მთავარი,სიახლეები

„კმარა ღრიალი. თქვი დრო, ადგილი და შევხვდეთ“ – კადიროველები პრიგოჟინის წინააღმდეგ

02.06.2023 • 16728
„კმარა ღრიალი. თქვი დრო, ადგილი და შევხვდეთ“ – კადიროველები პრიგოჟინის წინააღმდეგ

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ჩეჩნეთიდან, კადიროვის გარემოცვის უახლოესმა წევრმა, ადამ დელიმხანოვმა დაჯგუფება „ვაგნერის“ მფლობელს, ევგენი პრიგოჟინს მოუწოდა შეწყვიტოს „ყვირილი და ყბედობა“ და „დაასახელოს დრო და ადგილი“ შესახვედრად.

დელიმხანოვმა ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა ტელეგრამზე პირველ ივნისს.

იგი ვიდეოში ამბობს, რომ ამ მიმართვით პრიგოჟინს ეხმაურება. იგი შენობით მიმართავს „ვაგნერის“ მფლობელს და მას „ბლოგერს“ უწოდებს.

„ვნახე ევგენი პრიგოჟინის მიმართვა, რომელშიც ის აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რით არის დაკავებული „ახმატი“ და ბუნებრივია, ჟენია, შენ არ გესმის და არც უნდა გესმოდეს, მაგრამ „ახმატი“ ასრულებს იმ ამოცანებს, რომელიც დაყენებულია უმაღლესი მთავარსარდლის მიერ. თუ რაიმე გაუგებარია შენთვის, შეგიძლია ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდე, დათქვა დრო და ადგილი და ჩვენ აგიხსნით, რაც არ გესმის.

მეორე – შენ გახდი უკვე ბლოგერი და მთელი ქვეყნის გასაგონად ყვირი და ღრიალებ, რომ ჩვენ მხოლოდ პრობლემები გვაქვს, არ გვაქვს საბრძოლო მასალა და ასე შემდეგ.

ხალხს უნდა ესმოდეს, რა ძნელი იყო პირველ ხანებში, გოსტომელიდან დაწყებული, მთავარი ამოცანა იყო მარიუპოლი, რთულ დროს საჭირო იყო გადაწყვეტილების მიღება… ჩვენ გადავწყვიტეთ ეს პრობლემა და მთელი ქვეყნის გასაგონად არ ვყვიროდით, რომ რაღაც არ გვყოფნიდა.

გეყო ყვირილი, ღრიალი და ყბედობა, თქვი ადგილი, სად, როდის შევხვდეთ და როგორც რამზან ახმატოვიჩი ამბობდა, ჩვენ პირისპირ ნებისმიერ საკითხს გადავჭრით.

მარინკის მიმართულება ყველაზე რთულია. შენ და ყველამ იცის ეს, მაგრამ ჩვენ შენსავით არ ვყვირით და ვღრიალებთ, რომ „ეს გვაკლია, ის გვაკლია…“ შენ გეძლეოდა უფრო მეტი, ვიდრე ნებისმიერს და ამის მიუხედავად ამდენი მსხვერპლი, ამდენი დაღუპული… ჩვენ ყველამ ვიცით ეს. ამიტომ კმარა ყბედობა, თქვი, სად, რა და შევხვდებით და გადავჭრით ამ საკითხს, თუ რამე შენთვის გაუგებარია“, – ამბობს დელიმხანოვი ვიდეომიმართვაში.

პრიგოჟინს მიმართა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, დაუდოვმაც, რომელმაც პრიგოჟინს მოუწოდა შეხვედროდა „როგორც კაცი კაცს“.

„ჩვენს მებრძოლებსაც ჰქონდათ პრობლემები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მებრძოლმა ამაზე უნდა იყვიროს. შენს განცხადებებში მიანიშნებ, რომ ვიღაცის დახვრეტაა საჭირო. მეორე მსოფლიო ომში ასეთი სიტყვებისთვის მაშინვე კედელთან მიაყენებდნენ“, – თქვა დაუდოვმა.

კადიროვის გარემოცვის განცხადებებს „ვაგნერიდან“ გამოეხმაურა დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი, დმიტრი უტკინი, რუსული სპეცსამსახურების ყოფილი ოფიცერი. მან კადიროვის გარემოცვას ფაქტობრივად შეახსენა, რომ აქვს ჩეჩნებთან ომის გამოცდილება.

„საიდან ასეთი ფამილარობა, ვინ მოგცათ შენობით მიმართვის და „ჟენიას“ დაძახების უფლება? ჩვენ მუდამ მზად ვართ კაცურად დავილაპარაკოთ, მით უფრო, რომ ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს ჩეჩნეთის 1-ელი და მე-2 ომიდან“ – თქვა უტკინმა.

დელიმხანოვის მიმართვას მალევე უპასუხა პრიგოჟინმა. მან თქვა, რომ ვერაფერს ხედავს საკუთარ განცხადებებში სასაყვედუროს და მისი ტელეფონის ნომერი ცნობილია ამ დისკუსიის მონაწილეებისთვის.

ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში რუსული სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ მფლობელის, ევგენი პრიგოჟინის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ვაგნერი“ მზადაა, ბახმუტში პოზიციები გადასცეს ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ძალებს.

რუსული და უკრაინული მედიის ცნობით, კადიროვი შარშან მხარს უჭერდა პრიგოჟინის ირიბ კრიტიკას რუსეთის უმაღლესი სამხედრო ძალების მიმართ, მაგრამ მათი ურთიერთობა ბოლო თვეებში დაიძაბა.

კადიროვი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მოკავშირედ მიიჩნეოდა, კრემლთან დაახლოებულ პირებთან არჩევს ახლოს ყოფნას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: