მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

ზეთის, მარილის, თუ შაქრის ხელით თრევა სახლამდე – გზა ბათუმიდან ხულოსკენ

02.06.2023 • 2280
ზეთის, მარილის, თუ შაქრის ხელით თრევა სახლამდე – გზა ბათუმიდან ხულოსკენ

რამდენიმე დღის წინ, ჩემი ამერიკელი მეგობარი ხულოში იყო. გულუბრყვილოდ მივწერე, მისი შთაბეჭდილებები მაინტერესებდა. ნეტა, რას ველოდი, რას მოვისმენდი – რომ ხულოს ბუნებამ აღაფრთოვანა?  საშინელი გზისგან დაქანცულიყო. ძალა აღარ ჰქონდა შერჩენილი. მოკლედ მომიჭრა, გზაზე ჯაყჯაყისგან ვითიშებიო და დამემშვიდობა.

მთელი ცხოვრება, ვიდრე სრულწლოვანი არ გავხდი, სოფლიდან და იალაღიდან ფეხი არსად გამიდგამს. ვუყურებდი, როგორ წვალობდნენ ჩემი მშობლები, მეზობლები, მთელი სოფელი, ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალთან, როგორც თავად უწოდებენ – ურმის გზასთან ჭიდილში.

ბავშვი დიდი ხანია აღარ ვარ, მაგრამ წლების შემდეგაც ზუსტად იგივე სიტუაციაა – არასდროს არ გალღვა „ყინული“, რომელიც ამ გზების სარესტავრაციო სამუშაოებს აკრავს გარს.

მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ მოქალაქეებს, ხშირად, ბათუმიდან სოფლებში ასასვლელად წარმოუდგენლად დიდი დრო გვჭირდება. მოწესრიგებული გზების პირობებში იგივე მანძილის დაფარვა თავისუფლადაა შეიძლება 2-3-ჯერ მოკლე ხანში.

მთელი წლის განმავლობაში ზამთარია ის დრო, როცა აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ადამიანებს შეუძლიათ ოდნავ მოეშვან. ეს დღის განმავლობაში გამოთავისუფლებული რამდენიმე წუთია, როცა დაუსრულებელი შრომისგან ძალაგამოცლილი ქალები და კაცები ზურგებს ასწორებენ და ცოტა ხნით ჩათვლემენ.

მაგრამ მთაში ზამთარი არ უყვართ, ვერ. საშინელებაა, შენი საცხოვრებლის გეოგრაფიული მდებარეობა ამდენ რამეს წყვეტდეს, გართმევდეს უამრავ შესაძლებლობას და არ იქნება გაზვიადებული თუ ვიტყვით – სულს გიწვალებდეს.

ალბათ ძალიან ძნელია, თუ შეუძლებელი არა, აჭარის მთაში იპოვო 2-3 ადამიანი მაინც, ვინც გეტყვის, რომ ზამთარი უყვარს.

როგორ გეყვარება დრო, როცა ახალი წლის საღამოს ბათუმიდან მომავალი, თვეობით უნახავი სტუდენტი შვილები სახლებამდე ვერ მოაღწევენ სოფლის „მარშრუტკებით“ და მოუწევთ თოვლისგან გაუწმენდავი გზა გაიარონ ფეხით, შენ კი მოგიწევს ელემენტისგან დაცლილ ტელეფონს უყურო, რადგან შუქი ისევ არ არის?! როგორ გეყვარება ზამთარი, როცა სახლში დაბრუნებულ სტუდენტ შვილებს სიბნელეში უნდა დახვდე?!

კიდევ იმიტომ ვერ გეყვარება, რომ ბათუმში ნაყიდი 3 კილოგრამი ბანანი, 4 კილოგრამი ყურძენი და ხილის წვენი, შენმა ასაკოვანმა მშობელმა გასულ კვირას რომ ინატრეს, ლამის საათობით უნდა ათრიო ხელით, ზამთრის მოკლე დღეებში, სახლამდე ასატანად. ეს რა სიმძიმეა, 5 წუთის სავალი რომ გქონდეს, მაგრამ იმ გზებზე, რომლებზეც მთაში დადიან, ჩანთა ქვად იქცევა. ინანებ, რა ჯანდაბად ვყიდულობდიო.

