ბათუმი,მთავარი,სიახლეები

რატომ აკერებენ ასფალტს ახალდაგებულ გზაზე, რაშიც 8,8 მილიონია გადახდილი

04.06.2023 • 3013
რატომ აკერებენ ასფალტს ახალდაგებულ გზაზე, რაშიც 8,8 მილიონია გადახდილი

ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალზე იმ მონაკვეთში, რომლის შეკეთებაც 2022 წლის ბოლოს დასრულდა, ასფალტს აკერებენ. სამუშაოები ამჟამად ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს – სოფელ ერგედან [ე.წ. მახოს ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან], სოფელ დოლოგნამდე მონაკვეთში.

დაახლოებით 13 კილომეტრი გზის შესაკეთებლად საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ტენდერში გამარჯვებულ შპს „სამკუთხედისთვის“ ჯამში 8,8 მილიონი ლარი აქვს გადახდილი. ამაში შედის ის მონაკვეთიც, რომელსაც ახლა ხელახლა არემონტებენ.

„გზის ამ მონაკვეთზე მუშაობდა კომპანია „სამკუთხედი“, რომელმაც სამუშაოები დაასრულა გასული [2022] წლის ბოლოს, თუმცა ხარვეზების გამო ის არ ჩავიბარეთ. კომპანია თავისი ხარჯით ახდენს დაფიქსირებული ხარვეზების გამოსწორებას.“ – მოგვწერეს „ბათუმელებს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან.

„ბათუმელები“ შპს „სამკუთხედსაც“ დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ სამუშაოები დეპარტამენტმა ძირითადად „უმნიშვნელო რაღაცეების გამო“ არ ჩაიბარა და კომპანიას მათი მთლიანად გამოსწორება მოთხოვა ზაფხულისთვის.

„გზა გაკეთდა, ერთი ორმოც არ იყო მთელ პერიმეტრზე, თუმცა, გარკვეული, მაგალითად პატარა ბზარი და რაღაცა შეინიშნებოდა, ესეც იმიტომ, რომ აქ გრუნტი არის სპეციფიკური, რომელიც ზამთარში, ნალექის გამო, ასე ვთქვათ რბილდება. ამას ემატება მძიმე ტვირთიანი მანქანების [კარიერებიდან და სხვა] გადაადგილება, რაც აზიანებს საფარს. თუ დააკვირდებით გზას ვარემონტებთ მთის ფერდის მხარეს, საიდანაც წყალს შედარებით უჭირს გასვლა. მდინარის მხარეს კი, გზაზე არანაირი პრობლემა არაა“ – გვითრეს „სამკუთხედში“.

კომპანიაში ასევე განაცხადეს, რომ, დღეს მიმდინარე სამუშაოები დაახლოებით 10 დღეში დასრულდება და ყველა ხარვეზი, რაზეც მიუთითეს, გამოსწორდება.

ახალდაგებულ გზაზე – ერგედან დოლოგნამდე – ასფალტს აკერებენ / გზების დეპარტამენტის ინფორმაციით ხარვეზებს კომპანია საკუთარი სახსრებით ასწორებს

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის კმ9 – კმ22 მონაკვეთის რეაბილიტაციაზე გზების დეპარტამენტმა ხელშეკრულება „სამკუთხედთან“ 2020 წლის მარტში გააფორმა – 9 651 801 ლარზე.

შესყიდვების პორტალის მიხედვით, კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში 26-ჯერ შევიდა ცვლილება. ამასთან, დღევანდელი მდგომარეობით [2023 წლის 4 ივნისი] „სამკუთხედისთვის“ უკვე გადარიცხულია ჯამში 8 848 736 ლარი [სახელშეკრულებო თანხის 95%].

ახალდაგებულ გზაზე – ერგედან დოლოგნამდე – ასფალტს აკერებენ / გზების დეპარტამენტის ინფორმაციით ხარვეზებს კომპანია საკუთარი სახსრებით ასწორებს / ფოტო: „ბათუმელები“

ამ გზის სარეაბილიტაციოდ გამოცხადებულ ტენდერში 6 კომპანია მონაწილეობდა და ყველაზე დაბალი ფასი „სამკუთხედმა“ დააფიქსირა –  9 651 801 ლარი.

დანარჩენი კომპანიების შეთავაზებული ფასები 9 988 888 ლარიდან იწყებოდა და მაქსიმალური შეთავაზება 12 064 750 ლარი იყო

ახალდაგებულ გზაზე – ერგედან დოლოგნამდე – ასფალტს აკერებენ / გზების დეპარტამენტის ინფორმაციით ხარვეზებს კომპანია საკუთარი სახსრებით ასწორებს

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ტენდერი 2020 წელს 12 064 750 ლარით ჰქონდა გამოცხადებული:

ერგე-დოლოგნის მონაკვეთში ცენტრალური გზის შესაკეთებლად 12 მილიონია გამოყოფილი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: