მთავარი,სიახლეები

ბათუმში 20 ოქტომბერს ევროპული მარში გაიმართება ახალგაზრდების ორგანიზებით

09.10.2024
ბათუმში 20 ოქტომბერს ევროპული მარში გაიმართება ახალგაზრდების ორგანიზებით

„საქართველო ირჩევს ევროკავშირს“, „კიდევ ერთხელ გავაგონოთ საქართველოს ხმა მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენი თვითმიზანი არის ევროკავშირი“ – ამ სლოგანით გაიმართება საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი მარში ბათუმში 20 ოქტომბერს.

მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორია ახალგაზრდული მოძრაობა „პერსპექტივა“.

„სურვილი გვაქვს, რომ დედაქალაქის მარშს შევუერთდეთ, რომელიც ასევე 20 ოქტომბერს გაიმართება თბილისში.

რადგან ყველას არ გვაქვს შესაძლებლობა წავიდეთ თბილისში, აქ, ჩვენს მშობლიურ ქალაქში, ახალგაზრდები კიდევ ერთხელ ვიტყვით ჩვენს სათქმელს, რომ ჩვენი თვითმიზანი არის ევროკავშირი“ – ამბობს ლინდა ცინცაძე, ახალგაზრდული მოძრაობის წევრი.

მისი თქმით, მოძრაობის წევრები სოციალური მედიის საშუალებით, ასევე პირისპირ შეხვედრისას მოუწოდებენ ადამიანებს, რომ შეუერთდნენ ევროპულ მარშს.

„ასევე, წინასაარჩევნოდ დავდივართ ქალაქში კარდაკარის პრინციპით, ვხვდებით საზოგადოებას, ახალგაზრდებს და ვაწვდით ინფორმაციას ევროპული მარშის შესახებ“ – ამბობს ლინდა.

ევროპული მარში ბათუმში 18:00 საათზე დაიწყება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან, 19:00 საათზე კი მარში გადაინაცვლებს ევროპის მოედანზე.

____________

ფოტოზე: აქცია „არა რუსულ კანონს! კი ევროპას!“ ბათუმში, 2024 წლის გაზაფხულზე. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: