„როცა სკოლაში უშვებ შვილს, უნდა იცოდე, რომ კიბე არ ჩაუტყდება. ბზარი ბზარზეა, ყველგან მორყეულია რაღაც. გარდა იმისა, რომ საჯარო სკოლების დიდი ნაწილი სახიფათოა ბავშვებისთვის, იმდენად მოქუფრულ გარემოს იწვევს ცუდი ინფრასტრუქტურა, გადაჭედილი კლასები, რომ ბავშვებს ყველა მოტივაცია უქრებათ“, – ამბობს მარიამ ჩუბინიძე, მშობელი.
თქვენ, როცა მშობელი, ამ ქვეყნის მოქალაქე, უყურებთ, როგორ დაჰყავთ ხელისუფლების მაღალჩინოსნებს თავიანთი შვილები კომფორტულ კერძო სკოლებში, რა ხდება ამ დროს იმ შენობებში, სადაც თქვენი შვილები „განათლებას“ იღებენ?
რატომ არ დაჰყავთ განათლების მინისტრს ან სხვა მაღალჩინოსნებს შვილები საჯარო სკოლებში? – სწორედ ამ თემაზე ესაუბრა „ბათუმელები“ ორ მშობელს, მარიამ ჩუბინიძესა და მედეა ტურაშვილს.
„ჩემი, როგორც მოქალაქის, როგორც მშობლის პროტესტი ბევრი რამით არის განპირობებული. ეს არის პრობლემა, რომელიც მე, როგორც მშობელს, დამიდგა ორი წლის წინ, როდესაც გამოგვიცხადეს, რომ ჩემი შვილის 166-ე სკოლა რეაბილიტაციაზე უნდა გასულიყო.
შუა სასწავლო წელს დისტანციურ სწავლებაზე გადაგვიყვანეს. ახლა, აგვისტოში გვითხრეს, რომ სკოლა გადის, ან სარეაბილიტაციოდ, ან დასანგრევად. ბავშვები ორ ცვლაში გადაანაწილეს.
ვისაც შვილები ჰყავს, ყველა დამეთანხმება, როგორი კატასტროფაა მეორე ცვლა, რადგან ბავშვი მოწყვეტილია ყველა დამატებით აქტივობას, რაც მას გულს უხარებს. ამის გამო, ჩემი შვილი სხვა სკოლაში გადავიყვანე.
ესეც ძალიან პრობლემურია, რადგან თბილისში სკოლების დიდი ნაწილი დანგრეულია. სკოლების ნაწილი სადღაც შეხიზნულია და ამის გამო, თითქმის ყველა სკოლაში ორი ცვლაა“, – ამბობს მარიამ ჩუბინიძე.
მისი თქმით, სკოლა, სადაც მისი შვილი დადიოდა, სტრატეგიულ ადგილზეა. „წერეთლის ქუჩაზე, დიდუბის პანთეონისა და ეკლესიის გვერდით“, ამიტომ მშობლებს გონივრული ეჭვი აქვთ, რომ შესაძლოა ამ ადგილით რომელიმე ინვესტორი დაინტერესდა.
„სკოლა შეიძლება დაანგრიონ, მაგრამ აღარ ააშენონ და იქ ჩადგან კორპუსი ან რაიმე სავაჭრო ქსელი აშენდეს“, – ვარაუდობს მარიამი. ამ ეჭვის საფუძველს კი სკოლის და სამინისტროს პოზიცია უქმნის.
„სამხარაულიდან მოვიდა დასკვნა, რომ შენობა ავარიულიაო. მშობლების ჯგუფთან ერთად ბევრჯერ ვეცადე ეს დასკვნა გამოგვეთხოვა. თუმცა საკუთარ ნათქვამშივე იბურდებოდნენ დირექტორი, სამინისტრო და პასუხები ვერ მივიღეთ“, – გვეუბნება მარიამ ჩუბინიძე.
ორცვლიანი სწავლების გამო სკოლებში გაკვეთილები შემცირებულია. „35-40 წუთი თუ ეთმობა. შემცირებულია დასვენების საათები ან გადასული არიან შაბათს სწავლაზე, რომელსაც მე პირადად კატეგორიულად ვეწინააღმდეგები. ჩვენმა ხალხმა ისედაც არ იცის რა არის დასვენება და ახლა, ამ ასაკშივე გავუცამტვერო ბავშვს დასვენების კულტურა, შეუძლებელია. ამიტომაც გადავიყვანე შვილი სხვა სკოლაში.
ისეთი დასტრესილები არიან მშობლები, ვისაც ვესაუბრე, წარმოიდგინეთ 2-იდან 7-მდე სწავლობენ ბავშვები სკოლაში და ზოგიერთ სკოლაში სამ ცვლაში არიანო, ისიც მითხრეს.
ეს ყველაფერი უკვე აისახება ბავშვების მოტივაციაზე, იმაზე, რომ სასწავლო პროცესი აღარ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს.
მე როგორც ერთი რიგითი მშობელი, რომელიც სტატისტიკურად ვარ საშუალო შემოსავლით და ვიტყოდი, რომ უფრო სიღარიბისკენ, შესაძლებლობა რომ მქონდეს, მეც გადავიყვანდი შვილს კერძო სკოლაში, მაგრამ ამის საშუალება არ მაქვს.
ამით ფაქტობრივად ვიყიდი ჩემი შვილის უსაფრთხოებას, რაც ისედაც მეკუთვნის მე სახელმწიფოსგან, მაგრამ არ გვაწვდის“, – ამბობს მარიამ ჩუბინიძე.
მისი თქმით, გარდა იმისა, რომ ბავშვებს აქვთ მათი კლასის დაშლის და სხვაგან გადასვლის სტრესი, მოკლებული არიან უსაფრთხო გარემოს. „ბზარი ბზარზე სკოლებში, ყველგან რაღაც მორყეულია, საკლასო ოთახები დაობებული, სადენები ამოყრილი, კიბე ჩატეხილი. ვერცერთ სკოლაში ვერ იგრძნობ თავს მყარად, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები არ არის ჩატარებული.
ამ დროს, ჩვენ ჩაგვჩიჩინებენ, რომ თურმე სკოლებს აშენებენ და ყველა არჩევნების წინ აფრიალებული აქვთ საგანმანათლებლო პოლიტიკა.
როდის აშენებენ?
გაიხედავ და შენ ცხვირწინ ცხრა თვეში იდგმება 10-სართულიანი შენობა და სკოლა ვერ აშენდა ერთ წელიწადში? ნახალოვკაში სკოლები დანგრეულია წლობით. ერთი სკოლა 4 წელია დაანგრიეს და ჯერ არც კი დაუწყიათ მშენებლობა. და ეს არის მრავალკონტინგენტიანი სკოლები და ამდენი ბავშვის გადანაწილება წარმოშობს სწორედ პრობლემებს და იწვევს კლასების გადატვირთვას.
ამის შემდეგ, შენ გაიძულებენ, რომ იყო მომთმენი, რაღაცნაირად შეეგუო ყველაფერს, გაგებით მოეკიდო და ამ დროს, თავიანთი შვილები მიჰყავთ იქ, სადაც ბევრ ჩვენგანს არ მიესვლება. მათ ყველაფერი აქვთ, რასაც ჩვენც ვისურვებდით ჩვენი შვილებისთვის“, – ამბობს მარიამი.
მისი თქმით, სახელმწიფოს საჯარო სკოლებში კვების გარეშე ჰყავს დატოვებული ბავშვები, მათი შვილები კი კერძო სკოლებში ამ სერვისსაც იღებენ.
„მე შემიძლია უზრუნველვყო ჩემი შვილი კვებით და გავატანო „ლანჩბოქსი“, მაგრამ არიან მრავალშვილიანი ოჯახები, ვინც შვილებს სხვადასხვა ცვლაში ატარებს.
გარდა ბავშვებისა, მასწავლებლების დიდი ნაწილი ხომ მშობლებიც არიან და მათაც აერიათ გეგმები. ცოტა ხნის წინ შეხვედრა გვქონდა სასკოლო საკითხებზე და ერთ-ერთი მასწავლებელი 15 წუთში გავიდა შეხვედრიდან. გუშინ უთხრეს, რომ ის სკოლა, სადაც უნდა შეხიზნულიყვნენ, დასანგრევი იყო. აი, ასეთ სტრესულ გარემოში უწევთ მუშაობა. სახელფასო პოლიტიკა კი როგორი აქვს სამინისტროს, უკვე ყველამ დავინახეთ.
მე როგორც მშობელი, როცა სამართლიანად ვბრაზდები მასწავლებელზე, არ ვიცი რამდენად მაქვს უფლება დავიცვა ჩემი შვილის უფლებები მასწავლებლისგან ამ ყველაფრის ფონზე. თუმცა მას, ვინც ჩემი შვილის უფლებებს უნდა იცავდეს, ვერაფერი გავაგებინე, ვერ მივაწვდინე ხმა და ეს არის სისტემა.
პასუხი მინდა მოვთხოვო მასწავლებელს, როცა ის ჩემს შვილს შეურაცხყოფს, როცა არ ასწავლის, მაგრამ ახლა როგორ მოვთხოვო?
ცალკე საკითხია მასწავლებლების ინტელექტუალური დონე, მათი მრწამსი, მათი ემოციური ან ზოგადი ინტელექტი, მსოფლმხედველობა, ბავშვების მიმართ მათი დამოკიდებულება.
მაღალჩინოსნებს არ სურთ ასწავლონ თავიანთ შვილებს ისეთ სკოლებში, სადაც მათ მიერ შექმნილ სისტემას დაშინებული ან მოსყიდული ჰყავს მასწავლებელი. ზუსტად ეს არის ინდიკატორი ამ ხელისუფლების ღირსების.
ადრე საჩვენებლად მაინც დაჰყავდათ შვილები საჯარო სკოლებში, ახლა კი იმდენად ცუდი სიტუაციაა, არავის უნდა შვილის საჯარო სკოლაში გაშვება.
ეს ყველაფერი ცუდია მოსწავლისთვის, ბავშვისთვის, რომელსაც აქვს უფლება მიიღოს კარგი განათლება და იყოს ბედნიერი. ამ სისტემის გამო კი არც მასწავლებელია ბედნიერი და კმაყოფილი თავისი პროფესიით და არც მოსწავლე“, – ამბობს მარიამ ჩუბინიძე.
მისი აზრით, ამ ყველაფრის შემყურე, სახელმწიფოს პოზიცია არის ასეთი: „სხვისი ჭირი, ღობის ჩხირი“.
„როცა ხარ არაპატიოსანი და არაემპათიური ხელისუფლება, ბუნებრივია ძალაუფლებას იყენებ მხოლოდ სათავისოდ და ამის დემონსტრირებაა ის, რასაც დღეს ვხედავთ.
ეს არის ზღვარგადასული თავხედობა, არაადამიანობა, რომ შენ ქვეყანაში ათასობით ბავშვი დატოვო განათლების გარეშე. ეს არის გულგრილობის, არაემპათიურობის, უპასუხისმგებლობის ყველაზე დიდი მაგალითი. რომელ ღირსებაზე შეუძლია ილაპარაკოს ხელისუფლებამ, რომელსაც ამ ქვეყნის მომავალი თაობა, ასეთ მდგომარეობაში ჰყავს?“ – გვეუბნება მარიამი.
მისი შეფასებით, საჯარო სკოლებში უნდა იყოს ჯანსაღი გარემო, რომელიც ბავშვს მორალური სტრესებისგანაც დაიცავს.
„ბავშვები წლობით სწავლობენ არაჰიგიენური სახელმძღვანელოებით. წიგნებით, რომელიც ხუთი-ექვსი წელი სხვადასხვა ბავშვმა, სხვადასხვა ოჯახში, სხვადასხვა ჩანთაში, ყველგან ათრიეს. ახალი სახელმძღვანელოები კი არ იბეჭდება, უნდა გაგიმართლოს, რომ მოწესრიგებული წიგნი მოუწიოს ბავშვს. ახალი თუ გინდა, მაშინ უნდა გადაიხადო ფული და შეიძინო“, – გვეუბნება მარიამ ჩუბინიძე.
მისი თქმით, ხელისუფლებამ საზოგადოებასაც უნდა მისცეს არჩევანი, მაშინ არც მათი ოჯახების მიმართ გაჩნდება კითხვები – რატომ არ დადიან მათი შვილები საჯარო სკოლებში?
რადგან არ გვაძლევენ ამ არჩევანს, ამიტომ, როცა არჩევნებზე მივალთ, დავფიქრდეთ რა ძალის გაფერადება გვინდა. ძალის რომელიც სიძულვილის ენით ელაპარაკება ხალხს? და ეს სიძულვილი არის გამოხატული ჩვენ მიმართ დამოკიდებულებაში. ალბათ თავად უსიყვარულობაში გაზრდილებს, ძალიან დიდი სიძულვილი აქვთ ჩვენი. სხვანაირად წარმოუდგენელია, ასე ექცეოდე შენს ხალხს და ეს გვინდა გაგრძელდეს?
როცა არ შეგვიძლია მათი ქცევა შევცვალოთ, მაშინ ისინი უნდა შეცვალოთ“, – მიიჩნევს მარიამ ჩუბინიძე.
მედეა ტურაშვილი კიდევ ერთი მშობელია, ვისაც ამაზე თემაზე ესაუბრა „ბათუმელები“.
მას ორი ახსნა აქვს, თუ რატომ არ დაჰყავთ მაღალჩინოსნებს შვილები საჯარო სკოლებში.
„პირველი ის, რომ მათაც კარგად იციან, რამდენად განსხვავებულია განათლების ხარისხი კერძო და საჯარო სკოლებში, ინფრასტრუქტურა, კვება, ტექნოლოგიები, უცხო ენების სწავლების ხარისხი, სამეცნიერო ლაბორატორიები და ასე შემდეგ.
ასევე სკოლის გარე აქტივობებიც.
მოწესრიგებულია ყველაფერი, კლასებში არ არის დაობებული კედლები, ამოყრილი სადენები და პარკეტი. სუფთა ტუალეტი, რომელიც საჯარო სკოლებისთვის სანატრელი“, – ამბობს მედეა ტურაშვილი.
მედეას ორი შვილი ჰყავს და ორივე თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში დადიან.
„ეს სკოლა, ერთ-ერთ საუკეთესო საჯარო სკოლად ითვლება თბილისში. მიუხედავად ამისა, ტუალეტიც კი არ არის მოწესრიგებული და ვერ შედის ბავშვი.
კვლევა რომელიც ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ ჩაატარა, ათასამდე მშობელი იყო გამოკითხული და აქედან, სადაც 30-% ამბობს, რომ მათი შვილი სასკოლო ტუალეტში არ დადის. ეს ნორმალურია?
ამიტომ, როცა მოვა შენი შვილი და გეტყვის, რომ ეს არის პრობლემა სკოლაში, პოლიტიკოსი რომ ხარ, კეთილს ინებებ და მოიკითხავ მაინც, რატომ არის სკოლებში ასეთი მდგომარეობა. სასოწარკვეთამდეა მისული სიტუაციაა.
ვფიქრობ, გარდამავალ პერიოდში სავალდებულო უნდა იყოს ის, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნებმაც ატარონ შვილები საჯარო სკოლებში – როცა მათი შვილები მოვლენ სახლში და იმაზე იწუწუნებენ, რაზეც ჩვენი შვილები წუწუნებენ, იქნებ ასე მაინც მიაქციონ ყურადღება სკოლებს და განათლების სისტემას.
ეს, სხვათა შორის, ჩვეულებრივი პრაქტიკაა ევროპულ ქვეყნებში. იქ საჯარო ტრანსპორტით მიჰყავთ და მოჰყავთ საჯარო მოხელეებს შვილები და ეს ერთგვარი პოლიტიკური განაცხადია, რომ იქ დადიოდეს ჩემი შვილი, სადაც ქვეყნის მოსახლეობის 90%-ის შვილი დადის“, – გვეუბნება მედეა ტურაშვილი.
მედეას შვილის სკოლაში, სადაც ათასზე მეტი ბავშვი დადის, არავინ საუბრობს შენობის უსაფრთხოებაზე.
„1924 წელს არის აშენებული სკოლა და ასეთი საკითხები ჰაერშია გამოკიდული.
სკოლები ვერ პოულობენ დამლაგებლებს, რადგან 400 ლარად არავინ დაალაგებს 4-სართულიან შენობას ყოველდღე. ამიტომ მშობლებს გვიწევს ცოცხების, ჰიგიენური საშუალებების ყიდვა და დალაგება.
ორცვლიანობის გამო გადატვირთულია სასკოლო გარემო. მეზობელი სკოლაა შემოხიზნული და არავინ იცის, როდის ააშენებენ ახალს.
ჩემი რვა წლის შვილი, ექვს საათზე ამთავრებს სწავლას, ამის გამო მოწყვეტილია წრეებზე სიარულს.
დაბალ კლასებში უფრო ადვილია პატარების გახალისება, მაგრამ უფროს კლასებში რთული მდგომარეობაა. მაგალითად, უფროსი შვილის მოტივაცია წლიდან წლამდე იკლებდა. გაკვეთილები არ იყო მისთვის საინტერესო, ვატყობდი, რომ საგაკვეთილო პროცესებშიც სათანადოდ არ ერთვებოდა, არც მასწავლებლის ყურადღება იყო სათანადო. მოზარდობის ასაკში კი, როცა გაკვეთილი საინტერესო არ არის, ბავშვის გაჩერება კლასში ძალიან ძნელია.
ვხედავ, რომ ჩემს შვილთან შედიან მასწავლებლები (დიდი ნაწილი), რომლებიც თავიანთი პროფესიით არც ბედნიერები არიან, არც კმაყოფილი. ეს საგაკვეთილო პროცესზე აისახება.
უინტერესო გაკვეთილები და გადაჭედილი სკოლა იწვევს იმას, რომ მასწავლებლებიც ვერ მართავენ სიტუაციას და უწევთ ყვირილი, დამამცირებელი საუბარი ბავშვებთან, რაზეც ბავშვები ნეგატიურად რეაგირებენ და საგაკვეთილო პროცესი „გაჩერდი“, „დაწყნარდი“, შელაპარაკებებში გადის. ბავშვები აღარ მეცადინეობენ და გადართული არიან რეპეტიტორებთან“, – ამბობს მედეა ტურაშვილი.
მისი თქმით, მითია ის, რომ ჩვენ გვაქვს საყოველთაო განათლება ქვეყანაში.
„ფიზიკურად სკოლაში მისვლა არ ნიშნავს განათლების მიღებას. განათლებას იღებენ ის ბავშვები, რომელთა მშობლებს აქვთ საშუალება ბავშვები მოამზადონ რეპეტიტორებთან. სამწუხაროდ, ამაზე დგას საჯარო სკოლები.
ეს არის გულგრილობა, ემპათიის ნაკლებობა, რადგან როცა მაღალჩინოსნების შვილები არ განიცდიან იმ პრობლემებს, რასაც ჩვენი შვილები, ჩვენი პრობლემების მიმართ მათ მგრძნობელობა აღარ აქვთ. თანაგანცდის უნარი აღარ აქვთ საერთოდ, არ ესმით რაზე ველაპარაკებით.
რას აკეთებს განათლების მინისტრი, როცა სკოლაში მოდის? ხელს ჩამოართმევს დირექტორს, მასწავლებლებს, დაუსვამენ კლასში წინასწარ გამზადებულ ბავშვებს, გაუცინებს და წავა. არავის აზრს არ ისმენენ.
ყველაზე გასაბრაზებელი ის არის, რომ ამ დროს ხელისუფლება გველაპარაკება „ოჯახის სიწმინდის“ დაცვაზე. როგორ უნდა დავიცვა ოჯახის სიწმინდე, თუ განათლებაში არ ჩავდეთ ინვესტიცია?
როგორ უნდა გავაძლიეროთ ოჯახები, თუ განათლებაში და თანასწორობაში არ ჩავდეთ ინვესტიცია, სოციალური თანასწორობა ხომ განათლებას მოაქვს არა?
როგორ ვაძლიერებთ, იმ კანონებით, რომელსაც „ოჯახის სიწმინდის“კანონი დავარქვით?
გაიძახიან „ვაშენებთ სკოლებს“, თბილისში ვცხოვრობ და იცით ალბათ დიდი დიღომი, ფაქტობრივად ქალაქია ქალაქში, უამრავი კორპუსი აშენდა და არცერთი სკოლა. სად უნდა წაიყვანონ ბავშვები, რომლებიც აქ იზრდებიან? რომ ჰკითხო, ადგილი არ არის, კორპუსების ადგილი კი უცებ გამოჩნდება.
რასაც ანგრევენ, არც ის შენდება წლობით. როგორ ხდება, რომ კორპუსის აშენებას 9 თვე სჭირდება და სკოლისას ოთხი წელიც არ ჰყოფნის? ესეც პრიორიტეტზე მეტყველებს, რომ განათლება და ბავშვების კეთილდღეობა ამ ხელისუფლების პოლიტიკური ნება არ არის“, – ამბობს მედეა.
_____________
მთავარი ფოტო: მედეა ტურაშვილი, მარიამ ჩუბინიძე