მთავარი,სიახლეები

„თამბაქოს დეპუტატები ყიდიან, ჩვენ კი გვაჯარიმებენ“ – რატომ აღარ მოჰყავთ გლეხებს თუთუნი [VIDEO]

03.06.2023 • 7058
„თამბაქოს დეპუტატები ყიდიან, ჩვენ კი გვაჯარიმებენ“ – რატომ აღარ მოჰყავთ გლეხებს თუთუნი [VIDEO]

„მე აქ თამბაქო თუ ვერ მოვიყვანე, თოხი უნდა დავდო, თოხსაც მართმევენ, ასე გამოდის,“ – ახალდარგული თამბაქოს ნერგების მწკრივებს შორის დადის როლანდ მიქელაძე და ისე გვიყვება, რატომ მოუწიათ აჭარის მთაში ტრადიციად ქცეულ მეთამბაქოეობაზე უარის თქმა.

ნენიას თუთუნს დღემდე აქვს სახელი, თუმცა შუახევის სოფელ ნენიაში თამბაქოს ხსენება გლეხებში უკვე გაღიზიანებას იწვევს. „აღარ დამირგავს ორი წელია“, – გვპასუხობენ გამწყრალი გლეხები სოფლის ცენტრში და მერე თითზე ითვლიან რამდენიმე ოჯახს, სადაც თუთუნი მცირე რაოდენობით, მაგრამ ჯერ კიდევ მოჰყავთ.

მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ 2020 წლიდან მეთამბაქოეს კუთხით ახალი რეგულაციები აამოქმედა და ლიცენზია სავალდებულო გახდა, მეთამბაქოეების თქმით, სახელგანთქმული „ნენიას თუთუნის“ ადგილი აღარ დარჩა დახლზე – გლეხებს თამბაქოს ბაზრებზე გატანა აეკრძალათ, ადგილზე შესყიდვის ფასი კი, ისე დაეცა, რომ ნენიელებს გასული წლის მოსავალი ისევ ბეღლებში უწყვიათ.

მთავრობის რეგულაციებით, გლეხს შეუძლია თამბაქოს მოყვანა, პირველადი დამუშავება, დაჭრა [რაც არ ეთვლება სამეწარმეო საქმიანობად], მაგრამ ბაზარზე გაყიდვა – არა. დაფასოებისა და აქციზის გადასახადის გარეშე გლეხს უფლება აქვს თამბაქო მიყიდოს მხოლოდ იმ მწარმოებელს, რომელიც შეყვანილია თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელ პირთა ელექტრონულ რეესტრში, რომელსაც შემოსავლების სამსახური აწარმოებს. 

„ადრე აქ სულ თუთუნი მოგყავდა,“ – ეზოდან გვახედებს დიდ პლანტაციაში როლანდ მიქელაძე და შემდეგ ერთი პატარა კუთხისკენ იშვერს ხელს, სადაც რამდენიმე დღის წინ თამბაქოს ახალი ნერგები დაურგავს – გაზაფხულის ბოლოს აჭარის მთიან სოფლებში, სათბურებში გამოყვანილი თამბაქოს ჩითილები კვლებში გადააქვთ.

როლანდ მიქელაძე თოხს იღებს და ბაღში ჩადის. ფერმერი გვიყვება, ბოლო წლებში თუთუნის დარგვას ისევ რომ კარტოფილი არჩია, ასევე ვენახი. მისი პლანტაცია მზის გულზეა – მაღალი მთის ფერდობზე. ფერმერი სოფელს გაჰყურებს და ამბობს, ჩემს ბავშვობაში სულ ყველგან თამბაქოს რგავდნენ, ყველა თუთუნის პლანტაციაში ვიზრდებოდით, სკოლაშიც 350 მოსწავლე ვიყავით, ახლა კი, 50 ძლივს თავდებაო.

„გასულ წელს მექნება გაყიდული ჯამში 20 კილო,“ – ამბობს როლანდ მიქელაძე და ფრთხილად იწყებს თამბაქოს ნერგებისთვის მიწის შემოყრას – ასეა საჭირო, ნერგს რომ არ გაუჭირდეს და გაიზარდოს, გაფხეკას ვეძახით ჩვენ ამასო.

„700-800 კილო თამბაქო მექნება გასაყიდი წინა წლიდან. წინა წლებში 40 – 50 ლარადაც იყიდებოდა კილო თამბაქო, ახლა 15 ლარად გავყიდი, ვინმე რომ წაიღებდეს ერთიანად.

წინა წლებში მაღაზიებში რომ მივიტანდით, იქ ვაბარებდით, ახლა იმდენ ჯარიმას გვადებენ, რომ მე მაგას ვერ ავუდივარ – არის შემოტანილი თამბაქო, დიდი ბიზნესმენები და პარლამენტარებს მათ თამბაქოს ყიდიან, ვითომ ლიცენზია აქვთ. მე ამის ლიცენზია სად ვნახო?“ – კითხულობს მეთამბაქოე კაცი და ნერგებს დაჰყურებს.

ვინ პარლამენტარი? – როლანდ მიქელაძე ირონიულ ღიმილს გვიბრუნებს და პაუზის შემდეგ გვიბრუნებს პასუხსაც: „ყველამ ყველაფერი ისედაც იცის“, – ამბობს ის.

თამბაქოს პლანტაცია, სოფელი ნენია შუახევი

როლანდ მიქელაძეს მთავრობასთან ეს შეკითხვაც აქვს:

„თავისუფალ ბაზარს რომ ხელს უწყობენ, რატომ მიკრძალავენ, მაგალითად, მე მოვიყვანო თამბაქო და ახალციხეში, ან ოზურგეთში, ქუთაისში, თბილისში ჩავიტანო და გავყიდო?

ხულო-შუახევ-ქედაში გააკეთეს ლოჯისტიკის ცენტრი, რომელიც დღესაც უფუნქციოდ არის. მილიონი მაინც დაჯდა ეს. ერთი ფაბრიკა აეშენებინათ და მიეღოთ თამბაქო, არ ჯობდა? მოსახლეობაც გაჩერდებოდა სოფლად, მიგრაცია აღარ იქნებოდა და ქალაქს აღარ მიასკდებოდა, აღარც საზღვარგარეთ წავიდოდნენ.

ვისაც 300 ლარს აძლევენ და ასაქმებენ, არ უნდა სამათხოვროდ ეს 300 ლარი. პირიქით, საშუალება მისცენ ამ მთიან რეგიონს, რომ ხალხი დასაქმდეს, საშუალება უნდა მისცე, დაინტერესება, რომ აქ გავჩერდეთ. ახალგაზრდობა საერთოდ გავიდა სოფლიდან,“ – გვითხრა როლანდ მიქელაძემ.

„ძირითადად ქალის შრომა გამოდის, ბავშვობიდან თამბაქოს პლანტაციაში ვარ,“ – ამბობს თეონა ზოსიძე. ისიც ნენიაში ცხოვრობს და მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის მოსავალი არც მას გაუყიდია, წელსაც დაურგავს თამბაქო.

თეონა ზოსიძეს ვკითხეთ, რა სჭირდება თამბაქოს, მოსავლის აღების შემდეგ?

„სახლში შეტანის მერე იწყება საქმე,“ – გაღიმებას ცდილობს მეთამბაქოე ქალი და ბეღლის გარე კედელთან ჩერდება, რომელიც ამომავალ მზეს უყურებს – მთლიან კედელზე ქალს ჰორიზონტალურად და თანმიმდევრობით განლაგებულ თოკებზე სათითაოდ ასხმული თამბაქოს ფოთლები აუსხამს.

თეონა ზოსიძე, სოფელი ნენია, შუახევი

„სახლში როცა შეგაქვს, შემდეგ ძაფზე უნდა აასხა თითო ფოთოლი, გაიტანო და მზეზე გაახმო,“ – გვიყვება თეონა ზოსიძე. – „ძალიან შრომატევადია, ძალიან, მაგრამ ყოველდღიურობა გახდა უკვე ჩემთვის.

ორი-სამი დღე შეიძლება დაგვჭირდეს ამის ასანემსად. მთავარია, მზე შეგხვდეს, უნდა შეატრიალო ხშირად, რომ შიგნით მწვანე არ დარჩეს, მერე უნდა გამოიღო ძაფიდან და დააწყო ფოთლები ერთმანეთზე, ღეროს გამოიღებ ფურცლებიდან და წაიღებ დასაჭრელად, მერე მოხალვაა, შეშის ღუმელზე ვხალავთ… ამას კაცი აკეთებს, დაჭრის, მოიტანს და მოხალავს, დანარჩენს ძირითადად ქალები ვაკეთებთ,“ – ამბობს თეონა.

„ნესტიანი ამინდი უნდა იყოს, როცა ფოთლებს ერთმანეთს დააწყობ და ღეროებს გამოიღებ, მაგ დროს არ უნდა იყოს მზე,“ – დასძენს მეთამბაქოე და შემდეგ გვიყვება რამდენი საქმეა, ვიდრე თუთუნის ფოთლები ბეღლის მზიან კედელზე მოხვდება: ნიადაგის მომზადება დასარგავად, ჩითილების გამოყვანა და დარგვა, გამარგვლა ორჯერ, სასუქის შეტანა, ეტაპობრივად ფოთლების შეტეხა…

„წინათ კარგი ფასი ჰქონდა, ყველა ამით ირჩენდა თავს. ნენიის თუთუნი განსაკუთრებით ცნობილია, მზიანი მდელოები გვაქვს და ამიტომ ალბათ… ახლა აღარავინ აღარ რგავს, აუშვეს ხელი.

დამღლელია, დამღლელი, მაგრამ ემოციურიც არის, საინტერესო, ჩემთვის სიმშვიდესთან ასოცირდება. შეიძლება, ვინმეც გაეცინოს, მაგრამ მე მსიამოვნებს,“ – ასრულებს თეონა ზოსიძე.

„კუბიდანაც იყვნენ ჩემთან სტუმრად, ძალიან მოეწონათ ნენიას თუთუნი,“ – სიამაყით იხსენებს ამ ამბავს შოთა მიქელაძე და გვიხსნის, როგორ გამოჰყავთ თამბაქოს ჩითილები, როგორ ამზადებენ ნიადაგს.

შოთა მიქელაძე

„თუ თოვლი დიდი მოვიდა, მიწა უნდა მოამზადო კარგად, მიწა ფხვიერი უნდა იყოს… დაახლოებით თებერვლის ბოლოდან ვიწყებთ მუშაობს, ნიადაგს ვწმენდთ, სათბურებში კი, ჩითილი გამოგვყავს.

მიწაში ნაკელი უნდა შეიტანო, სასუქსაც თუ შეიტან, კარგია. მიწაში რომ ჩარგავ, ორი კვირის მერე უნდა გამოხვიდე თოხით და გაფხიკო. მერე მეორედ კიდევ… მწიფობისკენ რომ წავა, მერე დაიწყებ კრეფას.

კარგია თამბაქო. ჩვენთან მცირე მიწიანობაა და რენტაბელურია სხვა არაფერია, თუ არა თამბაქო ამ მიწაზე და ვენახი, მაგრამ სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი თამბაქო იყიდება, ჩვენ კი, სხვა ქვეყნებში გავრბივართ სამუშაოდ – აქ აღარაფერი გამოდის,“ – ამბობს შოთა მიქელაძე.

შოთა მიქელაძის აზრით, ხელისუფლებამ თამბაქოს ადგილობრივ წარმოებას უნდა შეუწყოს ხელი… აქციზი არ ვიცით ჩვენ. ჩვენ შეგვიძლია მოვიყვანოთ თამბაქო, გასაღება მე არ ვიცი,“ – დასძინა ნენიელმა მეთამბაქოემ „ბათუმელებთან“.

სოფელი ნენია, შუახევი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: