ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

რას ცვლის ახალი რეგულაციები ანუ მეთამბაქოების 2000 ლარით დაჯარიმება

20.02.2020 • 4390
რას ცვლის ახალი რეგულაციები ანუ მეთამბაქოების 2000 ლარით დაჯარიმება

ადგილობრივ თამბაქოზე რეგულაციების ამოქმედების შემთხვევაში, გლეხი თამბაქოს ვეღარ გაყიდის და ვალდებული იქნება მხოლოდ მეწარმეს ჩააბაროს. ასეთი მეწარმე კი, რომელსაც აქვს უფლება კანონიერად შეიძინოს თამბაქო, ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ ერთია. ამის მიუხედავად, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები უკვე მივიდნენ მეთამბაქოებთან და გააფრთხილეს, რომ თუ აქციზის გარეშე ვაჭრობას გააგრძელებენ, თამბაქოსაც ჩამოართმევენ და 2000 ლარითაც დააჯარიმებენ. ახალი რეგულაციებით შეთავაზებული ფასი მეთამბაქოებისთვის გაკოტრების ტოლფასია.

მოვაჭრეები, რომლებიც თამბაქოზე მუშაობენ, აცხადებენ, რომ ადგილობრივი თამბაქოს შესყიდვით ჯერ არავინ დაინტერესებულა. შესაბამისად, ახალი რეგულაციები გლეხს აიძულებს, ამ კულტურის მოყვანაზე უარი თქვას, რადგან უფასოდ მოუწევთ შრომა. არსებობს სხვა გზაც – შავი ბაზარი.

თუ თამბაქოს დღევანდელი მოვაჭრეები რეგულაციებს დაიცავენ, გასაყიდი თამბაქო მომხმარებლისთვის დაახლოებით 150 პროცენტით გაძვირდება. მოვაჭრეების თქმით კი, ამ ფასად თამბაქოს არავინ იყიდის.

„რეგულაციების შემოღება იმისთვის სჭირდებათ, რომ თამბაქოს წარმოება ერთ კომპანიას ჩაუგდონ ხელში. აქციზი რომც გინდოდეს, არ გაძლევენ. რომც მოგვცენ და რეგულაციების მიხედვით ვივაჭროთ, 1 კგ თამბაქო, რომელსაც გლეხისგან, მაგალითად, 40 ლარად ვიბარებ და 60 ლარად ვყიდი, 150 ლარად უნდა გავყიდო – ყველა ხარჯი რომ დავფარო და 20-30 ლარი მაინც დამრჩეს. ისედაც, მთელი დღის განმავლობაში 2, მაქსიმუმ 3 კილოგრამ თუთუნს ვყიდი… თუმცა, ამ ფასად არ მგონია თამბაქო იყიდონ, ამიტომ მომიწევს ვაჭრობას თავი დავანებო. ჩვენი გლეხიც წაგებული რჩება, მას 1 კილოგრამ თამბაქოში 40 ლარს არც ერთი კომპანია არ გადაუხდის“, – ამბობს „ბათუმელებთან“ დავით ქამადაძე, რომელიც ადგილობრივი წარმოების თამბაქოთი ბათუმში ვაჭრობს.

ადგილობრივ თამბაქოსთან მიმართებაში რეგულაციები ჯერჯერობით ქაღალდზე რჩება და მოვაჭრეები თამბაქოს კვლავ აქციზის გადასახადისა და დაფასოების გარეშე ყიდიან.

დაუფასოებელი და უაქციზო თამბაქოს [მათ შორის ადგილობრივის] გაყიდვა კი, საქართველოში 2019 წლის ნოემბრიდან აკრძალულია და ამ მხრივ, საკანონმდებლო დონეზე, დღემდე არაფერი შეცვლილა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, გლეხს შეუძლია თამბაქოს მოყვანა, პირველადი დამუშავება, დაჭრა [რაც არ ეთვლება სამეწარმეო საქმიანობად], მაგრამ, ბაზარზე გაყიდვა – არა. დაფასოებისა და აქციზის გადასახადის გარეშე გლეხს უფლება აქვს თამბაქო მიყიდოს მხოლოდ იმ მწარმოებელს, რომელიც შეყვანილია თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელ პირთა ელექტრონულ რეესტრში, რომელსაც შემოსავლების სამსახური აწარმოებს.

2020 წლის 20 თებერვლის მდგომარეობით, აღნიშნულ რეესტრში მხოლოდ ერთი კომპანიაა – შპს „კახაძე თამბაქო კომპანი“, რომელიც თბილისში 2017 წელსაა დაფუძნებული.

კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მათ აქვთ საკუთარი თამბაქოს პლანტაციები [ძირითადად, იმერეთში], თუმცა, თამბაქოს გარკვეული რაოდენობა აჭარიდანაც გააქვთ.

„ჩვენ ადგილზე ჩამოვდივართ აჭარაში და სოფლებში ვყიდულობთ იმ რაოდენობის და ხარისხის ნედლეულს – თამბაქოს, რაც გვჭირდება. აჭარაში 1 კილოგრამ თამბაქოს საშუალოდ 20 ლარად ვყიდულობთ [გააჩნია ხარისხს]. შემდეგ ეს თამბაქო ერევა სხვა თამბაქოს, გადის შესაბამის პროცედურებს, რაც რეგულაციებითაა განსაზღვრული და გაგვაქვს ქსელში სარეალიზაციოდ. ახალმა რეგულაციებმა თამბაქოს ფასი მნიშვნელოვნად გაზარდა. ჩვენ ვცდილობთ დაბალი ფასები შევინარჩუნოთ. ამ რეგულაციების ამოქმედებით ჩვენს მიერ დაფასოებული 50 გრამი თამბაქო 1,5 ლარით გაძვირდა და ქსელში 8,5 ლარად ვაბარებთ“, – გვითხრეს კომპანიაში.

ბათუმში თამბაქოთი მოვაჭრეების თქმით, ადგილობრივი თამბაქოს [ოღონდ დაჭრილის] ჩაბარება, კილოგრამის 15 ლარიდან იწყება და 30-50 ლარამდე ადის; დაპრესილი თამბაქოს ჩაბარების ფასი კი 60 ლარამდეა.

რაც შეეხება გაყიდვას, ადგილობრივ თამბაქოს, რომელიც მოვაჭრემ კილოგრამი 40 ლარად ჩაიბარა, 100 გრამს 5-6 ლარად ყიდის [ანუ, კილოგრამს მაქსიმუმ 60 ლარად].

ბათუმში, თამბაქოთი მოვაჭრეებმა, მორიგი აქცია 18 თებერვალს გამართეს. მათი თქმით, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ისინი გააფრთხილა, რომ „თუ არ დააფასოებენ თამბაქოს და აქციზის გადასახადს არ გადაიხდიან, თამბაქოს ჩამოართმევენ და 2 ათასი ლარით დააჯარიმებენ“.

შემოსავლების სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა მოვაჭრეები მხოლოდ გააფრთხილეს, რომ მათი საქმიანობა კანონთან შესაბამისობაში მოიყვანონ. ამავე სამსახურის ინფორმაციით, რეესტრში დასარეგისტრირებლად ბათუმში დღემდე არც ერთ მეწარმეს არ მიუმართავს.

მეთამბაქოების თქმით, მათ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გასულ წელს დაჰპირდა, რომ ადგილობრივ თამბაქოს რეგულაციები არ შეეხებოდა. მეთამბაქოეები ამბობენ, რომ შემოსავლების სამსახურის გაფრთხილებაზე დამორჩილებას არ აპირებენ და ფართომასშტაბიან აქციებს დაიწყებენ.

„დღეს [19 თებერვალს] ჩვეულებრივად ვმუშაობთ… გუშინ მთავრობის სახლთან მივედით და იქ გვითხრეს, გააგრძელეთ მუშაობაო“, – გვითხრა ერთ-ერთმა მოვაჭრემ.

დააყენა თუ არა აჭარის მთავრობამ შუამდგომლობა და რომელ სახელმწიფო უწყებაში, რათა არ შეეხოს რეგულაციები ადგილობრივ თამბაქოს? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ მთავრობას 18 თებერვალს.

„ეს საკითხი ჩვენი პრეროგატივა არ არის, რაც შეეხება შუამავლობას, ამ თემასთან დაკავშირებით ჩამოყალიბდება მთავრობის პასუხი და მოგაწვდით“, – გვითხრეს მთავრობის პრესსამსახურში. მათგან პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია.

კანონით, გლეხისგან დაუფასოებელი თამბაქო უაქციზოდ რომ ჩაიბაროს, პირი უნდა იყოს დარეგისტრირებული თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელ პირთა ელექტრონულ რეესტრში. თამბაქოს მიღების შემდეგ კი, მოქმედი რეგულაციით, ამ პირმა თამბაქო უნდა დააფასოოს, აქციზის გადასახადიც გადაიხადოს [გაითვალისწინოს კიდევ სხვა რეგულაციები] და მხოლოდ ამის შემდეგ აქვს გაყიდვის უფლება. მეთამბაქოები სწორედ ამ რეგულაციის გაუქმებას ითხოვენ ადგილობრივ თამბაქოზე.

ადგილობრივ თამბაქოზე ახალი რეგულაციის მოსალოდნელი შედეგები / ია ფრანგიშვილის ინფოგრაფიკა

დაუფასოებელი და მარკირების გარეშე თამბაქოს რეალიზაცია საქართველოში 2019 წლის 21 ნოემბრიდან აიკრძალა.

კანონით, დაფასოების გარეშე თამბაქოს მიწოდება [გაყიდვა] გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას პირველ ჯერზე – 2000 ლარის, ხოლო განმეორებისას – 4000 ლარის ოდენობით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 26 ნოემბრის ბრძანებით:

  • თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელ პირთა ელექტრონულ რეესტრში ინფორმაციის ასახვის მიზნით, თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელი განცხადებით შემოსავლების სამსახურს მიმართავს;
  • შემოსავლების სამსახური განცხადების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელ პირთა ელექტრონულ რეესტრში შეტანას.
  • იმ შემთხვევაში, თუ განცხადება არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, შემოსავლების სამსახური პირს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 10 კალენდარულ დღეს… თუ აღნიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა აღმოფხვრილი, შემოსავლების სამსახური იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

ამ თემაზე:

მწეველები ფილტრიანი სიგარეტიდან გასახვევ თუთუნზე გადადიან – რატომ არის თუთუნი იაფი 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: