განათლება,მთავარი,სიახლეები

რუსებს ქართულად ველაპარაკები – ვინ არის ლუკა, რომელმაც სკოლაში რუსული დროშა ჩამოხია

01.10.2022 • 14204
რუსებს ქართულად ველაპარაკები – ვინ არის ლუკა, რომელმაც სკოლაში რუსული დროშა ჩამოხია

ბათუმის მეშვიდე სკოლის მოსწავლე ლუკა ნაცვლიშვილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, როცა სკოლის ფოიეში განთავსებული სტენდიდან ჯერ რუსეთის, ხოლო შემდეგ აფხაზეთის დროშა ჩამოხია. ლუკა ამბობს, რომ ალბათ პროტესტის გამოხატვა სხვა ფორმითაც შეიძლებოდა, თუმცა იმ დროს და იმ მომენტში, მისი რეაქცია შესაბამისი იყო და გააზრებული ჰქონდა შედეგიც. „ბათუმელები“ მას ამ და სხვა საკითხებზე ესაუბრა.

  • ლუკა, მოგვიყევი თქვენს შესახებ უფრო მეტი, ეს იყო პირველი პროტესტი თქვენს ცხოვრებაში თუ სხვა დროსაც აქტიურად გამოხატავთ ხოლმე რეაქციებს სხვადასხვა თემაზე?

მე ვარ ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონის“ ერთ-ერთ დამფუძნებელი. ალბათ გახსოვთ, ჩაქვში ერთ-ერთ სახლზე რუსეთის დროშა რომ იყო გამოკიდული, ის დროშაც ჩვენი მოძრაობის წევრებმა ჩამოხსნეს, რადგან მიგვაჩნია, რომ ოკუპანტის დროშა ჩვენს ქვეყანაში არ უნდა ფრიალებდეს.

ჩვენ მოძრაობაში სხვადასხვა ასაკის თანამოაზრეები ვართ გაერთიანებული, თუმცა ძირითადად არასრულწლოვანები ვართ. ფეისბუკზეც აქტიურები ვართ და უკვე 10 ათასამდე გამომწერი გვყავს.

  • რატომ დააფუძნეთ ეს მოძრაობა, უკრაინის ომს უკავშირდება თუ რა იყო მიზეზი?

მე და ჩემი ბავშვობის მეგობარმა ზვიად ცეცხლაძემ დავიწყეთ ამ მოძრაობის შექმნაზე მსჯელობა უფრო ადრე, შემდეგ კი, როცა უკრაინაში ომი დაიწყო, უკრაინის მხარდამჭერ აქტივობებშიც ჩავერთეთ და ჩამოვაყალიბეთ „დაფიონი“.

მსვლელობებსაც ვაწყობდით ქალაქში და მხარდამჭერი აქციების დროს, სიტყვითაც გამოვსულვართ. ვაპირებთ მომავალშიც აქტიურად გამოვხატოთ ჩვენი სამოქალაქო პოზიცია მნიშვნელოვან საკითხებზე.

გვინდა ახალგაზრდობაც ჩავრთოთ, რომ გავაღვიძოთ ერთსულოვნება.

  • ახალგაზრდებს, განსაკუთრებით კი სტუდენტებს საყვედურობენ ხოლმე, თუკი ისინი ქვეყნისთვის აქტუალურ საკითხებზე ჩუმად არიან. მოსწავლეების როლს რაში ხედავთ?

ამ ქვეყნის მომავალი, ჩვენ, ახალი თაობა ვართ და ვფიქრობ მნიშვნელოვანია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ჩვენი ქვეყნის კარგად ყოფნაში.

  • სკოლაში მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე თუ გესაუბრებიან, როგორ გასწავლიან ოკუპაციის თემას, როგორ გიხსნიან მიმდინარე ამბებს?

სკოლაში, პირველ რიგში, ბავშვი ადამიანად უნდა გაიზარდოს, ისწავლოს ქვეყნის სიყვარული, რადგან სადაც არ უნდა წავიდეთ, ჩვენ საბოლოოდ მაინც ქართველებად დავრჩებით.

ამიტომ, ჩემი აზრით, ახალგაზრდობამაც უნდა იცოდეს, რომ რუსეთი ოკუპანტია და ამას უნდა აღიარებდეს. ფაქტია, რომ გვებრძვის წლებია.

ისტორიის მასწავლებელი ძალიან კარგი მყავს, ძალიან მიყვარს და საგანიც შემაყვარა. გვასწავლის რა იყო ადრე და რა ხდება ახლა. იმასაც გვეუბნება, რომ არასდროს დავივიწყოთ სამშობლო და არ დავკარგოთ მისდამი სიყვარული. ამ ყველაფერს ძალიან ვაფასებ.

  • დროშის ჩამოხევაზე რა რეაქცია ჰქონდა, გითხრათ რამე?

მას შემდეგ არ მინახავს. არ მივსულვარ სკოლაში.

  • როგორ მოხდა ეს ამბავი, შეგიძლიათ გაიხსენოთ?

პირველი კვირა ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა და არ მივსულვარ სკოლაში. როცა მივედი, თვალში მომხვდა ეს სტენდი, განსაკუთრებით კი რუსეთის დროშა. პირველი რეაქცია იყო ის, რომ ხელი მოვკიდე და ჩამოხევა ვცადე. ძალიან მაგრად იყო მიმაგრებული, ამიტომ დრო დამჭირდა. სტენდზე აფხაზეთის დროშაც შევნიშნე, მაგრამ ზარი დაირეკა და კლასში ავედი.

კლასში ჩემთან ერთად სხვებმაც გამოხატეს პროტესტი იმაზე, თუ რატომ იყო აფხაზეთის დროშა სტენდზე, რადგან მსგავსი რამ საქართველოში არ უნდა ხდებოდეს.

გვითხრეს, არ შეგვიმჩნევია და შეგიძლიათ ჩამოხსნათო. დასვენებაზე ჩავედით კლასელები და ერთად გავაკეთეთ ეს, ჩამოვაგდეთ აფხაზეთის დროშაც.

  • შემდეგ რა მოხდა, თუკი ეს ყველამ ერთად გააკეთეთ?

შემდეგ დაიწყო იმაზე საუბარი, რომ მე სკოლის ინვენტარი დავაზიანე. რადგან რუსეთის დროშა მე ჩამოვხიე პირველად. დირექტორმა თქვა, ჩვენ ტოლერანტები ვართ, რუსი მოსწავლეები სწავლობენ ჩვენთან და რაც შენ გააკეთე, არ არის სწორიო.

  • თქვენ რას ფიქრობთ ტოლერანტობაზე?

მაინც და მაინც რუსების მიმართ ვერ ვიქნები ტოლერანტული. მაგრამ პირადად ბავშვებს მე არაფერს ვერჩი, თუ ისინი პატივს სცემენ ჩვენს კანონებს და სახელმწიფოს, არ არის პრობლემა.

  • დირექტორმა როცა თქვა რომ აგრესიული ხარ, ამას გულისხმობდა თუ სხვა რამეს?

არ ვიცი საიდან გამომდინარე დაასკვნა ეს დირექტორმა, რადგან ჩემს სკოლაში არასდროს გამომივლენია არავის მიმართ აგრესია. ეროვნების გამო არავის არ მიუვარდები და არ გამოვთხრი თვალებს, როგორც ეს ყოფილმა დირექტორმა თქვა ჩემზე.

  • საქართველოში რუსეთის ბევრი მოქალაქეა, თუ ესაუბრებით მათ რუსულად?

არა. ყოველთვის ქართულად ველაპარაკები, რადგან არ ვთვლი, რომ ვალდებული ვარ მათ რუსულად ვესაუბრო. ვფიქრობ, მათ უნდა ისწავლონ ქართული. მაქსიმუმ, რასაც ვაკეთებ არის ის, რომ ინგლისურად ვპასუხობ.

ახლახან ერთ-ერთ კომპანიაში ვმუშაობდი და როცა მოდიოდნენ რუსი სტუმრები, საერთოდ რომ არ სცოდნოდათ ინგლისური, მაინც ინგლისურად ველაპარაკებოდი. ასეთი იყო მენეჯმენტის გადაწყვეტილება და ეს ძალიან კარგია, ასეც უნდა ხდებოდეს.

  • სოციალურ ქსელში ბევრი გამოხმაურება ჰქონდა თქვენი სკოლის ამბებს, ერთი ნაწილი ამბობდა, რომ „ჩამოხევა“ არის სხვისი ქონების დაზიანება, სხვის სახლზე დროშის ჩამოხსნაზეც ამბობდნენ, რომ ესეც სხვისი ქონების დაზიანებაა. რას ფიქრობ, იყო თუ არა შესაძლებელი პროტესტის სხვა ფორმის გამოყენება?

შეიძლება სხვანაირადაც გამეკეთებინა, მაგრამ იმ მომენტში, როცა რუსული დროშა დავინახე, ასეთი იყო ჩემი რეაქცია და ასე ვიმოქმედე. თუმცა გააზრებულად ვაკეთებდი და ვიცოდი, რაც მოჰყვებოდა.

  • თქვენი თანაკლასელებიც თქვენ მსგავსად ფიქრობენ?

თანაკლასელები გვერდში მიდგანან და ძალიან ვაფასებ ამას, მანდატურებიც ჩემ პოზიციაზე არიან, თუმცა მასწავლებლების აზრი ჯერ არ მომისმენია.

  • ფიქრობთ, რომ დირექტორის გათავისუფლება სამართლიანი იყო?

როცა დირექტორს ასეთი რამ გამოეპარება, ეს პრობლემაა. მას არ უნდა ეშლებოდეს ასეთი რამ. როცა სკოლას მართავ, სულ ცოტა ის მაინც უნდა იცოდე, რა მასალა შემოდის სკოლაში, რაში იხდი ფულს და რა ხდება შენს სკოლაში ზოგადად. ვფიქრობ, პასუხისმგებლობა ეკისრება.

  • თქვენი აქტივისტები ხომ არ დაინტერესებულან იმ სტამბით, სადაც ეს სტენდი დაიბეჭდა?

დღემდე ვცდილობთ რომ გავარკვიოთ კომპანია, მაგრამ არ გვეუბნებიან. ვფიქრობ, ესეც პრობლემაა, რომ ვიღაცამ სტამბაში აფხაზეთის, [როგორც სახელმწიფოს] დროშა დახატა სტენდზე.

  • კიდევ რა თემებია თქვენი თანამოაზრეებისთვის აქტუალური, რაზე აპირებთ სამომავლოდ აქტიურობას?

გვინდა კანონში ცვლილება შევიდეს და ოკუპანტი ქვეყნის სიმბოლიკების გამოყენება აიკრძალოს ჩვენს ქვეყანაში. მათ შორის Z-ის.  გამოჩნდა ადამიანი, რომელიც უნივერსიტეტში ამ სიმბოლიკიანი მაისურით გადაადგილდებოდა. სხვა თემებზეც ვფიქრობთ და მალე გვექნება ამაზე რეაქციები.

____________________

ამავე თემაზე:

დირექტორი, რომელმაც მოსწავლეს რუსეთის დროშის ჩამოხევისთვის შენიშვნა მისცა, სკოლიდან გაუშვეს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: