ბათუმი,მთავარი,სიახლეები

932 ათასი ლარი ფრინველებზე სათვალთვალო კოშკის ასაშენებლად ქობულეთში

05.06.2023
932 ათასი ლარი ფრინველებზე სათვალთვალო კოშკის ასაშენებლად ქობულეთში

ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე, ისპანის ტორფნარზე, ფრინველებზე დაკვირვების სათვალთვალო კოშკის მშენებლობა იგეგმება. მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ გამოაცხადა 932 ათას 940 ლარით.

სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წელს მომზადდა პროექტი, რომელიც ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე ითვალისწინებს გარემოსთან ადაპტირებული საფეხმავლო ბილიკების, გადმოსახედი კოშკურის, მოსასვენებელი კოტეჯის, ავტოპარკინგისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობას.

„შემუშავებული სრული პროექტიდან სააგენტო გეგმავს მხოლოდ გადამფრენი ფრინველების სათვალთვალო კოშკის მშენებლობას. სრული პროექტი გამარჯვებულს გადაეცემა ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ“, – აღნიშნულია ტენდერში.

პროექტის მიხედვით, „ნაგებობის მზიდი კონსტრუქცია დაპროექტებულია კომბინირებულად, კერძოდ კოშკის საძირკველი დაპროექტებულია რკინაბეტონით, ხოლო კოშკის მიწისზედა ნაწილი გადაწყვეტილია ლითონის კონსტრუქციებში.“

ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 18 ივნისს დაიწყება და 23 ივნისს დასრულდება. ტენდერში გამარჯვებულმა კი კოშკის მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმების დღიდან 2024 წლის 20 ნოემბრამდე უნდა დაასრულოს.

სპეციალისტების თქმით, შავი ზღვის სანაპირო „აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფნის“ სახელითაა ცნობილი, სადაც ყოველწლიურად 1 მილიონზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი აღირიცხება. აჭარაში ყოველწლიურად იმართება გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი.

„ქობულეთის დაცული ტერიტორია, ისპანის ტორფნარი, სახელმწიფო ნაკრძალია, რომელიც ამავდროულად საერთაშორისო მნიშვნელობისაა და წარმოადგენს მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს ტორფნარს ბიომრავალფეროვნების კუთხით.

ისპანის ტორფნარები ზღვის სანაპიროდან სულ რაღაც 500 მეტრში მდებარეობს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ტურისტების მოზიდვისათვის, ასევე მომიჯნავე ტერიტორიების მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.“ – აღნიშნულია სატენდერო განაცხადში.

ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, „ქობულეთის დაცული ტერიტორია, რომლის ფართობის 770 ჰექტარია, ორ მთავარ ზონას მოიცავს: ისპანი 2 – სფაგნუმიან ტორფნარს, ანუ სახელმწიფო ნაკრძალს და ისპანი 1 ტორფნარი – აღკვეთილი.

სწორედ ისპანი 2 ნაკრძალი წარმოადგენს იუნესკოს ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ლოკაციას, ხოლო ისპანი 1 ბუფერულ ზონად განიხილება, სადაც შესაძლებელია ვიზიტორების მოზიდვა და ინფრატრუქტურული განვითარება, რომლის ფართობის დაახლოებით 1 ჰექტარია. ბუფერულ ზონად განიხილება ასევე ისპანი 2 ტორფნარის განაპირა ტყის ვიწრო ზოლი.“

მტირალას ეროვნულ პარკს, კოლხეთის ეროვნულ პარკს, ასევე კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს, 2021 წელს UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.

ამავე თემაზე:

მსგავსი ტყეები და ტორფნარები მსოფლიოში არ არის – UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრების სტატუსი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: