ბათუმში რესტორანი „რეტრო“ 15-მა თანამშრომელმა ოფიციალურად დატოვა, მათ შორის არიან მზარეულებიც. უკვე ყოფილი თანამშრომლების ინფორმაციით, ახალი, რუსეთის მოქალაქის მენეჯერობის პირობებში მუშაობა შეუძლებელი გახდა.
„აჭარული ხაჭაპურით“ ცნობილი რესტორანი ბათუმში დღეს დილიდან დაკეტილია.
„რეტროს“ ყოფილი თანამშრომლების ინფორმაციით, სამსახური მხოლოდ რესტორნის მფლობელის ნათესავებს არ დაუტოვებიათ.
თეიმურაზ ვარშანიძე, რესტორან „რეტროს“ მფლობელი, რომელმაც მიმტანზე იძალადა, დღეს, 5 ივნისს, დილით დააკავეს.
სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით პოლიციამ გამოძიება გუშინ, 4 ივნისს დაიწყო – სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე.
3 ივნისს ბათუმში, რესტორან „რეტროს“ მფლობელმა მიმტანს სცემა. ძალადობის დამადასტურებელი კადრები „რეტროს“ ერთ-ერთმა თანამშრომელმა „ბათუმელებს“ გუშინ მოაწოდა.
ვიდეოში ჩანს, თუ როგორ კრავს ხელს რესტორნის მფლობელი მიმტანს და კარებში აგდებს. შემდეგ ისმის კივილს ხმა.
„რეტროს“ თანამშრომლის თქმით, თეიმურაზ ვარშანიძემ მიმტანის ცემა ქუჩაშიც გააგრძელა.
შრომის ინსპექციის ინფორმაციით, „რეტროს“ რესტორნებში – როგორც თბილისში, ისე ბათუმში, შრომის ინსპექცია შევიდა.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში „რეტროს“ მფლობელს დაეკისრება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ვადით 120-დან 140 საათამდე ან შინაპატიმრობა ვადით 6 თვიდან 1 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით 1 წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
___
მთავარი ფოტო: „რეტროს“ თანამშრომლები, რომლებიც სამსახურიდან წამოვიდნენ