ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესიული მომზადების ცენტრმა, ევროკავშირის მხარდაჭერით, 2023 წლის 4 ივნისს პროფესიული სასწავლებლების სტუდენტური ფესტივალი ჩაატარა.
ფესტივალში მონაწილეობდა საქართველოს მასშტაბით არსებული სხვადასხვა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, ასევე, მონაწილეობდნენ ესტონეთის „ვალგას“ პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები.
ფესტივალზე დასწრება შეეძლოთ როგორც ახალგაზრდებს, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს.
პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებმა სხვადასხვა ინტერაქციულ ფორმატში ფესტივალზე წარმოადგინეს დეტალური ინფორმაცია მათი პროგრამებისა და სასწავლო კურსების შესახებ.
საზღვაო აკადემიის რექტორის, მურთაზ დევაძის განცხადებით, მსგავსი ფესტივალი საქართველოში პირველად ჩატარდა.
ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც სწორედ პროფესიული განათლების პოპულარიზაცია იყო. აქ ისაუბრეს იმაზეც, რომ მიუხედავად უმუშევრობის მაღალი დონისა, საქართველოში პროფესიული განათლება მაინც არ სარგებლობს პოპულარობით.
„პროფესიული განათლება ხელს უწყობს მოსწავლეებს, რომ გაიზარდონ პროფესიულად, ამასთან, მიიღონ კარიერული წინსვლა. მეც სტუდენტი გახლავართ პროფესიული სასწავლებლის, ვსწავლობ ლოჯისტიკის ოპერირების პროგრამაზე. გაცვლითი პროგრამით ვიყავით უცხოეთში, ესტონეთში, სადაც მივიღეთ საკმაოდ კარგი გამოცდილება, დავესწარით ტრენინგებს და გავეცანით სწავლების ევროპულ მოდელებს“, – აღნიშნა ნინი ანანიძემ.
„ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესიული მომზადების ცენტრის ინიციატივით, გადავწყვიტეთ პროფესიული სასწავლებლების სტუდენტური ფესტივალი ჩაგვეტარებინა. ფესტივალზე მოწვეულნი იყვნენ მთელი საქართველოს მასშტაბით პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები, რომლებიც აწყობენ გამოფენებს თავიანთი შესაძლებლობების, თავიანთი სპეციალობების შესახებ.
ჩაფიქრებული გვაქვს, ფესტივალის ჩატარების ესტაფეტა ლოტოტრონის საშუალებით სხვა რეგიონს გადაეცეს და გაგრძელდეს, ანუ სხვაგან ჩავატაროთ ეს ფესტივალი. შესაბამისად, უკვე იმ რეგიონის საშუალებებით მთელი საქართველოს მასშტაბით გაიგებენ ახალგაზრდები, თუ რა საშუალებები არის პროფესიულ განათლებაში“, – აღნიშნა გოჩა გოგიტიძემ, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესიული მომზადების ცენტრის უფროსმა.
ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის დირექტორი, მადონა მიქელაძე კი მიიჩნევს, რომ პროფესიული სასწავლებლების სტუდენტურ ფესტივალს განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობა აქვს: „პროფესიული განათლება უფრო მეტად პოპულარული უნდა იყოს ქვეყანაში. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დღევანდელი დღე კარგ შედეგს გამოიღებს – ძალიან ბევრი ადამიანი სწორ არჩევანს გააკეთებს პროფესიაში, სწორი არჩევანი კი წარმატების მთავარი პირობაა.“
საზღვაო აკადემიის ღონისძიებების მართვისა და სტუდენტური სერვისების დეპარტამენტის სპორტის მიმართულების კოორდინატორის, არჩილ ართმელაძის თქმით, ფესტივალის ჩატარება 2 თვის წინ დაგეგმეს იმ მიზნით, რომ ის იქნებოდა კარგი საშუალება სტუდენტებისა და სახვა დაინტერესებული პირებისთვის, რათა უფრო ახლოს გაეცნოთ პროფესიული სასწავლებლები, მათი პროგრამები.
„ამავდროულად დავამატეთ სტუდენტური ცხოვრება, კალათბურთი, ფეხბურთი, მუსიკალური ბენდი, ცეკვა… სტუდენტებისთვის განათლების მიღმა არის სტუდენტური ცხოვრებაც, სტუდენტური სერვისები და ეს ყველაფერი მინდოდა უფრო მრავალფეროვანი ყოფილიყო და უფრო კარგად მიმეწოდებინა სტუდენტებისთვის, სასწავლებლებისთვის“, – აღნიშნა არჩილ ართმელაძემ.
არჩილ ართმელაძე ფიქრობს, რომ „მომავალში უფრო მეტი სასწავლებელი დაემატება, უფრო მეტი აქტივობები იქნება. წელს კი იყო საპილოტე რეჟიმი. წელს გავაცანით სასწავლებლებს ეს ყველაფერი და მომავლიდან უფრო მეტად დახვეწილი და უფრო მრავალფეროვანი იქნება“.
ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების პროექტის [ლინქსი] კოორდინატორის, ქეთი ადეიშვილის თქმით, პროექტი „ლინქსი ევროკავშირის“ მხარდაჭერით ხორციელდება, ფონდების – „გაეროს ასოციაციისა“ და „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით.
აჭარაში პროექტის პარტნიორი ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლია“.
„ლინქსის პროექტი ოთხ პროფესიულ სასწავლებელთან თანამშრომლობს აჭარაში. ერთ-ერთი გახლავთ ბათუმის საზღვაო აკადემიის პროფესიული სასწავლებელი და მათთან თანამშრომლობით ჩატარდა სტუდენტური ფესტივალი.
ფესტივალზე ასევე გაიმართა პროექტის პრეზენტაცია. ეს იყო შედეგების პრეზენტაცია, სადაც უშუალოდ ვისაუბრეთ, ბოლო სამი წლის განმავლობაში ლინქსის პროექტმა რა გააკეთა აჭარის რეგიონში და რა შედეგები დაიდო“, – აღნიშნა ქეთი ადეიშვილმა.
ფესტივალზე ასევე გაიმართა სპორტული ღონისძიებები, ხოლო აქტივობების დასრულების შემდეგ ლოტოტრონით გამოავლინეს სასწავლებელი, რომელიც მომავალში ფესტივალს უმასპინძლებს.
2024 წელს ფესტივალის მასპინძელი მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმი იქნება.
_______