის გასაჩერებელი ჯიბეების მოწყობა და მოსაცდელების შეკეთება, სავალი ნაწილის მონიშვნა, საგზაო ნიშნების და შემოფარგვლის განახლება-შევსება, უზრუნველყოფს ავტომობილების და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო მოძრაობას, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს აქ მცხოვრები ოჯახების საყოფაცხოვრებო პირობებს,“ – აღნიშნულია ტექნიკურ დავალებაში.

„სარეაბილიტაციო მონაკვეთში, სოფ. ერგეს ცენტრიდან დაწყებული გზის მთელ სიგრძეზე, მარცხენა გვერდულში და ნაწილობრივ კიუვეტებში ჩადებულია მაგისტრალური გაზსადენის მილი, ამასთანავე გზის ორივე მხარეს გვერდულებში ჩადებულია ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები, მათი გადატანა ამ ეტაპზე შეუძლებელია. შესაბამისად, სამუშაოები აუცილებლად უნდა შესრულდეს კომუნიკაციების მფლობელთა წარმომადგენლების ზედამხედველობით, შრომის უსაფრთხოების ტექნიკის სრული დაცვით და განსაკუთრებული სიფრთხილით,“ – აღნიშნულია ტენდერში.

ტექნიკურ დავალებაში ასევე აღნიშნულია, რომ „საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს პირდაპირი (უწყვეტი) ვიდეოტრანსლაცია სამშენებლო ობიექტიდან, რაც გულისხმობს სამშენებლო უბნებზე შემსყიდველთან შეთანხმებული რაოდენობისა და ტექნიკური პარამეტრების მქონე ვიდეოსათვალთვალო წერტილ(ებ)ის განთავსებას. სამშენებლო უბნებზე განთავსებული ვიდეოსათვალთვალო მოწყობილობებიდან ვიდეონაკადი უწყვეტად უნდა მიეწოდოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კუთვნილ სერვერს“.

ტენდერში წინადადებების მიღება 2020 წლის 16 თებერვალს დაიწყება და 21 თებერვალს დამთავრდება.

 

მთავარი ფოტო: სარეაბილიტაციო გზის ერთ-ერთი მონაკვეთი / ფოტო ტენდერიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: