განათლება,მთავარი,სიახლეები

3 330 მოსწავლე ოჯახთან ერთად უცხოეთში წავიდა – ორი წლის მონაცემი

19.02.2023 • 2161
3 330 მოსწავლე ოჯახთან ერთად უცხოეთში წავიდა – ორი წლის მონაცემი

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრის“ მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, 2021-2022 წლებში საქართველოში 3 330-მა მოსწავლემ შეწყვიტა სწავლა და ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ წავიდა.

კვლევის მიხედვით, ამავე წლებში სწავლის შეწყვეტის საერთო შემთხვევების 34.9 პროცენტი დაფიქსირდა დაწყებით საფეხურზე, მაშინ, როდესაც 2013 წელს ამავე საფეხურზე სწავლის შეწყვეტის მაჩვენებელი 12,5 პროცენტი იყო.

კვლევაში მოცემულია სწავლის შეწყვეტის ათწლიანი დინამიკა.

 

სწავლის შეწყვეტის დინამიკა წლების მიხედვით.

ინფოგრაფიკა კვლევიდან

„2013-2022 წლების დინამიკაში სწავლის შეწყვეტის მაჩვენებელი გაზრდილია დაწყებით საფეხურზე არა მხოლოდ საფეხურებრივ ჭრილში, არამედ რაოდენობრივი თვალსაზრისითაც.

სწავლის შეწყვეტის გაზრდილი მონაცემების მთავარი მიზეზი 2021-2022 აკადემიურ წელს საზღვარგარეთ ოჯახთან ერთად გამგზავრებაა (2020-2021 აკადემიური წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით).

2020 წლიდან საშუალო საფეხურის ინტეგრირებული პროგრამების ამუშავების მიუხედავად, 2021 და 2022 წლებში მკვეთრი ზრდა სკოლიდან პროფესიულ სასწავლებლებში გადასვლის თვალსაზრისით არ ფიქსირდება.

საშუალო სკოლის დასრულების, შესაბამისად, სწავლის შეწყვეტისა და სკოლის ვერ დასრულების მაჩვენებელი განპირობებულია მოსწავლის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსით, მისი ტერიტორიული და გეოგრაფიული განსახლებით, ეთნიკური წარმომავლობით“, – წერია კვლევაში.

კვლევის მიხედვით, დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის ოჯახებიდან სკოლას ასრულებს 43%, საქალაქო დასახლებიდან – 74%, სასოფლო დასახლებიდან 50%, ქართულენოვანი სკოლებიდან 69%, ხოლო აზერბაიჯანულენოვანი სკოლებიდან 33 პროცენტი.

კვლევის მიხედვით, 2015-2022 წლებში სკოლა ვერ დაასრულა 61 785-მა მოსწავლემ, 2021-2022 წლებში კი სკოლა მიატოვა 8 846-მა მოსწავლემ სხვადასხვა მიზეზით.

მოსწავლეთა 1.2-მა პროცენტმა სწავლა მიატოვა მუშაობის დაწყების გამო.

გასულ წელს სკოლის მიტოვების მაჩვენებელი გაზრდილია მშობლების მიერ დაწერილი განცხადების მიზეზითაც, წინა აკადემიურ წელთან შედარებით.

სკოლის დასრულების მაჩვენებელი მოსწავლის სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარეობის, ტერიტორიული და გეოგრაფიული განსახლების ტიპის და ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით. /ინფოგრაფიკა კვლევიდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: