„პოლიციამ დაარღვია კანონი, ეს საქმე უნდა განიხილოთ კონტექსტში, რატომ გამაჩერეს მეც თითქმის 48 საათი?“ – მიმართა მოსამართლე გულიკო კაჟაშვილს ენმ-ს წევრმა, მირდატ ქამადაძემ. ის 3 ივნისს ბათუმში, ევროპის მოედანზე დააკავეს – მირდატ ქამადაძეს და აქციის სხვა მონაწილეებს ფურცლები ეჭირათ ხელში წარწერით – „ირაყლი“.
შაბათის აქციაზე დაკავებულები: მირდატ ქამადაძე, ლევან გორგილაძე და თაზო მახარაძემ შსს-მ თითქმის მაქსიმალური დროით – 48 საათით გააჩერა წინასწარი დაკავების იზოლატორში. დაკავებული არასრულწლოვნები – ლუკა ნაცვლიშვილი და გიორგი დუმბაძე კი, დაკავებიდან რამდენიმე საათში გაათავისუფლეს.
დაკავებულები სასამართლომ ადმინისტრაციული დაკავებიდან გაათავისუფლა, თუმცა საქმის განხილვა გადაიდო – შსს-ს წარმომადგენელმა სხდომაზე სამხრე კამერის ჩანაწერების ამოღება მოითხოვა. სასამართლო სხდომაზე შსს-ს წარმომადგენლის თქმით, მოწმის სახით დაიკითხება აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი – დავით მაღრაძეც.
„დავით მაღრაძესთან საუბრის შემდეგ დამაკავეს,“ – ამბობს მირდატ ქამადაძე. მის დაკავებამდე პოლიციელებმა ლევან გორგილაძე და თაზო მახარაძე დააკავეს.
„ვკითხე დავით მაღრაძეს, რატომ დააკავეთ, გაგვარკვიეთ-მეთქი, მოძრაობას ვაწესრიგებთ და მოვალო. შემდეგ მოვიდა და მე მას პერსონალურად ვესაუბრე: ხვალ და ზეგ ვინმე დედა მო…მა ნაძირალამ რომ შემაგინოს, უნდა მქონდეს თუ არა თქვენი იმედი-მეთქი. შეიგინეო და დამაკავეს, სულ ეს იყო,“ – აღნიშნა მირდატ ქამადაძემ „ბათუმელებთან“ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.
„რატომ გამოიყენეს 48 საათი, როცა შეეძლოთ მაქსიმუმ 24 საათში მიემართათ სასამართლოსთვის? პოლიციას არ წარმოუდგენია არავითარი მტკიცებულება ან ახსნა-განმარტება: რატომ დასჭირდა დამატებითი ვადა,“ – იკითხა ისევ მირდატ ქამადაძემ სასამართლო სხდომაზე, ვიდრე ის გადაიდებოდა. „ეს არის პირადი შურისძიება – მე დავით მაღრაძე წინა სასამართლო სხდომაზე ტყუილში გამოვიჭირე,“ – უთხრა მოსამართლეს მირდატ ქამადაძემ.
დაკავებული ოპოზიციონერი „24 ოპოზიციონერის საქმეს“ გულისხმობდა, როცა აქციის მონაწილეებს პოლიციამ კარვები ჩამოართვა და დააკავა. ამ საქმეზე სასამართლოს ჩვენება დავით მაღრაძემ მისცა. ამ პროცესიდან პოლიციის უფროსი მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ გააპარა.
——————-
ბოლო წლებში აქციის მონაწილეებს, რომლებსაც ადმინისტრაციული წესით აკავებენ წვრილმანი ხულიგნობის ან პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლით, თითქმის 48 საათს აჩერებენ წინასწარი დაკავების იზოლატორში. კანონით სამართალდამცველმა უნდა განმარტოს, რატომ აყოვნებს ადმინისტრაციული წესით დაკავებულს 24 საათი და რა დასაბუთებით ითხოვს დაკავების ვადის გაორმაგებას.
უკანონოდ დაკავების საქმეების განხილვას კი, სასამართლო აჭიანურებს, ან თუ განიხილავს, მხოლოდ მინიმალური ჯარიმით შემოიფარგლება – მაგალითად, „ირაკლი კიკილაშვილის საქმეზე“ სასამართლომ დაადასტურა უკანონო დაკავება, თუმცა შსს მხოლოდ 100 ლარით დაჯარიმდა.