ვერ გეყვარება, სიმწრით რომ გიშოვია ფული პირუტყვისთვის ქერის საყიდლად და ასაღები მოგებაც სიმწრის ოფლად რომ გაქვს ქცეული. აბა ნახევარი საათის სავალ გზებზე ბეჭზე შემოდგმული ატარეთ 20 კილო გასაყიდი ყველი სოფლის ცენტრამდე, რომ ჩასაბარებლად ბათუმში ჩამოიტანოთ და მერე, ვიღაც ყველის ფასზე გევაჭროთ. უმძიმესი გამოცდილება და მე ვიტყოდი, ტრავმაა ეს აქ მცხოვრები ადამიანებისთვის.

ბათუმი-ახალციხის გზის მშენებლობა არასდროს არ დასრულდა. ბევრი და მათ შორის მეც, ვფიქრობთ, რომ იქნებ არც დაწყებულა.

მხოლოდ ზამთარში რომ ჰქონდეს აქ მცხოვრებ ადამიანებს ის ყოფა, რომელზეც ახლა ვყვები, უხვნალექიანობას დავაბრალებდით ჩვენც და თავს ამით ვინუგეშებდით, მაგრამ ასე არ არის.

აჭარის მთებში ეს პრობლემაა ზაფხულშიც, გაზაფხულზეც და შემოდგომაზეც. ატალახებული, ჩამოშლილი, ორმოებით დასახიჩრებული გზის მონაკვეთებს ვხვდებით ლამის ყოველ ხუთ კილომეტრში. გარდა იმისა, რომ ამ გზებზე მოძრაობა საშიშია, დამღლელი, ღირსების შემლახველია და დამატებითი ხარჯებია მოსახლეობისთვის.

თურმე რატომ იცლება სოფლები მოსახლეობისგან. ამიტომ იცლება…  ყელში ამოუვიდათ ადამიანებს ზეთის, მარილის, თუ შაქრის ხელით თრევა სახლამდე.

ახლა იალაღებზე საქონლის გადაყვანის პერიოდია. როგორ არ გრცხვენიათ ამ გზების რესტავრაციაზე პასუხისმგებელ პირებს, იძულებულს რომ ხდით მემთეურ ქალებს, რომლებსაც ისედაც უმძიმესი შრომა ელოდებათ იალაღებზე, ამ გზებით ისარგებლონ?!

ვინმე იქნებ დაჯდეს და დათვალოს, ამ გზების პირობებში 2-3-ჯერ მეტი საწვავი რომაა საჭირო იალაღებზე ასაბარგებლად, ვიდრე მოწესრიგებული გზების შემთხვევაში იქნებოდა.

საიდან უნდა მოიტანოს ეს ფული ამ ხალხმა, მით უფრო მაშინ, როცა ახლახან იყო საგაზაფხულო სამუშაოები და რისი გაყიდვაც შეეძლოთ, რისი შემონახვაც მოახერხეს, ამისკენ მიმართეს. დასხედით და დაითვალეთ, რა დაუჯდება ხალხს ამ გზებზე მთის მარაგის შესავსებად ნაყიდი მარილის, ფქვილისა და ქატოს ატანა ბათუმიდან.

ახლა მხოლოდ იმას ვხედავთ, რომ ამ საკითხზე პასუხისმგებელი პირების ძალისხმევა იქითკენაა მიმართული, ეს არავინ გააპროტესტოს, არავინ შეიმჩნიოს, რომ გზა აჭარის მთებში უდიდეს პრობლემას უქმნის ადამიანებს.

თუ ფეისბუქზე გამოჩნდება დამტვრეული, აოხრებული გზების ფოტო წარწერით – „რას აკეთებს მმართველი გუნდი“, მაშინვე იქოქება მანქანა, ფოტოს ავტორს ჯერ საყვედურს უთვლიან, აბა, როგორ გაბედე და თვალები არ დახუჭეო, შემდეგ მუქარაზე გადადიან – „შენ ბიძაშვილს გავათავისუფლებთ“, „მამაშენს შენ თავნებობაზე დაველაპარაკებითო“…

ეს გამოცდილება აქვთ ჩემ უახლოეს მეგობრებს და არა მხოლოდ მათ.

ასეთი ვითარების მიუხედავად, ვისაც ამ პრობლემის მოგვარება ევალება, გვარწმუნებენ, რომ მაღალმთიან აჭარაში „ტურიზმი აყვავდა“, ხალხს გაუმჯობესებული საცხოვრებელი პირობები აქვს, შემოსავლები გაეზარდათ და ბედნიერები არიან, გზებიც გადასარევია და ნებისმიერი მანქანით შესაძლებელია მოძრაობა.

„მადლობა მზრუნველობისთვის!“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: