მთავარი,სიახლეები

აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის მშობელი: მე ევროპას ვემხრობი, მთავრობა ხელს რუსეთს უწყობს

02.06.2023 • 3023
აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის მშობელი: მე ევროპას ვემხრობი, მთავრობა ხელს რუსეთს უწყობს

„მე არ მინდა რუსეთი. არც რუსი მინდა.

თვითონაც იტყოდა ხოლმე – „დედიო, მფრინავ ჩიტს გავასწრებ, რუსის ტყვია როგორ დამეწევა და რას მიზამსო“. მაგრამ რუსის ტყვიას შეეწირა,“ – ასე იწყებს საკუთარ შვილზე საუბარს აგვისტოს ომში დაღუპული თენგიზ ჭაღალიძის დედა, ზინა მამალაძე.

თენგიზ ჭაღალიძე 19 წლის იყო, როცა 2008 წლის 8 აგვისტოს, ცხინვალში მოკლეს.

მისი დაღუპვა ოჯახმა რამდენიმე დღის შემდეგ შეიტყო. სამი თვე ეძებდნენ მშობლები შვილს – ოჯახი დაღუპული ჯარისკაცის იდენტიფიცირებას ელოდა.

 

თენგიზ ჭაღალიძე 19 წლის იყო, როდესაც 2008 წლის 8 აგვისტოს ცხინვალში დაიღუპა.

ჭაღალიძეები ქობულეთში, სოფელ ციხისძირში ცხოვრობენ.

ჯარისკაცის მამა, შოთა ჭაღალიძე იხსენებს, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ მისი შვილი სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოსახდელად წავიდა, მოგვიანებით კი კონტრაქტი გააფორმა და ჯარში დარჩა.

„სწავლობდა – სამხედრო ექთანი უნდოდა გამხდარიყო. ერაყში აპირებდა წასვლას. 2008 წლის ივლისში ვნახეთ ბოლოს. სახლში იყო ჩამოსული. 28 ივლისს, დილას გავაცილეთ სახლიდან. ეგ იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა.

ომი რომ დაიწყო, წავიდა საბრძოლველად. ცოტანი იყვნენ, მაგრამ გააჩერეს [რუსები]. ამხელა რუსეთის არმიას ებრძოდნენ.

8 აგვისტოს დაიღუპა. ცხინვალში იყო დასაფლავებული. ბოლოს რომ ილია მეორის დახმარებით ჯარისკაცები გადმოასვენეს, მათ შორის აღმოჩნდა ჩემი შვილიც,“ – იხსენებს თენგიზის მამა, შოთა ჭაღალიძე „ბათუმელებთან“.

„მეგობრული და გულისხმიერი შვილი მყავდა. „სასწრაფოს“ ეძახდნენ, თუკი ვინმეს რამე დახმარება სჭირდებოდა სამეზობლოში. ყველას თენგო ეხმარებოდა,“ – იხსენებს შვილს ზინა მამალაძე.

მისი თქმით, ომის დასრულების შემდეგ მასთან თავდაცვის სამინისტროდან მივიდნენ და უფროსი შვილის დასაქმება შესთავაზეს.

„მე ვუთხარი ვერ გაგიშვებ-მეთქი. ერთი შვილი ამ რუსებმა შემიჭამეს… იმ ღამეს თენგო მესიზმრა და მითხრა: დედი რატომ უთხარი უარიო? ყველა ხომ არ დავიღუპებითო. მე თუ დავიღუპე, მაგან განაგრძოს ჩემი საქმე, ჩემს ნაკვალევს გაჰყვესო.

მერე ვიფიქრე, ასეთი სიზმარი ვნახე. თუ ღმერთმა უნდა წამართვას, წამართმევს. ყველაფერი ღმერთის ძალაა-მეთქი და გავუშვი სამხედროში. სენაკში მსახურობს ახლა. სამხედრო პირია,“ – გვიყვება ზინა მამალაძე.

ზინა მამალაძე აგვისტოს ომში დაღუპული შვილის მემორიალთან, ციხისძირი 1|02|2023

აგვისტოს ომში დაღუპული თენგიზ ჭაღალიძის მამა გვიყვება, რომ სამი თვის განმავლობაში არ იცოდნენ მათი შვილის ცხედარი სად იყო. 

საბოლოოდ, დნმ-ის ტესტის მეშვეობით დაადგინეს, რომ თენგო ჭაღალიძე იმ ათ ჯარისკაცს შორის იყო, რომელიც 11 აგვისტოს ცხინვალიდან გადმოასვენეს და მუხათგვერდში დაკრძალეს.

„მაინც მადლიერი ვარ, რომ ჩემი შვილის საფლავი გვაქვს. მადლობა მთავრობასაც და ნებისმიერს, თუ ვინმეს გული შესტკივა ამ ამბავზე.

მაგრამ ახლანდელ პოლიტიკას რომ უყურებ, გული როგორ არ აგერევა. ნახევარი საქართველო რუსებს მიაქვს და ლავროვის შვილი თბილისში „აგულავეს“.

შენ თუ არ გეწვის სული, ქართველ ხალხს მაინც ეცი პატივი. კი ბატონო, მე თანახმა ვარ ევროკავშირის, მაგრამ ეს მთავრობა რას შვრება? შენ იყავ თანახმა, ყველანაირად ხელს უწყობს რუსეთს ჩვენი მთავრობა.

თუ ხალხი გამოვა მასობრივად და რაღაც მოხდება, მაშინ მიგვიღებენ ევროკავშირში. თუ მიგვიღეს. თუ არადა რა ვიცი. უფრო რუსეთისკენ მიგვაქანებენ,“ – გვეუბნება შოთა ჭაღალიძე.

ზინა მამალაძე და შოთა ჭაღალიძე

ხდება ახლა ქვეყანაში რამე ისეთი, რაც აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს ტკივილს აყენებს? – ვკითხეთ მას.

„მტკივნეული?… ჩემი ტკივილით რა?! მე ვინ მიჯერებს. ჩემთვის რომ დაეჯერებინა, სულ არ ჩამოვუშვებდი [რუსეთის მოქალაქეებს], მაგრამ გიჯერებს?“ – კითხვაზე კითხვით გვიპასუხა შოთა ჭაღალიძემ.

„მტკივნეული ისაა, რომ ჩვენი შვილების საფლავებს თელავენ. 169 ჯარისკაცია დაღუპული [2008 წლის აგვისტოს ომში], 169. ათი ქობულეთიდან არის მარტო,“ – ამბობს ზინა მამალაძე.

თენგიზ ჭაღალიძის დედა, ზინა მამალაძე და რძალი, ნატალია ბერიძე

  • როგორ დაეხმარა და ეხმარება სახელმწიფო ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს

აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის რძლის, ნატალია ბერიძის თქმით, სახელმწიფომ მათ ოჯახს ყველაფერი გაუკეთა, „რაც თენგოს ეკუთვნოდა“.

„თენგოს დამსახურებაა, რომ სახლი გვაქვს. მისი დაღუპვის შემდეგ დაგვიკანონეს ეს მიწა. მანამდე პატარა ხის ფიცრულებში ცხოვრობდნენ. სახელმწიფოს დახმარება მართლა ძალიან დიდი იყო. რაც გვაქვს ოჯახს, თავშესაფარი, ყველაფერი ამ ბიჭის წყალობით გვაქვს.

მარტო ჩვენ კი არა, ნახევარ ციხისძირს ჩვენი წყალობით დაუმტკიცეს მიწები. რადგან ამ ოჯახს დაუმტკიცეს, სხვებმა რა დააშავესო – ამ პრინციპით დაუკანონეს სხვებს.

დღესაც ეხმარებიან, არ ივიწყებენ, დედის დღეზე, წლისთავზე, მაქსიმალური მხარდაჭერა აქვთ. მაგრამ არის რაღაც ნიუანსები, რაც გვტკენს გულს. მაგრამ ეს უკვე პოლიტიკაა და ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ,“ – ამბობს ნატალია ბერიძე, თენგო ჭაღალიძის რძალი.

ნატალიას ქმარი სამხედროა. ნატალია ამბობს, რომ თუ საჭირო გახდება, თავადაც მზადაა ქვეყანა დაიცვას.

„ჩემმა მეუღლემ ჩაანაცვლა თენგიზი სამხედრო სამსახურში. აგრძელებს თენგოს გზას. ვცდილობთ მაქსიმალურად მის სახელს ჩრდილი არ მივაყენოთ და თუ საჭირო გახდება, მარტო მამამთილი და მაზლი კი არა, ჩვენ, ქალებიც უნდა გავიდეთ და დავდგეთ სამშობლოს სადარაჯოზე.

იმიტომ, რომ ამ ბიჭებმა მართლა გაწირეს თავი. ჩვენ მოღალატეები არ გვყავდა.

ყველა ის ბიჭი, ვინც იქ გმირულად დაეცა, შინდისელებიდან დაწყებული ისე დაეცნენ… მართლა ბოლო წუთამდე იბრძოლეს, სისხლის წვეთამდე იბრძოლეს.

ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, დღეს შეიძლება გორი და თბილისიც ჩვენი არ ყოფილიყო. შეიძლება მოსულიყვნენ ბოლომდე, ეს ომი ისე არ დასრულებულიყო, როგორც დასრულდა. ამ ბიჭებზე გადაიარა ჩვენი დამოუკიდებლობის შენარჩუნებამ.

კი, არ ვართ ბოლომდე დამოუკიდებელი და არ ვართ ბოლომდე თავისუფალი, მაგრამ ის, რაც გვაქვს მოპოვებული, არ უნდა დავკარგოთ ამ საშიშროებების გულისთვის. ბიჭები იმისთვის დაიღუპნენ, რომ ჩვენ ვყოფილიყავით თავისუფლები.

ნატო და ევროკავშირი არის იმის გარანტია, რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ. მაგრამ ამას უნდა სწორი მიდგომა და სწორი პოლიტიკა“, – ამბობს ნატალია ბერიძე.

თენგიზ ჭაღალიძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: