მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ხულოში, სოფელ დიოკნისთან, გზაზე ფერდი ჩამოიშალა – რას გეგმავს დეპარტამენტი

02.06.2023
ხულოში, სოფელ დიოკნისთან, გზაზე ფერდი ჩამოიშალა – რას გეგმავს დეპარტამენტი

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისში, საავტომობილო გზაზე, ფერდი ჩამოიშალა. ადგილზე [2 ივნისის მდგომარეობით], ავტოტრანსპორტი გზის ერთ სავალ ზოლში მოძრაობს. შესაბამისად, გადაადგილება ჭირს, თუმცა გზა ჩაკეტილი არ არის.

თვითმხილველის თქმით, „მეწყერი, როგორც ასეთი, არ ყოფილა და არც დიდი მასა ჩამოწოლილა გზაზე, თუმცა ფერდის ჩამოშლით გზის სავალი ნაწილი დავიწროვდა და მანქანები ერთმანეთს გვერდს ვერ უვლიან. ეს ადგილი ადრე დაიმეწყრა“.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გზის ამ მონაკვეთზე სპეციალურ კვლევებს ატარებენ საპროექტო დასკვნის მოსამზადებლად, რათა შემდეგ ისე გადაწყდეს გზის გაყვანა, რომ „მეწყერმა აღარ შეაფერხოს არაფერი“.

დიოკნისთან გზა წელს რამდენჯერმე დაიმეწყრა, ამიტომ „ბათუმელები“ დაინტერესდა, როდის დაიწყო საპროექტო სამუშაოები და როდის იქნება დასკვნა მზად.

საქართველოს გზების დეპარტამენტის პრესსამსახურში ამბობენ, რომ სოფელ დიოკნისთან წელს ჩამოწოლილი რამდენიმე მეწყრული კერის შესწავლა კომპლექსურად უწევთ: „კვლევითი სამუშაოები ადრეულ გაზაფხულზე დაიწყო და ამ თვის განმავლობაში, ანუ ივნისის თვეში, უნდა დაიდოს საბოლოო დასკვნები. როგორც კი გვექნება დასკვნები, უკვე რაღაც ქმედით ნაბიჯებზე გადავალთ“.

წელს განსაკუთრებულად რთული წელი გამოდგა მაღალმთიანი აჭარისთვის, მიძინებული მეწყრული პროცესების გააქტიურების, თუ ახალი კერების გაჩენის თვალსაზრისით.

ხშირად იკეტება ხულო-გოდერძის ცენტრალური საავტომობილო გზაც, რომელიც ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის ნაწილია. აქ, ხულო-ზარზმის პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების გზა უნდა გაკეთდეს.


გზების დეპარტამენტის ინფორმაციით:

  • ხულო-გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების, დასრულება იგეგმება 2023 წელს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 57 177 829 ლარი. დაფინანსებულია არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი (KFAED).
  • ამავე გზის გოდერძის უღელტეხილი-ზარზმას მონაკვეთზე კი, რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების დასრულება იგეგმება ასევე 2023 წელს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 38 511 473 ლარია. როგორც დეპარტამენტიდან მოგვწერეს, აღნიშნული სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ამავე თემაზე:

როდის გაიხსნება ფრიდონ ხალვაშის ქუჩა, სადაც გზა გადაკეტილია

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: