დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა დღეს, 5 ივნისს, ყოველდღიურ მოკლე მიმოხილვაში წერს, რომ 2023 წლის მაისში რუსეთი უკრაინას 300-ზე მეტი ირანული „შაჰედით“ დაესხა თავს. დაზვერვის ცნობით, ამ იარაღის სისტემის ყველაზე ინტენსიური გამოყენებაა დღემდე.
დაზვერვა ვარაუდობს, რომ რუსეთი ასეთი ინტენსიური თავდასხმების სერიით ცდილობს უკრაინამ გახარჯოს ძვირადღირებული საჰაერო თავდაცვის რაკეტების მარაგი.
ამავე დროს, ბრიტანული დაზვერვა ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს, რომ რუსეთმა მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებას – უკრაინამ გაანეიტრალა ირანული დრონების მინიმუმ 90%, ძირითადად, ძველი და იაფი საჰაერო თავდაცვის იარაღის გამოყენებით.
„რუსეთი ასევე ცდილობდა უკრაინული ძალების აღმოჩენას და დარტყმას ფრონტის ხაზის უკან. თუმცა, რუსეთი კვლავინდებურად ძალიან არაეფექტურია ასეთი დინამიკური სამიზნეების დარტყმაში“ – წერს დაზვერვა.