ქედაში გაზაფხულის ბოლოსა და ზაფხულის დამდეგს თუ მოხვდებით, ათასნაირ სურნელით გაბრუებულს, ვარდებით მოქარგული ეზოებიდან გაგიჭირდებათ თავის დაღწევა.
ერთ-ერთ ასეთი ეზოდან შეგვიძღვა საკუთარ სახლსა და სახელოსნოში 83 წლის გივი მგელაძე, რომელიც ცოლთან ერთად ცხოვრობს, კალათებს ქსოვს და ბოსტანსაც უვლის.
„დავიბადე 1941 წლის 10 იანვარს. დავამთავრე დანდალოს 8-წლიანი და შემდეგ გოგეშვილების საშუალო სკოლა, წარჩინებულად, მხოლოდ ერთი 4-იანი მყავდა ალგებრაში. ჩემი მშობლები მაშინ მოხუცები იყვნენ, ძმა ავად მყავდა, ასე რომ სწავლა ვერ გავაგრძელე.
21 წლის ასაკში დავქორწინდი. მაშინ სხვანაირი დრო იყო, ცოლი გარიგებით შევირთე, აქვე მეზობლად ცხოვრობდა. მაჭანკალს მიუგზავნიდი გოგოს მხარეს, მოეწონებოდა ბიჭი, ოჯახი, გამოგატანდნენ გოგოს ცოლად. ერთი, ორი სამი, ოთხი, ხუთი ბავშვი შემეძინა. მაშინ გაჭირვება იყო, მაგრამ საშუალოდ ვცხოვრობდით. შვილებმა მიიღეს საშუალო განათლება, ახლა ყველა კარგადაა, მეხმარებიან მეც.
მამაჩემი ქსოვდა ადრე გოდრებს თხილისგან და მან მასწავლა მეც. კალათებს ძირითადად ვცვლი მეზობლებთან; მაგალითად, ვინმეს თუ მარწყვი აქვს, მე კალათს ვუკეთებ, ის მარწყვს მაძლევს, ან ვინმეს თუ ტრაქტორი ჰყავს, უფასოდ მასარგებლებს და ასე შემდეგ.
1960 წლიდან სოფელში ფოსტალიონად დავიწყე მუშაობა და 200 კომლს ვემსახურებოდი. კოლმეურნეობა იყო მცირეშემოსავლიანი. თვეში დაახლოებით 3 მანათი გამომდიოდა თავიდან. შემდეგ გაიზარდა ხელფასი. ჩვენი სოფლიდან 3-4 ოჯახი გადაასახლეს საბჭოთა კავშირის დროს, სამწუხაროდ, ისინი უკან ვეღარ დაბრუნდნენ“ – გვიყვება გივი მგელაძე.
„თუ ხელი გააქანე, სოფელშიც ნახავ ფულს. ადრე თამბაქოს კარგი ფასი ჰქონდა. 80 ლარი ღირდა კილო. მე თამბაქოს მოყვანა არ შემიძლია, მუშახელი არ მყავს. თუმცა მომყავს ბოსტნეული: მწვანილი, ჭარხალი, კიტრი, პომიდორი, ლობიო. ასევე, 70 ძირი ცოლიკაური მაქვს.
სიბერე კარგია, მაგრამ შერგებული სიბერე უნდა გქონდეს. სიმწარე არ უნდა ნახო. მე 2008 წელს შვილი ავტოავარიაში დამეღუპა. მაშინ დიდი ტრავმა განვიცადე და ძალიან იმოქმედა ჩემზე, მაგრამ მისგან შვილიშვილები დამრჩა და კმაყოფილი ვარ მათით”.
დანდალოს პირველი საჯარო სკოლიდან მოსწავლეები: მართა, ნინი და ლიზი გადაღებაზე გამოგვყვნენ, მოგვატარეს სოფლის მნიშვნელოვანი ადგილები, მათ შორის: ჩანჩქერი, ლაზური სახლები და სკოლა.
დანდალოს ჩანჩქერისკენ მიმავალი გზა კი არის “ვარდებით მოფენილი”, მაგრამ გვარიანი ვარჯიშიც გამოგივათ კიბის საფეხურების გავლისას. თუმცა ნანახი ნამდვილად ღირს ოფლისღვრად.
დანდალოს თემში, სოფელ ტაკიძეებში ნახავთ ლაზურ სახლებსაც. მათ შორის ერთ-ერთია საუკუნეზე მეტი ხნის ლაზური “დოლმიანი” სახლი, იგივე „ფახვერკი“. სახლი ბადისებური ხის კონსტრუქციითაა დაფარული, რომელშიც ქვის კუბებია ჩალაგებული. ასეთი არქიტექტურა შენობაში თბოიზოლაციასაც ქმნის და ვიზუალურადაც შთამბეჭდავია.
ნახეთ, მოკლე ვიდეო Batumelebi.ge-ს იუთუბის არხზე: