საჯარო სკოლებში ბავშვების გამოკვების საჭიროება თითქმის ყველამ აღიარა, მათ შორის მმართველმა პარტიამ და წინა არჩევნებზე დაჰპირდა კიდეც მოსახლეობას, რომ ამ პრობლემას მოაგვარებდა. თუმცა ეს დაპირება „ქართულ ოცნებას“ არ შეუსრულებია.
სასკოლო კვების საჭიროებაზე დაიწყეს საუბარი ოპოზიციურმა პარტიებმაც. „ბათუმელები“ ამ საკითხზე ოთხი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს ესაუბრა და ჰკითხა, თუ როგორ ხედავენ სასკოლო კვების დაფინანსებას და კვების რა მოდელს უჭერენ მხარს.
ერთ-ერთი პარტია, რომელმაც წინა არჩევნებზე სასკოლო კვება ახსენა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იყო. პარტიაში დღეს გვეუბნებიან, რომ ამ საკითხის შესწავლა ასე მარტივი არ არის, რადგან ხელისუფლება მათ სკოლებში შესვლისა და მოკვლევის შესაძლებლობას არ აძლევს.
„ჩვენ დარწმუნებული ვართ, 2024 წლის არჩევნებზე იქნება ცვლილებები, ამიტომ ვფიქრობთ, რომ 2025 წლიდან სწრაფად უნდა მოხდეს კვების საპილოტე მოდელის შეტანა სკოლებში. მანამდე კი, უნდა გამოვიკვლიოთ, რა ტიპის მოდელზე ვაკეთებთ აქცენტს და სად როგორი ინფრასტრუქტურა დაგვხვდება“, – ამბობს გია აბულაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“.
მას ვკითხეთ, რატომ ვერ შეძლო აქამდე პარტიამ ამ საკითხის მოკვლევა, რაზეც მან გვიპასუხა, რომ „ეს ასე მარტივი არ არის“.
„აქ ბევრი სტანდარტია დასაცავი, მათ შორის კვების უსაფრთხოების ნორმები. ამიტომ ამას სჭირდება კვალიფიციური კვლევა თითოეულ სკოლაში შესვლით, რის საშუალებაც არ გვეძლევა ამ ეტაპზე სამწუხაროდ.
„ჩვენ წინასწარ ვერ ვისაუბრებთ კონკრეტულ ციფრებზე, თუ რა დაუჯდება ბიუჯეტს სკოლებში ბავშვების გამოკვება. თუმცა ვიცით გზა, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა.
ეს გზა თითოეული სკოლის საჭიროების შესწავლაა. ზოგ სკოლას შესაძლოა მოსამზადებლად დასჭირდეს ერთი წელი, ზოგს – ერთი თვე. ამიტომ კვების მოდელებიც იმის მიხედვით უნდა განისაზღვროს, თუ როგორი ინფრასტრუქტურა აქვს კონკრეტულ სკოლას“, – ამბობს გია აბულაძე.
მისი აზრით, რეგიონში სასკოლო კვება აჭარის ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს.
„ზოგადად, ცენტრალიზებულად უნდა გადაწყდეს ეს საკითხი. განათლების სამინისტრომ უნდა დააორგანიზოს ეს პროცესი, მაგრამ რადგანაც აჭარაში დამოუკიდებელი ბიუჯეტი გვაქვს, შეგვიძლია უფრო სწრაფად დავძრათ ეს საკითხი.
თუ სახელმწიფო ინსტიტუციები არ ჩაერთო ამ პროცესში, რომლებმაც შემდგომ ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ, ფიზიკურად შეუძლებელი იქნება, რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ დადოს რაღაც მოდელი და მისი ამუშავების რეალური გეგმა“, – ამბობს გია აბულაძე.
პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელი ბათუმის საკრებულოში აკაკი გვიანიძე კი მიიჩნევს, რომ სასკოლო კვების საკითხი თვითმმართველობების დონეზე უნდა დამუშავდეს.
მათ ბათუმის საკრებულოში გასულ წელსვე დაარეგისტრირეს ეს ინიციატივა.
„ჩვენი პარტია მომხრეა, რომ ე.წ „ლანჩ-ბოქსის“ მოდელით დაინერგოს კვება სკოლებში. თუმცა მენიუს შემადგენლობაზე კონკრეტულ თვითმმართველობებს თავად შეუძლიათ იმსჯელონ.
სხვადასხვა კომპონენტია აქ გასათვალისწინებელი, მაგალითად ის, რომ ზოგიერთ რეგიონში განსხვავებული რელიგიის წარმომადგენლები ცხოვრობენ და შესაძლოა მათ განსხვავებული მენიუ სჭირდებათ. არის ბავშვების კატეგორია, რომელთაც განსაკუთრებული, სპეციალური კვება სჭირდებათ ჯანმრთელობის პრობლემების გამო. ამიტომ უმჯობესი იქნება, თუ ასეთ დეტალებზე ადგილობრივი თვითმმართველობები იმსჯელებენ.
ამავდროულად მიგვაჩნია, რომ სასკოლო კვება არა მარტო ბავშვების ჯანმრთელობისთვის არის სასარგებლო, მნიშვნელოვანია ადგილობრივი მეწარმეობის წახალისებისთვისაც და რამდენიმე პრობლემას მოაგვარებს ერთდროულად“, – ამბობს აკაკი გვიანიძე.
ის დაწყებითი და საბაზო საფეხურის დონეზე დაახლოებით საჭირო ბიუჯეტზეც საუბრობს. პარტია „საქართველოსთვის“ აზრით, წელიწადში სასკოლო კვების დაფინანსებისთვის დაახლოებით 2 მილიონი ლარი იქნება საჭირო.
„თუმცა მაინც საჭიროა ინდივიდუალურად დაანგარიშება იმის მიხედვით, თუ როგორ მენიუზე მოხდება შეთანხმება. ერთი კონკრეტული ციფრის დასახელება წინასწარ მაინც რთულია. მით უმეტეს მაშინ, როცა ფასები მუდმივად იცვლება“, – ამბობს აკაკი გვიანიძე.
სასკოლო კვების საკითხზე ვესაუბრეთ „ლელოსაც“. როგორც პარტიის წარმომადგენელი ნიკა ჩერქეზიშვილი გვეუბნება, „ლელო“ სკოლებში კვების საკითხზე აქტიურად მუშაობს და საბოლოო ვერსიას განახლებული მარშალის გეგმის პრეზენტაციისას წარმოადგენს.
„ვმუშაობთ აქტიურად ამ თემაზე და ძალიან მალე გვექნება პრეზენტაცია. ახლა გვაქვს პარტიაში ეს პროცესი – მარშალის გეგმის განახლება მიმდინარეობს.
აქ იქნება წარმოდგენილი ჩვენი ხედვები როგორც ბავშვთა კვებაზე, ასევე განათლებაზე“, – ამბობს ჩერქეზიშვილი.
რაც შეეხება „გირჩს“, პარტიის წარმომადგენლის, თემურ გორგაძის თქმით, „გირჩი“ არ არის მომხრე სკოლებში სახელმწიფოს ხარჯზე კვების დანერგვის. მისი თქმით, „ეს ვერ მოხერხდება“.
„არ არის გამოსვლადი ეს ამბავი. და მეორეც, არც უნდა გამოვიდეს წესით, რადგან ამორალურია, ღარიბი მოსახლეობის გადასახადებით დააფინანსო სკოლაში მდიდრების შვილების კვებაც.
როდესაც ვიღაც იძლევა დაპირებას, რომ საჯარო სკოლაში პირობითად, ივანიშვილის შვილსაც აჭმევს და ჩემს შვილსაც მარინა ბებოს მიერ გადახდილი გადასახადებით, რომელიც ციტრამონს ძლივს ყიდულობს აფთიაქში, ეს ამორალურია.
ზოგადად, დახმარებით უნდა ვეხმარებოდეთ მიზნობრივ ჯგუფებს და არ უნდა იყოს საყოველთაო. გაჭირვებულსაც ვაჭამოთ ბიუჯეტიდან და მდიდარსაც, ასე არ გამოვა“, – ამბობს თემურ გორგაძე.
ფაქტები აჩვენებს, რომ მდიდარი ადამიანების შვილები ყველაზე ნაკლებად დადიან საჯარო სკოლებში და ხშირ შემთხვევაში, საქართველოში არც სწავლობენ.
გარდა ამისა, რამდენად სამართლიანი იქნება სკოლებში ბავშვების სეგრეგაცია ოჯახის ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით? – ვკითხეთ თემურ გორგაძეს.
მისი თქმით, „გირჩი“ მაინც მომხრეა სასკოლო კვება დაუფინანსდეთ სოციალურად დაუცველ ბავშვებს და არა მათ, ვის ოჯახებსაც მყარი სოციალური მდგომარეობა შეიძლება ჰქონდეთ.
„ჯერ ერთი, ესეც გამოსაკვლევია, რეალურად რამდენია ისეთი მოსწავლე სკოლებში, ვისაც მძიმე სოციალური პირობები აქვს.
თანაც, როგორც მე ვიცი, სკოლებში სწავლა ორ საათზე სრულდება და არა მგონია, ამ პერიოდში ისე მოშივდეს ბავშვს, რომ გული წაუვიდეს. თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ შეიძლება მოშივდეს ბავშვს დროის ამ მონაკვეთშიც.
ზოგადად, ჩვენი პარტია ემხრობა იმას, რომ გადასახადები შემცირდეს და მშობლებს იმდენი ფული დარჩეთ ჯიბეში, საკუთარი შვილები თავად გამოკვებონ – დღეში არა მხოლოდ ერთხელ, სამჯერ აჭამონ.
სახელმწიფომ გადასახადები უნდა შეამციროს და შექმნას მექანიზმი, რომ ადამიანები ამოვიდნენ სიღარიბიდან და არ დასჭირდეთ სახელმწიფოს დახმარება“, – ამბობს თემურ გორგაძე.
ანა დოლიძის პარტია „ხალხისთვის“ მდივანი, ახალგაზრდობის საკითხებში მარიამ კუკავა ასევე გვესაუბრა პარტიის ხედვაზე, თუ როგორ შეიძლება დაინერგოს სკოლებში ბავშვთა კვება.
მისი თქმით, საწყის ეტაპზე საპილოტე მოდელი უნდა დაინერგოს თბილისის სკოლებში, შემდეგ კი, შედეგზე დაკვირვებით, პროგრამა გავრცელდეს ქვეყნის მასშტაბით.
„მშიერი ბავშვი ნამდვილად ვერ ისწავლის და კონცენტრაცია ვერ ექნება გაკვეთილზე. ამიტომ, ბავშვთა კვება ძალიან მნიშვნელოვანია და აქამდეც უნდა დანერგილიყო.
ჩვენი გათვლებით, თბილისის მაგალითზე რომ ვიმსჯელოთ, რადგან რიცხობრივადაც უფრო მეტი მოსწავლეა თბილისში, ერთი მოსწავლის კვება დღეში სადღაც 3 ლარი გამოვა. წლიურად დაახლოებით 93 მილიონი ლარი იქნება.
ეს თანხები ასე განყენებულად საქართველოს ბიუჯეტში შეიძლება არ მოიძებნოს, მაგრამ თუ სურვილი და ნება იქნება მთავრობის, რომ ამ ასპექტში ჩაიდოს ინვესტიციები, ამ ფულის შოვნაც შესაძლებელია.
მაგალითად, თბილის მერის, კახი კალაძის პიარის სამსახურში რამდენიმე ათეული თანამშრომელია დასაქმებული და მათ ხელფასებსა და პრემიებზე კოლოსალური თანხები იხარჯება. მსგავსი დანაზოგებით ეს 93 მილიონი შეიკვრება საქართველოს ბიუჯეტიდან“, – ამბობს მარიამ კუკავა.
მისი თქმით, ესტონეთიც პოსტსაბჭოთა ქვეყანაა, თუმცა სასკოლო კვების მოდელი დიდი ხნის წინ დანერგა. „ესტონეთი არა მარტო ადგილობრივი ბიუჯეტიდან, არამედ საერთაშორისო გრანტებითაც კი აფინანსებს სასკოლო კვებას.
ჩვენთანაც, როცა ამდენი საერთაშორისო გრანტი გვაქვს დასავლელი პარტნიორებისგან, რატომ არ უნდა იყოს პრიორიტეტი ბავშვთა კვება? თუმცა ამ ხელისუფლების პირობებში არა მგონია ეს განხორციელდეს. მსოფლიოში სასკოლო კვების ამდენი მოდელი არსებობს, ამ დროს კი განათლების მინისტრი ამბობს, რომ თურმე სკოლებში უფასო კვების პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს.
ნება გაჩნდება მაშინ, როცა სახელმწიფო გაანალიზებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სასკოლო კვება“, – ამბობს მარიამ კუკავა.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში გაეროს კვლევების მიხედვით ყოველი მეოთხე ბავშვი შიმშილობს, ინფრასტრუქტურული პროექტების მოგვარებაზე აქამდეც უნდა ეზრუნა სახელმწიფოს.
„თუმცა ასეთ შემთხვევაშიც არსებობს გამოსავალი, შესაძლებელია გამზადებული „ლანჩ-ბოქსები“ შევიტანოთ სკოლებში. სხვა უამრავი პრაქტიკაც არსებობს მსოფლიოში, რომლის მორგება ჩვენს ქვეყანაზე შესაძლებელია“, – ამბობს კუკავა.
____________________
მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი/კვება ესტონეთის სკოლებში